აკეთეთ ის, რაც გიყვართ და ფული აუცილებლად გექნებათ! მართალია? არა, არ არის მართალი!

აკეთეთ ის, რაც გიყვართ და ფული აუცილებლად გექნებათ! მართალია? არა, არ არის მართალი!

წლების განმავლობაში, როდესაც ჩაკეტილი ვიყავი ჩემს ბედკრულ კორპორაციულ კარიერაში, იქიდან თავის დაღწევასა და რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებაზე ვოცნებობდი. თუმცა მაშინ ამის განხორციელება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ უნდა აღმომეჩინა ჩემი ბუნებრივი ნიჭი და მექცია იგი შემოსავლის წყაროდ. უბრალოდ მიჭირდა ისეთი ახალი გზის პოვნა, რომელიც არ მოითხოვდა ყველაფრის ნულიდან დაწყებას. მე ნამდვილად არ მინდოდა ყველაფრის თავიდან დაწყება (არც არავის უნდა).

როდესაც 11 სექტემბრის შემდეგ სასტიკი კორპორაციული შემცირებები დაიწყო, მეც გავაკეთე ჩემი დიდი ნახტომი და საკუთარი ბიზნესის შენებისაკენ მიმავალი ათწლიანი მოგზაურობა დავიწყე. ეს გზა სავსე იყო შეცდომებით, საფრთხეებითა და მოულოდნელობებით. მე საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამის მისახვედრად – სინამდვილეში მე მინდოდა გავმხდარიყავი წარმატებული მეწარმე და არა „ტექნიკოსი”.

თავდაპირველად მეგონა, რომ თავს ბედნიერად ვიგრძნობდი, თუკი მივატოვებდი ჩემს კორპორაციულ ცხოვრებას და გავხდებოდი სხვადასხვა დარგის ტექნიკოსი – ანუ კერძო პრაქტიკოსი. მეგონა, რომ სხვების მსგავსად მეც სიამოვნებას მომგვრიდა ჩემი ცოდნისა და კვალიფიკაციის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება და ამგვარად საკუთარი შემოსავლიანი პრაქტიკის აშენება (ჩემს შემთხვევაში, ეს გულისხმობდა თერაპიას, ინსტრუქტაჟსა და კონსულტაციას). მაგრამ ხუთი წლის შემდეგ უეცრად გავაცნობიერე, რომ ეს გზა აღარ იყო ჩემთვის ისეთი მომხიბვლელი და საინტერესო, როგორიც თავდაპირველად მეგონა. მივხვდი, რომ სინამდვილეში წარმატებული კერძო მეწარმეობისკენ მივისწრაფოდი და სულაც არ მსურდა კერძო მომსახურების შეთავაზება საათობრივი გამომუშავებით. მოულოდნელად ვიგრძენი, რომ მინდოდა კარიერული ტრანსფორმაცია და დიდი ზრდა. მე ასევე მივხვდი, რომ შეუძლებელია დიდი კარიერული ზრდა, თუ დაჟინებით განაგრძობთ თქვენს ყველა კლიენტთან პირდაპირ მუშაობას.

როდესაც წარმატებული მცირე ბიზნესის მშენებლობა დავიწყე იმ ხალხთან ერთად, ვინც იმავეს აკეთებდა რასაც მე, წავაწყდი კიდევ ერთ ე.წ. „ბრმა წერტილს” (სფერო ან საკითხი, რომლის შესახებაც არ ხართ ინფორმირებული და ნაკლებად აქცევთ ყურადღებას), რომელსაც ყველა დამწყები მეწარმე აწყდება. ბრმა წერტილი კი მდგომარეობს მცდარ წარმოდგენაში: „ავაშენოთ ბიზნესი და ის (ფული) თავისით წამოვა”. კიდევ ერთი ვარიანტი ამ მცდარი აზროვნების გახლავთ: „აკეთე ის, რაც გიყვარს და ფული თავისით მოვა”. მე არაერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ არც კერძო ბიზნესში და არც პროფესიულ ცხოვრებაში ფული ასე უბრალოდ არ „მოდის”.

კონკრეტული სახის ზომების მუდმივად და გაბედულად მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი საყვარელი ბიზნესი შემოსავლიანი გახდეს.

პროფესიონალებთან მუშაობის პროცესში მივხვდი, თუ რამდენად დამაბნეველია ეს ყველაფერი მათთვის, ვისაც ე.წ. „დიდი ოცნება” აქვს. მათ უნდათ დაიჯერონ, რომ დიდ ფულს იშოვიან იმ საქმის კეთებით, რომელიც მათ ასე ძალიან უყვართ. მაგრამ მათი უმეტესობა მარცხს განიცდის და ვერც კი ხვდება, რატომ. დღესდღეობით ბევრი ავრცელებს მცდარ და საზიანო ინფორმაციას, რომ რაღაც ახალი ონლაინბიზნესის მეშვეობით სულ რამდენიმე კვირაში შეგიძლიათ მილიონერად იქცეთ, ან სულაც შეგიძლიათ დაწეროთ წიგნი ან რაიმე კომპიუტერული პროგრამა და თვალის დახამხამებაში გახდეთ მდიდარი და ცნობილი. სამწუხაროდ, ონლაინსამყარო სწორედ ასეთ სასოწარკვეთილ მეოცნებეებზე ნადირობს.

როდესაც ადამიანები კარიერის შეცვლისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი ხშირ შემთხვევაში ზემოხსენებულ ბრმა წერტილებს აწყდებიან, რაც დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიც არის: ფულის მართვა, მარკეტინგი, საზოგადოების მშენებლობა, ბრენდინგი, ფინანსური დაგეგმარება, პროდუქციის შექმნა,ლიდერობა, რისკი, სწორი დროის შერჩევა და მრავალი სხვა. ხოლო როდესაც ადამიანები საჯარო და ძვირად ღირებულ შეცდომებს უშვებენ, მათ სირცხვილის გრძნობა იპყრობს, რაც საგრძნობლად დაბლა სწევს საკუთარი ძალების რწმენასა და თვითშეფასებას. როგორც წესი, ამ დროს ჩვენ საკუთარ თავს ვადანაშაულებთ და გვჯერა, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ისეთი სულელი, რომ ვერ განვახორციელეთ ის იდეა, რომელიც თავდაპირველად ბრწყინვალედ მოგვეჩვენა.

თუ თქვენ შეძლებთ ამ „ბრმა წერტილების” აღმოჩენას მანამ, ვიდრე ახალ ბიზნესს დაიწყებთ ან კარიერას შეიცვლით, მაშინ თქვენი წარმატება უფრო სწრაფი და უმტკივნეულო იქნება.

გთავაზობთ ხუთ „ბრმა წერტილს”, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ კარგად იცხოვროთ და თქვენი საყვარელი საქმე აკეთოთ:

თქვენ გჯერათ, რომ რადგან კარგად ფლობთ რაიმე უნარს, წარმატებული ბიზნესის მართვასაც შეძლებთ

როგორც მაიკლ გერბერმა აღნიშნა თავის წიგნში The E-Myth Revisited (ელექტრონული მითის გადახედვა), ძალიან ბევრი დამწყები მეწარმე უშვებს ერთ ფატალურ ვარაუდს:

„თუ თქვენ ერკვევით ბიზნესის ტექნიკურ სამუშაოებში, ესე იგი თქვენ ერკვევით იმ ბიზნესში, რომელიც ასრულებს ტექნიკურ სამუშაოებს.”

მაიკლ გერბერი წერს, რომ: სინამდვილეში, როდესაც კარგად ფლობთ საკუთარი ბიზნესის ტექნიკურ მხარეს, ეს ცოდნა ხდება არა თქვენი ყველაზე დიდი ღირსება, არამედ თქვენი ყველაზე დიდი ვალდებულება… ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც ტექნიკოსი „ფატალური ვარაუდის” მსხვერპლი ხდება და ბიზნესი, რომელსაც იგი უნდა გაეთავისუფლებინა სხვისთვის მუშაობისაგან, პირიქით, იმონებს მას.

მაგალითად, თუ თქვენ ხართ კარგი ე.წ. „კარიერული წინსვლის ინსტრუქტორი”, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად შეძლებთ შემოსავლიანი და სასიამოვნო ბიზნესის მართვას ინსტრუქტაჟის სფეროში. ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტრაექტორია, რომელიც განსხვავებულ აზროვნებასა და მიდგომას მოითხოვს. ორ სრულიად განსხვავებულ (და ურთიერთსაპირისპირო) საქმიანობას წარმოადგენს, ერთი მხრივ, როდესაც ადამიანებს სთავაზობ პირად, პრაქტიკულ დახმარებას (ინსტრუქტაჟი), რათა მათ პოზიტიურად შეცვალონ საკუთარი ცხოვრება და, მეორე მხრივ, შემოსავლიანი ბიზნესის წამოწყება, რომელიც ხალხს სთავაზობს წარმატებულ ინსტრუქტაჟის პროგრამებს, მომსახურებასა და რესურსებს.

თავის წიგნში მაიკლ გერბერი ასევე წერს: იმისათვის, რომ შექმნათ წარმატებული ბიზნესმოდელი, იგი კომპლექსური და კარგად დაბალანსებული უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმემ, მენეჯერმა და ტექნიკოსმა უნდა იპოვონ თავიანთი ბუნებრივი ადგილი და ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

წაიკითხეთ მაიკლ გერბერის წიგნი და მის მიერ მოყვანილი მაგალითები თავად დაგანახებთ, ხომ არ ცდილობთ იყოთ „ტექნიკოსი” ან „მენეჯერი” მაშინ, როდესაც თქვენს ბიზნესს ყველაზე მეტად შორსმჭვრეტელი „მეწარმე” სჭირდება.

თქვენ გაურბიხართ ციფრებს

როდესაც ინტერვიუ ავიღე American Express OPEN-ის პრეზიდენტ სიუზან სობოტისგან, მე მას ვკითხე, თუ რა განსხვავება იყო მამაკაც და ქალბატონ მეწარმეებს შორის. მან ამიხსნა, რომ, როდესაც ქალებს უსვამენ კითხვას მათ ბიზნესთან დაკავშირებული ციფრების შესახებ – იქნება ეს ფინანსური პროგნოზი თუ გეგმები – ქალები გაურბიან ამგვარ კითხვებს და ძირითადად პასუხობენ: „მე ციფრებში კარგად ვერ ვერკვევი” ან „ჩემი ფინანსისტები მუშაობენ ამ საკითხზე”. თქვენი ბიზნესისათვის ეს კატასტროფის ტოლფასია. თუ თქვენ მართავთ ბიზნესს, მაშინ აუცილებლად კარგად უნდა იყოთ გარკვეული მის ფინანსურ მხარეში და დამაჯერებლად ისაუბროთ ფინანსური პროგნოზებისა და ბიუჯეტის შესახებ, რათა სხვების რწმენა და მხარდაჭერა მოიპოვოთ.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ ციფრები თქვენი ძლიერი მხარე არ არის, ფარ­-ხმალი არ დაყაროთ. ამის გამოსწორება შესაძლებელია. მიიღეთ კონკრეტული ზომები, მაგალითად, ჩაეწერეთ ფინანსური მენეჯმენტის კურსებზე ან დაუჯექით თქვენს ფინანსურ მრჩეველს და საფუძვლიანად გაერკვიეთ თქვენი ბიზნესის შიდა ფინანსურ საკითხებში. თუ ასე არ მოიქცევით, თქვენი ბიზნესი ვერ გახდება შემოსავლიანი და ფული თქვენგან ყოველთვის შორს იქნება.

თქვენ გჯერათ, რომ თქვენი ბიზნესის შესახებ კარგი ინფორმაცია თავისით გავრცელდება

ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ნებისმიერი სახის ახალ საქმეს იწყებს, ვერ ხვდება, თუ რა არის დღესდღეობით საჭირო იმისათვის, რომ ინფორმაცია გაავრცელო. განსაკუთრებით ქალებს უჭირთ იმ აზრთან შეგუება, რომ თავად უნდა გახდნენ საკუთარი ბიზნესის საუკეთესო დამცველები. ვიღაცა აუცილებლად უნდა მოჰყვეს საინტერესო ამბავს თქვენი ბიზნესის შესახებ, რატომღაც სხვამ უნდა აუხსნას ხალხს, თუ რატომ უნდა აინტერესებდეთ მათ თქვენი ბიზნესი. თუ თქვენ არ ხართ მზად მოჰყვეთ ამ ამბავს, მაშინ არც არავინ დაინტერესდება (წაიკითხეთ Pencils of Promise-ის დამფუძნებლის, ადამ ბრაუნის შესახებ, რომელმაც თავად იწვნია ეს პრობლემა. ადამ ბრაუნის მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია აშენებს სკოლებს და ზრდის განათლების ხელმისაწვდომობას განვითარებად ქვეყნებში).

თქვენი კომპანიის ზრდისათვის აუცილებელია კლიენტების მოზიდვა და მათი დარწმუნება თქვენი კომპანიის წარმატებაში. ამისათვის კი აუცილებელია თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. თუ თქვენ გერიდებათ საკუთარი ბიზნესის შესახებ საუბარი, მაშინ იგი მანამ მოკვდება, ვიდრე წარმატებას მიაღწევთ.

თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენად შეიძლება გაიზარდოს თქვენი ბიზნესი

როდესაც კონსულტაციებს ვუტარებდი მამაკაცებსა და ქალებს, ხშირად ვაწყდებოდი იმ ფაქტს, რომ მამაკაცებთან შედარებით, ქალების წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებსა და მიღწევებზე გაცილებით შეზღუდული და მოკრძალებულია. მე მწამს, რომ ამ მიზეზის უკან მრავალი კულტურული, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ფაქტორი იმალება. სიუზან სობოტმა ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრა: „ჰკითხეთ ქალბატონს, მას თუ გააჩნია ის, რაც საჭიროა მისი ბიზნესის წარმატებისათვის და ხშირ შემთხვევაში პასუხად მიიღებთ: ‘არა, არა ვარ დარწმუნებული’, ან ‘შეიძლება”. მამაკაცები კი, როგორც წესი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე პასუხობენ: ‘დიახ!’”

ყველაზე დიდი გამოწვევა ქალბატონების უმეტესობისთვის არის ის, რომ მათ ნაკლებად სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და უჭირთ მასშტაბური აზროვნება, როდესაც ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი დროა (ეს კი მოითხოვს რისკს, დელეგირებას, ბიზნესაზროვნებასა და ახალი გზების ძიებას ბიზნესის ზრდისათვის). დაფიქრდით, რას გრძნობთ, როდესაც წარმოიდგენთ თქვენი ბიზნესის ზრდასა და გაფართოებას. თქვენ ძალიან გინდათ თქვენი ბიზნესის დიდი წარმატება, მაგრამ ამის გაფიქრებისას შინაგანი მღელვარება გიპყრობთ. თუ ასეა, მაშინ თქვენს თავზე უნდა იმუშაოთ და ეს შიში გადალახოთ იმისათვის, რომ უფრო წარმატებული და შემოსავლიანი ბიზნესი ააშენოთ.

თქვენ ვერ ხვდებით, რომ გჭირდებათ ცოტაოდენი გარე დახმარება

დაბოლოს, ჩემი დაკვირვებით, ბევრი ადამიანი იზოლირებულად, მარტო მოგზაურობს თავის ბიზნესსა თუ კარიერაში და შემდეგ ნანობს ამის გამო. ისინი ვერ იღებენ იმ დახმარებას, რჩევას, დარიგებასა და სპონსორობას, რაც მათ ასე ესაჭიროებათ. ისინი თავიანთ ბიზნესშიც ცდილობენ, ყველაფერი თავად, ვაკუუმში გააკეთონ.

როდესაც ახალ საქმეს იწყებთ, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ დახმარება, მხარდაჭერა და გამოცდილი ადამიანის რჩევა. ნუ ეცდებით, ყველაფერი მარტომ გააკეთოთ. რა თქმა უნდა, დასაწყისში სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ ის ხალხი, ვისაც თქვენს ოცნებებსა და გეგმებს გაუზიარებთ. თუმცა, როდესაც ახალ საქმეს იწყებთ, თქვენ გჭირდებათ მრჩეველთა ძლიერი გუნდი – სანდო მხარდამჭერები, რომელთაც შეუძლიათ შემოგთავაზონ თავიანთი ხედვა, გამოცდილება, ობიექტური კრიტიკა და პროფესიონალური შეფასება. შემოიკრიბეთ თქვენ გარშემო ისეთი ხალხი, რომელთაც ენდობით, ვინც თქვენთვის სამაგალითოა, ვინც ყოველთვის თქვენ გვერდით იყო, ვისაც სჯერა თქვენი და მზად არის, მხარი დაგიჭიროთ. თუკი არავის გაუზიარებთ თქვენს პრობლემებსა და გამოწვევებს, აუცილებლად მარცხს განიცდით. წარუმატებლობას კი ყოველთვის მოსდევს სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა. საბოლოოდ თქვენ მიხვდებით, რომ სწორედ დაუცველობის შიშმა და სხვებთან თქვენი პრობლემებისა და გამოწვევების გაზიარებისგან თავშეკავებამ ჩაძირა თქვენი ბიზნესი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *