ტურიზმის წარმატების ფაქტორები

2010 წლიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა ორნიშნა ზრდის ტემპით ხასიათდებოდა, 2014 წელს კი ზრდა მხოლოდ 2,3% იყო, 5,515,000 საერთაშორისო ვიზიტორამდე. თუმცა, მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობით ტურიზმის განვითარების დონეს ვერ შევაფასებთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია თითოეული ვიზიტორის მიერ დახარჯული საშუალო თანხა, რაც, 2013 წლის მონაცემებით, $334 იყო. შედარებისთვის, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ხორვატია – ეს თანხა $600–ზე მეტია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013 წლის ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, რომელშიც 140 ქვეყანა სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება, საქართველოს 66-ე ადგილი უჭირავს.

იმის გამო, რომ ყველაფერს ერთდროულად და ერთნაირი წარმატებით ვერ განვავითარებთ, საჭიროა ხედვის არსებობა, რომელზეც სტრატეგია აიგება. საჭიროა პასუხები კითხვებზე: როგორი ტურიზმის ქვეყანა გვინდა ვიყოთ – მასიურ თუ ნიშურ ტურიზმზე ორიენტირებული? რა კონკურენტული უპირატესობა გვაქვს? ბევრი ტურისტი გვსურს, თითოეული საშუალო დანახარჯებით თუ ნაკლები ტურისტი მაღალი დანახარჯებით?

ტურიზმში არსებული მდგომარეობის კომპლექსურად, ერთ სურათად დანახვის მიზნით, საქართველოს ბიზნესასოციაციამ ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები შეისწავლა. შედეგად, გამოიკვეთა ხუთი მთავარი გამოწვევა: მომსახურების ხარისხის განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტურისტული შესაძლებლობების განვითარება, ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესება და დარგის სწორი ორგანიზება.

1. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. უხარისხო მომსახურება სტანდარტების დარღვევას, რიგ შემთხვევაში კი უცხო ენების არცოდნას უკავშირდება. ასევე ხშირია მომსახურე პერსონალის არასაკმარისი მოტივაცია და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის ანგარიშში, ტურიზმის დარგში განათლებისა და ტრენინგების მაჩვენებლით საქართველო 77-ე ადგილზეა, კლიენტებზე ორიენტირებულობის ხარისხის მაჩვენებლით კი – მხოლოდ 118-ე ადგილზე, 140 ქვეყანას შორის.

კადრების კვალიფიკაციის ამაღლება შესაძლებელია ტურიზმის დარგში აკადემიური განათლების, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტრენინგების ხელშეწყობით. ხელისუფლებას შეუძლია წაახალისოს მსოფლიოში წარმატებული სასწავლო პროგრამების გაზიარება და დანერგვა. საჭიროა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების განხორციელება ტურისტული კომპანიებისა და ამ სფეროს სხვა ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომლებითაც მოხერხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. მნიშვნელოვანია უცხო ენების სპეციალური პროგრამების შემუშავება და სწავლება როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯარო სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, ვისაც ტურისტებთან შეხება უწევს. მათ შორის, მესაზღვრეების, პატრულისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებისთვის.

ტურისტთა კმაყოფილების ზრდისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და თანამშრომლების კლიენტზე ორიენტირება. მომსახურების ხარისხის შესაფასებელი რეიტინგები წაახალისებს კერძო სექტორს. კომპანიებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარი თანამშრომლებისათვის მომსახურების სტანდარტების სწავლებას.

2. ინფრასტრუქტურის განვითარება, მიუხედავად ბოლო წლებში ამ მიმართულებით განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა, მაინც რჩება ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად. ამასთან, ინფრასტრუქტურული და მატერიალური ბაზის განვითარება დიდ დროსა და მნიშვნელოვან ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო.

სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანი ტურისტული ინფრასტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. არსებული საწოლი ადგილების რაოდენობა ტურისტთა მზარდი რაოდენობის მისაღებად არასაკმარისია. შესაბამისად, კონკურენტუნარიანობის რეიტინგში სასტუმროს ნომრების რაოდენობის მაჩვენებლით საქართველო 78-ე ადგილზეა. გარდა ამისა, მსოფლიოში უკვე ბევრი ქვეყანა იყენებს ტურისტული ინფრასტრუქტურის ახალ კონცეფციას - საკონვენციო ცენტრებს - ტურისტთა დიდი ნაკადების მთელი წლის განმავლობაში მოსაზიდად.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013 წლის ანგარიშში საქართველო საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხის მაჩვენებლით 82-ე ადგილზეა. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ავიაინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება. ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელს გახდის როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენების სიხშირის მატებას, ასევე საერთაშორისო პირდაპირი რეისების მიმართულებების (ე.წ. ჩარტერული რეისების) რაოდენობის გაზრდასა და, მეტი კონკურენციის შედეგად, ფასების კლებასაც.

ტურისტული ნაკადების მოძრაობის მოსაწესრიგებლად საჭიროა განვითარებული საინფორმაციო ინფრასტრუქტურა. უცხოელი ტურისტებისთვის რთულია ორიენტირება გზებსა და გზაჯვარედინებზე შესაბამისი მაჩვენებელი ნიშნების გარეშე. ამიტომ აუცილებელია ტურისტული საგზაო ნიშნების ქსელის განვითარება. ტურიზმის ადმინისტრაციას შეუძლია მცირე ზომის სასტუმროების დახმარება საერთაშორისო ტურისტულ ვებგვერდებზე (booking.com, tripadvisor.com) დარეგისტრირებით და შესაბამისი კონსულტაციების გაწევით. გარდა ამისა, ტურისტული რუკებისა და გზამკვლევების, მათ შორის მობილური აპლიკაციების სახით არსებობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ტურისტებისათვის არჩევანის შესაძლებლობას.

3. იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოსული თითოეული ტურისტი მეტ თანხას ხარჯავდეს, ტურისტული შესაძლებლობების განვითარებაა საჭირო. მიუხედავად მრავალფეროვანი ლანდშაფტისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა, დღეს საქართველო არ გამოირჩევა ტურისტული შესაძლებლობების მრავალფეროვნებით.

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 3 ქართული კულტურის ძეგლია შესული, აქედან ორი – საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლის სტატუსით. მიზანმიმართული მუშაობა და ურთიერთთანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურებს შორის აუცილებელია სიაში კულტურული ძეგლების რაოდენობის გაზრდისთვის.

სპორტული-სარეკრეაციო კომპლექსების, თემატური და გასართობი პარკების, საკურორტო კომპლექსების განვითარება ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნას და დიდი რაოდენობით ტურისტების მომსახურებას. ამ ყველაფერთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიადების, კონფერენციების, ფესტივალებისა და სხვადასხვა ღონისძიების სისტემატური ორგანიზება უზრუნველყოფს არასაკურორტო სეზონებზე ტურისტების პერმანენტულ მოზიდვას. კარგად განვითარებული დარგისთვის საჭიროა სანდო და გამოცდილი ტურისტული კომპანიები, სააგენტოები და ტურ- ოპერატორები. ასევე აუცილებელია ტურისტული ავტოპარკებისა და სატრანსპორტო კომპანიების განვითარება.

4. საქართველოს ბუნებრივი გარემოს მრავალფეროვნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნით ტურისტების დაინტერესებისთვის. თუმცა, დღევანდელი განვითარების დონით, ეს დარგის სუსტი მხარეა. რესურსების მიმართ არასათანადო ყურადღებას მოწმობს კონკურენტუნარიანობის ანგარიშიც – ხმელეთის ბიომრავალფეროვნების დაცულობის მაჩვენებლით, საქართველო 114-ე ადგილზეა.

ლანდშაფტის მოვლა-შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ახლდებოდეს ტყის რესურსი – იწმინდებოდეს ტყის მასივები ხმელი და დაავადებული ხეებისგან და ირგვებოდეს ახალი ნერგები. ასევე, მნიშვნელოვანია ახალი ტყის მასივების, პარკების, ბოტანიკური ბაღების დაგეგმვა და განვითარება.

5. დარგის სწორი და სწრაფი განვითარებისთვის, ერთ- -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მისი ინსტიტუციური მოწყობა და ორგანიზება.

უნდა არსებობდეს დარგის განვითარების სტრატეგიული ხედვა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი. მათ შორის, როგორც ინსტიტუციური მოწყობა, ასევე შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები.

ტურიზმის ადმინისტრაციის გაძლიერება, მისი გამოყოფა ცალკე სტრუქტურულ ერთეულად პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში მნიშვნელოვნად გაზრდის ამ სტრუქტურის ეფექტიანობას. უნდა გაძლიერდეს არსებული და შეიქმნას ახალი დარგობრივი ასოციაციები. დარგის განვითარებისთვის აუცილებელია ასოციაციების აქტიური ჩართვა ტურიზმთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და სხვადასხვა ინიციატივის შემუშავების პროცესში.

განსახორციელებელია როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კვლევები, რაც შესაძლებელს გახდის დარგის სრული სურათის დანახვას. მაგალითად, რომელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები რომელ ადგილებში სტუმრობენ? რამდენი ტურისტი შემოდის ქვეყანაში განმეორებით? რომელი ფაქტორებით არიან უკმაყოფილო? – ამ ტიპის კითხვებზე პასუხი აუცილებელია იმისთვის, რომ სწორი ანალიზი გაკეთდეს, დაიგეგმოს და ეფექტიანად გატარდეს ღონისძიებები.

საჭიროა რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანა დარგის პრიორიტეტებთან. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისათვის საზღვრის გადმოკვეთა ზედმეტ ბარიერებსა და შეზღუდვებთან არ იყოს დაკავშირებული. ქვეყნის ბრენდინგი და ტურიზმის მიზნებისთვის რეკლამირება უნდა ხდებოდეს წინასწარ შემუშავებული გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში.

ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე მთავარი ამოცანის გადაჭრისათვის საჭიროა ერთდროულად, კომპლექსურად მუშაობა. შედეგად, მომსახურების მაღალი სტანდარტების, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურის, მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების, მოვლილი ბუნებრივი გარემოსა და კარგად ორგანიზებული პროცესების მიღწევის შემთხვევაში, ტურიზმი გაცილებით სწრაფად განვითარდება.

(ავტორი: ნანა ცერცვაძე, საქართველოს ბიზნესასოციაცია).

წინა სტატია

როდის გავყიდოთ ბიზნესი?
25 აგვისტო, 2015

შემდეგი სტატია

დიდი ფული უფროსი ძმისთვის
27 აგვისტო, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა