როცა კომპიუტერი გასწავლის

Facebook და Google მონაცემთა ტექნოლოგიების ორი უდიდესი პროექტია. თქვენ ეს მოგწონთ თუ არა, ისინი მთელი დღის განმავლობაში აგროვებენ ინფორმაციას თავიანთი მომხმარებლების აქტივობების შესახებ. ყოველი დღის ბოლოს მათი „მოსავალი" თითოეულ მომხმარებელზე ათობით ბიტი პირადი ინფორმაციითაა გაჯერებული. ეს ყველაფერი კეთდება მომხმარებლის ინტერესის სფეროს დასადგენად და შესაბამისი რეკლამის შესათავაზებლად.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მონაცემთა ბაზაში ხვდება ონლაინ-რეჟიმში მომუშავე სტუდენტის მიერ შეყვანილი ინფორმაციაც. „დღეისთვის განათლება მსოფლიოს უდიდესი ინფორმაციის ინდუსტრიაა", - ამბობს ხოსე ფერეირა, რომელიც შესანიშნავად ერკვევა ამ საკითხში. მისი კომპანია Knewton მსოფლიოში ყველაზე ღირებული მონაცემთა ბაზის შექმნაზე მუშაობს, რომლის მთავარი მიზანია დააგროვოს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები.

კომპანია Knewton ოთხი წლის წინ ნიუ-იორკში, 43 წლის ფერეირამ დააარსა. პროგრამული უზრუნველყოფა ონლაინ-რეჟიმში მუშაობს საკლასო ოთახებში, აკვირდება თითოეული მოსწავლის წინსვლასა თუ ჩამორჩენას, ქულებს, სწავლის ტემპს, მოწესრიგებულობას, დაგვიანებას თუ აქტივობას. „ჩვენ ყოველდღე ფიზიკურად ვაგროვებთ ათასობით მონაცემს თითოეულ მოსწავლეზე", - ამბობს ფერეირა. მოსწავლეები ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებენ სწავლას, პროგრამა კი ადაპტირდება ახალი გამოწვევების მიმართ - აითვისოს თითოეული მოსწავლის მეცადინეობის ინდივიდუალური სტილი.

ცალკეული მოსწავლის ქცევა ათასობით სხვა მოსწავლის ქცევასთან ასოცირდება - ყოველდღიურად Knewton 5-დან 10 მილიონამდე მონაცემს ამუშავებს. იმავე პრინციპს იყენებენ ფსიქომეტრიკოსები სტანდარტული საგამოცდო ბილეთის შესადგენად, მაგრამ Knewton-ს შეუძლია გაცილებით მეტი ინფორმაცია დაამუშაოს, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში. დადგება დღე, როდესაც პროგრამა შეძლებს გვითხრას, თუ რა შეფასებას მიიღებს ბავშვი კოლეჯის გამოცდებზე, რის შემდეგაც გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო.

„დიდი ცვლილების მოლოდინში ონლაინ-განათლება გარდატეხის პერიოდშია და მხოლოდ 100 მოაზროვნე თუ აცნობიერებს ამას", - დასძენს ფერეირა.

სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც, როგორიცაა Aleks, Grockit, Blackboard, Coursekit და 2tor, განათლების ონლაინ-რეჟიმში გადმოტანის საკითხზე მუშაობენ. უმაღლესი განათლების სფეროში პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს. 2002 წლის შემდეგ კოლეჯის სტუდენტთა რიცხვი, რომელთაც თუნდაც ერთი ტესტი აქვთ ჩაბარებული ონლაინ-რეჟიმში, 1,7 მილიონიდან 6 მილიონამდე გაიზარდა. 2011 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს საგანმანათლებლო გამომცემელს Pearson-ს 8 მილიონი ამერიკელი სტუდენტი ჰყავდა დარეგისტრირებული ონლაინ-რეჟიმში საშინაო დავალებებისა და შეფასების პროგრამებზე - და თითქმის 5 მილიონი დარეგისტრირდა შედეგების გამოსასწორებელ კურსებზე. ეს მონაცემები ბოლო წელს 23-33%-ით გაიზარდა.

აგვისტოს თვეში არიზონის უნივერსიტეტში ხუთი ათასი ახალგაზრდა ჩაირიცხა Knewton-ის მოდელის Pearson-ის კურსებზე მათემატიკის ცოდნის გასაუმჯობესებლად. სტუდენტთა ნახევარმა ოთხი კვირით ადრე დაასრულა პროგრამა. მეოთხედმა დამაკმაყოფილებელ დროში დაამთავრა და გადავიდა შემდგომ საფეხურზე. კურსიდან გარიცხული სტუდენტების რაოდენობა 13%-დან 6%-მდე დადის, ხოლო ჩამბარებელთა რიცხვი კი 66%-დან 75%-ს აღწევს. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, ფილ რეჯერის თქმით, სწავლების საუკეთესო ნაწილია ის, რომ პედაგოგებს ეძლევათ საშუალება ნათლად დაინახონ, თუ ვის ჭირდება დახმარება და ხელის შეშველება.

ოქტომბერში Knewton-ს $33 მილიონი შემოუვიდა Pearson-ისა და პიტერ თეილის ფონდიდან. კომპანიის კაპიტალი $21 მილიონით გაიზარდა ისეთ კომპანიებთან ერთობლივი საქმიანობით, როგორიცაა Accel Partners, Bessemer Venture Partners და First Mark. „ჩვენ მოგვწონს კომპანიები, რომლებსაც აქვთ ინოვაციური და უახლესი ტექნოლოგიები, მაგრამ არა გამანადგურებელი ტექნოლოგიები, რომლებიც, როგორც წესი, არ მუშაობს. Knewton ცდილობს გააუმჯობესოს და დახვეწოს არსებული სისტემა ძალიან ძლიერი იარაღის საშუალებით", - აცხადებს კოლეჯის არსებული მოდელის შეცვლის აქტიური მხარდამჭერი პიტერ თეილი.

თუმცა არსებობს შეზღუდვებიც. კომპიუტერს არ შეუძლია სწავლის პროცესში ინტერპრეტაციის გაანალიზება, მაგალითად 1812 წლის ომის მიზეზების განხილვის დროს. კომპიუტერი ვერასოდეს ჩაანაცვლებს მასწავლებელს. ის, რასაც Knewton გვთავაზობს, არის მძიმე და მონოტონური სამუშაოს - საბაზისო ჩვევების გამომუშავების - ავტომატიზება, რის ნაკლებობაც ეპიდემიასავით მოედო დღევანდელ კოლეჯებს. არიზონის უნივერსიტეტის სტუდენტთა 10-15% არ არის მზად შეეჭიდოს ელემენტარულ მათემატიკას; 2010 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხედმა ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა კოლეჯის დონის წერითი უნარ-ჩვევები.

Knewton -ის შემქმნელი ფერეირა არასოდეს ყოფილა ტრადიციული განათლების გულშემატკივარი. მისი მშობლები მოზამბიკიდან შეერთებულ შტატებში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, რათა სამი შვილისათვის უკეთესი განათლება მიეცათ. თავისი ორი ნიჭიერი დისგან განსხვავებით, ფერეირას კლასში არსებობისათვის ბრძოლა უხდებოდა, თუმცა ჰქონდა სტანდარტული ტესტის დაწერის ნიჭი, რის წყალობითაც საკმარისი ქულები დააგროვა (1600-დან 1540) და კარლტონის კოლეჯში ჩაირიცხა, რომელიც 1990 წელს ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. სწავლის დასრულების შემდეგ ფერეირა საცხოვრებლად სან-ფრანცისკოში გადავიდა. იგი უმუშევარი იყო და საუზმის დროს, სხვებისგან განსხვავებით, თავს კროსვორდების შევსების ნაცვლად გამოცდების საკითხების მეცადინეობით ირთობდა. ერთხელ მას მეგობარმა ურჩია რეპეტიტორად დაეწყო მუშაობა სტენლი კაპლანის საგანმანათლებლო ცენტრში. სულ მალე ფერეირა პედაგოგებს შორის ვარსკვლავი გახდა.

1993 წელს იგი ნიუ-იორკში ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების კაპლანის მოსამზადებელი კურსების ხელმძღვანელად გადმოიყვანეს. იმ დროისათვის ტესტირება უკვე კომპიუტიზებული იყო. რამდენიმე თვეში, ფერეირას თქმით, „სრულიად შემთხვევით", მან შეიმუშავა კომპიუტიზებული ტესტის ახალი ტიპის კითხვაზე პასუხის გაცემის საკმაოდ საიმედო სტრატეგია - ეს კი სასწავლო ტესტების მოსამზადებელ ორგანიზაციას თავისი არსებობის დასასრულითა და ტესტების ასიათასობით სახელმძღვანელოს განადგურებით ემუქრებოდა. მომდევნო წელს ფერეირამ გამოთვალა ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასების ალგორითმი და ტესტში გამოავლინა დუბლირებული კითხვები, რაც სასწავლო ტესტების ორგანიზაციის თვალსაზრისით დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.კაპლანი საზოგადოების წინაშე წარდგა თავისი აღმოჩენებით და სასწავლო ტესტების ორგანიზაციამაც არ დააყოვნა კონტრაქტის დარღვევის, საავტორო უფლების დარღვევისა და სხვა მსგავსი ბრალდებების წამოყენება. იმ პერიოდის ელექტრონულ წერილებში ფერეირას აღმოჩენებზე საუბრისას ხშირად წააწყდებოდით იარლიყს - „ანტიქრისტე".

ფერეირამ დატოვა კაპლანი და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში გადავიდა. ერთხანს იგი მუშაობდა გოლდმანთან, 2001 წელს კი კვლავ დაბრუნდა კაპლანში. ფერეირა სტუდენტებისათვის ონლაინ-ტესტის მოსამზადებელი კურსების პროგრამის გაშვების იდეით იყო შეპყრობილი. ოთხი წლის ლოდინის შემდეგ მან ისევ დატოვა კაპლანი და 2008 წელს გადაწყვიტა უკვე თავად განეხორციელებინა საკუთარი იდეა.

ფერეირას იდეაში 2,5 მილიონი აშშ დოლარი ჩადო ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Accel, First Round Capital და Reid Hoffman. ასე შეიქმნა GMAT, SAT და LSAT ტესტების მოსამზადებელი ონლაინ-კურსები და დამტკიცდა ტექნოლოგიის შესაძლებლობები. შემუშავდა კოლეჯის ტესტების მოსამზადებელი კურსები მათემატიკაში. 2011 წელს შედგა საქმიანი გარიგება Pearson-თან, რომლის თანახმად დაიგეგმა Pearson-ის სრული მასალის კონვერტაცია ადაპტირებულ ფორმატში.

Knewton გაინაწილებს მის მიერ შექმნილი ყოველი პროდუქტის გამოყენებიდან მიღებულ მოგებას. კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს K-12 პროგრამის მომხმარებელთა რიცხვი ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ. მართალია, Knewton არ აქვეყნებს თავის ფინანსურ ინფორმაციას, მაგრამ გამოთვლების მიხედვით, მან 2011 წელი 6-მილიონიანი მოგებით დაასრულა. არიზონის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, გადასაბარებელი გამოცდების მოსამზადებელი კურსებიდან Knewton თითოეულ სტუდენტზე $100-ს მიიღებს. Pearson-თან მზარდი თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესის პერსპექტივების გათვალისწინებით, Knewton -ის მოგება ოთხ წელიწადში დაახლოებით $100 მილიონს გადააჭარბებს.

ფერეირას მომავლის ოცნებაა Knewton-ის სისტემაში ჩაერთოს მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო სამყარო, სადაც ნებისმიერს შეეძლება იპოვოს მასზე გათვლილი და ადაპტირებული კურსი.

განვითარებული ქვეყნები დააფინანსებენ აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის საგანმანათლებლო ბაზრებისათვის პროგრამის უფასო ვერსიებს.

„მომწონს, როდესაც მეწარმეებს გააჩნიათ ხედვა, თუ როგორ გააკეთონ კონცენტრაცია მომავლის საჭიროებებზე", - ამბობს კომპანიის ინვესტორი რეიდ ჰოფმანი.

„ერთი მილიარდი სკოლის მოსწავლე იზრდება კითხვის, წერისა და მათემატიკის მინიმალური ცოდნით. წესით, ხალხი ქუჩაში საპროტესტო მარშებს უნდა აწყობდეს", - აცხადებს ფერეირა.

მონაცემთა ბაზის ფლობა განათლების სფეროში გაცილებით ძლიერი იარაღია, ვიდრე სამომხმარებლო ან სოციალური და საძიებო პროფილების შეძენა, რადგან, როგორც წარმოდგენილ ილუსტრაციაზე ნათლად ჩანს, თითოეული მათემატიკური კონცეფცია შეესაბამება ყველა დანარჩენს. მყარი თანაფარდობა საშუალებას აძლევს კომპიუტერს სწრაფად ჩამოაყალიბოს სტუდენტის მოსწრების მოდელი და თუნდაც შეზღუდული რაოდენობის მონაცემთა ნიმუშებზე დაყრდნობით მიუსადაგოს მათემატიკის სპეციფიკური ონლაინ-კურსი.

 

 

წინა სტატია

მივიწყებული იდეალები
03 მაისი, 2012

შემდეგი სტატია

ნოვატორთა ხუთი სახასიათო ტიპი: რომელი მათგანი შეგესაბამებათ თქვენ?
07 მაისი, 2012
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა