Spotify-ის შემქმნელი დანიელ ეკი: მუსიკის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი

სტოკჰოლმში ნოემბრის ნესტიანი და ბნელი დღეა. დანიელ ეკი ავადაა. Spotify-ის 28 წლის უფროსი აღმასრულებელი გადაიღალა მთელი თვის განმავლობაში ხშირი მოგზაურობით შვედეთიდან სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკში, დანიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში, სადაც იგი გაყიდვების გაფართოებაზე პასუხისმგებელ ჯგუფთან შესახვედრად და ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი მუსიკალური მომსახურების გასავრცელებლად ჩადიოდა.

თუმცა დასვენების საშუალება ახლაც არ ეძლევა. შემდეგი კვირისათვის ნიუ-იორკში დაბრუნება აქვს დაგეგმილი, სადაც თავის პირველ პრესკონფერენციაზე Spotify-ის ახალი პლატფორმა უნდა წარადგინოს. როგორც თვითონ აღნიშნავს, პლატფორმა საჯარო დებიუტისათვის ჯერ მზად არ არის. „ახლა სახლში უნდა ვიყო და ლოგინში ვიწვე, - სუსტი და ჩახლეჩილი ხმით ამბობს ეკი, - მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს პროექტი სრულყოფილად უნდა განვახორციელოთ". ასე რომ, მელოტი, ტანსრული ეკი თავის თბილ, თეთრ ჟაკეტს ნიკაპამდე იკრავს, ყავას-რომელსაც, როგორც წესი, დღის განმავლობაში ექვსჯერ მიირთმევს ხოლმე - ჩაით ანაცვლებს და ოფისისკენ მიემართება. ოფისი გამოსაშვები გამოცდების პერიოდის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას წააგავს. ბილიარდის მაგიდა IKEA-ს სამუშაო მაგიდებმა შეცვალა, ხოლო ნაცრისფერი ტახტები ღამენათევი თანამშრომლების დასასვენებლადაა გამიზნული. ეკი უარს ამბობს თავის დიდ კაბინეტზე, რომელსაც ძირითადად სათათბირო ოთახად იყენებს ხოლმე და ღია ოფისის ერთ-ერთ მაგიდასთან ჯდება. მის ირგვლივ geek-chic-ის უნიფორმებში - ვიწრო ჯინსებში, წარწერებიან მაისურებსა და გრძელ ჟაკეტებში გამოწყობილი თორმეტი(დაახლოებით ამდენივე ქვეყნიდან ჩამოსული) ინჟინერი იყრის თავს. ისინი ენერგიულად ბეჭდავენ კოდებს თავიანთ MacBook-ებზე.

ეს დაუოკებელი ენერგია მუსიკალური ბიზნესის ახალ, უცნაურ რეალობას ასახავს. ნიუ-იორკზე, ლოს-ანჯელესსა და ნეშვილზე აქტუალური ახლა სწორედ ეს, სტოკჰოლმის ბირგერ-იარლსგატანზე ნაქირავები ოფისია, რომელიც მუსიკის სამყაროს უმნიშვნელოვანეს ადგილად იქცა, ხოლო ეკი ამ ინდუსტრიის ყველაზე დიდ მოთამაშედ. „დედაჩემის მშობლები მუსიკალურ ბიზნესში მოღვაწეობდნენ და ამიტომაც ამ საქმეში საფუძვლიანად ვარ დამკვიდრებული", - აცხადებს ეკი.

ათწლეულზე მეტია, რაც მუსიკის ინდუსტრია ეკს ელოდება. უფრო სწორად, ვინმეს, ვინც ისეთ პროდუქტს შექმნის, რომელიც მომხმარებლისათვის პირატულ პროდუქციაზე უფრო მიმზიდველი და ამავე დროს შემოსავლის სტაბილური მოდელი იქნება. 1990-იან წლებში შონ ფენინგისა და შონ პარკერის არალეგალური ჩამოსატვირთი ვებგვერდ Napster-ის გამოჩენა ერთგვარი გარღვევა იყო ხმის ჩამწერ ინდუსტრიაში. „მოვლენა ინტერნეტსივრცეში, რომელმაც ყველაზე მეტად შემცვალა",- ამბობს ეკი. ვებგვერდი სწრაფი, უფასო და ულიმიტო იყო, მასზე ეკმა თავისი ორი უსაყვარლესი ჯგუფი - Beatles და Led Zeppelin აღმოაჩინა და დაკარგულ თაობად მონათლული, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისაგან შემდგარი იმ ჯგუფის წევრი გახდა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მუსიკის სანაცვლოდ ფული არ უნდა გადაიხადო.

iTunes-ის აღდგენისას, სტივ ჯობსმა დაამტკიცა, რომ წამალს თითქმის ისევე შეუძლია ზიანის მოტანა, როგორც თვითონ დაავადებას. Apple მომხმარებელს უბიძგებდა შეეძინა ცალკეული კომპოზიციები ნაცვლად ალბომებისა, რომლებიც iTunes-ის მთავარ საარსებო წყაროს წარმოადგენდა და თანაც ამ ტრანზაქციის დიდ ნაწილს თვითონ იღებდა. ამ ყველაფერმა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის შეუქცევადი დაღმასვლა განაპირობა, რომლის შემოსავალი 1999 წელს $56,7 მილიარდს შეადგენდა, 2011 წლისათვის კი $30 მილიარდამდე შემცირდა.

ამას ემატება მესამე დამანგრეველი - ეკი. არსებულ ტექნოლოგიურ გარემოში, სადაც Google უზრუნველყოფს ძიებას, Facebook -იდენტურობას, Amazon კი საცალო ვაჭრობას, ეკს სურს Spotify საუნდტრეკის მომწოდებლად ჩამოყალიბდეს. როგორც თვითონ აღწერს: „ჩვენ მიგვაქვს მუსიკა წვეულებებზე". ნაცვლად უბრალოდ მუსიკალური პროგრამისა, რომელიც თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სიმღერას სრულიად უფასოდ და ლეგალურად გთავაზობთ - Spotify მუსიკის მთლიანი ეკოსისტემის შექმნას გეგმავს - ეს ხსნის, თუ რა აძლევს მის გამოუძინებელ ინჟინრებს 24-საათიან რეჟიმში მუშაობის სტიმულს.
Spotify ძალიან პოპულარულია: მას 10 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებსაც თავიანთ „დესკტოპებზე" 15 მილიონი სიმღერა აქვთ და ეს მხოლოდ იმის ფასად, რომ იშვიათად მოუსმინონ რეკლამას. პროგრამა iTunes-ივით მარტივი და სწრაფია, Napster-ივით მოქნილი და ფართო, ხოლო ფასი ონლაინ-რადიო Pandora-სავით მიმზიდველი აქვს. წინამორბედებისაგან განსხვავებით, Spotify თავიდანვე სოციალური პროექტი იყო, playlist-ების მეგობრებისათვის გაზიარების ინსტრუმენტებით . ამ დროისათვის Facebook-ზე 1,5 მილიარდზე მეტი სიმღერაა გაცვლილი.

მას შემდეგ, რაც Facebook-ის პირველმა პრეზიდენტმა, შონ პარკერმა პოსტი დატოვა, ის ემუდარებოდა ეკს მისთვის ინვესტირების უფლება მიეცა: „Napster-ის შემდეგ ყოველთვის Spotify-ის მაგვარი პროდუქტის შექმნაზე ვოცნებობდი",- ნათქვამია მის ელექტრონულ წერილში. Spotify-ის მომსახურებამ მარკ ცუკერბერგიც კი გააოცა. „მე Spotify გამოვცადე და მივხვდი, რომ ის არაჩვეულებრივია, - ამბობს Facebook-ის დამაარსებელი, - მათ ბევრი რამ აითვისეს, რაზეც აქამდე გვისაუბრია აპლიკაციების სოციალურ დიზაინთან დაკავშირებით". ეს ნიშნავს ძირითადი პროდუქტის (ეკის შემთხვევაში - მძიმე შრომის ფასად შექმნილი სიმღერების არქივის) აპლიკაციების მესამე მხარისათვის მინდობას, რაც Spotify-ის განვითარებას შეუწყობს ხელს და ის მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

აი ასე აისახება სოციალური მიზიდულობა შემოსავლებში: თქვენ ათვალიერებთ თქვენი მეგობრების playlist-ს, შემდეგ Rolling Stones-ის, Billboard-ის ან Last.fm-ის აპლიკაციების მეშვეობით აღმოაჩენთ ახალ მუსიკას და შექმნით საკუთარ მუსიკალურ ყუთს. საბოლოოდ მოგინდებათ, რომ ის ყველგან თან გქონდეთ. სწორედ აქ ჰყავხართ გამოჭერილი ეკს. Spotify-ის პორტატიულობაში უხდით თვეში $10-ს და თქვენი მუსაკალური კოლექცია ხელმისაწვდომი ხდება მობილურ აპარატებზე.

ამ მეთოდმა შვედეთის მაგალითზე დაამტკიცა, რომ მას მუსიკის გადარჩენა შეუძლია. ეკის თანამოქალაქეების ერთი მესამედი უკვე გაწევრიანდა პროგრამაში და მათგან ერთი მეოთხედი პრემიუმ- მომხმარებლის ტარიფს იხდის. შვედეთში Sony Music-ის ხელმძღვანელი მარკ დენისი აცხადებს, რომ 2008 წლიდან, ანუ დაარსების დღიდან, Spotify-მ მარტომ შეძლო ათი წლის განმავლობაში მიმდინარე შემოსავლების კლების შეჩერება, 2011 წელს კი შვედეთის მუსიკის ინდუსტრია, სავარაუდოდ, პირველად დააფიქსირებს ზრდას - გაყიდვებში Spotify-ის 50%-იანი წილით (გასულ წელს ეს მაჩვენებელი 25% იყო). ეს ყველაფერი კი იმ ქვეყანაში ხდება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პირატული პროდუქციის კერა იყო.

გავიაზროთ ეს გლობალური მასშტაბით და მუსიკის ინდუსტრიისათვის ჯადოსნური წამალიც ნაპოვნია. ივლისში სამ ფრონტზე - Apple-თან Amazon-სა და Google-თან - საბრძოლველად ეკი ამერიკაში, არც მეტი არც ნაკლები, ხმის ჩამწერი ბიზნესის ბედის გადასაწყვეტად ჩავიდა. მუსიკალური ბიზნესის გავლენიანი აღმასრულებლის ცნობით, დაახლოებით 400 000-მა ამერიკელმა უკვე შეიძინა პრემიუმ-პაკეტი, რაც შედეგად მოჰყვა ეკის განცხადებას,რომ ის გადაარჩენს მუსიკალურ ბრენდებს მათივე პროდუქციის უფასოდ გავრცელების გზით.

Spotify-ის ორი მხარე
მუსიკასა და ტექნოლოგიას დანიელ ეკი 5 წლის ასაკში ეზიარა, როდესაც საჩუქრად გიტარა და კომპიუტერი Commodore 20 მიიღო. ის ორივე ინსტრუმენტს სრულფასოვნად ფლობდა. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ მათ ბინაში, რომელიც არცთუ პრესტიჟულ „რაგსვედის" (Ragsved)უბანში მდებარეობდა (ადგილობრივები მას „დრაგსვედის" (Drugsved) სახელით იცნობდნენ) იგი უკვე ელემენტარული კოდის წერით იყო დაკავებული და თან ფონად MTV ჰქონდა ჩართული.

14 წლის ასაკში ეკმა dot-comმანიას აუღო ალღო და სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში კომერციული ვებგვერდების შექმნას შეუდგა. იმ დროისათვის კომერციული ვებგვერდის ფასი $50 000 იყო, ეკი კი მხოლოდ $5 000-ს აფასებდა და რაოდენობაზე მუშაობდა: მან თავისი ტინეიჯერი მეგობრები დაიქირავა და მათემატიკაში გაწაფულებს HTML, ხოლო შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულებს ფოტოშოპი შეასწავლა. სულ მალე ის თვეში $15,000-ს აკეთებდა და ყველა არსებულ კომპიუტერულ თამაშს ყიდულობდა.

როგორც პირველი ონლაინ-თაობის წარმომადგენელი, ეკი ინტერნეტის სრულფასოვნად ათვისებისაკენ ისწრაფოდა. მან რამდენიმე სერვერი შეისყიდა, რათა გაერკვია, როგორ შეიძლებოდა მათი საშუალებით ფულის შოვნა და საბოლოოდ თვეში დამატებით $5 000-ს იღებდა ვებგვერდების ჰოსტინგისათვის. 16 წლის ასაკში, Google-ის სწრაფი ზრდით მოხიბლულმა ეკმა კომპანიაში ინჟინრად მუშაობა მოინდომა,მაგრამ Google-მა ურჩია კოლეჯი დაემთავრებინა და ისე დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ კი საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტა.

ის პროექტი ჩავარდა, თუმცა მისი წყალობით ეკმა სამსახური იშოვა კომპანია Jajja-ში, სადაც ის ძიების ინსტრუმენტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეს კარგად უხდიდნენ, ეკი ბოლომდე მოტივირებული მაინც არ იყო. მთელ ხელფასს სერვერებისა და „ტიუნერების" შესყიდვას ახმარდა, რაც მის ახალ გატაცებას ემსახურებოდა: ეს იყო ტელევიზიით გასული ყველა პროგრამის ერთდროულად ჩაწერა (მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ TiVo იმავე ხრიკს იყენებდა). უამრავი სერვერი მის ოთახს ისე ახურებდა, რომ იქ შესვლისთანავე ეკი ტანსაცმელს იხდიდა და საცვლების ამარა რჩებოდა.

სკოლის შემდეგ ეკი შვედეთის ტექნოლოგიურ სამეფო ინსტიტუტში ჩაირიცხა საინჟინრო საქმის შესასწავლად.რვა კვირის თავზე, როდესაც მიხვდა, რომ პირველი წელი მთლიანად თეორიული მათემატიკის შესწავლას დაეთმობოდა, სწავლას თავი დაანება. სწორედ ამ დროს, სტოკჰოლმის სარეკლამო კომპანია Tradedoubler-მა შეუკვეთა ვებგვერდი, რომელიც მიაწვდიდა ინფორმაციას მათთან მოთანამშრომლე გვერდების შესახებ. ეკმა ისეთი ეფექტიანი პროექტი შესთავაზა კომპანიას, რომ 2006 წელს Tradedoubler-მა მას დაახლოებით $1 მილიონი გადაუხადა საავტორო უფლებებისათვის. კიდევ $1 მილიონი მან პატენტების გაყიდვით მიიღო.

შემდგომ მოვლენები უკუღმა დატრიალდა. 23 წლის მილიონერი სტოკჰოლმიდან 20 კილომეტრის მოშორებით შვედურ მკაცრ ზამთარსა და ღრმა დეპრესიას ებრძოდა. მშფოთვარე ცხოვრების მოყვარულმა ეკმა სტოკჰოლმის ცენტრში სამოთახიანი ბინა, წითელი Ferrari Modena და ქალაქის ფეშენებელურ კლუბებში შესვლის უფლება შეიძინა. მიუხედავად ამისა, გოგონების ყურადღების მიქცევა მაინც რთული აღმოჩნდა, ფულის დაუნანებლად ფლანგვა კი სულ სხვა ყაიდის ქალებს იზიდავდა. „არ ვიცოდი, ვინ ვიყავი და რისკენ ვისწრაფოდი, - აცხადებს ეკი, - მინდოდა იმაზე ბევრად მაგარი ბიჭი ვყოფილიყავი, ვიდრე რეალურად ვიყავი".

დანაღვლიანებულმა ეკმა Ferrari Modena გაყიდა და მშობლებთან ახლოს, მომცრო ბინაში გადავიდა, სადაც გიტარაზე უკრავდა და მედიტირებდა. იმ დროისათვის ეკს უკვე სამი ტექნოლოგიური კომპანია ჰქონდა დაფუძნებული, თუმცა ახლა პროფესიონალი მუსიკოსის კარიერაზე ფიქრობდა (ეკი უკრავს გიტარაზე, ბასგიტარაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, პიანინოსა და ჰარმონიკაზე; ის არ მღერის). „მდიდარი ვერ გავხდებოდი, თუმცა ცხოვრებისათვის საკმარის ფულს მაინც ვიშოვიდი". სწორედ მაშინ გადაწყვიტა ეკმა მისთვის საინტერესო ორი სფეროს - მუსიკისა და ტექნოლოგიის შერწყმა. ამ პერიოდში ეკი დაუახლოვდა Tradedoubler-ის ხელმძღვანელ მარტინ ლორენზონს, 42 წლის ენერგიულ პიროვნებას. სილიკონის ველის ვეტერანმა Tradedoubler საჯარო კომპანიად 2005 წელს აქცია, რითაც $70 მილიონი იშოვა. კომპანიის ყოველდღიურ აქტიურ საქმიანობას ჩამოშორებული ლორენზონიც მოწყენილი იყო და დინებას მიჰყვებოდა. როდესაც ეკი მას პირველად ესტუმრა სტოკჰოლმის ბინაში, იქ მხოლოდ ლეიბი და IKEA-ს სკამზე დადებული ლეპტოპი ნახა. „ვკითხე, როდის გადმოვიდა ამ ბინაში, - გვიამბობს ეკი, -როდესაც გავიგე, რომ წელიწადზე მეტი ხნის გადმოსული იყო, მივხვდი, ბედნიერი არ უნდა ყოფილიყო".

მათ დაახლოებას ხელი შეუწყო „ნათლიისა"და „კარლიტოს გზის" მსგავსი განგსტერული ფილმების გადაბმით ყურების ჩვევამ (ამ რიტუალს ისინი ყოველ წელს ატარებენ). „დანიელთან შეხვედრისას განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა, - აცხადებს ლორენზონი, - -იმისათვის, რომ ადამიანთან ვითანამშრომლო, ძმასავით უნდა მიყვარდეს, რადგანაც ერთად ბევრ დაბრკოლებას გადავაწყდებით. კომპანიის ღირებულება კი ერთობლივად გადაჭრილი პრობლემებით იზომება".

ეკი ეჭვობდა, რომ ლორენზონი Tradedoubler-ს დატოვებდა და 2006 წელს მას ერთკვირიანი ვადა დაუწესა-სანამ ისინი პარტნიორები გახდებოდნენ, ლორენზონი სახალხოდ უნდა გადამდგარიყო ხელმძღვანელის თანამდებობიდან და საწყისი ინვესტიცია - $1 მილიონი გადაერიცხა ეკის ანგარიშზე. მომდევნო ორშაბათს Tradedoubler-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზი ლორენზონის წასვლის შესახებ იუწყებოდა. იმავე დღეს, მან ეკს საბანკო ანგარიშის შემოწმება სთხოვა. ფული უკვე ჩარიცხული იყო. მათ ჯერ კიდევ გასარკვევი ჰქონდათ, რა ტიპის ბიზნესს დაიწყებდნენ.

ლორენზონი და ეკი არაორდინარულ ვითარებაში იყვნენ: პირველ მათგანს ფული აღარ სჭირდებოდა, მეორეს კი ის აღარ აინტერესებდა. ასე რომ, გადაწყვიტეს დოლარებისათვის ყურადღება არ მიექციათ და რევოლუციური მოდელის შექმნაზე კონცენტრირებულიყვნენ. მათ მიზანში მუსიკა ამოიღეს.
ეკის ბინის სხვადასხვა ოთახში მსხდარი პარტნიორები ერთმანეთს მუსიკალური ვებგვერდის პოტენციურ სახელწოდებებს გასძახოდნენ(თუმცა ისიც კი არ იცოდნენ, რა ფუნქცია ექნებოდა ამ ვებგვერდს); ეკმა ლორენზონის ერთ-ერთი შემოთავაზება არასწორად გაიგონა. მან სიტყვა „Spotify" Google-ში ჩაწერა და ვერც ერთი რეზულტატი ვერ მიიღო (დღესდღეობით ეს რიცხი 64 მილიონია). ეკმა და ლორენზონმა სახელი დაარეგისტრირეს და სარეკლამო გეგმის განხორციელებას შეუდგნენ. როგორც კი ეს საქმე მოაგვარეს, ინჟინრების ჯგუფი დაიქირავეს და მათთან ერთად ბარსელონაში გასართობად და, როგორც ეკი ამბობს, „უცნაური გერმანული ელექტროპოპის" მოსასმენად გაემგზავრნენ. შემდეგ კი საქმეს შეუდგნენ.

სტოკჰოლმში დაბრუნებულებმა Apple-iTunes-ისა და ეკის პრიალა შავი Samsung-ის ბრტყელეკრანიანი ტელევიზორის ინტერფეისის ბაზაზე ახალი პროტოტიპი შექმნეს. საავტორო უფლებების დარღვევით მოპოვებული მუსიკის გამოყენებით შექმნილი ვებგვერდებისაგან განსხვავებით, ეკმა Spotify-ის დებიუტი მანამდე გადადო, სანამ ყველა ბრენდთან არ გააფორმა ხელშეკრულება. „ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მათი პროდუქტის გამოყენებას კომპანიის გასაფართოებლად არ ვაპირებდით, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ",- განაცხადა ეკმა.

მუსიკის ინდუსტრიის იურისტის, ფრედ დევისის დახმარებით, ეკი შეეცადა მუსიკის სფეროში გლობალური უფლებები მიეღო, თუმცა მალევე მოეცარა ხელი. ამიტომაც ევროპული ლიცენზიების მოპოვება გადაწყვიტა, რასაც, მისი ვარაუდით, სამი თვე დასჭირდებოდა, სინამდვილეში კი ეს პროცესი ორ წელს გაგრძელდა. ეკი და მისი გუნდი მუსიკის ცნობილი ბრენდების აღმასრულებლებს მოსვენებას არ აძლევდნენ და უმტკიცებდნენ, რომ უფასო, რეკლამაზე დაფუძნებული მოდელი საბოლოოდ მათ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. „ისინი ამბობდნენ: ‘დიახ, ეს ნამდვილად საინტერესოა' ან: ‘გადმოგვიგზავნეთ სტატისტიკური მონაცემები', რაც სინამდვილეში ნიშნავს ; არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ ამას', -ამბობს ეკი და იცინის, - მაგრამ მაშინ 23 წლის ვიყავი და ვიფიქრე - მშვენიერია, ჩვენ ამას შევძლებთ".

საბოლოოდ ეკმა Spotify პირატული სიმღერებით დატვირთა და ინდუსტრიის აღმასრულებლებს გაუგზავნა. ისინი დაინტერესდნენ. იმ დროს, როცა ეკი მუსიკალურ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, Spotify-ის ფინანსური რესურსები ამოიწურა. ეკი და ლორენზონი მუსიკალური კომპანიების წინაშე მილიონიან ვალდებულებებს იღებდნენ მათი კატალოგების სანაცვლოდ. ვენჩურული კაპიტალისტები ახლოსაც არ ეკარებოდნენ. კომპანიის გადასარჩენად მეგობრებმა Spotify-ში ლორენზონის $2 მილიონის გარდა, კიდევ $5 მილიონი ჩადეს. „ჩვენ სასწორზე ვდებდით პირად ქონებას, ხანდახან კი მთელ კომპანიასაც, -აცხადებს ეკი, - ამ დროს საკუთარი რწმენით ვხელმძღვანელობდით და არა რაციონალური აზრით, რადგანაც რაციონალური თვალსაზრისით ეს შეუძლებელი იყო". 2008 წელს Spotify-მ ფუნქციონირება დაიწყო სკანდინავიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში. ამერიკაში შეთანხმებების მიღწევას კიდევ სამი წელი დასჭირდა.
„ის ერთადერთი ტექნო-ინჟინერია, რომელსაც ეყო მოთმინება მიეღწია იმისათვის, რასაც მან მუსიკის ბიზნესში მიაღწია" - აცხადებს ამჟამად უკვე Spotify-ის საბჭოს წევრი შონ პარკერი, რომელმაც კომპანიას ამერიკული ხელშეკრულებებისაკენ, მათ შორის Facebook-საკენაც გაუხსნა გზა. „მას ძენ-ბუდიზმის მიმდევრის მოთმინება და პრობლემებთან გამკლავების არაჩვეულებრივი უნარი აქვს. ის გამუდმებით იგდებს თავს ისეთ სიტუაციებში, სადაც ნორმალური პიროვნება აუცილებლად დანებდებოდა".ეკს მის ოფისში ვესაუბრები. ის გამართულად და გაუნძრევლად ზის, როგორც შვედური ბუდა; ერთადერთი, რაც მოძრაობს, ეს მისი პირის აპარატია, თავის ყინულივით ცივ ცისფერ თვალებსაც კი არ ახამხამებს.

ასეთი სიმშვიდე ქაოსის მართვაში ეხმარება: შარშან ეკმა მგზავრობაში 100 დღე გაატარა - ძირითადად ევროპის, ნიუ-იორკისა და კალიფორნიის ფარგლებში. ეს მას ორწლიანი რომანის დასრულების ფასად დაუჯდა. სტოკჰოლმში ყოფნისას ეკი, როგორც წესი, დილის 8:30 იღვიძებს, ერთი საათის განმავლობაში ელექტრონულ ფოსტას პასუხობს და შემდეგ მიუყვება Spotify-საკენ მიმავალ გზას, რომელსაც ხუთ წუთში ფარავს. სამუშაო დღის დაახლოებით 25%-ს ის ახალი თანამშრომლების დაქირავებას ანდომებს; დანარჩენ დროს თავის მაგიდა უზის ან სართულზე დადის. „ეკი ადამიანთა იმ იშვიათ ჯგუფს განეკუთვნება, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად მიხედონ ტექნოლოგიურ, სტრატეგიულ და ბიზნეს მიმართულებებს" - აცხადებს პარკერი.
ეკი ოფისში საღამოს 8 საათამდე მუშაობს, შემდეგ გარეთ სადილობს და სახლში ბრუნდება, სადაც განსატვირთად რამდენიმე საათის განმავლობაში გიტარაზე უკრავს ან წიგნებს (ამჟამად ეს წიგნებია: სტივ ჯობსის ბიოგრაფია, ტიპოგრაფიის სახელმძღვანელო და ბონსაის - ანუ ჯუჯა ხეების გამოყვანის - ხელოვნება) ფურცლავს. შემდეგ ის ელექტრონულ ფოსტას უბრუნდება, დაახლოებით 2 საათზე კი დასაძინებლად წვება. ლორენზონს სურს, რომ ეკმა ბალანსი დაიცვას: მეტი ფიზიკური ვარჯიში, ნაკლები არაჯანსაღი საკვები, მეტი ძილი, ნაკლები სამუშაო. უახლოეს მომავლში ბოლო მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

ეკი გრინვიჩ-ვილიჯის Stephan Weiss Studio-ს თეთრ, გაკრიალებულ სცენაზე ადის. ჟურნალისტებისა და ტელეკამერების მთელი არმია მზადყოფნაშია. ეკი ძალიან კმაყოფილია, რომ ახალი პლატფორმა სტარტისათვის მზადაა, მაგრამ მაინც ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება პრეს-კონფერენცია. ევროპაში შეეძლო ხმაურის გარეშე ემუშავა, ამერიკაში კი - ისეთი კულტების ქვეყანაში, როგორებიც არიან ბეზოსი, გეითსი, ცუკერბერგი და ჯობსი - ეკი პროგრამისტიდან ორატორად უნდა გადაიქცეს. იმისათვის, რომ Spotify-ი გაფართოვდეს, ეკმა უნდა მოახერხოს თავისი პლატფორმის ფართოდ რეკლამირება, რათა მიიქციოს ყურდღება და მიიზიდოს კომპანიები, მომღერლები და დეველოპერები.

ეკს ინვესტორების მოზიდვა არ სჭირდება. უკანასკნელ წლებში მათი სია ისედაც საგრძნობლად გაიზარდა. თვითონ 28 წლის ეკი ქაღალდზე $300 მილიონი ღირს. თუმცა კომპანია სავარაუდოდ კიდევ უფრო ძვირად ფასობს: Spotify-ის განკარგულებაშია Pandora-ს რადიო-შესაძლებლობები და გაზიარებული სიმღერების უდიდესი არქივი.

საბოლოო ჯამში ეკისათვის საფრთხეს არა მისი პროდუქტი, არამედ ის ინდუსტრია წარმოადგენს, რომლის გადარჩენასაც Spotify-ი ისახავს მიზნად. უფრო სახიფათო კი ის გარემოებაა, რომ არსებულ ლიცენზიებს ვადა ორ წელიწადში ეწურება და ეკმა უნდა უზრუნველყოს საკმარისი ფულადი ნაკადი, რათა ხმის ჩამწერმა კომპანიებმა უფრო მაღალი საავტორო ჰონორარები არ მოითხოვონ ან სულაც ლიცენზია არ შეწყვიტონ. ამჟამად ძალაუფლება მუსიკალურ კომპანიების ხელშია, ეკმაც ჭკუა იხმარა და საქმეში ბაზრის ოთხი დიდი მოთამაშე შეიყვანა - ლიცენზიების შეთანხმებისას Spotify-ის აქციების ნაწილი ოთხ უმსხვილეს მუსიკალურ კომპანიას (Warner, Universal, EMI და Sony) და Merlin-ს გადაეცა.მათმა საერთო წილმა დაახლოებით 20% შეადგინა.

ეს წილი საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ საკმარისი არ არის წინააღმდეგობის ავტომატურად ჩასახშობად.სანამ ლიცენზიების ვადა ამოიწურება, ეკმა უნდა მოახერხოს Spotify-ი აქციოს მუსიკის დომინანტურ წყაროდ, რომელიც ისეთი მასშტაბების იქნება, რომ ვერც ერთი კომპანია თუ მომღერალი ვერ შეძლებს მისთვის თავის არიდებას.

ეკი იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებენ Spotify-ი მუსიკის უნივერსალურ პლატფორმად აქციონ, რაც მას საშუალებას მისცემს საკუთარი თანამშრომლების (დღესდღეობით 500-ზე მეტი ადამიანი) ძალისხმევა მხოლოდ კომპანიის ზრდისაკენ მიმართოს.
„Google-ს 30 000 თანამშრომელი ჰყავს - აცხადებს ეკი - მაინტერესებს რა მოხდებოდა, ყველა მათგანი საძიებო სისტემის გაუმჯობესებაზე რომ იყოს ორიენტირებული". ის იღებს თავის ტელეფონს და Siri-ს ხმოვანი პროგრამის გამოყენებით კითხულობს, როდის იწყება ხვალისათვის დაგეგმილი პირველი შეხვედრა. რამდენიმე წამის შემდეგ კომპიუტერული ხმა პასუხობს: „დილის 11 საათზე". „წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ის რომ სამჯერ სწრაფი იყოს ან ჩემი განზრახვა ბოლომდე ესმოდეს - ამბობს ეკი - სავარაუდოდ, ეს Google-სათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს; ეს ურთიერთობის ახალი საშაულებაა."
გეგმავს ის Spotify-ის ხმოვანი ინტერფეისის შექმნას? ეკი ეშმაკურად იღიმება - „დამიკარი Coldplay - ეუბნება ტელეფონს. პატარა დინამიკებიდან ბენდის ჰიტის The Scientist-ის შესავლის ფორტეპიანოს აკორდები გაისმის. „ეს რამდენიმე კვირის წინ გავაკეთეთ - კმაყოფილებით აცხადებს ეკი - მე გამომგონებელი არ ვარ, მხოლოდ არსებულის გაუმჯობესება მსურს."

 

წინა სტატია

მკვდრეთით აღმდგარი ბრენდები
07 მარტი, 2012

შემდეგი სტატია

არიან თუ არა მხიარული ადამიანები ბიზნესში უფრო წარმატებულნი?
26 მარტი, 2012
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა