ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ - შვეიცარიის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ - შვეიცარიის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება

შვეიცარიულმა სასამართლომ Credit Susisse-ის საქმეზე მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. ჟენევის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგინდა, რომ შვეიცარიის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ Credit Susisse-ში შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებების შესახებ მომზადებული ანგარიში არ გახდება საჯარო. აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროებას მოსარჩელეები, მათ შორის საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის იურისტები მოითხოვდნენ.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა (Finma) ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების აუდიტი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის მიერ განხორციელებული მრავალმილიონიანი თაღლითური სქემის გასაჯაროების შემდეგ ჩაატარა. 

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეუძლებელია ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო.
 
Finma-ს 270-გვერდიანი ანგარიშის წარდგენა კი, მოსარჩელეების შეფასებით, ნათელს მოფენს იმ ფაქტს, რომ Credit Susisse-ში საბანკო უსაფრთხოების სტანდარტების სისტემური დარღვევები იყო. 

2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მილიარდერების, მათ შორის ვიტალი მალკინის ყოფილ პირად ბანკირს, პატრის ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მისი კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეფულა.

პატრის ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული. 2019 წელს ლესკადრონმა საპატიმრო დატოვა. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ლესკადრონმა 2020 წლის ივლისში თავი მოიკლა. 

შვეიცარია ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ აწარმოებს დავას, 2020 წლის 3 ივლისს სიგაპურის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე “ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ” და საკუთარი განჩინებით, შეაბრუნა მისი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

2019 წლის იანვარში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ივანიშვილის სარჩელი Credit Suisse-ის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მილიარდერსა და ბანკს შორის მიმდინარე დავის ის ნაწილი, რომელიც Credit Suisse-ის სინგაპურულ შვილობილს ეხებოდა შინაარსობრივად არ წარმოადგენდა საქმეს, რომელიც სინგაპურის სასამართლოს უნდა განეხილა. საუბარია თაღლითურ ტრანზაქციებთან მიმართებით Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისის ჩართულობაზე. ახალი გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ მომხდარის სამართლებრივი შეფასების პროცესში სინგაპურიც უნდა ჩაერთოს.

სასამართლო მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონი აშშ დოლარის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს.

“ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იურიდიული საკითხები, რომლებიც სინგაპურს ეხება, უნდა იყოს მოსმენილი სინგაპურში. კრედიტ სიუსის იურიდიულმა გუნდმა ბოლო 5 წელი დახარჯა, რათა თავიდან აერიდებინა ამავე ქვეყანაში სასამართლო განხილვისთვის. ეს ძვირფასი დრო ამის ნაცვლად შეიძლებოდა დახარჯულიყო იმისთვის, რათა მიღწეული ყოფილიყო ის დამაკმაყოფილებელი განაჩენი, რომლისთვისაც მომჩივნებმა დავა წამოიწყეს,” – ნათქვამია ივანშვილის უფლებადამცველების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

2020 წლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილება ბერმუდის სასამართლომაც მიიღო. დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. სასამართლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Creidt Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.

ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, “რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ… ასეთი თაღლითობა არც 1990-იანების ველურ რუსეთში და არც საქართველოს საბანკო სფეროში არ მინახავს,” – განაცხადა ივანიშვილმა 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან. 

თავად Credit Suisse-ი კი, ამ და კიდევ რამდენიმე სხვა სკანდალის გამო, რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგა; 2020 წლის თებერვალში ბანკის CEO ტიდჯანე თაიმი თანამდებობიდან გადადგა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *