უოლ-სტრიტის მგელი მელიქიშვილის გამზირზე

28 ნოემბერს თბილისის ფილარმონიაში დაგეგმილ სემინარს ლეგენდარული ჯორდან ბელფორტი გაუძღვება – უოლ-სტრიტის ყველაზე სწრაფად მზარდი საბროკერო კომპანიის, Stratton Oakmont-ის დამფუძნებელი, რომელიც მოგვიანებით თაღლითობისთვის გაასამართლეს. მისი ბიოგრაფია იმდენად დრამატულია, რომ 2013 წელს მარტინ სკორსეზემ იგი უკვდავყო ფილმში „უოლ-სტრიტის მგელი“. ლეონარდო დიკაპრიოს მიერ განსახიერებულ პერსონაჟთან შეხვედრა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მეშვეობით გახდა შესაძლებელი. Forbes Georgia დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მასპინძელი კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, აიეტ კუკავას ესაუბრა.

დღეს ჯორდან ბელფორტი მხოლოდ „უოლ-სტრიტის“ ფენომენი აღარაა. მარტინ სკორსეზეს მიერ ბელფორტის ავტობიოგრაფიულ წიგნზე დაფუძნებული ფილმის „უოლ-სტრიტის მგელის“ გადაღების შემდეგ იგი პოპკულტურის ერთ-ერთ საკულტო პერსონაჟად იქცა, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესს არა მხოლოდ ბიზნესისა და გაყიდვების სფეროდან უნდა ველოდეთ. ბილეთები ივლისიდან იყიდება. ვისთვისაა ეს მასტერკლასი და რა არის ღონისძიების მიზანი?

დაგეთანხმებით, „მგელი“ გასცდა ბიზნესის სფეროს და იქცა საოცარ ფენომენად, მისი უნიკალური გამოცდილება ყველასათვის საინტერესოა. შესაბამისად, ეს მასტერკლასი ფართო საზოგადოებისათვისაა განკუთვნილი. ჯორდან ბელფორტმა უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მას აქვს უნარი, ნებისმიერ ადამიანს წარმოუდგენელი მიზნების მიღწევის ძალა შესძინოს. ეს არის შესაძლებლობა, თანამედროვეობის ლეგენდისგან მიიღონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, დაიმუხტონ და დროის უმოკლეს ვადაში გააკეთონ მნიშვნელოვანი ნახტომი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენ საინვესტიციო კომპანია ვართ, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის უამრავი წარმატებული პროექტი და ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული. ჯორდან ბელფორტის მასტერკლასიც სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა. დაარსების დღიდან, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების განვითარებაში. უოლ-სტრიტის ლეგენდის ფენომენალური ტექნიკისა და გამოცდილების გაზიარება კი ამის საუკეთესო საშუალებაა.

ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოში, რომელიც აფინანსებს სტარტაპებს ყოველგვარი გირაოსა და გარანტიების გარეშე. მიუხედავად დიდი რისკისა, ვცდილობთ ახალგაზრდა, მოტივირებულ მეწარმეებს წარმატებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა მივცეთ. ხშირად ეს რისკები ალიანს-ჯგუფისთვის წაგებიანია, თუმცა ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს მოტივაცია და კრეატიული იდეების მქონე დამწყები ბიზნესების მომავლის იმედი. სწორედ მათთვის, ახალგაზრდა ინოვატორებისა და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, დამწყები თუ უკვე განვითარებული ბიზნესების ხელშეწყობისთვის ჩამოგვყავს თბილისში უოლ-სტრიტის ლეგენდა.

28 ნოემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიება ფილარმონიაში გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ 2000 სტუმარზე მეტს ელით. გასულ წელს, სხვა ცნობილი სამოტივაციო სპიკერის, ბრაიან ტრეისის ვიზიტმა ანშლაგით ჩაიარა, თუმცა მისი მასტერკლასი თითქმის ათჯერ პატარა აუდიტორიაზე იყო გათვლილი. ჯორდან ბელფორტის მასტერკლასის დასწრებადობა საქართველოში გამართულ ბიზნესსემინარებს შორის უპრეცედენტოა. რა გიბიძგებთ იფიქროთ, რომ ქვეყნის ბაზარი მომწიფებულია ამ მასშტაბისთვის?

ჩვენ უკვე მეათე წელია, საქართველოს ბაზარზე ვმოღვაწეობთ და კარგად ვიცნობთ ბიზნესის მოთხოვნებსა და ბაზრის გულისცემას. ქართული ბიზნესსაზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია სიახლეებისა და განვითარებისთვის, თუმცა მათ სჭირდებათ ხელშეწყობა როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბრაიან ტრეისის მასტერკლასი შედარებით მცირე აუდიტორიაზე იყო გათვლილი, მისი შედეგები და მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელი გახლდათ დამსწრე საზოგადოებისთვის. აღნიშნული სემინარებით ჩვენ ვცდილობთ, შევცვალოთ ბიზნესისადმი დამოკიდებულება, დავამკვიდროთ დასავლური ხარისხის მაღალი სტანდარტები, მივცეთ შესაძლებლობა ბიზნესებს, გაიზიარონ სპიკერების თავბრუდამხვევი წარმატება და გამოცდილება, სწორად დაგეგმონ საკუთარი მიზნები, განვითარდნენ და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ.

ამასთან, ქვეყანაში, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა თუ შესაბამის ბიზნესწრეებში, აქტიურად განიხილება კაპიტალური ბაზრების განვითარების პროექტი. მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში საკმაოდ პოზიტიური ძვრები იყოს ამ მიმართულებით, შესაბამისად, ეს მასტერკლასი სწორედ რომ კარგ დროს, კარგ ადგილას არის დაგეგმილი.

ჯორდან ბელფორტის საგანმანათლებლო-მოტივაციური პროგრამა, Straight Line Persuasion, ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. თქვენი აზრით, გარდა მისი ავტორის ლეგენდარულობისა, რითია ეს პროგრამა ღირსშესანიშნავი (წმინდად მეთოდური თვალსაზრისით)?

Straight Line არის გაყიდვისა და დარწმუნების ტექნიკა, რომელიც ჯორდან ბელფორტმა შექმნა უოლ-სტრიტზე, დანერგა თავის ბიზნესში, რითაც უოლ-სტრიტის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ საბროკერო კომპანიას ჩაუყარა საფუძველი.

შინაარსობრივად ეს ტექნიკა სტრუქტურირებულია გაყიდვის პროცესის, დიალოგის მართვის ელეგანტური, მარტივი მეთოდებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვის პროცესის ძალიან მარტივად წარმოჩენა გახლავთ. ეს არის სისტემა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, აღნიშნული პროცესი ისე წარმართოს, როგორც ამას თავად ბელფორტი აკეთებდა.

ბელფორტის ტრენინგების მეშვეობით ათასობით ადამიანმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, რაც ადასტურებს, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ინდივიდს, მიუხედავად ასაკის, რასის, სქესის, განათლების თუ სოციალური სტატუსისა, მიაღწევინოს ისეთ მიზნებს, რაზეც ისინი ვერც იოცნებებდნენ.

მას შეუძლია, პიროვნებებსა და ორგანიზაციებს წარმატებებისკენ მიმავალი ბარიერების გარღვევაში დაეხმაროს. ბელფორტის სწავლებები ატყვევებს და უდიდესი მოტივაციით აღავსებს მის მსმენელებს, აიარაღებს მათ ყველა იმ აუცილებელი ხელსაწყოებით, რითაც მიიღწევა მყისიერი, მუდმივი მოქმედების წარმატებული ეფექტი.

2005 წელს დაარსებული საინვესტიციო და საკონსულტაციო ფირმა, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“, საქართველოს ფინანსურ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, სანდო და ავტორიტეტული ბრენდია. ამ ფონზე, მარკეტინგული რისკის შემცველად ხომ არ მიგაჩნიათ იმ ანტრეპრენიორის სამოტივაციო სემინარის ინიციატორობა, რომელსაც საუკუნის თაღლითად მოიხსენიებენ და რომლის წარმატების გასაღებიც ტყუილი იყო?

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საინვესტიციო-საბანკო საქმიანობაა, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაშია. შესაბამისად, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო ფენამ ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მნიშვნელოვანი პრინციპები გაათვითცნობიეროს. აუცილებელია, საზოგადოებას სხვადასხვა წარმომადგენელს დასავლეთში წლობით დაგროვილი გამოცდილება გავუზიაროთ, რაც შეიძლება, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გამოდგეს და ისინი საქართველოში კაპიტალური ბაზრების განვითარებას მომზადებული შეხვდნენ, იქნება ეს პასიური ინვესტორი, პენსიონერი, დიასახლისი, სტუდენტი თუ აქტიური ინვესტორების ფენა, რომელსაც უწევს გადაწყვეტილების მიღება, დანაზოგი დეპოზიტზე განათავსოს, უძრავი ქონება იყიდოს, ბიზნესის წილი თუ ფასიანი ქაღალდები.

ჯორდანის წარსული არ ყოფილა ჩვენთვის ბარიერი, რადგან მისი წარუმატებელი გამოცდილების გაზიარებაც კი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია ყველასთვის და მისი ისტორიიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. შეცდომებისგან მან დიდი გაკვეთილი მიიღო. ახლა ის ეხმარება ადამიანებს, რომ არ გაიმეორონ იგივე, მეტად პროდუქტიულები გახდნენ, გაზარდონ გაყიდვები და უკეთესად იმუშაონ გუნდურად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უახლოეს მომავალში, მთავრობისა და საერთაშორისო ექსპერტების თანამშრომლობით, კაპიტალური ბაზრების განვითარების სტრატეგია მუშავდება, რომლის მიზანია, საქართველოს საზოგადოებამ განვითარებული ქვეყნების ყველა გამოცდილება პირველწყაროდან მიიღოს.

ორიოდე თვის წინ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბს შეუერთდა. ზოგადად, რა აქტივობებით ცდილობთ, ხელი შეუწყოთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლებას და კონკრეტულად ჯორდან ბელფორტის ღონისძიებისთვის თუ არსებობს რაიმე საშეღავათო პაკეტი, რომელიც, მაგალითად, სტუდენტებზე, ან სხვა არაპრივილეგირებული, მაგრამ დაინტერესებული ჯგუფებისთვის იქნება გამიზნული?

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას მენეჯმენტის განუყოფელ ნაწილად განიხილავს, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაშიც ვიყენებთ. შიდა პოლიტიკა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემას, გენდერულ თანასწორობას, გარემოს დაცვას, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას ემყარება. ჩვენ მიერ წარმოებული ყველა საქმის საფუძველი მომავალ თაობაზე ზრუნვა და ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შეტანაა. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ახალგაზრდა თაობის ეთიკური ბიზნესის სტანდარტებით აღზრდაა, ამ მიზნის განსახორციელებლად უკვე წლებია, საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან ვთანამშრომლობთ.

უოლ-სტრიტის მგლის მასტერკლასზე დასასწრები ბილეთების ფასი სწორედ იმ გარემოებების მიხედვით განისაზღვრა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თავდაპირველად გვსურდა, ღონისძიება უფასო ყოფილიყო ყველასთვის, როგორც ალიანს ჯგუფის საჩუქარი ქართველ ბიზნესმენებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებდით დარბაზში იმ ოპტიმალურ სეგმენტს, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება „უოლ-სტრიტის მგლის“ გამოცდილება, სწორედ ამიტომ დავაწესეთ ფასები კატეგორიების მიხედვით, რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 677 სტუდენტი დარბაზში მხოლოდ $29-ად მოხვდება, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განსხვავებული ფასები და პაკეტები მოქმედებს, ფასები საშუალოდ $99-სა და $199-ს შორის მერყეობს. მოგეხსენებათ, ჯორდან ბელფორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტრენერია. თუ მისი მსოფლიო ტურის ბილეთების ფასებს გადახედავთ, დამეთანხმებით, რომ თბილისისთვის დაწესებული ფასები მხოლოდ სიმბოლურია. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, გამოიყენონ უნიკალური შანსი და არ გამოტოვონ წლის ყველაზე მასშტაბური მასტერკლასი თბილისში.

დაბოლოს, მინდა ბელფორტის ცნობილი ციტატით დავასრულო: „წარმატებული ადამიანები 100%-ით დარწმუნებულები არიან, რომ ისინი თავად განაგებენ საკუთარ ბედისწერას. ისინი არ არიან გარემოებებისა და განგების ნაყოფი, არამედ ისინი ქმნიან გარემოებებს, ხოლო თუკი გარემოებები არახელსაყრელია, ისინი მათ ცვლიან“.

წინა სტატია

საქართველოს სახელმწიფო ვალი 13 მილიარდ ლარს უახლოვდება
11 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

აგვისტოში ექსპორტი 23.4 პროცენტით შემცირდა
14 სექტემბერი, 2015
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა