"თუ საქართველოს თავისი პოტენციალის რეალიზება სურს, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს " – ბენ ჰოჯესი

"თუ საქართველოს თავისი პოტენციალის რეალიზება სურს, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს " – ბენ ჰოჯესი

ბელარუსი და საქართველო საშიში მაგალითებია იმისა, თუ რა ხდება, როდესაც კარს უხსნი რუსულ გავლენას, – ამის შესახებ გამოცემა Thehill-ი ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესის შეფასებას აქვეყნებს.

“მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და საზოგადოებაში NATO-ს პოპულარობაც იზრდება, მთავრობა არ მიდის სწორი მიმართულებით ქვეყნის გაწევრიანებისთვის“, – წერს ჰოჯესი.

გენერალს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა მოჰყავს მაგალითად და წერს, რომ 2017 წლის შემდეგ FDI-ს მოცულობა 40%-ით შემცირდა საქართველოში, რაშიც ჰოჯესის თქმით, მთავრობამ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს.

“საქართველოს მთავრობა განმარტების გარეშე უცხოელ ინვესტორებს გარეთ უშვებს. ამის ორი უპირველესი მაგალითიც არსებობს. პირველი არის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, რომელიც $2.5 მილიარდის ღირებულების იყო. 16 მეტრის სიღრმის პორტის მშენებლობა იგეგმებოდა, სადაც ნებისმიერ გემს, რაც კი მსოფლიოში არსებობს, შეეძლო გაჩერებულიყო. ეს უზარმაზარ წვლილს შეიტანდა ქვეყნისთვის აზიასა და ევროპას შორის კონტინენთაშორისი სავაჭრო ჰაბის შექმნის მიმართულებით“, – წერს გენერალი ჰოჯესი და აცხადებს, რომ აღნიშნული პორტი ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მოიზიდავდა ინვესტიციებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა მაგალითად გერმანია და ნიდერლანდები.

თუმცა, გენერლის თქმით, ეს კრემლს არ სურს, ვინაიდან საქართველოსადმი ყურადღების გაზრდა, მის ინტერესებში არ შედის.

ანაკლიის პორტის გარდა, გენერალი ჰოჯესი წერს, ასევე, Caucasus Online-ის საქმეზეც: “მეორე შემთხვევა გაცილებით უფრო სამწუხაროა უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. გასულ წელს, აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ციფრულ დერეფანს აშენებს, გადაიხადა $61 მილიონი, რათა ქართული კომპანია Caucasus Online-ის 49%-იანი წილი შეესყიდა და ციფრული დერეფნის საქართველოს ნაწილი დაეზღვია. კომპანიის მფლობელებს მთავრობის მაღალჩინოსნებთან და საქათველოს კომუნიკაციების კომისიასთან ბევრი შეხვედრა ჰქონდა, რათა ისინი სრულიად ინფორმირებულები ყოფილიყვნენ“, – წერს ჰოჯესი და ამბობს, რომ ახლა საქართველოს მთავრობა ამ შეთანხმების ჩაშლას ცდილობს.

გენერლის თქმით, ამ შეთანხმებით საქართველო, მნიშვნელოვნად ისარგებლებდა, ვინაიდან ის რუსეთისგან ციფრულ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა.

ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ სპეციალურად შეიტანა ცვლილებები სატელეკომუნიკაციო კანონმდებლობაში, რომელიც უპრეცედენტო უფლებებს აძლევს კომუნიკაციების კომისიას კერძო სექტორზე, რაც თანამდეროვე დემოკრატიაში გაუგონარი ამბავია.

“თუ საქართველოს სურს, გამოიყენოს თავისი პოტენციალი როგორც დასავლურმა ლიბერალურმა დემოკრატიამ, და განავითაროს დასავლეთთან ინტეგრაცია და მიიღოს უსაფრთხოებისა და ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხის სარგებელი, უნდა გახდეს ინვესტიციებისთვის მიმზიდველი. სამწუხაროდ, განსაკუთრებით საქართველოს განათლებული ახალგაზრდა ადამიანების აზრით, მთავრობა, როგორც ჩანს, სხვა მიმართულებით მიდის“, – წერს ამერიკელი გენერალი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *