ბერძნული კრიზისის მიზეზები და გავლენა ჩვენზე

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი 2009 წელს დაიწყო. ამის მთავარი მიზეზი 2008 წელს დაწყებული მსოფლიო ფინანსური კრიზისი იყო, რომელმაც მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანა დააზარალა. საბერძნეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ. 2008 წლიდან 2013 წლამდე საბერძნეთის ეკონომიკა 26%-ით შემცირდა (გრაფიკი 1). ეკონომიკის შემცირების შედეგად სულ მოსახლეზე წლიურმა საშუალო შემოსავალმაც იკლო. 2008 წელს საბერძნეთში სულ მოსახლეზე შემოსავალი $31,253 იყო, 2013 წელს კი $25,132 (გრაფიკი 2).

2009 წელს საბერძნეთის ხელისუფლებაში მოვიდა მემარცხენე- ცენტრისტული პარტია “პასოკი”, რომელმაც კრიზისიდან გამოსვლის მიზნით გაზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები (მშპ-ის 50%-დან 54%-მდე), რასაც შედეგად მოჰყვა ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ის 15.2%-მდე ზრდა (ევროზონის ქვეყნებში დეფიციტის ზედა ზღვარი 3%-ია). 2009 წელს სახელმწიფო ვალი 36 მილიარდი ევროთი გაიზარდა. 2009 წლის ოქტომბერში საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგი “A”-დან “A-”-მდე შემცირდა, დეკემბერში კი - “BBB+”-მდე. საკრედიტო რეიტინგის კლების შედეგად გაიზარდა საბერძნეთის სამთავრობო ობლიგაციების ფასი, ანუ მთავრობას კრედიტის აღება გაუძვირდა.

2010 წელს საბერძნეთის ეკონომიკის კრიზისი გაღრმავდა და წლის დასაწყისში მთავრობას ბიუჯეტის ხარჯების შემცირება მოუწია. ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 52%-მდე შემცირდა. შემცირება ძირითადად სამთავრობო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს შეეხო. 2010 წლის მარტში ფისკალური ბალანსის გასაუმჯობესებლად მთავრობამ კვლავ შეამცირა ხარჯები და, ამასთან ერთად, გაზარდა დამატებითი ღირებულების გადასახადის განაკვეთი და აქციზის გადასახადები.

ამ რეფორმების გატარებაში მთავრობას დახმარება ევროკავშირმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაუწია. მათ საბერძნეთს ჯამში 110 მილიარდის სამწლიანი დახმარება გამოუყვეს. საბერძნეთმა კრედიტორების წინაშე ვალდებულება აიღო, რომ 2012 წლამდე ფისკალური სტაბილურობის გაუმჯობესების რეფორმის მე-3 ეტაპს გაატარებდა, რაც მკაცრ ზომებს გულისხმობდა (მაგალითად, მე-13 და მე-14 თვის ხელფასის გაუქმება საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის, რომელთა თვიური ხელფასი 3000 ევროზე მეტი იყო, ასევე სხვა ბენეფიტების გაუქმება, 1000-დან 400-მდე მუნიციპალიტეტის გაუქმება, მე-13 და მე-14 თვის პენსიების გაუქმება 2500 ევროზე მაღალი პენსიის მქონე პირებისთვის, ქალების საპენსიო ასაკის 60-დან 65-მდე აწევა, გადასახადების გაზრდა, შრომის რეგულაციების გამარტივება).

ამ გეგმის გამჟღავნებას საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელთა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა. 2010 წლის მაისში პარლამენტმა რეფორმების მე-3 ეტაპი მაინც დაამტკიცა.

2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 10%-მდე შემცირდა, თუმცა სახელმწიფო ვალმა ზრდა განაგრძო. 2012 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მემარჯვენე- ცენტრისტულმა “ახალმა დემოკრატიამ” 30%-ით მოიგო, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად “პასოკთან” და “მემარცხენე დემოკრატებთან” კოალიციის შეკვრა დასჭირდა. პრემიერ- მინისტრი “ახალი დემოკრატიის” ლიდერი ანტონის სამარასი გახდა. ახალმა მთავრობამ ფისკალური სტაბილურობის მიღწევის რიგით მე-6 გეგმა წარმოადგინა, რომელიც წინა გეგმებთან შედარებით კიდევ უფრო მკაცრი იყო. აღნიშნული გეგმა 2013-2016 წლებში უნდა განხორციელებულიყო, რის შედეგადაც სახელმწიფო პენსიები საშუალოდ 15%-ით შემცირდებოდა, საპენსიო ასაკი 65 წლიდან 67 წლამდე გაიზრდებოდა, საჯარო სექტორში ხელფასები 20%-ით შემცირდებოდა. ასევე გაგრძელდებოდა რეფორმები შრომის რეგულაციების გამარტივების კუთხით. 2012 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 6.2%-მდე ჩამოვიდა, სახელმწიფო ვალი კი 51 მილიარდი ევროთი შემცირდა და მშპ-ის 157% შეადგინა.

2013 წელს სახელისუფლებო კოალიცია “მემარცხენე დემოკრატებმა” დატოვეს, თუმცა რეფორმები გაგრძელდა და 2013 წლის ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდა — 2.8%-მდე. ეკონომიკური ზრდის ტემპი ისევ უარყოფითი (-3.9%) იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა.

2014 წელი საბერძნეთისთვის შედარებით უკეთესი იყო. ექვსწლიანი კლების შემდეგ, მისი ეკონომიკა 0.8%-ით გაიზარდა. უმუშევრობის დონე 27.5%- დან 26.5%-მდე შემცირდა (გრაფიკი 4). ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იყო, სახელმწიფო ვალი 2 მილიარდი ევროთი შემცირდა. 2014 წლის მაისში საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგი “B-”-დან “B”-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის აპრილის წინასწარი გათვლებით 2015 წელი გასულ წელზე უკეთესი უნდა ყოფილიყო. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5% იყო, უმუშევრობის დონე 24.8%-მდე უნდა შემცირებულიყო, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი — მშპ-ის 0.8%-მდე. თუმცა, ეს შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორებთან შეთანხმებული რეფორმების გაგრძელების შემთხვევაში.

2015 წლის 25 იანვრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა რადიკალ მემარცხენეთა კოალიცია “სირიზამ”. მათი გამარჯვების მთავარი მიზეზი “მტკივნეული” ეკონომიკური რეფორმების შეჩერების შესახებ წინასაარჩევნო დაპირება იყო. “სირიზამ” მემარჯვენე ორიენტაციის პარტიასთან, “თავისუფალ ბერძნებთან” შექმნა სამთავრობო კოალიცია და პრემიერ- -მინისტრად ალექსის ციპრასი აირჩიეს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “სირიზამ” არათუ გააგრძელა რეფორმები, პირიქით, ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რაც კრედიტორებთან შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, შეჩერდა პრივატიზაციის პროცესი, სამსახურში დაბრუნდნენ განთავისუფლებული სახელმწიფო მოხელეები, სიღარიბის ზღვარი გაიზარდა 750 ევრომდე, აქტუალური გახდა მსხვილი ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდა, აღდგა მე13 პენსია და ა.შ.

ივნისის დასაწყისში საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალის გადახდის თვის ბოლომდე გადავადება სთხოვა. სახელმწიფო ვალის ვერგადახდის გამო საბერძნეთის მოსახლეობაში ქვეყნის გაკოტრების საფრთხის განცდა გაჩნდა, რამაც პანიკა და ბანკებიდან დეპოზიტების მასობრივი გამოტანა გამოიწვია. ერთ კვირაში 3 მილიარდი ევროს დეპოზიტების გამოტანის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბანკებმა თანხის გატანაზე ლიმიტი დააწესეს, დღეში მაქსიმუმ 60 ევროს ოდენობით. 30 ივნისს საბერძნეთმა სავალუტო ფონდის ვალი ვერ გადაიხადა და მთავრობამ რეფერენდუმი გამოაცხადა, სადაც მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე, სურთ რეფორმების გაგრძელება და ევროზონაში დარჩენა, თუ უარი უნდა თქვან ევროკავშირის მოთხოვნებზე. რეფერენდუმი 5 ივლისს გაიმართა და 61%-ით გაიმარჯვა “არა”-მ, ანუ საბერძნეთის მოსახლოებამ უარი თქვა კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რეფერენდუმის შედეგის მიუხედავად, საბერძნეთის მთავრობამ ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოა და საბოლოოდ მათ წინადადებას დათანხმდა — საბერძნეთი გააგრძელებს რეფორმების გატარებას, სანაცვლოდ კი ევროზონაში დარჩება და სამი წლის განმავლობაში 68 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებს.

ახალი რეფორმების პაკეტი საბერძნეთის მთავრობისგან შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯებს მოითხოვს: უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია, რომლის საშუალებითაც საბერძნეთი ვალის ნაწილს დაფარავს; უნდა გაიზარდოს დამატებითი ღირებულების გადასახადის განაკვეთი; უნდა ჩატარდეს საპენსიო სისტემის საფუძვლიანი რეფორმა; ბოლო თვეებში მიღებული ზოგიერთი კანონი უნდა გაუქმდეს; უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები; უნდა მოხდეს როგორც საქონლისა და მომსახურების, ასევე შრომის ბაზრის ლიბერალიზება და ა.შ.

საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი ძირითადად მაღალი სოციალური ბენეფიტების არსებობით, კორუფციისა და რეგულაციების მაღალი დონით არის გამოწვეული. კორუფციის გამო საბერძნეთი ვერ ახერხებს საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვან მობილიზებას. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ თანხას (მშპ-ის მიმართ) პენსიებზე საბერძნეთი ხარჯავს. ევროსტატის მონაცემებით, 2015 წელს პენსიებზე მშპ-ის 17.5% დაიხარჯება. პენსიონერები საბერძნეთის მოსახლეობის 30%-ს შეადგენენ, რაც ევროპის მასშტაბით მაღალი მაჩვენებელია. 2013 წელს საბერძნეთმა საპენსიო ასაკი 67 წლამდე გაზარდა, თუმცა, უამრავი გამონაკლისის არსებობის გამო, მამაკაცები საშუალოდ 63 წლის ასაკში გადიან პენსიაში, ქალები კი — 59 წლის ასაკში. მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები პენსიაზე 40-45 წლის ასაკში გადიან. თუ ქალი სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ბანკშია დასაქმებული და 18 წლამდე შვილი ჰყავს, შეუძლია პენსიაზე 43 წლის ასაკში გავიდეს. შედარებისთვის, საბერძნეთში საშუალოდ 35 წელი უნდა იმუშაო, რომ პენსია მიიღო, გერმანიაში კი — 45 წელი. საბერძნეთში პენსია საშუალოდ ხელფასის 80%-ს შეადგენს, გერმანიაში კი — 46%-ს.

პრობლემაა საბერძნეთის ოფიციალური სტატისტიკის სიზუსტეც. უკვე ცნობილია, რომ ევროზონაში გაწევრიანების მიზნით საბერძნეთი ევროკავშირს გაყალბებულ სტატისტიკურ მონაცემებს აწვდიდა. ევროკავშირს დღემდე არა აქვს ნდობა საბერძნეთის სტატისტიკის სამსახურის მიმართ და რეფორმების ახალ პაკეტში აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ზრდას სთხოვს.

საბერძნეთის კრიზისის გავლენა საქართველოზე

საქართველოს საბერძნეთის ეკონომიკასთან ძალიან სპეციფიკური კავშირი აქვს. ძირითადი კავშირი ფულად გზავნილებშია გამოხატული. არაოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში 200 ათასამდე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. ამ მაჩვენებლით საბერძნეთი მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ. საბერძნეთი ასევე მეორე ადგილზეა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობით. 2015 წლამდე საბერძნეთიდან გადმოგზავნილ თანხებს ზრდის ტენდენცია ჰქონდა და 2014 წელს ჯამში 205 მლნ დოლარი გადმოირიცხა (გრაფიკი 5), 2015 წლის პირველ ექვს თვეში კი — 83 მლნ დო ლარი, რაც 2014 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელზე 20 მლნ დოლარით (19%- ით) ნაკლებია. ფულადი გზავნილების შემცირების მხრივ პირველ ადგილზე რუსეთია. იანვარ- მაისში რუსეთიდან გზავნილები 143 მლნ დოლარით (41%-ით) შემცირდა.

ბოლო წლებში საბერძნეთიდან საქართველოში მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციები არ შემოდიოდა. ასევე, საბერძნეთში საექსპორტოდ ქართული პროდუქციის მცირე ნაწილი გადის. შედეგად, ინვესტიციებსა და ექსპორტზე საბერძნეთის კრიზისს მნიშვნელოვანი პირდაპირი გავლენა არ ექნება. თუმცა, თავად ევროკავშირი არის საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორი (გრაფიკი 6). მაგალითად, 2014 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და საქართველოდან გასული ექსპორტის 27%. აქედან გამომდინარე, საბერძნეთის კრიზისის გამო ევროკავშირის ეკონომიკის გაზრდილი რისკები აზარალებს საქართველოს ეკონომიკასაც.

საბერძნეთის კრიზისი საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს დაემთხვა. ბოლო შვიდ თვეში ლარი 29%-ით გაუფასურდა, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.5%-მდე შემცირდა. ინფლაციას მზარდი ტენდენცია აქვს და ივნისის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 4.5% შეადგინდა. იანვარ- ივნისში საქართველოს პროდუქციის ექსპორტი 24%-ით შემცირდა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 39%-ით იკლო. გაურესებულ ეკონომიკურ სიტუაციას გავლენა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 3%-ით (200 მლნ ლარით) შემცირდა და მთავრობას ბიუჯეტის კანონის შეცვლა მოუწია.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს უმუშევრობის დონე 2.2% პუნქტით შემცირდა და უმუშევართა რაოდენობამ 246 ათასი კაცი შეადგინა, მაგრამ მილიონ ადამიანზე მეტი თვითდასაქმებულია და მათი დიდი ნაწილი რეალურად სამუშაო ადგილს ეძებს. თუ საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნება მოუწევთ, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი სოციალური ტვირთი იქნება. ქართველებისთვის საბერძნეთში სამუშაო ადგილების დაკარგვა ათასობით ქართული ოჯახის უშემოსავლოდ დარჩენას ნიშნავს.

წინა სტატია

ბოროტების სათავე: შენელებული ზრდა
20 აგვისტო, 2015

შემდეგი სტატია

როდის გავყიდოთ ბიზნესი?
25 აგვისტო, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა