GDS-ის სატელევიზიო შოუ

რამდენიმე თვის წინ თბილისის ქუჩები და ინტერნეტსივრცე აგრესიულმა სარეკლამო კამპანიამ წალეკა. “თურქული საპნის” ჭამისა და “გამოტელევიზორების” წინააღმდეგ მიმართული აქციის უკან GDS-ი იდგა – ტელევიზია, რომელიც ცდილობს, მაყურებელს საპნის ოპერის ნაცვლად ეროვნული წარმოების ხარისხიანი ტელეპროდუქცია შესთავაზოს. კომპანიამ მთელი თავისი საეთერო ბადე ამ წამოწყებას მოარგო, მაგრამ კომპანიის დირექტორისთვის, ჯაბა მელქაძისთვის მხოლოდ ტელევიზია საკმარისი არ არის: GDSON-ის სახით საქართველოში პირველი არამეკობრული კინოპორტალი გამოჩნდა, რომელიც მომავალში ქართულ Netflix-ად უნდა იქცეს.

უკვე წლებია, ასე გრძელდება: გაზაფხულიდან გაზაფხულამდე სამეფო კარზე გათამაშებულ ინტრიგებს ველოდებით, შემოდგომაზე ზომბების შემოტევისთვის ვემზადებით, ახალი წლის მოახლოებისას სულ უფრო ხშირად ვიხსენებთ შერლოკს, შარშან კი მორიგი საფიქრალი გაგვიჩნდა – ამჯერად თბილისში, კონკრეტულად კი ძველ თბილისში, განვითარებული მოვლენები. სამაუწყებლო კომპანია GDS-ის მიერ გადაღებული და მისსავე ეთერში გაშვებული “ტიფლისი” პირველი სერიის დასრულებისთანავე გახდა განსჯისა და განხილვის, შემდეგ კი მოლოდინის საგანი, რითაც წამიერად დაინგრა ქართული ტელესერიალების შესახებ მანამდე არსებული მითები. GDS-მა ერთმნიშვნელოვნად შეძლო ტექნიკურად გამართული, საინტერესო სიუჟეტის მქონე და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა, რომელმაც ცოტა ხანში თავად კომპანიის სრულიად ახალ რელსებზე გადასვლა და ქართულ ტელესივრცეში აქამდე არარსებული ნიშის შევსება გამოიწვია.

ქართული ტელესერიალების ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ, სადღაც ძველ უბანში დაიწყო. წლების განმავლობაში რამდენიმე მართლაც კარგი პროდუქტი გადაიღეს, თუმცა მათი რაოდენობა იმდენაც მცირე იყო, რომ ერთიანი პროცესი ვერა და ვერ შეიქმნა. პროცესის ჩამოყალიბებას ხელს ისიც უშლიდა, რომ სერიალებს ის სამაუწყებლო კომპანიები აწარმოებდნენ, რომლებიც საკუთარ საეთერო ბადეს ზოგადი გადაცემებითაც ავსებდნენ ანუ ტელეშოუები მათი მთავარი პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. განახლებული GDS-ი სწორედ ამ “შეცდომის” გამოსწორებით იწყებს მუშაობას: ამიერიდან მისი მთავარი სეგმენტი სატელევიზიო შოუების წარმოებაა, რაც რამდენიმე წელიწადში მთავარ მიზნად – ფილმწარმოებად იქცევა.

“ინვესტირებისთვის ეს რეალურად ხელსაყრელი სფეროა”, – ამბობს GDS-ის დირექტორი ჯაბა მელქაძე. ისმენ ამ სიტყვებს და უაპელაციოდ იღებ, ხოლო თუ ოდნავი ეჭვი მაინც გრჩება, მას უკანასკნელი წლების სატელევიზიო ბუმის დინამიკისთვის თვალის ერთი გადავლებით იქარვებ: ქართული მეკობრული პორტალების გადმოწერის რეიტინგში ყოველთვის ტელეშოუები ლიდერობს, ხოლო თითოეულ სერიას ფეისბუკზე რამდენიმესაათიანი განხილვა, კრიტიკა, შექება და დასპოილერება მოსდევს. სატელევიზიო სერიალებზე საუბრობენ ზუსტად იმდენს, რამდენსაც გაქირავებაში გამოსულ ფილმებზე, მეტიც – სერიალებზე გაცილებით მეტს საუბრობენ. ფაქტობრივად, აღარ არსებობს მაყურებელი, რომელიც ზღვა მასალაში მისთვის შესაფერის პროდუქტს ვერ აღმოაჩენს, რადგან სატელევიზიო სერიალების მიერ სანახაობრივი კინოს ჩანაცვლების პროცესი სულ უფრო აგრესიული ხდება: თითქმის აღარ დარჩა კინოჟანრი სერიალის გარეშე.

დროთა განმავლობაში ტელევიზიასა და დიდ კინოს შორის ზღვარს ამ უკანასკნელის წარმომადგენლებიც ამცირებენ. პრაქტიკულად აღარ არსებობს ცალკე ტელევიზიისა და კინოს მსახიობების ან რეჟისორების ცნება, მეტიც – სერიალში გამოჩენა ერთგვარ მოდადაც იქცა. რაც მთავარია, ამ საქმით არა მხოლოდ დიდი კინოს მეორეხარისხოვანი, არამედ უმაღლესი სინჯის ვარსკვლავები კავდებიან: რიდლი სკოტი (Good Wife, Pillars Of The Earth), მარტინ სკორსეზე (Boardwalk Empire), მაიკლ მანი (Luck), დევიდ ფინჩერი (House Of Cards), ბრაიან სინგერი (House M.D.), ფრენკ დარაბონტი (Walking Dead), სტივენ სპილბერგი (Band of Brothers, The Pacific, Under the Dome, Terra Nova) და მსახიობები: დასტინ ჰოფმანი, სიგურნი უივერი, სტივ ბუშემი, კევინ სპეისი, მეტიუ მაკქონაჰი, ვუდი ჰარელსონი, ჯოლინ ფარელი, რეიჩელ მაკადამსი, ჯონ მალკოვიჩი, ბილი ბობ ტორნტონი, გლენ კლოუზი, ჯესიკა ლანჟი, კლაივ ოუენი, ჰოლი ბერი, ვიოლა დევისი, მეგი ჯილენჰოლი და სხვები.

დაახლოებით ორი წლის წინ ჰოლივუდის ანუ დიდი კინოს ტელეეკრანზე გადანაცვლების შეუქცევადი პროცესი სტივენ სპილბერგმა და ჯორჯ ლუკასმაც შეაფასეს. სპილბერგი ამბობდა: “საკმარისია, ერთი წლის განმავლობაში 5-6 მსხვილბიუჯეტიანი ფილმი გაქირავებაში ჩავარდეს, რომ მისი მწარმოებლები, შესაბამისად, ქვეყანაც, უდიდეს საბიუჯეტო დარტყმას მიიღებს. დიდი სტუდიები ყველანაირად ცდილობენ საკუთარი საქმის დაზღვევას, რის გამოც თითო პროექტში 200-250 მილიონ დოლარს დებენ. დიდი ინვესტიცია მათ აზღვევს, მაგრამ აზარალებს დაბალბიუჯეტიან, თუმცა ხარისხიან პროექტებს, რომელთათვისაც ფული, ფაქტობრივად, აღარ რჩება. პროექტის განხორციელების მიზნით მათი ავტორები ტელევიზიაში ანუ გაცილებით იაფ სფეროში ინაცვლებენ, შედეგად კი ტელეარხები კარგ და სარფიან პროდუქტს იღებენ”. ლუკასი ამატებს: “დროთა განმავლობაში ბლოკბასტერების გადასაღებად დახარჯული ფულის რაოდენობა იმდენად გაიზრდება, რომ არ არის გამორიცხული, კინოთეატრის ბილეთის ფასმა უახლოეს მომავალში 50-100 დოლარს მიაღწიოს. ვინაიდან მაღალი ხარისხის პროდუქტის ნახვა უკვე ტელევიზიითაც შეიძლება, მაყურებელი კინოთეატრიდან ტელევიზორთან ძალიან მარტივად გადმოინაცვლებს, რაც გაცილებით იაფიც დაუჯდება და მეტი დროის დაზოგვის საშუალებასაც მისცემს”.

ეს GDS-მა სპილბერგისა და ლუკასის თქმის გარეშეც იცოდა, თუმცა დიდი საქმის დასაწყებად მოტივაცია სჭირდებოდა. ეს უკანასკნელი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაყურებელმა “ტიფლისი” იხილა და შეაფასა. აუდიტორიის შეფასება მყარად დადებითი აღმოჩნდა. სერიალს გააჩნდა ყველა ის სეგმენტი, რის გამოც სერიიდან სერიამდე ერთკვირიანი ლოდინი მაყურებელს არაფრად მიაჩნია: ჩამთრევი სიუჟეტი, საინტერესო პერსონაჟები, გამართული რეჟისურა, ეპოქისთვის შესაფერისი გარემო, ხარისხიანი ეფექტები და ა. შ.

“დაარსების დღიდან GDS-ი გამუდმებით ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესში იყო, “ტიფლისის” წარმატებამ კი საბოლოო წერტილი დასვა, – ამბობს GDS-ის დირექტორი, ჯაბა მიქელაძე. ამ სერიალის შესახებ საუბრობდნენ ყველგან, განიხილავდნენ, ელოდნენ ახალ სერიებს. ეს არ იყო გასაკვირი, რადგან მის შექმნაზე პროფესიონალთა გუნდმა დიდი მონდომებით იმუშავა, შევქმენით მთელი ეპოქა, რომელსაც საინტერესო სიუჟეტი მოვარგეთ და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. მაყურებლის რეაქციით მივხვდით, რომ შევქმენით არა მხოლოდ კარგი პროდუქტი, არამედ პროდუქტი, რომელიც იმავე მაყურებელს ძალიან სჭირდებოდა – ჩვენს ხალხს საკუთარი გმირებიც სურს, რომლებთან იდენტიფიცირება გაცილებით იოლია”.

ამჟამად GDS-ი ხუთ სატელევიზიო სერიალს აწარმოებს: “ტიფლისი” , “პარადოქსი”, “ქერჩი”, “ცოლები და ქმრები” და “მზარეულები”. ბოლო ორი სიტკომია, მცირე ქრონომეტრაჟის მქონე კომედიური სერიალები, დანარჩენები კი – დრამები. როგორც ჯაბა მელქაძე ამბობს, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს საპნის ოპერებზე: “პოპულარული ჟანრია, მაგრამ ჩვენთვის, როგორც მწარმოებელი კომპანიისთვის, პროფესიული პროგრესის მხრივ არაფრის მომცემია. იმთავითვე ხარისხზე გადავწყვიტეთ ორიენტირება, ამრიგად, გათვლა დრამებსა და სიტკომებზე გვაქვს”.

ორიგინალური იდეის გარდა GDS-ი ნაყიდი ფორმატების განხორციელებასაც გეგმავს. მაგალითად, უკვე შეძენილი აქვს BBC-ის “ლუთერის” ფორმატი (ძალიან პოპულარული დეტექტივი ფსიქოლოგიური დრამის ელემენტებით). სერიალი უკვე გადაღების პროცესშია, პირველ სერიებს კი მაყურებელი თებერვლიდან ნახავს.

ნაყიდი ფორმატის მიხედვით პროდუქტის შექმნა გაცილებით ნაკლებ დანახარჯსა და განსახორციელებლად საჭირო დროს მოითხოვს, რადგან ეს არის გამზადებული შაბლონი, რომელსაც უკვე მოშორებული აქვს ყველა ნაკლი, მაყურებლისთვის უინტერესო დეტალი და, ფაქტობრივად, სრულყოფილ პროდუქტადაა ჩამოყალიბებული. ასეთ პირობებში მუშაობა კი რისკსაც ამცირებს, რაც სფეროს ახალბედა მოთამაშე GDS-ისთვის მეტად ხელსაყრელია.

სატელევიზიო შოუების წარმოებაში ეს მიღებული ფორმაა. განსაკუთრებით ხშირია ევროპული პროდუქტის, უფრო მეტად ბრიტანულის, ამერიკულ ფორმატში გადატანის მცდელობა. მაგალითად, BBC-ის ორიგინალ სერიალზეა დაფუძნებული “ოფისი” (The

Office), ასევე “უსირცხვილო” (Shameless) და ბევრის მიერ წმინდა ამერიკულ სერიალად აღიარებული “ბანქოს სახლიც” (House of Cards), რომელიც ბრიტანული მინისერიალის რიმეიქს წარმოადგენს. ისრაელურ სერიალ “სამხედრო ტყვეებს” (Prisoners of War) ეფუძნება “სამშობლო” (Homeland), დანიური პირველწყარო აქვს “მკვლელობას” (The Killing), კოლუმბია გახლავთ “უშნო ბეტის” (Ugly Betty) სამშობლო და სხვა. ცხადია, არსებობს ამერიკული სერიალების უცხოენოვანი რიმეიქებიც, თუმცა მათი ხარისხი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ ქვეყნებშიც ვერ აღწევენ პოპულარობას. ამრიგად GDS-ს ამ “ტრადიციის” დასრულებაც მოუწევს.

“სამეფო კარის თამაშის” ერთ-ერთი სერიის რამდენიმეწუთიანი ეპიზოდი, როდესაც სერსეი ლანისტერი სირცხვილის დერეფანს გაივლის, 200 ათასი დოლარი დაჯდა (შედარებისთვის, დაახლოებით ამდენი ჯდება საქართველოში წარმოებული ერთი მხატვრული ფილმი). ეს ციფრი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ტელესერიალების ბიზნესი დიდ კინოს არა მხოლოდ მსახიობებსა და რეჟისორებს, ჟანრებსა და სიუჟეტებს, არამედ ფულსაც ართმევს და პოზიციებს ამ მხრივაც იმაგრებს.

ცხადია, საქართველოში სერიალის გადაღება გაცილებით იაფი ჯდება, თუმცა არც იმდენად იაფი, რომ სათვალავში ჩასაგდებად არ ღირდეს. როგორც ჯაბა მელქაძე ამბობს, სიტკომის ერთი 22-წუთიანი სერიის გადასაღებად დაახლოებით 7-15 ათასი ლარია საჭირო. თანხა ორმაგდება, როდესაც საუბარია, ვთქვათ, “ტიფლისის” ერთ სერიაზე, რომელიც თანამედროვე დროში გათამაშებულ მსუბუქ კომედიაზე ბევრად მეტ დანახარჯს მოითხოვს. “ამ სერიალისთვის ყველა კოსტიუმი სპეციალურადაა შეკერილი, გავარემონტეთ ძველი ეტლები და სხვა. ეს საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. დანახარჯი ადამიანური რესურსის ზრდის პარალელურადაც იმატებს. სტანდარტულად კამერის უკან 60-მდე ადამიანი დგას: რეჟისორი, ოპერატორი, გამნათებელი, გრიმიორი, კომპიუტერული გრაფიკოსი და ა.შ. მაგრამ როდესაც მასობრივ სცენებს ვიღებთ, მაშინ გადასაღებ მოედანზე უამრავი ადამიანი გროვდება, რომელთა უმეტესობასაც სტატისტები წარმოადგენენ. მაგალითად, “ქერჩის” რამდენიმე სცენის გადაღებისას 500-მდე სტატისტი დაგვჭირდა, მათი მობილიზებისა და სამუშაოდ მომზადებისთვის კი ცალკე გუნდია საჭირო”.

კიდევ ერთი გუნდი კი ამ პროდუქციის გაყიდვაზე მუშაობს. და ეს სულაც არ გახლავთ შეუძლებელი, მით უფრო, რომ უკვე არსებობს დაინტერესება და პრეცედენტიც შედგა: სერიალ “პარადოქსის” პირველი სეზონი უკრაინულმა არხმა - NLO-მ შეიძინა. არხი იყიდის მეორე სეზონსაც, რისი გარანტიც ის გახლავთ, რომ მათი თხოვნით სცენარისტებმა ორი უკრაინელი პერსონაჟი დაამატეს. “სერიალი სიმბოლურ თანხად გავყიდეთ – თითო სერიაში 1000 დოლარი შემოგვთავაზეს და მაშინვე დავთანხმდით, რადგან ფულზე მეტად პრეცედენტის შექმნით ვიყავით დაინტერესებული. ამით დავადასტურეთ, რომ ქართულ ტელეპროდუქციასაც შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი და სხვისთვის საინტერესო”, – ამბობს ჯაბა მელქაძე.

GDS-ი სხვა მიმართულებითაც ქმნის პრეცედენტს და ოფიციალურ ონლაინკინოთეატრს გვთავაზობს. GDSON-ი ცნობილი Netflix-ის ფორმატის მსგავსი ონლაინტელევიზიაა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ აქ განთავსებული კონტენტის ნახვა ჯერჯერობით უფასოდ შეგიძლიათ. ამჟამად აქ მხოლოდ GDS-ის მიერ გადაღებული სერიალების ნახვაა შესაძლებელი, თუმცა პორტალი ყველა არხის მიერ წარმოებული პროდუქტისთვის ღიაა – მთავარია, ისინი გარკვეულ ხარისხს აკმაყოფილებდნენ.

ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს – ფაქტობრივად ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ინტერნეტსივრცეში ოფიციალური, არამეკობრული კინოპორტალი გამოჩნდა. მომხმარებლისთვის სამწუხაროდ, შორს არაა დრო, როდესაც ყოველი სერიის, ფილმისა თუ მუსიკალური კომპოზიციის გადმოსაწერად გარკვეული თანხის გადახდა მოგვიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ჩაგვეთვლება. GDSON-ი სწორედ ამ დროისთვის ემზადება, უფრო სწორად, მაყურებელს ამზადებს.

GDS-ი კიდევ ერთი სიახლის შემოთავაზებას გეგმავს, თუმცა ეს ოდნავ შორეული პერსპექტივაა – ფილმწარმოება კომპანიის საბოლოო მიზანია, რისთვისაც ნიადაგის მზადების პროცესი უკვე მიმდინარეობს. წლების წინ, როდესაც ქვეყანაში ფილმებს ფაქტობრივად არ იღებდნენ, კინოპროფესიების წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობა ნელ-ნელა მიივიწყეს, სტაგნაციის პერიოდის დასრულების შემდეგ კი თანამედროვე ტექნოლოგიებს ვეღარ აუღეს ალღო. ამ ნაკლის ამოვსება ტელესერიალების წარმოებამ მეტ- ნაკლებად შეძლო, მით უფრო, რომ ამ ორ სფეროს შორის ზღვარი აღარ დარჩა: რეჟისურა, ოპერატორისა თუ გამნათებლის საქმე, მონტაჟი და სამსახიობო თამაში პრაქტიკულად ერთსა და იმავე ოსტატობას ითხოვს (სწორედ ამიტომაც დანავარდობენ უპრობლემოდ ორ ეკრანს შორის ზემოთ ნახსენები რეჟისორები და მსახიობები). “რამდენიმე წელიწადში ჩვენი გუნდი ისეთ პროფესიულ ხარისხს მიაღწევს, რომ თამამად შევძლებთ სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღებას, კოპროდუქციის შექმნას, ასევე უცხოური გადამღები ჯგუფის მასპინძლობასა და მათი რიგების შევსებას”, – ამბობს ჯაბა მელქაძე.

მანამდე კი განახლებული GDS-ის ეთერი ტელესერიალების მწარმოებელი გიგანტების, HBO-ს, FOX-ის, BBC-ს, WARNER BROS.-ის, Disney-ს, MTV-სა და სხვათა საუკეთესო შოუებს ეთმობა, რომელთა პარალელურადაც ქერჩის სანგარში ჩამალულთა, ძველი თბილისის ქუჩებში განაბულთა, სამზარეულოში მოფუსფუსეთა და უცხო ცივილიზაციასთან პირისპირ აღმოჩენილთა ამბავსაც იხილავთ, მოისმენთ, შეაფასებთ და მომდევნო სეზონის მოლოდინის რეჟიმში გადაერთვებით.

წინა სტატია

ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა
02 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტს წლის ბოლომდე 100 მილიონი ლარის დამატება დასჭირდება
02 ნოემბერი, 2015
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა