ახალი გათვლები

ახალი გათვლები

რას ცვლის COVID-19 ბანკისთვის, რომელიც 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება და 7500-მდე თანამშრომელს ასაქმებს? პასუხები ზურაბ ქოქოსაძეს და ზურაბ მასურაშვილს აქვთ.

2020 წლის დასაწყისი ნამდვილად ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა. COVID-19-მა ლამის ყველა ქვეყანაში შეაღწია და ამ სტატიის წერის დროს worldometers-ის მიხედვით თითქმის 19 მილიონი ადამიანი დააინფიცირა, ხოლო 697 ათასზე მეტი – გარდაიცვალა. ამასთან, დღეს უკვე ყველა ვთანხმდებით, რომ მსოფლიო ებრძვის არა მხოლოდ ჯანმრთელობის პანდემიას, არამედ – ეკონომიკურსაც.

ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ქვეყნების უმრავლესობამ ეკონომიკა დროებით გააჩერა – სულ რამდენიმე თვის წინ მთელ მსოფლიოში ალბათ მხოლოდ ჯანდაცვასა და სურსათთან დაკავშირებული ბიზნესი მუშაობდა. დღეს ზუსტი რიცხვების დათვლა ამ მიმართულებით უფრო რთულია, თუმცა ფაქტია, ამ დროისთვის გლობალურად – ტრილიონობით დოლარი უბრალოდ აორთქლდა. OECD-ის გათვლებით, მაგალითად, განვითარებად ქვეყნებს გარე ფინანსური ნაკადების კუთხით, 2020 წელს 700 მილიარდი ამერიკული დოლარი დააკლდება, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის მყისიერ დარტყმას 60%-ით აღემატება.

მოცემულ სიტუაციაში ბიზნესისთვის თავდაჯერებულად და თანამიმდევრულად ზრდა და წარმატების მიღწევა განსაკუთრებით რთულდება. დღეს რომელიმე ერთი მოცემულობის ნაცვლად, იცვლება ყველა: მიდგომა ბიზნესის წარმოების მიმართ, მომხმარებლის მოლოდინები და თვითონ საზოგადოება. წარმოუდგენლად იზრდება წნეხი ბიზნესზეც – საკუთარი სტრუქტურა და სტრატეგია შეცვალოს ისე, რომ ყველა ამ ცვლად მოთხოვნას მოერგოს, თან მაქსიმალურად დაბალი განჭვრეტადობის პირობებში, სადაც კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ასეთ გაურკვეველ და არასტაბილურ მსოფლიოში თანამედროვე კომპანია უდავოდ უფრო ამოცანაზე ორიენტირებული, უფრო ინოვაციური და უფრო ადაპტირებადი უნდა იყოს – მხოლოდ ასე შეიძლება გაურკვევლობასთან ბრძოლა და სწორი მომენტების ხელიდან არგაშვება.

მთელ ამ სურათში საფინანსო სისტემამ საკმაოდ ამბივალენტური როლი შეიძინა. ერთი მხრივ, ის თავად აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ, რადგან ბიზნესი, რომელსაც ის აკრედიტებდა, მძიმე დღეშია, რაც ზრდის რისკს, რომ რაღაც ეტაპზე შესაძლოა სესხის დაფარვა ვეღარ შეძლოს, რასაც ემატება გაურკვევლობის ის ხარისხი, რაც COVID-19-ის თანდაყოლილი ბუნების ნაწილია და საფინანსო სექტორიც, როგორც ბიზნესი, საკმაოდ მოწყვლადი ხდება – მაგრამ, მეორე მხრივ, უფრო ფასდაუდებელი ხდება კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, ინვესტირების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას ჯანსაღი ოპონირება და ექსპერტული რჩევა, რომელიც რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და საუკეთესო შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის, თუნდაც ამ უპრეცედენტოდ რთულ პერიოდში.

ისე გამოვიდა, რომ “საქართველოს ბანკის“ მისია დღეს იმაზე რელევანტურიც კი გახდა, ვიდრე მაშინ – როცა ეს მისია არსებული ფორმით ჩამოყალიბდა: “ჩვენი მისიაა ადამიანებს დავეხმაროთ პოტენციალის რეალიზებაში”, – ამას ამბობს ბანკი, რომელიც 2.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და Მეორე კვარტლის მონაცეებით, 7500-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

Forbes Georgia-მაც ამ ჯერზე სწორედ “საქართველოს ბანკს“ ჰკითხა – რა არის დღეს მთავარი COVID-გამოწვევა და როგორ ჭრის ამ გამოწვევას?

“საქართველოს ბანკის“ კორპორაციული მიმართულება დღეს 3000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. “ეს იმ მასშტაბის მოვლენაა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა გავლენა ჩვენს კლიენტებზე. არ მგონია, რომელიმე სფერო დარჩა საერთოდ, რომელსაც ეს არ შეეხო“, – ამბობს “საქართველოს ბანკის“ კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ქოქოსაძე.

ყველაზე დაზარალებული ამ მიმართულებით მაინც ტურიზმია – მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც. “გალტ ენდ თაგარტის“ საბაზისო გათვლებით, მაგალითად, ტურიზმის შემოსავლები წელს საქართველოში 64%-ით შემცირდება.

“ეს არ არის მხოლოდ სასტუმრო ბიზნესი – რესტორნები, განთავსების ადგილები, ტრანსპორტი – ყველა ის სერვისი, რომლებიც ქართული ტურიზმის განვითარებას ემსახურებოდა. საკმაოდ დიდი ნაწილი – დაახლოებით 20% იყო ჩვენი ეკონომიკისა და ამ სფეროს შემოსავალი – მოსახლეობაზე იყო გადანაწილებული“, – ამბობს ზურაბ ქოქოსაძე.

მოცემულ ვითარებაში “საქართველოს ბანკის“ კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელისთვის მთავარი გამოწვევა ის არის, რომ კლიენტს შეცვლილ რეალობასთან ადაპტირების სწორი ფორმულა აპოვნინოს, რასაც ისიც ართულებს, რომ ყველას ერთი რეცეპტი, ბუნებრივია, ვერ მოერგება. აქ ზურაბ ქოქოსაძე იმ ფაქტსაც წარმატებით იყენებს, რომ მთელი თავისი პროფესიული კარიერა ერთ ადგილას – “საქართველოს ბანკში“ ააწყო და, შესაბამისად, ზუსტად იცის, რა არის ამ ბან კის ხელწერა, რომელიც თავისი არსიდან გამომდინარე დროს და ყოველგვარ კრიზისს, თუნდაც ჯერ არნახულს, უძლებს – ეს კლიენტთან მუდმივი კომუნიკაციის პროცესია. “რაც უფრო მეტად მოხდება ინფორმაციის გაცვლა, რაც უფრო მეტად გავიზიარებთ ერთმანეთის მოსაზრებას, მით უფრო სწორ გადაწყვეტილებებს ვიპოვით მოცემულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ამ მასშტაბის მოვლენასთან შეხება ჯერ არ გვქონია და მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა“, – ასეთია დღეს მთავარი გამოწვევის მიმართ ზურაბ ქოქოსაძის დამოკიდებულება.

როგორც “საქართველოს ბანკის“ კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი განმარტავს, “საქართველოს ბანკის“ ხელწერა – იყოს არა მხოლოდ კაპიტალისა და საკრედიტო რესურსის მიმწოდებელი, არამედ რჩევებისა და ექსპერტიზის მიმწოდებლებიც – კორპორაციული კლიენტებისთვის დღეს ყველაზე ღირებული აღმოჩნდა. “ასეთი მიდგომა ჩვენ თავიდანვე გამოგვარჩევდა. შემდეგ ჩვენმა კონკურენტებმაც მოგვბაძეს და, ვფიქრობ, ზოგადად დარგის განვითარებისთვის ასეთი დამოკიდებულება კლიენტის მიმართ ძალიან სასარგებლოა“, – ამბობს ზურაბ ქოქოსაძე და იქვე დასძენს, რომ არც მიმართულების სექტორებად დაყოფაა შემთხვევითი: “ასე ჩვენთან დიალოგი მარტივია“.

“თუმცა, COVID-19-მა ამ სიმარტივეში თავისი კორექტივები მაინც შეიტანა. ჩვენს კლიენტებთან კომუნიკაციის ფორმაც შევცვალეთ და ხალხმრავალი შეკრებების ნაცვლად, ვცდილობთ, ციფრული არხები გამოვიყენოთ“, – ამბობს “საქართველოს ბანკის“ კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი. – სიმართლე გითხრათ, პირველ პერიოდში საკმაოდ გართულებული იყო ის მომენტი, რომ ფიზიკური კონტაქტი ვერ ხერხდებოდა და ამის გამო გარკვეული საკითხების გადაწყვეტა ფერხდებოდა კიდეც. თუმცა, დროსთან ერთად, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რეალობად იქცა. მეტიც, შესაძლოა დისტანციური შეხვედრების გამართვის კულტურა დამკვიდრდეს კიდეც და ამით დროც დაიზოგოს და ეფექტიანობაც გაიზარდოს. ზოგადად, ეს კრიზისი ალბათ ბევრ ასეთ რამეს შეცვლის“.

ერთი ისიც არის, რომ დღეს სა კონსულტაციო სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია და ამას საკუთარ თავზე “საქართველოს ბანკის“ კორპორაციული მიმართულებაც კარგად გრძნობს. “ალბათ ყველაზე მეტი დრო და ჩვენი ძალისხმევის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება“, – მიდასტურებს ზურაბ ქოქოსაძე და ისევ ხაზს უსვამს, რომ სიტუაციის ანალიზი, ინვესტირების მიმართულებების გამოკვეთა, დაფინანსების სტრუქტურის შერჩევა – ეს ყველაფერი ერთობლივად ხდება: “დღეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, გვერდით სანდო და გამოცდილი პარტნიორი ჰყავდეს, ვისთანაც თავისი იდეების განხილვას, ჯანსაღ ოპონირებას, კამათს და ამ იდეების სწორი, ნაკლებად სარისკო გზებით განხორციელებას შეძლებს“.

თუკი ეკონომიკის დარგებიდან ანტირეკორდსმენი ტურიზმია, ბიზნესის სეგმენტებიდან ყველაზე მძიმე დარტყმა ცალსახად მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მიერ მომზადებული მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ანგარიშის (2020) მიხედვით დარტყმა, რომელსაც განსაკუთრებით ეს სეგმენტი გლობალურად მიიღებს მიწოდების ჯაჭვების შეფერხების გამო, 126 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება. საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის კვლევამ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მაგალითზე კი აჩვენა, რომ ამ სექტორისთვის მთავარი გამოწვევებია: შეკვეთების შემცირება ან გაუქმება; გაყიდვები, მათ შორის ექსპორტი; გაუქმებული ჯავშნები; არსებითად გაძვირებული ან დეფიციტური ნედლეული; გაცვლითი კურსის ცვალებადობა და გაძვირებული იჯარა.

“საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება მთელი ამ ბაზრის დაახლოებით 37%-ს ფარავს. ეს დაახლოებით 3 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელია, რაც, თავის მხრივ, 100 ათას დაფინანსებულ ბიზნესს ნიშნავს. „მთავარი გამოწვევა ახლა ის არის, რომ დგება საკითხი, რამდენად გაართმევს თავს ბიზნესი ამ პანდემიას და რამდენად აღადგენს ოპერაციებს“, – ამბობს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მისთვის COVID-19-ის კვალდაკვალ მოხდა – გაციფრულების ტემპის დაჩქარებაა. “საქართველოს ბანკში“ ტრანზაქციების დაახლოებით 96% პანდემიამდეც ციფრული არხების მეშვეობით ხდებოდა. პანდემიის პირობებში „2% მოემატა. მთელი ტრანზაქციების 98% ინტერნეტბანკით სრულდება. ეს ძალიან კარგი შედეგია“, – ამბობს ზურაბ მასურაშვილი.

გაციფრულების ეს ტენდენცია ეხება როგორც ტრანზაქციებს – მაგალითად: ქეშ- ბოქსების ქსელი, სადაც 24-საათიან ზონებში, სალაროში მიუსვლელად, დიდი რაოდენობით თანხების შეტანაა შესაძლებელი, ისე ბიზნესებისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას – მაგალითად: ონლაინკონფერენციები სხვადასხვა დარგისთვის, რომელთა ციფრულად გადატანამაც, საბოლოო ჯამში, გაცილებით დიდი მასშტაბები შეიძინა: “19 სხვადასხვა ღონისძიება ჩავატარეთ ასე და დაახლოებით ორი ათასი ადამიანი დაესწრო – ჰყვება ზურაბ მასურაშვილი – ამდენ ადამიანს ფიზიკური კონფერენციებით ან სემინარებით ვერანაირად ვერ მოვიცავდით. წარმოიდგინეთ, რამხელა ღირებულებაა, რომ საჭირო ინფორმაცია ამხელა აუდიტორიას შეგიძლია მიაწოდო“.

“საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ საქართველოს ინოვაციური ბიზნესის ნაწილში ახალი ბიზნესინსტრუმენტები აკლია და ეს ერთ-ერთი ის ე.წ. ჯიუტი გამოწვევაა, რომელიც COVID-19-ის პირობებში, უბრალოდ, უფრო მეტი სიმწვავით გამოჩნდა. „ისეთი ინსტრუმენტების დანერგვას ვცდილობთ, რომლებიც შემდეგ მოთხოვნას შექმნის“, – ამბობს ზურაბ მასურაშვილი და კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს: მიმდინარე ანგარიშზე მიბმული ბიზნესბარათი, რომელიც ერთიან ანგარიშზე მიბმის გამო, მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა ან, ვთქვათ, იგივე სამადლობელის პოსტერმინალი, ან თუნდაც პოსტერმინალისა და სალარო აპარატის გაერთიანებული ვარიანტი, როცა მოლარეს აღარ უწევს სხვადასხვა მოწყობილობაზე მუშაობა. “საქართველოს ბანკს“ ასეთი ბევრი მაგალითი აქვს – მათ შორის ისეთებიც, მომხმარებლის ქცევის შეცვლა რომ დასჭირდა და მხოლოდ დროთა განმავლობაში შეძლო მოთხოვნის შექმნა – დღეს კი საგრძნობლად ამარტივებს ბიზნესის კეთებას.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც Forbes Georgia-მ “საქართველოს ბანკს“ დაუსვა, პოსტ-COVID რეალობას და ამ რეალობაში შესაძლებლობების დანახვას ეხებოდა.

ზურაბ ქოქოსაძე ამბობს, რომ „საქართველოს ბანკი“ აქაც თავისი კლიენტების გვერდით იქნება: “ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ბიზნესის მფლობელზე უკეთ ვიცით მისი ბიზნესის კეთება – ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი კლიენტი ძალიან წარმატებული ადამიანია და მან უკეთ იცის ის საქმე, რომელსაც აკეთებს. ჩვენი როლი აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ჯანსაღი ოპონირება გავუწიოთ მას და,შედეგად, გამოიკვეთოს სწორი სტრუქტურა და სწორი პროექტი, რომელიც უნდა დაფინანსდეს. სწორედ ამით ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა შევავსოთ – იმ ტრადიციულ ფუნქციასთან ერთად, რომ სესხი გავცეთ და კაპიტალზე წვდომა უზრუნველვყოთ“.

“ერთი, რაც ამ გაურკვევლობაში დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ის არის, რომ გაციფრულება მხოლოდ პროგრესირებადი ტენდენციაა და უკან ვეღარ დაბრუნდება. “საქართველოს ბანკმა“ ამ კუთხით მომავალს უკვე გაუსწრო“.   

ზურაბ მასურაშვილი ამბობს, რომ დღეს ცოტა რთულია ამ შესაძლებლობების განჭვრეტა, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, თუმცა: „ერთი დადებითი, რაც COVID-19-ს მოჰყვა, ის არის, რომ ბიზნესის დიდმა ნაწილმა სწრაფი ტრანსფორმაციის გამოცდილება მიიღო: როგორ შეიძლება შეცვალო შენი ბიზნესმოდელი; გაყიდვები გადაიტანო ონლაინ; როგორ მართო ციფრულად; როგორ უნდა მოაწყო შენი გარემო ისე, რომ ონლაინ მუშაობა არ გაგიჭირდეს – ეს ყველაფერი დაეხმარება ბიზნესს, რომ სხვა დროსაც, თუ დასჭირდა, ადაპტირება ბევრად სწრაფად მოახდინოს“.

იმედი დავიტოვოთ, რომ Forbes Georgia-ს შემდეგი ნომრის გამოსვლისთვის ერთადერთი საფიქრალი არჩევნები იქნება. ერთი, რაც ამ გაურკვევლობაში დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ის არის, რომ გაციფრულება მხოლოდ პროგრესირებადი ტენდენციაა და უკან ვეღარ დაბრუნდება.

“საქართველოს ბანკმა“ ამ კუთხით მომავალს უკვე გაუსწრო.