2015 წლის მილანის დიზაინის კვირეულის ყველაზე საინტერესო მომენტების მიმოხილვა

2015 წელს მილანში გამართულ დიზაინის კვირეულზე Taschen-მა, Louis Vuitton-მა და Marni-მ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება და გამოფენა შესთავაზეს მნახველს.

დიზაინერთა წლევანდელი შეკრება – მილანის დიზაინის კვირეული პალაცოს წლად შეიძლება ჩაითვალოს. მილანის თვალწარმტაც ისტორიულ ადგილებში რამდენიმე გამოფენა გაიმართა. დიზაინის კვირეულის სტილის თავისებურება ტროპიკული მცენარეების სიუხვემ განაპირობა. რაც შეეხება ტენდენციებს, წელს აშკარად მოხდა გადაფასება ე.წ. მემფისური მიმდინარეობის (იხილეთ Lee Broom-ის მთვრალი ნათურები და Kartell-ის ფლაგმან-მაღაზიაში გამოფენილი ეტორე სოტსასის პატივსაცემად შექმნილი დიზაინერული ნამუშევრები). დიზაინის კვირეულზე ასევე უხვად იყო წარმოდგენილი მასალა, რომელიც სიმტკიცისა და მუდმივობის გრძნობას ბადებს – ბრინჯაო, ტერაცო და ქვა. წინა წლებთან შედარებით მარმარილო ნაკლებად იყო გამოყენებული, ნამუშევრების პრიალა ზედაპირები ლაქით იყო დაფარული.

ჰაერში ინტროსპექტული განწყობა სუფევდა. რამდენიმე ბრენდმა, მაგალითად, SCP-მ და Molten-მა, თავიანთი იუბილეს აღსანიშნავად გამოფენები გამართეს. დაუვიწყარი და მოულოდნელი იყო Nina Yashar-ის საოცარი Nilufar Depot-ი. ეს იყო თანამედროვე დიზაინის რედაქტირებული მიმოხილვა. თუმცა დიზაინის კვირეულზე ასევე უხვად იყო ისეთი თემატიკა, როგორიცაა საკვები, სტუმართმოყვარეობა და გართობა. წარმოგიდგენთ დიზაინის კვირეულის ხუთ ყველაზე თვალსაჩინო მონაწილეს, რომლებმაც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს:

LOUIS VUITTON OBJETS NOMADES

წლევანდელი დიზაინის კვირეულის ერთ- ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ინსტალაცია იყო Louis Vuitton-ის მიერ შექმნილი Objets Nomades-ი. ფრანგული დიზაინის სახლმა წარმოადგინა მე-19 საუკუნის ნეოკლასიკურ, კერძოდ, პალაცო ბოკონის სტილში შესრულებული და ეგზოტიკური ფოთლებით გაწყობილი 16 ცალი დასაკეცი ავეჯი და აქსესუარი, რაც ამ ნამუშევრებს ტროპიკული გარემოს იერს სძენდა.

Objet Nomades-ის დებიუტი შედგა 2012 წელს მაიამის დიზაინის კვირეულზე. თავდაპირველად მის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ დიზაინერები მთელი მსოფლიოდან. ეს იყო ბრენდის მემკვიდრეობისა და მოგზაურობით შთაგონებული ხელოვნების ნიმუშების ერთგვარი სინთეზი. კოლექცია დიზაინის კვირეულზე სრულად იყო გამოფენილი. ცალკე საგამოფენო სივრცე დაეთმო შეზღუდული რაოდენობით წარმოებულ თითოეულ ნიმუშს. ზოგიერთი ექსპონატი ჭერზე იყო ჩამოკიდებული და სასახლის გარემოს შეგრძნებას ამძაფრებდა. Louis Vuitton-მა კვირეულზე წარმოადგინა Campana Bros-ის ბრაზილიური მარაკატუს ფოჩებიანი ჭურჭლის კარადა, ჭიის პარკის ფორმის ფანტასტიკური სავარძელი, Patricial Urquiola-ს მაკრამეს სტილში ნაქსოვი სავარძელი-სარწეველა და Barber & Osgerby-ის ზარის ფორმის ნათურებისაგან შექმნილი გრანდიოზული თანავარსკვლავედი. ახალი დიზაინი მოიცავდა Damien Langlois-Meurine-ის დახვეწილ ტანსაცმლის საკიდს, ყვავილების ტოტემას და ცოლ-ქმარ დიზაინერთა დუოს – Raw Edges-ის მიერ შექმნილ სამ ძალზე ჭკვიანურ ავეჯის ნაწილს.

Louis Vuitton-მა ასევე ააწყო Char­lotte Perriand-ის ცნობილი სააგარაკო კოტეჯი La Maison au Bord de l'Eau. უამრავი დამთვალიერებელი იდგა რიგში, რათა ფეხშიშველა გაევლოთ პალაცოს ეზოში და იქ ჩადგმული ლეგენდარული სახლი დაეთვალიერებინათ.

გალერეა DIMORE

გალერეა Dimore-მ, რომელიც ასევე ცნობილია დიმორე სტუდიოს სახელით, წელსაც დიდი ქება დაიმსახურა. გალერეის დამაარსებლებმა – ბრიტ მორანმა და ემილიო სალციმ თავიანთ თაყვანისცემლებს მე-18 საუკუნის სოლფერინოს ბინა წარუდგინეს თავისი განსაცვიფრებელი დეკორაციით. Palmador 2015 მოიცავდა გეომეტრიული ფიგურების მდიდარ პალიტრას (ჟაკარდისა და სხვა მოხატული მიმზიდველი ქსოვილები ავეჯზე იყო გადაფენილი, თითქოს მათ მტვრისაგან იცავდა), ასევე ავეჯის გამორჩეულ კოლექციას, მათ შორის ფერადი მინისაგან დამზადებული "Esa"-ს მაგიდებსა და პრიალა ლაქისა და ფოლადის ეკრანებს (“წიგნების” სარკიანი კედელი და “ტოტემის” ეკრანული კედელი). ეს ყველაფერი კი 3D-ს აბსტრაქტულ ნამუშევრებს გვაგონებს.

მოდი, ნუ დავივიწყებთ ინსტაგრამირებულ ხალიჩას: კრემისფერი პალმის ფოთლები ჩალისფერ ფონზე, მწვანე ფოთლები მუქ ლურჯ ფონზე და ნარინჯისფერი ფოთლები წითელ ფონზე. ხალიჩის დიზაინის შექმნაში მონაწილეობა მიიღო Pierre Frey-მ. გამჭირვალე და პრიალა გეომეტრიული ფორმის ავეჯზე ასახული ფლორისტული მოტივები იდეალურად აბალანსებს კოლექციის დანარჩენ ნაწილს.

MARNI-ის სახელგანთქმული ხილის ბაზარი MERCADO DE PALOQUMAO

წინა წლებში მიღწეულ წარმატებაზე დაყრდნობით Marni აგრძელებს მილანის დიზაინის კვირეულისადმი თავის ფილანთროპიულ მიდგომას. Marni-მ კოლუმბიელ ქალებთან ერთად უკვე მეორედ შექმნა სახელგანთქმული და ძალიან დინამიკური Mercado de Paloque­mao (ხილის ბაზარი), რომელიც Viale Umbria-ს სივრცეში მოეწყო.

ზიგზაგის ფორმის საბანკეტო მაგიდები დახუნძლულია კოლუმბიიდან იმპორტირებული ისეთი ახალი ხილით, როგორიცაა: ანანასი, გუანაბანა, ზაპოტე და კურუბა. ხილი მოთავსებულია ხელნაკეთ რკინისა და პოლივინილქლორიდის (PVC) ხილის ფორმის ფერად კალათებში. ხილის ჭურჭლისა და კალათების გარდა, Marni-მ დიზაინის კვირეულზე წარმოადგინა ასევე ხელით ნაქსოვი ავეჯი. ყველა სურნელოვანი და ვიზუალურად სასიამოვნო ექსპონატი გასაყიდად იყო გამოტანილი (თუმცა ბევრი მათგანი უკვე შეძენილი იყო ქალბატონ კასტილიონის ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიერ). გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი შეწირულობის სახით გადაეცა კოლუმბიურ საქველმოქმედო ორგანიზაციის – Anayibe Rincon-ის სახელოსნოს.

მაქს ლემი (MAX LAMB)

ბრიტანელი დიზაინერის Max Lamb-ის მიერ გრანდ პალაცოში გამართული გამოფენა სახელწოდებით “ვარჯიში ჯდომისას” არ ყოფილა სტილიზებული შოუ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან მნახველზე ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გამოფენა გაიმართა ცარიელ სამეწარმეო ფართში (კერძოდ, ავტოფარეხში), რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა წრეში განთავსებული ხელით შექმნილი 42 სკამის ესთეტურობას. Max Lamb-ის რეტროსპექტულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მასალა და ის პროცესები, რომლებიც სკამების შექმნისას მიმდინარეობდა – გადამუშავებული ბეტონისაგან დამზადებული სკამებით დაწყებული და მისი ბოლოდროინდელი მარმარილოს სკამებით დამთავრებული, რომლებიც მან გასულ წელს კომპანია Dzek-თან ერთად შექმნა. ეს იყო ნამდვილი ჰიტი დიზაინის სერიოზული თაყვანისცემლებისთვის.

სპაციო როსანა ორლანდი (SPAZIO ROSSANA ORLANDI)

მილანის დიზაინის კვირეულის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა როსანა ორლანდის დიზაინის იმპერია, რომელიც სულ უფრო ხშირად არის წარდგენილი ცნობილ ბრენდებთან ერთად და ამავდროულად მნახველს ახალ აღმოჩენებს სთავაზობს. გამოფენა გაიმართა სარდაფში, რომელიც ძალზე საინტერესო განათებით გამოირჩეოდა. მუდმივმა ექსპონენტმა – Sé-მ წარადგინა Nika Zupanc-ის კოლექცია III, მათ შორის დახვეწილი სასადილო სკამი Stay და ასევე უკვე Nika Zupanc-ის საკუთარი სამარკო ნიშნით დამზადებული “შიშველი” ოქროს მაგიდა და სკამი.

SCARLET SPLENDOUR

Scarlet Splendour-ი გახლავთ ახალი, ძალზე საინტერესო ინდური ბრენდი, რომლის დებიუტიც მილანის დიზაინის კვირეულზე შედგა. ბრენდის შემქმნელები არიან ინტერიერის დიზაინერი სუმან კანოდია და მისი ძმა აშიშ ბაჯორა, რომლებიც იტალიელ დიზაინერ მატეო სიბიკთან ერთად მუშაობენ. მათი პირველი კოლექცია სახელწოდებით Vanilla Noir-ი იტალიური დიზაინისა და ტრადიციული ინდური მოზაიკური ხელობის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. თავიანთი ნამუშევრების შესაქმნელად დიზაინერები იყენებენ თანამედროვე პოლიმერებსა და პიგმენტებს. თითოეული ნამუშევარი ატარებს კლასიკური ფილმის სახელწოდებას, მაგალითად, “მეტროპოლისის” მაგიდა და ტუალეტის მაგიდა სახელწოდებით “ქალი პარიზში”. მათი მუშაობის შედეგი დეკადენტური და გრაფიკული – არტ-დეკოს ინდური ინტერპრეტაციაა.

TASCHEN-ის მაღაზია

ბენედიქტ ტაშენმა თავისი პირველი წიგნების მაღაზია გახსნა მილანში, მაგენტას რაიონში, რომელიც წიგნების მაღაზიების სიუხვითაა ცნობილი. ეს წიგნებისა და საკონდიტრო ნაწარმის უდავოდ იდეალური კომბინაციაგახლავთ. ვინ შეძლებდა ავეჯის, წიგნების თაროებისა და ვიტრინების დიზაინის შექმნას ბენედიქტ ტაშენზე უკეთ? მას ხომ საკუთარი Taschen-ის მონოგრაფიის ოსტატი ჰყავს – მარკ ნიუსონი.

ბენედიქტ ტაშენი და მარკ ნიუსონი უკვე წლებია, რაც თანამშრომლობენ. “ბენედიქტი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. მისი ინტერესთა სფერო ძალიან მრავალფეროვანია. იგი შესანიშნავი ხელოვნებათმცოდნეა, არაჩვეულებრივი გემოვნება და იუმორის გრძნობა აქვს. როდესაც მან ტაშენის მაღაზიებისათვის დიზაინზე მუშაობა შემომთავაზა, მე არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი”.

პატარა, მაგრამ შესანიშნავად მოწყობილ მაღაზიაში წიგნები ძალიან ლამაზად არის გამოფენილი. ნიუსონმა გაპრიალებული ფოლადისგან შექმნა გადასატანი ბიბლიოთეკა, რომელიც ადვილად იშლება და იწყობა, რაც შესაძლებელს ხდის მაღაზიის მოწყობას სხვადასხვა დროებით ადგილას. “ვიზუალური თვალსაზრისით ჩემთვის საერთო იერის შენარჩუნება და ამავდროულად წიგნებზე ყურადღების გამახვილება იყო მნიშვნელოვანი”, – ამბობს ნიუსონი. მთავარი გამოწვევა თაროების დიზაინის შექმნისას “რაც შეიძლება თხელი მასალისაგან ძალიან მყარი კონსტრუქციის შექმნა” გახლდათ.

ძალიან დიდი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ორსართულიანი წიგნების მაღაზია, სადაც წარმოდგენილია Gio Ponti-ს განათება ბენედიქტის პირადი კილექციიდან, Salvatore Licitra-ს ფერადი ტერაცოს კიბე და ლოს-ანჯელესის მკვიდრი ჯონას ვუდის დიზაინით შექმნილი გასაოცარი ვენეციური ტერაცოს იატაკი, რომელზეც ტროპიკული ფოთლებია გამოსახული. იატაკის კონტურები სპილენძით არის მოპირკეთებული. მაღაზიის პირველი სართული ეთმობა შეზღუდული რაოდენობით გამოცემულ წიგნებს. აქ განთავსებულია შუშით გადახურული კაბინეტები, სადაც დიდი ზომის საკოლექციო ტომებია წარმოდგენილი.

პირადად ნიუსონისათვის ყველაზე საყვარელი ტომეული ტაშენის კოლექციაში – სტენლი კუბრიკის არქივებია. “კუბრიკმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე და ჩემს ხელოვნებაზე. განსაკუთრებით გამოვყოფდი 2001 წელს გამოქვეყნებულ წიგნს. ეს წიგნი, რომელიც ცნობარს მოგვაგონებს, არაჩვეულებრივი დიზაინით გამოირჩევა. ჩემი აზრით, კუბრიკი სწორედ ასეთ დიზაინს შექმნიდა”.

წინა სტატია

რუსული რუბლი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა
27 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

ივნისში საბანკო დეპოზიტები 210 მილიონი ლარით შემცირდა
28 ივლისი, 2015
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს
რეიტინგი | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა