კომისარი ტელესაოცრებათა სამყაროში

კომისარი ტელესაოცრებათა სამყაროში

ადამიანი, რომელსაც შეუძლია 80იანების ლეგენდარული სიტკომის, „მხიარული კომპანიის“ (Cheers) ბართან დათვრეს, „ვარსკვლავური გზის“ (Star Trek) კოსტიუმების გალაქტიკას ფლობს. ამჟამად ჯეიმს კომისარს გაბედული განზრახვა ამოძრავებს: ტელერელივიების თავისი $100-მილიონიანი კოლექციისთვის მუზეუმის შექმნა.

სანტა-მონიკაში, ჯეიმს კომისარის კალიფორნიული ოფისის იატაკზე მიგდებული ყუთიდან ადამიანის მოჭრილი თავი მოჩანს. კაცის კისერს ღრმა სისხლიანი ჭრილობა გასდევს — მკრთალი, თხისწვერიანი სახე წაშლილი მზერით გიყურებთ, როდესაც მასპინძელი მას ჰამლეტის სტილში წარგიდგენთ. „ეს ბაიკერის თავია, „ანარქიის შვილებიდან, – ჰყვება კომისარი. – სერიაში ის ბოლოს ჩილის ქვაბში აღმოჩნდა. ეს ხელოვნების ნიმუშია, ფანტასტიკური რამეა“.

ის თავს ყუთში აბრუნებს და უფანჯრო საწყობის სიღრმეში მიემართება. ორი ტყვიაგაუმტარი კარის მიღმა დერეფანს მაგიდა კეტავს, რომელიც თითბრის სამფუტიან, სანახევროდ დაჟანგულ და სანახევროდ მბზინავ რელსებს ეყრდნობა. ეს რესტავრაციის პროცესში მყოფი რელიკვია ეჭვგარეშე სიწმინდეა — „მხიარული კომპანიის“ თავდაპირველი ბარის ნაწილი. და ის 50 წლის კომისარს, ტელერელიკვიების სფეროში სმითსონის ინსტიტუტის ერთკაციან ანალოგს ეკუთვნის. ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე მან ისეთი რეპუტაცია შეიქმნა, რომ სერიალის უფლებების მფლობელმა CBS-მა 2014 წლის აგვისტოში ბარი აჩუქა. CBS-ში იმედი ჰქონდათ, რომ კომისარი ექსპონატის რესტავრაციას შეძლებდა და ერთ დღესაც საგამოფენოდ გამოიტანდა.

კომისარის მტკიცე ავტორიტეტი მცირე ეკრანთან დაკავშირებულ ყველა საკითხში 26 წლის მანძილზე შეგროვებულ, ტელეისტორიასთან დაკავშირებულ 10,000-ზე მეტ არტეფაქტს ეყრდნობა. ჯეიმსი ამ სფეროში მოსაწყენობამდე პედანტურია — ის შუა საუბარში გაჩერებთ, რომ  „ვარსკვლავური გზის“ ერთ-ერთი ხელსაწყოს სახელწოდება (t-r-i-c-o-r-d-e-r და არა triquarter) დაგიმარცვლოთ და სიტკომის მეორე პლანის პერსონაჟის ხაზგასმული უშუალობით იცვამს. კომისარი ლოს-ანჯელესში, კომედიური მწერლობის ოცნებით გაიზარდა და რამდენიმე წელი თავს ჯოან რივერსის მსგავსი შემსრულებლებისთვის ხუმრობების წერით ირჩენდა. მაგრამ, როგორც ჰოლივუდში ხდება ხოლმე, მისთვის დიდება უფრო რთული მისაღწევი ჩანდა, ვიდრე ილუზორული. კომისარმა ალტერნატივა შემოსავლის ტელერელიკვიების შეგროვებაზე ხარჯვაში დაინახა. და მან არა მხოლოდ დაცალა ბაზრის დიდი ნაწილი („საკულტო ტელეექსპონატებიდან ცოტაა დარჩენილი, – ოხრავს სააუქციონო სახლის პრეზიდენტი. – ყველაფერი ჯეიმსს აქვს“), არამედ, თავისი კოლექციის სიძლიერის ხარჯზე, ზოგჯერ ბაზრის წესებსაც კარნახობს.

საწყობის სიღრმეში ის აღწევს უზარმაზარ გარდერობს — ჭერიდან იატაკამდე გაჭიმული კოსტიუმებიანი კარადების 100-კვადრატულმეტრიან სივრცეს. ეს ბავშვობის საოცნებო სამყაროა, რომელშიც კომისარის ზოგიერთი უძვირფასესი ექსპონატი ბინადრობს: 1960-იანების ბეტმენისა და რობინის ა ჯორჯ რივზის „სუპერმენის თავგადასავლების“ კოსტიუმით (რომელიც ცოტათი განსხვავდება ჩვეულებრივი დიდი ლურჯი სვიტრისგან) დაწყებული, რიკი რიკარდოს ლურჯ-თეთრკოპლებიანი სმოკინგითა და პანამით დამთავრებული.

აქვე კიდია კარგად შემონახული ფორმები „ვარსკვლავური გზის“ თავდაპირველი ვერსიის პირველი სეზონიდან, მოოქრული რგოლებით სახელურებზე და ვარსკვლავური ფლოტილიის ემბლემით მკერდზე. რაც მთავარია, ისინი პირველი სეზონისთვის დამახასიათებელი ველიურისმაგვარი მასალისგანაა შეკერილი. შემდგომ სეზონებში დიზაინერები პოლიესტერზე გადავიდნენ, რომელიც ზოგიერთი მცირე ნაკლოვანების დაფარვაში დაეხმარათ — კერძოდ, როგორც კომისარი ამბობს, გემის კაპიტანი კოსმოსში მოგზაურობისას ოდნავ მოსუქდა.

23-ე საუკუნეში ფული, შესაძლოა, მოდაში აღარ იყოს, მაგრამ 21-ის დასაწყისში „ვარსკვლავური გზის“ საუკეთესო კოსტიუმები კომისარის კოლექციიდან დაახლოებით მათი წონის დილითიუმის კრისტალების ფასია (მარტივად რომ ვთქვათ, მისივე შეფასებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი). „მაგრამ მე შემიძლია შევიჭყიტო მომავალში და დავინახო, რომ ეს კოსტიუმები $1 მილიონი ეღირება“. თითო.

პოპკულტურის რელიკვიების ბაზარი ყვავის და კომისარი ამ პერსპექტივას წლების წინ  ხედავდა. შარშან, ნოემბერში, მან $3 მილიონად გაყიდა ჰოლივუდის ოქროს ხანის ნადავლი — მშიშარა ლომის კოსტიუმი „ოზის ჯადოქრიდან“. გარიგება ამად ღირდა, რადგანაც ეს ექსპონატი კომისარმა მანამდე შეიძინა, სანამ ექსკლუზიურად ტელენაწარმზე ფოკუსირებას გადაწყვეტდა. რელიკვიების კონკურენტი შემგროვებელი აღნიშნავს, რომ ნივთების ფასი იზრდება, როდესაც გამყიდველი კომისარია — ეს პატივისცემის ნიშანია, რომელიც მან ნივთების ავთენტურობისა და წარმოშობისადმი განსაკუთრებული ყურადღებით დაიმსახურა. ექსპერტების შეფასებით, თუ კომისარი ნელა და ჭკვიანურად ივაჭრებს, მისი კოლექცია $100 მილიონამდე შემოსავალს მოუტანს.

„ეს კულტურული აქტივებია, მაგრამ ეს ასევე ჩემი ნივთებია“, – ამბობს კომისარი, როდესაც თავის ნამდვილ მისიაზე, საკუთარი კოლექციისთვის მუზეუმის გახსნაზე საუბრობს. მისი ხედვა? 3000-მდე კვადრატული მეტრის სივრცე ათზე მეტი დარბაზითა და ექსპონატებით, რომლებიც ტელეისტორიის გზაზე უკან, ეკრანის პირველ ბჟუტვამდე გაგიძღვებიან. „მხიარული კომპანიის“ ბარი, ისევე როგორც „სოპრანოს კლანის“ შემქმნელი დევიდ ჩეიზისა და სხვა ტელეღვთაებებისგან მიღებული მსგავსი ძღვენები, მოწმობს, რომ ჰოლივუდი თავის ანტიკვარიატს კომისარს ანდობს. მაგრამ მას მაინც დასჭირდება დონორები და რვა ციფრზე ასული შემოწირულებები.

კომისარს გარკვეული შემოსავალი აქვს ექსპონატების ყიდვის მსურველი მსახიობების კონსულტირებისა და მათი ძველი როლების რელიკვიების შენახვიდან. ეს საკმარისია კოლექციის გასაზრდელად, მაგრამ არა მისი ოცნების განხორციელებისთვის. „ერთადერთი, რაც განხორციელებას სჭირდება, არის ადამიანი, რომელიც იტყვის: „რატომ არ უნდა იცოცხლოს ამ ნივთებმა ისევე დიდხანს, როგორც შოუების მოგონებებმა?“. კომისარი თავადვე ართულებს სიტუაციას, როდესაც გამოთქვამს სურვილს, დიდ ფულს დიდი სახელიც მოჰყვეს. „ძალიან გამიხარდებოდა მუშაობა ვინმე ისეთთან, როგორიც რაიან სიქრესტია (American Idol-ის წამყვანი) — ვინმესთან, ვისაც პერსონალური კავშირი აქვს ტელეაუდიტორიასთან“.

და მას კვლავ აქვს მოხვეჭის ჟინი. ცოტა ხნის წინ, ბევერლი ჰილზში, ცნობილი ადამიანების რელიკვიებზე სპეციალიზებული მდიდრული სააუქციონო სახლის, Julien’s-ის სტუმრობისას კომისარი კლოუნის კოსტიუმმა დააინტერესა. ტანისამოსი მწვანე ზებრისებრი ზოლებითა და ყვითელი გოფრირებული საყელოთი „ჰაუდი დუდი შოუს“ (1940-50-=იანი წლების საბავშვო გადაცემა) კლოუნს, კლარაბელს ეკუთვნოდა. კომისარმა კოსტიუმზე უარი არასაკმარისად კარგი შენახულობის გამო თქვა. მან მარჯვენა მხართან წითელი ლაქა შეამჩნია. შესაძლოა, კეტჩუპი, შესაძლოა… სისხლი?

„ეს რომ ჯონ უეინი ყოფილიყო, არაჩვეულებრივი იქნებოდა- , ამბობს კომისარი, – მაგრამ ეს კლოუნი კლარაბელია“.

Gillette Stadium

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *