ტექნოლოგიური პროგრესი

გაიცანით გიგანტურi თვითმფრინავი, Boeing 747. ამ თვითმფრინავით ამერიკის პრეზიდენტი და საუდის არაბეთის პრინცები დაფრინავენ. გლობალური საშუალო ფენისათვის ის კარგი საშუალებაა Mach 0.85 (0.85 მახი - 903 კმ/სთ, თვითმფრინავის კრეისერული სიჩქარე კრუიზისთვის ჩვეულ სიმაღლეზე) ბილეთების შეძენის შემდეგ იმოგზაურონ მსოფლიოს იმ ეგზოტიკურ ადგილებში, რომლებიც მანამდე მხოლოდ ჟურნალებში თუ უნახავთ. Boeing-მა ამ მოდელის უკვე 1 500-ზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა. მიუხედავად ამისა,არსებობს ერთი შემაშფოთებელი გარემოება: Boeing 747 ძალიან ძველია. მისი წარმოება 1965 წელს დაინერგა, პირველი ფრენა 1969 წელს განახორციელა, რეგულარული რეისები კი 1970 წლიდან დაიწყო.

იზრდება თუ მცირდება ტექნოლოგიური პროგრესის ტემპი? ამ შეკითხვას „სილიკონის ველის" მილიარდერი პიტერ ტილი საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების დროს სვამს. ნიუ-იორიკის ერთ-ერთი ჟურნალის მოწინავე სტატია ასე იწყება: „პიტერ ტილმა ჯინსის ჯიბიდან iPhone ამოიღო და ზევით ასწია - მე ეს ტექნოლოგიურ გარღვევად არ მიმაჩნია, - განაცხადა მან, - Apollo-ს კოსმოსურ პროგრამასთან შედარებით ეს არაფერია" .

მას ჯორჯ მესონის უნივერსიტეტის ეკონომისტი ტაილერ ქოუენიც ეთანხმება. წიგნში „დიდი სტაგნაცია" (Great Stagnation) ქოუენი ამბობს, რომ ბებიამისი ბევრად მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმე იყო - ის თვითმფრინავების, ცათამბჯენების, დაკიდებული ხიდების, რადიოსა და ტელევიზიის, ანტიბიოტიკების, ატომური ბომბებისა და ენერგიის, შტატთაშორისი ესტაკადების, რეაქტიული თვითმფრინავით მოგზაურობისა და მთვარეზე დაშვების ეპოქის დასაწყისში ცხოვრობდა.

მეორე მხრივ, 1970 წელს - ანუ მთვარეზე დაშვებიდან და Boeing 747-ის პირველი გაფრენიდან ერთი წლის შემდეგ - დაბადებული ბავშვი პერსონალურ კომპიუტერს, ვებ-ბროუზერებს, საძიებო სისტემებსა და ნანოტექნოლოგიას შეესწრო. არც ისე ამაღელვებელია, არა?

არ მინდა ზედმეტად დაუნახავი ვიყო. გასული 42 წლის განმავლობაში ტექნოლოგია საგრძნობლად განვითარდა. კომერციული საჰაერო მგზავრობა შედარებით იაფი და უსაფრთხოა, ავტომობილები - შედარებით სანდო, სტაციონარული მკურნალობის დრო კი შემცირებული. და ტილი/ქოუენის სკეპტიციზმის მიუხედავად, სოციალურ ქცევაში მომხდარი სასიკეთო გარდატეხა აშკარაა: რასიზმისა და სექსიზმისადმი ტოლერანტობა დაბალია, სამუშაო გარემო თამბაქოს ბოლისაგან თავისუფალი, მოხერხებული და უმეტესწილად კეთილგანწყობილი; საკვები უფრო მრავალფეროვანი და ჯანმრთელი; სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა - საგრძნობლად შემცირებული...

მაგრამ ჩვენ მაინც ვსვამთ კითხვას: შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ნამდვილ გარღვევად დღევანდელი კომფორტი (როგორიცაა, მაგალითად, iPhone და Facebook), თუ ეს მხოლოდ ორი თაობის უკან მიღწეული ტექნოლოგიური პროგრესის ლოგიკური გაგრძელებაა?

აუცილებელი დებატები

ექსპერტებს უყვართ იმაზე კამათი, შესაძლებელია თუ არა 21-ე საუკუნის ამერიკაში მე-19 და მე-20 საუკუნეების მსგავსი განვითარება და პროგრესი. პასუხი ტექნოლოგიაში უნდა ვეძებოთ: შეძლებს კი ის რევოლუციურ და არა ევოლუციურ განვითარებას? არსებობს ამ საკითხის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური აღქმის მიზეზები.

ნეგატივი

• მეცნიერების განვითარება შეფერხებულია. ისააკ ნიუტონის მიერ აღწერილმა მატერიალურმა სამყარომ მე-18 და მე-19 საუკუნეების ინდუსტრიულ რევოლუციამდე მიგვიყვანა. მე-19 საუკუნეში ფიზიკისა და ქიმიის სფეროში კვანტური თვისებების აღმოჩენამ ნიადაგი მოუმზადა მიკროელექტრონიკას, ლაზერს, რადიოს, ტელევიზიას, ბირთვულ ენერგიას, კოსმოსში მოგზაურობასა და ინტერნეტს - ტექნოლოგიებს, რომლებმაც შემდგომ მე-20 საუკუნე გარდაქმნეს. ადამიანის გენომიკა, მზის ენერგია და ნანოტექნოლოგია 21-ე საუკუნის განმსაზღვრელ ტექნოლოგიებად ითვლება, მაგრამ მათი მეცნიერული ბაზა გაცილებით ძველია.

• კაპიტალის ბაზრები გაყინულია. ინვესტორებს სძულთ პროექტები, რომლებიც მოგებას დიდი ხნის შემდგომ იძლევიან. მათ არ უყვართ სფეროები, რომლებიც მსხვილ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს და ვერ იტანენ ინვესტიციებს, რომლებიც სახელმწიფო რეგულაციებთან და ფედერალურ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული. მაგრამ თუ ამერიკა აპირებს წინსვლას მატერიალურ - და არა მხოლოდ ალგორითმულ სამყაროში, სოციალურ მედიასა და ეგზოტიკური ფინანსური ინსტრუმენტების სფეროში - მან უნდა მოახერხოს იმ ბარიერების გადალახვა, რომლებიც ინვესტირებას ართულებენ.

• მთავრობა მეგობარი არაა. ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ გაზარდონ სახელმწიფოს როლი და ამგვარად მეცნიერებას აფერხებენ. ისინი ხმას აძლევენ ხორბლისგან საწვავის მიღების არაეფექტიან გზას, თიხაფიქლოვანი ნავთობისა და გაზის მრეწველობას კი არ წყალობენ. ისინი აწარმოებენ უპერსპექტივო ომებს და კოსმოსურ კვლევებზე უარს ამბობენ.

პოზიტივი

• ინდუსტრიული ევოლუცია ჩქარდება. საკითხის პოზიტიური აღქმის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ევოლუცია რევოლუციური ტემპით მიმდინარეობს. ასე რომ, ადამიანის გენომიკა და ნანოტექნოლოგია მალე დაავადებებს დაამარცხებს და ადამიანს 120-წლამდე სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს.

• ვირტუალობა - რეალობაა. ტელეკონფერენცია მალე ისეთი პოპულარული გახდება, რომ იაფ ზებგერით ნაკადებს კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოუწევს ლოდინი.

• საჭიროა მოთმინება. სამგანზომილებიანი ბეჭდვა მალე გარდაქმნის მრეწველობისა და ჯანდაცვის ინდუსტრიებს.

პიტერ ტილისა და ტაილერ ქოუენის შეხედულებები ტექნოლოგიურ წრეებში პოპულარობით არ სარგებლობს. თუმცა ორივე მათგანმა დიდი სამსახური გაგვიწია. კითხვა, იზრდება თუ მცირდება ტექნოლოგიური პროგრესის ტემპი, მართებული კითხვაა.

 

 

წინა სტატია

ზომბი-ეკონომიკა
30 მარტი, 2012

შემდეგი სტატია

მილიარდერი პოლ ალენი $500 მილიონს ხარჯავს, რათა ტვინში ადამიანური ბუნების არსი იპოვოს
05 აპრილი, 2012
Forbes Georgia: 30 Under 30 - პოლიტიკა და საზოგადოება
რეიტინგი | აგვ, 22, 2018
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა