გამბედაობა ჩვევაა: გაიარეთ პრაქტიკა ყოველდღიურად, ვიდრე იგი ნორმად არ იქცევა

ოდესმე გინატრიათ, რომ უფრო გამბედავი ყოფილიყავით?

მოდი, ვაღიაროთ – უმეტესობა ჩვენგანს აქვს იდეები, რომელთა გაზიარებაც გვაშინებს; შესაძლებლობები, რომელთაც ვერ ვახორციელებთ და ისეთი რამ, რაც ძალიან გვიყვარს ან არ გვიყვარს და გვსურს შევცვალოთ... კარგი იქნებოდა, უფრო მეტი გამბედაობა გვქონოდა ან კიდევ უკეთესი ‒ გარანტირებული წარმატება.

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, თუ რას კარგავთ გაუბედაობის გამო?

სამწუხაროდ, ჩვენი ტვინი ისეა პროგრამირებული, რომ არაფრად ვაგდებთ ჩვენს უმოქმედობას, ვაზვიადებთ იმის ალბათობას, რომ რაღაც არ გამოვა და ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს (ქალბატონებს ეს განსაკუთრებით ეხება!) საბედნიეროდ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიმამაცე ‒ ჩვევაა და მისი სწავლა, ამ ჩვევის გაღვივება და მუდმივი პრაქტიკის მეშვეობით მისი დაუფლება სავსებით შესაძლებელია.

სათქმელად ადვილია, თუმცა საკუთარმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ არსებობს სამი ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის ადამიანებს გამბედაობის მოკრებაში – იქნება ეს სამსახურში, პირად ურთიერთობებში თუ ზოგადად ცხოვრებაში:

1. პირველ რიგში, ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა (ანუ ჩვენთვის ნათელი უნდა იყოს ამ ნაბიჯის მიზეზი).

2.  ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ გამბედაობა მუდმივად, რეალურ ცხოვრებაში გამოვიჩინოთ.

3. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა სახის გამბედაობით უნდა დავიწყოთ

ჩვენი პრაქტიკა ‒ სიმამაცე ხომ ყოველთვის პროგნოზირებადი ვერ იქნება!

ჩვენი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა სახით გვიწევს გამბედაობის მოკრება. ზოგჯერ სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და ახალ შესაძლებლობებს კარი გავუღოთ, ზოგ შემთხვევაში კი უმჯობესია უარის თქმა და ჩვენი რესურსების ერთ კონკრეტულ პროექტზე კონცენტრირება. ზოგჯერ აუცილებელია ჩვენი აზრის ბოლომდე გატარება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენი შეხედულება სხვისას ეწინააღმდეგება. სხვა შემთხვევებში კი სჯობს ჩვენი გამბედაობის მოკრება და სხვისი იდეების მოსმენა ან ჩვენი დღის წესრიგის შეცვლა რაიმე უფრო მნიშვნელოვანის გულისთვის.

მე ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ არსებობს პროექტი სახელწოდებით „გლობალური სიძლიერის გამოწვევა”, რომელიც ეხმარება ადამიანებს თავიანთი ძალების განვითარებაში, მათ შორის – გამბედაობის! ჩემი ზემოხსენებული „გამოწვევა – გაწაფე გამბედაობის” მსგავსად, აღნიშნული პროექტის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ძალების გაწაფვა მოითხოვს მუდმივ პრაქტიკას. პროექტი ძირითად აქცენტს აკეთებს მინიშნებების მეშვეობით ახალი ჩვევების გამომუშავებაზე, რაც რუტინად იქცევა და უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს. იგი ემყარება მეცნიერულ კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ ჩვენი ჩვევები მოქცეულია მარტივ ნევროლოგიურ წრეში, სადაც მინიშნებები გვიბიძგებენ რუტინული ქმედებისკენ, რომელიც ემოციურ ან ფიზიკურ ჯილდოს უზრუნველყოფს. შედეგად, შემდეგ ჯერზე მინიშნების ამოქმედებისას ჩვევა უკვე თავისით მეორდება.

ზაფხულში ჩვენ ჩავატარეთ ცდა სადაც მოხალისეებმა გამოსცადეს სიმამაცის სამი ჩვევა. აღნიშნული ცდის შთაგონებად იქცა ჩემი ბოლო წიგნი „მამაცი” (Brave).

აზრის გამოთქმა

მოდი, ვაღიაროთ, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს რაღაც სათქმელი, მაგრამ ამ ეგოისტურ სამყაროში საკუთარი აზრის გამოთქმა საჭიროებს გამბედაობას და იმის რწმენას, რომ ჩვენი აზრი რაღაც ღირებულს წარმოადგენს. იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ მოძველებულ ინსტინქტს, რაც გულისხმობს „ვერიდოთ უსიამოვნებას და ვეძიოთ მხოლოდ სიამოვნება”, ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას: „რისი გულისთვის გსურთ თქვენი აზრის ხმამაღლა გამოთქმა?” სიმამაცისა და გამბედაობის ყოველი გამოვლენა გულისხმობს იმას, რომ თქვენ რაღაც ღირებულს რისკავთ თქვენთვის უფრო ღირებულის გამო. გაბედული საუბარიც ზუსტად იმავეს მოითხოვს.

„როდესაც დილის შესვენების დრო მოვა /მინიშნება/, მე ათ წუთს დავუთმობ იმას, რომ ჩემს კოლეგას გავესაუბრო ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხის ან იდეის თაობაზე /რუტინა/, ვიდრე დავლევ ყავას /კოფეინზე დამოკიდებულების ჯილდო/.

მოითხოვეთ ის, რაც გსურთ

სიმართლე ის გახლავთ, რომ თუ თქვენ არ მოითხოვთ რაიმეს, პასუხი ყოველთვის იქნება „არა”. ნუ ელით, რომ სხვები ამოიკითხავენ თქვენს აზრებს ან მინიშნებებს. დაფიქრდით, რა გსურთ გქონდეთ იმაზე მეტი, ვიდრე ახლა გაქვთ: მეტი ფული, მეტი თანადგომა, მეტი შესაძლებლობები, უფრო გახსნილი ურთიერთობა, მეტი უკუკავშირი, მეტი პასუხისმგებლობა ან მეტი პატივისცემა. როდესაც მიხვდებით, რა გსურთ, მოითხოვეთ ეს. ნუ შეგაჩერებთ იმის შიში, რომ ზედმეტად მიმწოლი ან მომთხოვნი მოეჩვენებით ხალხს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ „არა” ნიშნავს „არას” და სხვა არაფერს.

„როდესაც ჩემს კომპიუტერს ვრთავ /მინიშნება/, მე ათ წუთს ვუთმობ იმას, რომ დახმარება ვითხოვო ვინმესაგან იმ საკითხზე, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია /რუტინა/ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხსნი ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ გზავნილებს /ამოცანაზე ორიენტირებული ჯილდო/”.

თვალებში ჩახედეთ შიშს

ადამიანების უმეტესობას თავიანთი წარმოდგენები უფრო სტანჯავს, ვიდრე არსებული რეალობა. თუ „ყველაზე უარესი სცენარის” რისკზე წახვალთ, მიხვდებით, რომ სულაც არ ყოფილა ეს ისე საშიში, როგორც წარმოგედგინათ. თუ თქვენ შიშის მიუხედავად მოიკრებთ გამბედაობას და იმოქმედებთ, ამით შეასუსტებთ თქვენს შიშს და თავად გაძლიერდებით. სიმამაცეს მაშინ ეწაფებით, როდესაც ნაბიჯს დგამთ საწადელი მიზნისკენ და არა მაშინ, როდესაც გაურბიხართ საკუთარ შიშებს.

დაიწყეთ იმის აღიარებით, თუ რისი გეშინიათ ყველაზე მეტად... გაიხსენეთ თქვენი „ყველაზე საშინელი კოშმარი”, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამ შიშის მიუხედავად მაინც იმოქმედეთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ სიტუაციაში თავს გრძნობთ ძლიერად და დაცულად. როგორ გაუმკლავდებოდით ამ სიტუაციას? რას გაიგებდით ახალს საკუთარი თავის შესახებ ამ პროცესში? თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ თავად შიში ვერაფერს დაგიშავებთ, თუ თქვენ არ მისცემთ შიშს უფლებას, ხელი შეგიშალოთ იმაში, რომ ცხოვრებისაგან მაქსიმუმი მიიღოთ, ილაპარაკოთ სიმართლე და აკეთოთ ის, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

როდესაც სამსახურიდან სახლში დავბრუნდები /მინიშნება/, მე დავძლევ ერთ შიშს, რომლის გამოც მე დღეს გამბედაობა არ მეყო გავმხდარიყავი ის პიროვნება, რომელიც მინდა ვიყო /რუტინა/, ვიდრე სახლში შევაბიჯებ.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ სიმამაცე კუნთებს ჰგავს – რაც უფრო მეტად გამოიყენებ მას, მით უფრო მამაცი გახდები.

თუ გსურთ, რომ თქვენი სიმამაცე ყოველდღიურად პრაქტიკული ვარჯიშებით გაწაფოთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.strengthschallenge.com, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნიან, როგორ გამოიმუშაოთ ეს ჩვევა.

წინა სტატია

რატომ გაძვირდა ელექტროენერგია?
12 ოქტომბერი, 2015

შემდეგი სტატია

ჩოგბურთის კალკულაცია
13 ოქტომბერი, 2015
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა