ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის პირველ ნახევარში 486 მლნ ლარია

ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის პირველ ნახევარში 486 მლნ ლარია

საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ 6 თვეში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. 

შედარებისთვის, 2019 წლის პირველ ნახევარში ბანკებს ზარალის ნაცვლად, 360 მილიონი ლარის წმინდა მოგება ერიცხებოდათ. 

რას უკავშირდება კომერციული ბანკების ზარალი?

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა საფინანსო ბაზარზე მოლოდინების მკვეთრი გაუარესება გამოწვია. მნიშვნელოვნად გაიზარდა საკრედიტო რისკი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მაღალია ალბათობა, რომ მსესხებელმა აღებული კრედიტი ვერ დააბრუნოს. ბანკები მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების მართვას არაერთი ინსტრუმენტით ახდენენ. მათ შორისაა შესაძლო დანაკარგების დარეზერვებაც, რაც ბანკების მიერ მათი სახსრების წინასწარ დარეზერვებაში მდგომარეობს. თუკი საკრედიტო დანაკარგები აღმოჩნდება იმ მოცულობის რა მოცულობის დანაკარგების რეზერვიც ბანკს აქვს წინსწრებით შექმნილი, მაშინ წინასწარ დარეზერვებული თანხა დაფარავს საკრედიტო მიმართულებით არსებულ ზარალს. 

შესაბამისად, ამჟამად ქართული ბანკების ზარალის მიზეზიც სწორედ საკრედიტო დანაკარგებისთვის თანხების დარეზერვებაა, რაც ბანკისთვის ხარჯს წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი ფინანსური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა “აქტივების შესაძლო დანაკარგების” ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

საქართველოს ეროვნული ბანკმა კომერციული ბანკების ზარალის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მარტის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა განმარტება. სებ-ი აღნიშნავს, რომ წინა წლებში სფერო საკმაოდ მაღალი მომგებიანობით გამოირჩეოდა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა შექმნილიყო ბუფერების ადეკვატური მოცულობა, რომელთა გამოყენებაც სწორედ ამგვარ კრიზისულ ვითარებებში არის მნიშვნელოვანი. 

როგორია ბანკების საოპერაციო საქმიანობა?

რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2020 წლის პირველ 6 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 1.62 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. უფრო კონკრეტულად კი ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 968 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2%-ით არის გაზრდილი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი 654 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 20%-ით არის გაზრდილი. 

არასაპროცენტო შემოსავლები კი 421 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით არის გაზრდილი. ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის პირველ ნახევარში 135 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 56%-ით არის შემცირებული და 21.3 მილიონ ლარს შეადგენს. სავარაუდოდ, ვალუტის გადახურდავებაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებიდან 177 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2019 წელთან შედარებით 30%-ით მეტია. 

რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს ის 2.867 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 70%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 96 მილიონით არის გაზრდილი და 508 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 47%-ით არის გაზრდილი და 392 მილიონ ლარს აღწევს. 

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის პირველ ნახევარში 486 მილიონი ლარი იყო. 

უფრო დეტალურად თუ რომელმა ბანკმა რა მოცულობის ზარალი განიცადა გაირკვევა მას შემდეგ, რაც საფინანსო ინსტიტუტები მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების ანგარიშებს გამოაქვეყნებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *