ნატურალური ქალი

მსახიობმა ჯესიკა ალბამ $200-მილიონიანი ქონება სწრაფად მოიხვეჭა. გასამდიდრებლად მან ძნელი გზა აირჩია – სფერო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო შოუბიზნესთან.

Honest Company-ის სანტა-მონიკას ოფისში „კომბუჩას ხუთშაბათია“. ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ოფისად გარდაქმნილ სათამაშოების ქარხანაში ახალგაზრდა, ელეგანტური თანამშრომლები კომუნალური მაგიდების გარშემო სხედან და მოდურ, ფერმენტირებულ ჩაის მიირთმევენ. მეზობელ ოთახში ჰოლივუდის ვარსკვლავი და კომპანიის თანადამფუძნებელი ჯესიკა ალბა ზის. იგი მალევე შეუერთდება თანამშრომლებს, მაგრამ ამჟამად მთელი მისი ყურადღება ტამპონების კოლოფზეა გადატანილი, რომელიც ძვირად ღირებული სანთლების ყუთს უფრო ჰგავს, ვიდრე Kotex-ისას. „ლაქი!“ – ამბობს იგი მოწონების ნიშნად.

„ჩვენ ბუნებრივ ბამბას, მცენარეულ პოლიმერებსა და ბიოპლასტიკურ აპლიკატორებს ვიყენებთ“, – 34 წლის მსახიობი დამარწმუნებლად საუბრობს და ხაზს უსვამს საკუთარი პროდუქტის უპირატესობას სხვა ტამპონებთან შედარებით, რომელთა პლასტიკური შემადგენლებიც ჰორმონებზე ზემოქმედებენ. Honest-ის ახალი, ქალთა საშუალებების ხაზი ივლისში ჩაეშვება.

The Honest Company-ის 120 პროდუქტიდან ალბას ნებისმიერის სიღრმისეულად მიმოხილვა შეუძლია, იქნება ეს ბუნებრივი თაფლის ბაზაზე დამზადებული მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ტანის ლოსიონის ინგრედიენტები, თუ სითხის საიზოლაციო ჯიბე, კოხტა, ხელოვნური ტყავისგან დამზადებულ ბავშვის საფენში, რომლის პაკეტის ღირებულებაც $170 დოლარს შეადგენს. დიახ, ალბა ლამაზია – ალბათ სამყაროს ულამაზეს ქალად იგი სხვადასხვა დროს მამაკაცების ყველა ჟურნალმა დაასახელა – მაგრამ დიდი ქონების სათავე სხვა რამაა - სწორედ ის დეტალები, რომლებშიც ალბა ასე ზედმიწევნით ერკვევა.

დეტალები და გულითადი შრომა: ალბა მხიარულად იხსენებს, თუ როგორ უწევდა კვირაში 86 საათი მუშაობა ჯეიმს კემერონის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალის, „შავი ანგელოზის“ გადასაღებ მოედანზე, რომელიც მის კარიერულ ტრამპლინად გამოდგა. მისი თქმით, ახლა ამ 86 საათს ვინტაჟურ, ცისფერ სამუშაო მაგიდასთან ატარებს, რათა თვალყური ადევნოს მარკეტინგულ სტრატეგიასა და ბრენდის განვითარებას. მისი კომპანია ცდილობს, დააკმაყოფილოს მოთხოვნა უსაფრთხო, არატოქსიკურ პროდუქტებზე. ეს მოთხოვნა მოდის მეტისმეტად მზრუნველი მშობლებისგან, რომლებიც ბავშვებს – და ყველაფერს რაც მათ გვერდით ან მათში გაიჭაჭანებს – ისე ეპყრობიან, როგორ ძვირფას ფაიფურს.

უსაფრთხოება იყიდება. The Honest Company აბსურდულად გაიზარდა. 2012-ში, გაყიდვების პირველივე წელს, კომპანიის შემოსავალმა $10 მილიონს მიაღწია. შარშან შემოსავალი $150 მილიონი იყო, ხოლო წელს ინდუსტრიის ინსაიდერები $250 მილიონს წინასწარმეტყველებენ. კომპანია შემოსავლიან ზრდაზეა ორიენტირებული და მისი ამჟამინდელი შეფასება $1 მილიარდს აღწევს.

ეს რიცხვი ნიშნავს, რომ ალბა, რომელსაც (მის ინვესტიციებში გარკვეული წყაროს ცნობით) კომპანიის 15-20% ეკუთვნის, დაახლოებით $200-მილიონიანი წილის მფლობელია. ამგვარად იგი Forbes-ის ახალი რეიტინგში – ამერიკის უმდიდრესი სელფმეიდი ქალების სიაში –ამომავალი ვარსკვლავია და „მხოლოდ“ $50 მილიონით ჩამორჩება ბიონსესა და ჯაჯ ჯუდის. ეს უკანასკნელნი რეიტინგში 49-ე ადგილს ინაწილებენ. 50-ეულში დამატებით მხოლოდ ორი ვარსკვლავია წარმოდგენილი – ოპრა და მადონა. თუმცა, ალბასგან განსხვავებით, ჩამოთვლილმა ოთხეულმა ქონება თავიანთ სფეროში დააგროვა – მედიასა და მუსიკაში, ალბამ კი ფული ახალგაზრდა ასაკში, მისი პროფესიისგან შორს მყოფ ინდუსტრიაში იშოვა. და თუკი ჰკითხავთ, ალბა გიპასუხებთ, რომ იგი და Honest-ი მხოლოდ ახლა იწყებენ. „თუ ჩვენ გვინდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ ჯანდაცვაში, ეს მილიარდობით დოლარს მოითხოვს და არა მხოლოდ ერთს“, – ამბობს ის და თან ხის შემაღლებებზე განთავსებულ საკონფერენციო დარბაზიდან ღიად დაგეგმარებულ ოფისს გადმოჰყურებს.

როგორც ყველა შესანიშნავი იდეა, კომპანია Honest-იც შთააგონა საჭიროებამ, რომელიც დაკმაყოფილებული არ იყო. 2008 წელს ალბა ახალი დანიშნული გახლდათ ინტერნეტ-ანტრეპრენიორ ქეშ უორენზე და მუცლით მათ პირველ შვილს ატარებდა. იგი იხსენებს დედისგან მიღებულ რჩევას, როდესაც ოჯახმა და მეგობრებმა წვეულებაზე უამრავი საბავშვო საჩუქარი მიაყარეს – გაერეცხა ნაჩუქარი კომბინეზონები საბავშვო სარეცხ საშუალებაში, სანამ მათ ბავშვს მოარგებდა. იგი მეინსტრიმულ ბრენდს იყენებდა და საგონებელში ჩააგდო იმის გახსენებამ, თუ რამდენი დრო გაატარა პედიატრების ოფისებში.

„ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო, – იხსენებს დედამისი, ქეითი ალბა და ამ სიტყვებით ნამდვილად არ მიანიშნებს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობაზე. ჯესიკა საჰაერო სამხედრო ბაზებზე გაიზარდა – მისურის ბილოქსში და ტექსასის დელ-რიოში. იგი ალერგიული იყო და ქრონიკული ასთმაც აწუხებდა, რამაც პნევმონიისკენ მიდრეკილება განუვითარა. წელიწადში თითქმის ორჯერ მას ორი კვირის გატარება საავადმყოფოს პალატაში უწევდა.

ალბას ახლაც აწუხებს ალერგიული გამონაყარი. იმის შიშით, რომ ბავშვიც მის გამოცდილებას გაიზიარებდა, მთელი საღამოები Google-სა და Wikipedia-ში იჩიჩქნებოდა, რათა გამოეკვლია, როგორ დაეკომპლექტებინა საკუთარი აბაზანა და სამზარეულოს ქვედა თაროები უსაფრთხო პროდუქტებით. „ვფიქრობდი, რა გარანტია მაქვს, რომ ბავშვისთვის ეს რამეები უსაფრთხო იქნება, როდესაც ჩემზე ასე ზემოქმედებს?“ – ამბობს იგი. მიღებულმა ინფორმაციამ შეზარა: ყველა საყოფაცხოვრებო პროდუქტი – იატაკის საწმენდებიდან, მატრასებამდე – შეიცავს ნავთობქიმიურ ინგრედიენტებს და ფორმალდეჰიდს. ზოგიერთი მათგანი ეტიკეტზე პირდაპირ მითითებული, ზოგიც „სურნელოვანი დანამატის“ კამუფლაჟით იყო დატანილი, რაც სავსებით ლეგალურია.

ინტერნეტიდან ამობეჭდილი მასალითა და ბავშვზე ზრუნვით შეგულიანებულმა ალბამ სცადა, პრობლემის გათვალისწინებით ეშოპინგა, მაგრამ მალევე გადაიღალა ეკომეგობრული პროდუქციის ძებნით. ასეთ საქონელს ან გამომძალველური ფასი ჰქონდა, ან იურტებში მაცხოვრებელი იოგებისთვისიყო განკუთვნილი, ანდაც ორივე. „მივხვდი, რომ ჩემი, თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს არავინ აკმაყოფილებდა, – ამბობს იგი. – მეც მომწონს კარგი დიზაინი, როგორც ყველა სხვას, მაგრამ უსაფრთხო პროდუქციაზე მხოლოდ პრემიალურ კლიენტს არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი“.

სოდის, ძმრისა და ეთერზეთების გამოყენებით საწმენდი საშუალების დამზადება თავადაც სცადა, მაგრამ რაც გამოუვიდა, იმაზე სალათის საკმაზი უფრო ითქმოდა. როდესაც კრისტოფერ გავიგანს გადაეყარა, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „ჯანსაღი ბავშვი, ჯანსაღი მსოფლიო“, ბევრი სხვა ახალბედა დედასავით, მანაც პირველი ის ჰკითხა, თუ რა შეეძინა.

„მათ არ სურთ იყვნენ უიკენდის გამომძიებელ-ტოქსიკოლოგები, – ამბობს გავიგანი, – მათ უბრალოდ სურთ, ვინმემ ხელი შეუწყოს“. მან ალბას აუხსნა, რომ რამდენიმე კომპანია „მწვანე“ კრედენციალით, როგორიცაა, მაგალითად, ვერმონტში დაფუძნებული Seventh Generation-ი, მართლაც კარგად ართმევდა თავს პროდუქტთა რამდენიმე კატეგორიის უსაფრთხო ნაწარმით დაკომპლექტებას, მაგრამ არ არსებობდა ბრენდი, რომელიც საკუთარი ქოლგის ქვეშ ყოველგვარი შესაძლო საყოფაცხოვრებო ნაწარმის ეკომეგობრულ, არატოქსიკურ, უსაფთხო პროდუქციას გააერთიანებდა.

ნათურა ორივეს თავში ერთდროულად აინთო. მათ დაიწყეს რეგულარული შეხვედრა კვირის უქმეებში, ღვინის წრუპვა, ბიზნესგეგმის გამოცხობა და ისეთი ვებდომეინების შესყიდვა, რომლებიც სიტყვა „honest“-ს („გულწრფელი“) შეიცავდნენ. ქმრის დახმარებით, ალბამ საკუთარი იდეა ვებანტრეპრენიორ ბრაიან ლის გააცნო და გავიდა კონტაქტზე პროფესიონალ იურისტთან, რომლის ანგარიშზეც წარმატებული ინტერნეტკომპანიის, საკანონმდებლო დოკუმენტაციის სერვისის, LegalZoom.com-ის შექმნა ირიცხებოდა, O.J. Simpson-ის რობერტ შაპიროსთან ერთად.

„მე მას ძირითადი პრინციპები ავუხსენი და წარმატება ვუსურვე“, – ამბობს ლი, რომელმაც 2009 წელს ალბას 50-გვერდიან PowerPoint-ის პრეზენტაციას თვალი გადაავლო, თუმცა კბილი არ ჩაუვლია. ახლა ის ამბობს, რომ იმ დროს ფეხსაცმელების საიტის, ShoeDazzle.com-ის საქმეში იყო ჩაბმული პარტნიორ კიმ კარდაშიანთან ერთად.

ამასობაში ალბა ჰოლივუდურ კარიერასაც უთმობდა ყურადღებას და თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ვალენტინობა“, „პატარა ფოკერები“ და „მაჩეტე“. სამივე მათგანის პრემიერა 2010 წელს შედგა.

ალბამ გავიგანი, კონსუტანტის ამპლუაში, ხელქვეითთა სიაში შეინარჩუნა. 2011 წლისთვის იგი უკვე ექსპერტი იყო სამომხმარებლო საქონლის საკითხებში და ვაშინგტონშიც კი გაემგზავრა კანონის გადახედვის მხარდასაჭერად. იგი დღესაც იბრძვის 1976 წელს მიღებული „ტოქსიკური ნივთიერებების კონტროლის აქტის“ რეფორმისთვის, რომლის გამოც 80,000-ზე მეტი ქიმიკატი, ტესტირების გარეშე, საყოფაცხოვრებო პროდუქციაში რჩება. მხოლოდ ხუთი ქიმიკატის მოხმარება რეგულირდება აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ და მხოლოდ თერთმეტის გამოყენებაა აკრძალული სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში (ევროპაში ეს რიცხვი 1,300-ს აჭარბებს). „ადამიანების სიცოცხლე ინგრედიენტებს არ უნდა ეწირებოდეს, დროა, ისინი ბაზარს მოაშორონ“, – ამბობს ალბა.

ალბას ქმრისთვის, ქეშ უორენისთვის, მეუღლის აქტივობა ნამდვილი გაკვეთილი იყო. „ბევრი არაფერი ვიცოდი სამომხმარებლო საქონელში არსებული ქიმიკატების შესახებ და ამ ეპიდემიის შესახებ მისგან უამრავი რამ შევიტყვე, – ამბობს იგი. – ეს გიგანტურ სფეროდ მეჩვენებოდა და ამიტომ თავიდან თავს ვიკავებდი. იგი კი პირდაპირ თავით გადაეშვა“.

ალბა ბრაიან ლის კვლავ ეწვია 2011 წელს – ამჯერად ბავშვებში დაავადებათა ზრდის მონაცემებითა და უფრო მოხდენილი, 10-გვერდიანი პრეზენტაციით შეიარაღებული. ლის განწყობაც შეცვლილი იყო. ალბათ უბრალო დამთხვევა არ გახლდათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მის ვაჟს აუკრძალეს ბაღში ტრადიციული და კლასიკური ამერიკული ლანჩის, PB&J-ის სენდვიჩის მიტანა. მეტისმეტად ბევრი ბავშვი გახლდათ ალერგიული მარცვლოვნების მიმართ. „აუტიზმი, ტურეტის სინდრომი, ქრონიკული ალერგიები, ასთმა და ცელიაკია ეპიდემიასავითაა მოდებული, – ამბობს ლი. – ეს ჩემთვის გამოღვიძებასავით იყო. თავს შევეკითხე, რატომ არაფერს მოვიმოქმედებთ ამის წინააღმდეგ?“

ლი ალბასა და გავიგანის გუნდს შეუერთდა მეოთხე თანადამფუძნებელ შონ კეინთან ერთად, რომელიც 10 წლის განმავლობაში PriceGrabber.com-ზე ფასდაკლებულ პროდუქტებს ყიდდა. ლიმ და ალბამ $6 მილიონამდე ჩადეს თავიანთ სტარტაპში კიდევ ერთ ინვესტორთან ერთად, რომელსაც გარიგებაში ჩართული წყარო არ ასახელებს (კომპანია არ ასაჯაროებს თავდაპირველი ინვესტიციის ოდენობასა და დამფუძნებელთა წილებს). ჯგუფმა ფირმას The Honest Company უწოდა – სახელი, რომელიც, მათი აზრით, კომპანიის ღირებულებებსა და გამჭვირვალობას ცხადყოფს.

The Honest Company-ის ლოსანჯელესური ოფისის ერთ-ერთი კედელი საუკეთესოდ გამოხატავს მის ფესვებს. კედელს ბავშვის საფენთა რიგები ამშვენებს. ზოგი მათგანი ჩარჩოშიც კია ჩასმული. თითოეულის ტაკოს ნაწილს უცნაური დიზაინი აქვს. ერთზე იისფერი და მწვანე ლეოპარდია გამოსახული, სხვებზე - მწიფე ვარდისფერი მარწყვები, ვარსკვლავები და ზოლები ბავშვის პირველი „დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავად.

The Honest Company ამ საფენებიდან იღებს სათავეს და გაყიდვების უდიდესი წილი დღემდე მათზე მოდის. შემოსავლის 75% კვლავინდებურად ონლაინვაჭრობას მოაქვს, მეტწილად თვიურ გამოწერებს, რაც $79.9 ღირს.

როდესაც ალბა სუპერმარკეტებში დაიარებოდა და ბავშვის საფენებს არჩევდა, ხშირად უკვირდა, მოდისა ან საცალო ვაჭრობის სფეროში რატომ არავის გასჩენია აზრი, საცვლები სეზონური დიზაინით გაეყიდა. „მინდა საყვარელიც იყოს, – ამბობს იგი, – რატომ უნდა გამოიყურებოდეს ნატურალური საცვლები ისე, თითქოს თქვენს ბავშვს ყავისფერი ტომარა აცვია?“

2008 წლის ზაფხულში, პირველი ქალიშვილის, ონორის გაჩენის შემდეგ (მეორე, ჰეივენი, 2012 წელს ეყოლა) ალბამ აღმოაჩინა, რომ შუაღამისას საცვლების გამოლევა მისი ყოველთვიური რუტინა იყო. ამ დროს მას უკვე ჰქონდა არატოქსიკური, პირველადი საჭიროების საგნების გამოწერის სერვისის იდეა – სარეცხი საშუალებების და შეიძლება საცვლებისაც. მაგრამ ეს კოსმეტიკური ნაკრების გამოწერის პირველი სტარტაპის – Birchbox-ის დაფუძნებამდე მოხდა, ამიტომ ამის მუშა ბიზნესმოდელი ჯერ არ არსებობდა.

უსაფრთხო, ქიმიკატებისგან თავისუფალი, არატოქსიკური სამომხმარებლო საქონლის ნულიდან შექმნა, თანაც ისეთი ინფრასტრუქტურის გარეშე, როგორიც, მაგალითად, Procter & Gamble-სა ან Kimberly Clark-ს აქვს, პირველად დაფინანსებად $6 მილიონზე მეტს მოითხოვდა. ამიტომ ვენჩურული კაპიტალის ძებნა საცვლების ბიზნესში დაიწყეს. „მხოლოდ ეს გვაინტერესებდა, – ამბობს ლი, – სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი იყო, წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა“.

ლის კარგად იცნობდნენ პალო-ალტოს ვენჩურული კაპიტალის კომპანიებში. მიუხედავად ამისა, The Honest Company რისკავდა ინვესტორებთან მისვლით მაშინ, როდესაც არ ჰქონდათ საჩვენებელი შემოსავლები – ერთი დოლარიც კი. „მათ ერთი პროდუქტიც კი არ ჰქონდათ არავისთვის გაგზავნილი, როდესაც ჩვენ ინვესტიცია ჩავდეთ. ჩვენ უბრალოდ ვირწმუნეთ მათი. ასე იშვიათად ვიქცევით“, – ამბობს ნილ სეკვეირა, General Catalyst Partners-ის მმართველი დირექტორი.

თუმცა მას ექსკლუზიურად ონლაინმოდელებისადმი რწმენა ახასიათებდა – Honest-მდე სათვალეების პიონერი ინტერნეტგადამყიდველი, ვარბი პარკერიც დაეფინანსებინა. გამოწერის ასპექტიც ძალიან მოსწონდა: ახალი კლიენტების შეძენა ძალიან შრომატევადი და ძვირად ღირებული სიამოვნებაა. „თუკი კლიენტებს პროდუქტი მოსწონთ, ძვირად ღირებული მარკეტინგული კამპანიის ჩატარება ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება“, – ამბობს სეკვეირა. თავიდან Honest-ი, ეფექტიანი რეკლამისთვის, ტრადიციული კამპანიების ნაცვლად, Facebook-ს დაეყრდნო. General Catalyst-ი Lightspeed Venture Partners-სა და Institutional Venture Partners-ს 2012 წლის სერია A-ს დაფინანსების რაუნდში შეუერთდა, რომელმაც კომპანიას $27 მილიონი მოუტანა.

ეს, უბრალოდ, დასაწყისი იყო. მას შემდეგ, რაც საცვლების ბიზნესმა საკუთარი ეფექტიანობა დაამტკიცა, ალბა და მისი გუნდი (ლი აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს) თავდაპირველ კონცეფციას დაუბრუნდნენ: ერთიანი ბრენდი, პროდუქტების ყოვლისმომცველი, არატოქსიკური ასორტიმენტით. 2014 წლის აგვისტოსთვის კომპანიამ დამატებით $127 მილიონი მოიზიდა, რამაც მას საშუალება მისცა სხვადასხვა კატეგორიის ბევრი პროდუქტი დაემზადებინა – ჭურჭლის ჟელე, სამზარეულოს საწმენდი, სარეცხი საშუალება, მკერდის მალამო, მულტივიტამინები და საბავშვო ავეჯიც კი.

ლის, ალბასა და გუნდს თავიდან განზრახული ჰქონდათ, The Honest Company-ის პროდუქცია მხოლოდ ინტერნეტში გაყიდულიყო. შემოსავალი მყარად იზრდებოდა, რასაც ალბა საკუთარი პერსონით განპირობებულ მარკეტინგსაც მიაწერს. „ზევიდან ვეძახდი ხალხს“, – ამბობს იგი (მსახიობს Instagram-ზე 5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს). თუმცა პროდუქციის გაყიდვის დაწყებიდან მალევე მათ პრანჭია სახელების მქონე ისეთი ელიტარული ბუტიკები დაუკავშირდნენ, როგორიცაა The Pump Station-ი ლოს-ანჯელესის დასავლეთ ნაწილში და The Upper Breast Side-ი მანჰეტენზე, კითხვით, ხომ არ ისურვებდნენ, საქონელი მათ მაღაზიებშიც გაყიდულიყო. ამ მაღაზიებში კომპანიის პროდუქცია ისე მალე დაიცალა, რომ 2013-ში Costco-მ მოინდომა საბავშვო შამპუნის საკუთარ მაღაზიებში გაყიდვა. The Honest Company მოლბა. ამის შემდეგ Whole Foods-მა, Nordstrom-მა, Buy Buy Baby-მ, Destination Maternity-მ და დისკაუნტების გიგანტმა, Target-მაც კი The Honest Company-ის პროდუქციის გაყიდვა დაიწყო.

ახლო მომავლის გეგმა ორ ნაწილად იყოფა. პირველი საერთაშორისო გაფართოებაა. Honest-ის პროდუქტების დებიუტს სამხრეთ კორეაში მიმდინარე წელს მოელიან, ჩინეთში კი, სავარაუდოდ, 2016-ში. კომპანიასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ამის შემდეგ აქციების საჯარო შეთავაზებაც მოსალოდნელია. მსგავს ნაბიჯს შემოსავალი მოაქვს, თუმცა შემოსავალი არც სადღეისოდაა პრობლემური საკითხი. „კომპანია გეგმას გადაჭარბებით ასრულებს, – ამბობს General Catalyst-ის ნილ სეკვეირა, – მათ კაპიტალთან შეუზღუდავი წვდომა და დიდი შემოსავალი აქვთ“. საჯარო შეთავაზების შემთხვევაში, ლიკვიდურობა მთავარი კოზირი იქნება.

წინ გადახდების დიდი დღეა, მანამდე კი ალბა კომპანიის აქტიურ თანამშრომლად რჩება, რაც ინვესტორებს ძალიან ახარებს – მათ ხომ ალბას სახით თანდაყოლილი ინდოსამენტი ჰყავთ. „მგონი, მიხვდნენ, რომ ინვესტიცია განუზომლად წარმატებული გამოდგა, – ამბობს ლი. ალბა კვლავინდებურად თამაშობს ფილმებში, თუმცა დიდ დროს ამაზე არ ხარჯავს. მისი სცენები სერიალ „ანტურაჟის“ კინოადაპტაციაში სამ საათში გადაიღეს. მომავალ წელს ჯეისონ სტეტჰემიან „მექანიკოსშიც“ გამოჩნდება. „ამ ფილმმა ათი დღე წამართვა ნოემბერში და ათიც დეკემბერში. სახალისო ექშენ-ფილმია“, – ღიმილით დაურთავს ალბა.

ასეთი ეფექტიანობა მნიშვნელოვანია, როდესაც 130-კაციანი სერვისპერსონალი გყავს დასატრენინგებელი Honest-ის საკითხებში. ორ ოფისში, საერთო ჯამში, 350 ადამიანია დასაქმებული.

ალბას არა აქვს დრო საცალო გადამყიდველების ცნობიერების ასამაღლებლად, თუმცა კომპანიაში ჰყავს საუკეთესო მეორე კანდიდატი, რომელსაც ამის გაკეთება ძალუძს: დედამისი. შარშან Honest-ს ქეითი ალბაც შეუერთდა, რომელიც თვეში ორი კვირის განმავლობაში მთელი აშშ-ის მასშტაბით მიმობნეულ Whole Foods-ისა და Buy Buy Baby-ის მენეჯერებს საკუთარი შვილის რთულ ბავშვობაზე მოუთხრობს. ქეითიმ პენსიონერობას თავი ანება: „მე და ჯესიკა ძალიან ვგავართ ერთმანეთს, – ამბობს იგი. – ყველაფერი ან არაფერი“.

წინა სტატია

სწრაფი კვების კარგად დავიწყებული ძველები
31 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

რეგიონების ეკონომიკური მარათონი
05 აგვისტო, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა