ჩოგბურთის კალკულაცია

ნიკა ბასილაშვილი ATP-ის პირველი ასეულის წევრია. ამ სეზონში ნიკამ უკვე მოასწრო უიმბლდონზე პირველი დიდი წარმატების მოპოვება. ეს აისახა მის შემოსავალზე, მაგრამ როგორია ჩოგბურთელობის გასავალი? – არც ისე მცირე, რომ საშუალოობა გაპატიოს.

პროფესიონალი ჩოგბურთელი კარგი ბუღალტერია. პროფესიონალი ჩოგბურთელი ითვლის, ალაგებს, აკლებს, საუკეთესო ვარიანტამდე მიდის. როგორც ნიკა ბასილაშვილი. დღეს ერთადერთი წარმატებული ქართველი მამაკაცი ჩოგბურთელიც კარგი ბუღალტერია. რამდენი ქულა არის დასაცავი შემდეგ სეზონში? რამდენი ტურნირი არის შესატანი წლიურ გრაფიკში? რამდენ ტურნირზე უნდა ითამაშო დასვენების გარეშე და შემდეგ, რამდენი კვირა უნდა გამოტოვო, რომ სხეულმა დასვენება მოასწროს? რა დაჯდება მგზავრობა პირველ სამ თვეში, შემდეგ ორ თვეში, მთელი სეზონის განმავლობაში?

ბასილაშვილმა სწორი კალკულაცია უნდა გააკეთოს. უკვე ATP-ის პირველი ასეულის წევრი, ნიკა შემდეგი სეზონიდან ბევრ ივენთზე კვალიფიკაციის გავლის გარეშე შევა ძირითად ბადეში. ეს უკვე ბონუსია, რაც ამცირებს სპორტსმენის საერთო გასავალს და დასვენებისთვის მეტ დროს აძლევს. შესაბამისად, ეს ამცირებს სპორტსმენის ხარჯს იმ კონკრეტულ ტურნირზე. რამდენიმე დღის დაზოგვით ნიკას დონის მოთამაშე შემდეგ ტურნირზე გადასაფრენ თანხას იტოვებს.

პროფესიონალი ჩოგბურთელი 14 წლამდე ხარჯიანი, მაგრამ მაინც, შედარებით ეკონომ–მოთამაშეა. 14 წლიდან იწყება უფრო დატვირთული, საინტერესო კარიერა, რაც, შესაბამისად, ზრდის ხარჯებს. საჩოგბურთო ექსპერტის, არჩილ კეკელიას თქმით, ერთ სეზონში ახალგაზრდა მოთამაშეს სჭირდება 4-6 ჩოგანი, რაც დაახლოებით $1 000 ჯდება. საჭიროა 3-4 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი. ესეც $500. მაისურის, შორტის, ჟილეტის 3 სტანდარტული კომპლექტი. ამას ემატება იდენტური შემადგენლობის სავარჯიშო კომპლექტი. დაახლოებით, $800. ხარჯი იზრდება ჩოგნების ჩანთით, სიმებით, სამაჯურებით, ოფლსაწმენდებით. სიმებს კვირაში ორჯერ ან სამჯერ ცვლი. 1 გამოცვლა ჯდება $10-მდე. წელიწადში მოთამაშე დაახლოებით ასჯერ ცვლის სიმებს. ამუნიციის შევსება საერთო თანხას დაახლოებით $2,000-ით ზრდის. ავდივართ სოლიდურ რიცხვამდე. ეს იმ შემთხვევაში, თუ არ შედიხარ პირველ ორას მოთამაშეში. შემდეგ ყველაფერი უფასოდ მოდის.

ხარჯთაღრიცხვაში შედის კორტის ქირის თანხაც. ჩვენთან 1 საათით კორტის აღება დაახლოებით $15 ღირს. ნაცნობობით – $10. ან, შეიძლება, ხუთიც. არაჩვენთან, იწყება $20-დან და ადის $35-მდე. გააჩნია, სად ვარჯიშობ.

არის მოთამაშეების ჯგუფი, სადაც ფინანსურად მეგობრობენ. ეს ჯგუფი ძირითადად იდენტურ ტურნირებზე მოგზაურობს და ცდილობს, ოთახის ხარჯი გაიყოს, რომ კონკრეტულ მოთამაშეს ერთი ღამე 30 ევროზე მეტი არ დაუჯდეს. როჯერ ფედერერს დუბაიში ტურნირის ორგანიზატორებმა მისცეს სასტუმროს ოთახი, რომლის დღიური მომსახურება 950 ევრო ჯდებოდა. როჯერი განსაკუთრებულია. შესაბამისად, ფედერერს პირობებიც განსაკუთრებული აქვს. პარიზში, როლან გაროს დროს, რეიტინგის პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი თავისი შვიდკაციანი გუნდისთვის იღებს კერძო სასტუმროს. ორ კვირაში ჯოკოვიჩმა 8400 ევრო გადაიხადა. ყველაფერი შედარებითია.

ყველა მოთამაშე ვერ აძლევს საკუთარ თავს სრული კომფორტის უფლებას. სრულ კომფორტს განაპირობებს სპორტსმენის სტაბილურობა და, შესაბამისად, მისი რეიტინგი, რაც ავტომატურად აისახება მის საბანკო ანგარიშზე.

ისინი, ვინც ძირითადად ოდნავ დაბალი კატეგორიის ივენთებზე, ანუ, ჩელენჯერებზე თამაშობს, მაქსიმალურად უფრთხილდებიან ფინანსებს. ერთი ჩელენჯერის მოგება ხანდახან გაძლევს იმაზე ორჯერ ნაკლებ თანხას, ვიდრე დიდი სლემის ტურნირის პირველ წრეში წაგება, ანუ, უბრალოდ, იმ ტურნირში მონაწილეობა. შევადაროთ. სეზონის ერთ-ერთი პრესტიჟული, სტამბულის ჩელენჯერის საერთო საპრიზო ფონდი შეადგენს $75 000-ს. უიმბლდონის პირველ წრეში წაგებული ერთი მოთამაშე იღებს $45 154-ს. თავისი 35 ცენტით.

ნიკა ბასილაშვილი ვარჯიშობს თურქეთში. პერსონალური მწვრთნელის გარეშე. ეს ამცირებს საერთო ხარჯს, მაგრამ მწვრთნელი საჭიროა. მწვრთნელი აუცილებელია. მწვრთნელი არის ჩოგბურთელის საუკეთესო მეგობარი, ყველაზე სანდო პერსონა, მრჩეველი, რომელსაც მოთამაშე უსმენს და უბრალოდ, მასთან საუბრით მშვიდდება. მწვრთნელი მოთამაშის საუკეთესო რელაქსატორია.

მწვრთნელის ხარჯიც შედარებითია. ბასილაშვილის დონის მოთამაშე, რომელიც უკვე შედის პირველ ასეულში, მწვრთნელს, რომელიც პერმანენტულად მის გვერდით უნდა იყოს, თვეში ხელფასად $4,000-5,000-ს უხდის. ამას ემატება მგზავრობის, სასტუმროს და სხვა აუცილებელი ხარჯები. თავისთავად, მოლაპარაკების დონეზე განისაზღვრება ის თანხა, რომელსაც მწვრთნელი მოთამაშისგან საპრიზოების პროცენტის სახით მიიღებს. ძირითადად, მწვრთნელები მოგებული საპრიზოების 5-15%-ს იღებენ. როჯერ ფედერერმა ერთ- ერთი ტურნირის მოგების შემდეგ მწვრთნელს, სტეფან ედბერგს ახალი „მერსედესი“ აჩუქა. ის ფედერერია.

შეიძლება მწვრთნელის რომელიმე ტურნირის დროს აყვანა. ერთ დღეში მისი მინიმალური ჰონორარი შეადგენს $100-ს და შეიძლება, ტურნირის მსვლელობის დროს, ეს თანხა $10,000-მდე ავიდეს. მწვრთნელს და მოთამაშეს გააჩნია.

საპრიზო ფონდიც საინტერესო თემაა. მოგებული თანხა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული გადასახადებით იბეგრება. და ხშირად, თუ ჩვენ პირველი ოცეულის ან ათეულის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ, საპრიზო ფონდს სხვა ბონუსები ფარავს. სტამბულის ტურნირის საპრიზო ფონდი წელს 439 409 ევრო იყო. ტურნირი მოიგო როჯერ ფედერერმა, რომელმაც მხოლოდ დადასტურებულ პრე- ინვიტაციაში, ანუ ტურნირში მონაწილეობაში ორგანიზატორებისგან 2 მილიონი ევრო მიიღო. ისევ და ისევ, ეს ფედერერია, მაგრამ ტერმინი „საპრიზო ფონდიც“ შედარებითია.

ბასილაშვილს ტურნირებზე მაქსიმალურად მცირე გუნდი ჰყავს. პირველ ათეულში, ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდით ბრიტანელი ენდი მარი მოგზაურობს. მისტერ მარის თან ახლავს პირადი მწვრთნელი, მეორე მწვრთნელი, ფიზმომზადების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, დიეტოლოგი, მასაჟისტი, მზარეული, სპარინგ-პარტნიორი და მძღოლი. ეს ჯგუფი ყველა ტურნირზე არ ჩადის, მაგრამ ძირითადად მარი 9 კაცთან ერთად მოგზაურობს. ამ ჯგუფში არ შედიან ენდის ოჯახის წევრები. შესაბამისად, მარი ამ პერსონალურ სერვისში ყველაზე მეტს ხარჯავს.

ლეილა მესხი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქალი ჩოგბურთელია. სტაბილურად შედიოდა პირველ ოცეულში. ერთხელ მეთორმეტე ადგილამდე ავიდა. მოუგო მარტინა ნავრატილოვას. მესხის დროს იდენტური სისტემა იყო. ლეილას, მისთვის ყველაზე წარმატებულ პერიოდში, წვრთნიდა რუსი სერგეი ანდრეევი და მესხისგან საერთო საპრიზოების 10%-ს იღებდა. ლეილა ნიკა ბასილაშვილის სასპონსორო პერსპექტივაზე საუბრობს: „ნიკა ბასილაშვილს უკვე აქვს წარმატება, მაგრამ ის ჯერ არ არის გასული იმ დონეზე, რომ რომელიმე კომპანიასთან გრძელვადიანი სასპონსორო კონტრაქტი გააფორმოს. – ამბობს იგი. – ალბათ, მინიმუმ, 50 საუკეთესოში უნდა შევიდეს. სპონსორები დიდ ყურადღებას აქცევენ შენს სტაბილურობას. პირადი მწვრთნელის აყვანა ნიკას დაახლოებით $100 000 დაუჯდება. ეს დიდი ხარჯია. და თუ ნიკას სრული კომფორტით ვარჯიში სურს, აუცილებლად უნდა მოუმატოს“.

ნიკა ბასილაშვილის ერთი სეზონი პროფესიონალებში გადასვლამდე წელიწადში $40,000- 50,000 ჯდებოდა. დღეს ეს თანხა შეიცვალა. ნიკასთან ერთად შეიცვალა. ბასილაშვილი უკვე რეალურად კარგი მოთამაშეა, რომელმაც უიმბლდონზე კვალიფიკაცია გაიარა და ძირითად ბადეში პირველი ოცეულის წევრს, ესპანელ ფელიციანო ლოპესს ხუთ სეტში მოუგო. გავიდა მეიჯორის მესამე წრეში, გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა. ნიკა კომუნიკაბელური, საინტერესო პიროვნებაა, რომელიც უსმენს ყველაფერს. მუსიკას, სიჩუმეს, მეგობრებს, ცოლს. რომელიც ძირითადად ამერიკულ სერიალებს უყურებს – Lost-ს, Walking Dead-ს. მოსწონს ძველი ქართული ფილმები. რომელსაც არ ჰყავს ჩოგბურთში კერპი და ნადალს, ფედერერსა და ჯოკოვიჩს თანაბრად გულშემატკივრობს. რომელმაც უკვე ითამაშა საქართველოს ნაკრებში დევისის თასზე და აუცილებლად ითამაშებს შემდეგ სეზონშიც. რომელიც კარგი ჩოგბურთელია. რომელიც ახალ დონეზე უნდა გადავიდეს. კვალიფიკაციების გარეშე.

თუ პრობლემა მოგვარებადია, არ ღირს ამ პრობლემაზე ნერვიულობა. თუ პრობლემა არ გვარდება, ამ პრობლემაზე ნერვიულობას აზრი არა აქვს. ჩოგბურთშიც ასეა.

ნიკა ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის მომავალია. რომელმაც კარიერაში ჯერ მხოლოდ $260,000 გამოიმუშავა. რომელიც უკვე სხვა კალკულაციას იწყებს. კარგი ჩოგბურთელი ყოველთვის კარგი ბუღალტერი უნდა იყოს.

წინა სტატია

გამბედაობა ჩვევაა: გაიარეთ პრაქტიკა ყოველდღიურად, ვიდრე იგი ნორმად არ იქცევა
12 ოქტომბერი, 2015

შემდეგი სტატია

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 22.5 პროცენტით შემცირდა
13 ოქტომბერი, 2015
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა