ნოვატორთა ხუთი სახასიათო ტიპი: რომელი მათგანი შეგესაბამებათ თქვენ?

როდესაც ვცდილობ წარმოვიდგინო, რას ნიშნავს და როგორ გამოიყურება ნოვაცია, თვალწინ ყოველთვის ერთი და იგივე სურათები მიდგება: ენაგამოყოფილი აინშტაინის ფოტო, ედისონი თავისი ნათურით, სცენაზე მდგომი შავსვიტრიანი სტივ ჯობსი, რომელიც უახლეს iThing-ს წარადგენს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფრი არაორიგინალური და უტრირებულია; თან ალბათ, არცთუ ზუსტი.

იმიტომ რომ ნოვაცია და ახლის გამოგონება არ შემოიფარგლება დაფის წინ ან კოქტეილით ხელში რომანტიული „აჰა"-ს წამოძახილით, პირიქით იგი შედეგია ყოველდღიური დაუღალავი შრომისა, რომელიც იდეას მოჰყვება: პირველ რიგში იბადება იდეა, შემდეგ საჭიროა მისი გათავისება, დაბოლოს - რეალიზება. ვინ არიან ისინი - ნოვატორები? და, ყველაზე მთავარი, - დარწმუნებული ვარ თითოეული თქვნგანი საკუთარ თავს უსვამს ამ კითხვას - მე როგორ მივესადაგები ყოველივე ამას?

Forbes Insight-ის უკანასკნელი კვლევა - „ევროპის სამეწარმეო ინციატივის განვითარების ხელშეწყობა: როგორ ახერხებენ სამეწარმეო სფეროს აღასრულებლები საკუთარი ორგანიზაციების მობილიზებას ნოვაციებისათვის" - გამოყოფს და განსაზღვრავს იმ ხუთ სახასიათო პიროვნულ ტიპს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზაციაში ნოვაციებისათვისათვის ჯანსაღი გარემო შესაქმნელად. ამ თვისებებიდან ზოგიერთი უფრო შემოქმედებითი ხასიათისაა, ზოგი კი პროცესზეა ორიენტირებული,- თუმცა ყოველი მათგანი გადამწყვეტ როლს თამაშობს ნოვატორულ პროცესში. ასე რომ, თუ მოაზროვნეებს სჭირდებათ შემსრულებლები მიზნის მისაღწევად, იდელისტებს სჭირდებათ პრაგმატისტები, რათა სრულიად არ მოწყდნენ რეალობას.

ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა შემაფერხებელ ფაქტორადაც მოგვეჩვენოს, მაგარამ ნებისმიერ ჯანსაღ სამუშაო გარემოში რისკისადმი ლოაილურობას აუცილებლად უნდა უპირისპირდებოდეს რისკისადმი კონსერვატულობა; სხვა შემთხვევაში ორგანიზაცია ან ერთ ან მეორე უკიდურესობაში ჩავარდება და ან ერთი ადგილის ტკეპნა მოუწევს, ან გაურკვეველი მიმართულებით იმოძრავებს. ნოვაციის ეფექტიანი და პროდუქტიული კულტურა ხორცისა და ბოსტნეულის შერეულ წვნიანს ჰგავს: თუ კერძში სწორად არ იქნება შეზავებული ყველა ინგრედიენტი, ის უგემური, დაუბალანსებელი და სრულიად გაურკვევლი მასა გამოვა.

Forbes Insight-ის კვლევისას გამოიკითხა 1 200 აღმასრულებელი მთელი ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა თემისა და სფეროს მიხედვით. სურათი იმ ხუთი მთავარი სახასიათო ტიპის შესახებ, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ნოვაციური ციკლის წარმატებით განხორციელებაში, მიღებული იქნა კითხვარის მეშვეობით. კითხვარი შეეხებოდა როგორც მათ მსოფლმხედველობას, ფასეულობებს, პრიორიტეტებსა და ქცევის კულტურას, ასევე ნოვაციური გარემოს ხელშეწმყობ ან შემაფერხებელ გარე ფაქტორებს.

კორპორაციული გარემო - სწორედ ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია ყველაზე „ნოვატორი" ინდივიდის პოტენციალის გამოყენება ან დაკარგვა. მოდი, ამ ყველაფერს ამგვარად შევხედოთ: ლურჯი ვეშაპი ცხოველთა სამყაროს ყველაზე დიდი წარმომადგენელია, მაგრამ თუ მას მტკნარ ტბაში გავუშვებთ, ვერ გადარჩება. გარდა ამისა, იგი დიდი ოდენობით წყალსაც გამოდევნის. რისი თქმა მსურს? თვით უძლიერეს და უდიდეს ქმნილებასაც კი არ შეუძლია იარსებოს იმ გარემოში, რომელიც მას არსებობისათვის ხელსაყრელ პირობებს არ სთავაზობს.

გამოკითხვის თემები უნივერსალურია; მიუხედავად იმისა, რომ რესპოდენტები ევროპელი აღმასრულებლები იყვნენ, მისი შედეგების გამოყენება ყველა კონტინენტსა და კულტურულ გარემოშია შესაძლებელი.

რომელი სახასიათო ტიპი შეგესაბამებათ ყველაზე მეტად, თავად გადაწყვიტეთ. შესაძლოა საკუთარი თავი თვისებათა მთელ ჯგუფთან გააიგივოთ; მაგრამ დაიმახსოვრეთ, არც ერთი მათგანი არ არის უსარგებლო. თითოეული გადამწყვეტ როლს თამაშობს იდეის განვითარებაში, მის მიწოდებაში ზედა კორპორაციული არხებისათვის, სტრატეგიის შემუშავებაში და შემდეგ მისი განხორციელებისა და აღსრულების მონიტორინგში. ყოველი მათგანი ერთი თავსატეხის ნაწილია - კორპორაციული ნოვაციის მფეთქავი გულისაკენ მიმართული არტერიები. აი, ეს მესმის - ნუთუ შესაძლებელია ამ ყველაფრის უფრო ამაღელვებლად აღწერა?

გავლენიანი ადამიანი. ამ ჯგუფის ადამიანები ბუნებრივი ლიდერები არიან, ძლიერი პიროვნული მოტივაციით. მათ მოტივაციაში მიზნის მიღწევისა და სარგებლის მიღების სურვილის წილი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი სტიმული მაინც საკუთარი კვალის დატოვება და სხვებზე გავლენის მოპოვებაა. მათ უყვართ ავანსცენაზე ყოფნა, უძღვებიან რა პროექტის (და ამავდროულად შესაძლოა საკუთარი თავის) წინსვლას, მაგრამ საბოლოოდ სწორედ მათი მეოხებით კეთდება საქმე. მეორეს მხრივ, მათ ხშირად ახასიათებთ ქედმაღალობა და მოუთმენლობა ჯგუფური მუშაობისას. ამ ტიპის წარმომადგენლები, როგორც წესი, თავს იყრიან რისკებისა და კორპორაციული სტრატეგიების სფეროში, კერძო კაპიტალის ფირმებსა და მედიაინდუსტრიაში, ასევე საშუალო მასშტაბის კომპანიებში; მართალია ისინი აღმასრულებელთა საერთო რაოდენობის 22%-ს შეადგენენ, მაგრამ კომპანიებში, რომელთა შემოსავალი $25 მილიონიდან $1 მილიარდამდე მერყეობს, „გავლენიანი ადამიანები" შესაძლოა მმართველი კაბინეტის ერთ მესამედს შეადგენდნენ.

ექსპერიმენტატორი. ამ ტიპის წარმომადგენელთა თანმიმდევრულობა და სიახლეებისათვის გახსნილობა შესანიშნავი კომბინაციაა ახალი იდეების გამოსავლენად ჩანაფიქრის დამუშავებისა და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე. „იქ, სადაც არსებობს ნება, არსებობს შესაძლებლობაც" - შესაძლოა ეს გამოთქმა საუკეთესო იყოს მათ დასახასიათებლად. ისინი პერფექციონისტები და საკუთარ სამუშაოზე უზომოდ შეყვარებულები არიან, ალბათ სწორედ იმიტომ, ახალი, ჯერ არაპოპულარული იდეების ან ინიციატივების წარმატებით განხორციელება საოცარ თავდადებას, დიდ დროსა და მძიმე შრომას მოითხოვს. ისინი ძალიან ამაყობენ საკუთარი მიღწევებით, მაგრამ ამავე დროს დიდი სიამოვნებით უზიარებენ სხვებს თავიანთ გამოცდილებას; ეს არის იმ ენერგიული თანამშრომლის ტიპი, რომელიც მთელი თავისი არსებითაა ჩართული საქმეში და ამით აიძულებს კოლეგებს თავი დამნაშავედ იგრძნონ საღამოს დაგეგმილ სადილზე ოცნების გამო. ასეთი მიზანმიმართული და თანმიმდევრული ადამიანები, მიუხედავად დროდადრო წარმოქმნილი უთანხმოებებისა, სასიცოცხლოდ აუცილებელნი არიან ნოვაციური ციკლისათვის. ისინი, როგორც წესი, რისკიანები არიან და აღმასრულებელთა 16%-ს შეადგენენ - ყველაზე ხშირად მათ შეხვდებით საშუალო მასშტაბის კომპანიებში, შემოსავლით $100 მილიონი - $1 მილიარდი. საოცარია,მაგრამ „ექსპერიმენტატორები" ნაკლებად არიან კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის ან ოპერაციული დირექტორის თანამდებობაზე - მხოლოდ 14% და 15% .

საუკეთესო მოსწავლე. ალბათ სკოლის პერიოდიდან ყველას გახსოვთ წინა მერხებზე მსხდარი ბავშვები, რომლებიც პირვლები სწევდნენ ხელს მასწავლებლის მიერ კლასისათვის დასმული შეკითხვის საპასუხოდ. ალბათ იქნებოდა წამოიძახილიც: „მასწ! მასწ!" - მასწავლებლის ყურადღების მისაქცევად. მოგვიანებით ასეთი ბავშვები აღმასრულებელთა ამ ჯგუფს ავსებენ. ისინი კარგები არიან... ისინი მართლა კარგები არიან ყველაფერში: საკუთარი პიროვნული ბრენდის განვითარებაში, სათანადო მენტორის მოძებნასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების კულტივციაში, კოლეგათა ძლიერი მხარეების გამოვლენაში, იდენტიფიცირებაში და ამ თვისებების ოპტიმალურად გამოყენებაში. ისინი სწრაფად მიიწევენ წინ კარიერულ კიბეზე და თავისას აღწევენ მაშინაც კი, როდესაც კორპორაციული კულტურა მათ წინააღმდეგაა მიმართული. საოცარია, მაგრამ კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, როგორც წესი, სწორედ „საუკეთესო მოსწავლეები" არიან. ამ ჯგუფთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მისი წარმომადგენლები, რომლებიც აღმასრულებლების 24%ს შეადგენენ, არ ერთიანდებიან რომელიმე კონკრეტულ სამუშაო ფუნქციის, ინდუსტრიისა თუ კომპანიის მასშტაბის მიხედვით; პირიქით, მათ შეუძლიათ ზრდა-განვითარება ყველგან: ინფორმციული ტექნოლოგიები, სტარტაპები, ცნობილი ტრანსნაციონალური კორპორაციები. ისინი ბიზნეს-სამყაროს ხერხემალს წარმოადგენენ.

მაკონტროლებელი. ამ ტიპის ადამიანები არაკომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც საქმე რისკს ეხება, ისინი წარმატებულები არიან სტრუქტურირებაში და უნდობლად უყურებენ ბუნდოვან პროექტებს. მათთვის მთავარია აკონტროლონ საკუთარი სფერო, რათა ყველაფერი თავის ადგილას და წესრიგში იყოს. როგორც კოლეგები, ისინი არ არიან გუნდური და ქსელური მოთამაშეები; მაკონტროლებლები უფრო ინდივიდუალური მუშაკები არიან და ურჩევნიათ ფოკუსირდნენ კონკრეტულ, მკაფიო მიზნებზე, სადაც ყველაფერი გარკვეულია და არსებობს კონტროლის საშუალება. ისინი აღმასრულებელთა 15%-ს - ყველაზე მცირე ჯგუფს - შეადგენენ და, როგორც წესი, გვხვდებიან სპექტრის ორივე პოლუსზე: როგორც დიდი (1 000 და მეტი თანამშრომელი) ასევე მცირე მასშტაბის (10-ზე ნაკლები თანამშრომელი) საწარმოებში.

თუ დაფიქრდებით, ეს ლოგიკურია: მაკონტროლებლები წარმატებებს აღწევენ, როდესაც აკონტროლებენ ბიუროკრატიულ სისტემებს (დიდ კომპანიებში) ან საკუთარი სფეროს ყველა ასპექტს(მცირე კომპანიებში), ისინი შეიძლება მოგვევლინონ როგორც ბიზნესის მესაკუთრეები, რომელთაც მთელი კომპანია საკუთარი პიროვნების ირგვლივ შექმნეს. მაკონტროლებლები ყველაზე ხშირად გვხვდებიან გაყიდვების, მარკეტინგისა და ფინანსების სფეროში, კორპორაციული იერარქიის უფრო პრაქტიკულ, ვიდრე შემოქმედებით პოზიციებზე: ისინი არიან დეპარტამენტების უფროსები და მენეჯერები, რომლებიც იღებენ ბრძანებებს და ახდენენ საკუთარი არმიის მობილიზებას შეტევისათვის.

მიმდევრები. ამ ტიპის აღმასრულებლები არსებობენ იმისათვის, რომ გარშემომყოფნი დედამიწაზე დააბრუნონ და რეალობასთან დააკავშირონ. „მაკონტროლებლების" მსგავსად, „მიმდევრებსაც" დიდად არ ეხატებათ გულზე არასტრუქტურირებული გარემო და, როგორც წესი, პროცესები ერთი ნაბიჯით წინ აქვთ გათვლილი, მიჰყვებიან რა მიღებულ ლოგიკას, პრაქტიკაში გამოცდილ, აპრობირებულ პროცესებს და არა ახალ, გაუკაფავ გზას. თუ მათ მისცემთ საშუალებას, თავად აირჩიონ საკუთარი ადგილი, ისინი შუა საფეხურს ამჯობინებენ. ეს სულაც არ არის ცუდი თვისებები. აუცილებელია არსებობდეს ვიღაც, ვინც დანარჩენებს შეახსენებს შეზღუდვებისა და ინსტიტუციური პროცესების შესახებ. ისინი შეადგენენ ყველა აღმასრულებლის 23%-ს - მიუხედევად კომპანიის მასშტაბებისა - და, როგორც წესი, გვევლინებიან ფინანსურ დირექტორებად, ხაზინადარებად და მაკონტროლებლებლად; ამ პოზიციებზე მათი წილი 38%-ს შეადგენს. ეს ყველაფერი ლოგიკურია; ვიღაცამ უნდა შეგვახსენოს ბიუჯეტისა და რესურების შეზღუდულობის შესახებ.

არც ერთი ჩვენ მიერ დასახელებული ტიპი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც წმინდა „სამეწარმეო ჯგუფი", მაგრამ „გავლენიანი ადამიანები" და „ექსპერიმენტატორები", ალბათ, ყველაზე ახლოს დგანან მასთან. მათ ყველაზე მეტად აქვთ განვითარებული შინაგანი მოტივაცია და ძალა, სხვების კონტროლისა და მართვის სურვილი, კარნახობენ რა ყველას, რა უნდა გააკეთონ. ახალგაზრდა, შედარებით ნოვატორული კომპანიებს სამართავად, როგორც წესი, სჭირდებათ „გავლენიანი ადამიანები", რომლებიც საკუთარ ენერგიას მიმართავენ „ესპერიმენტატორთა" იდეების რეალიზებისაკენ. მაგრამ როდესაც ორგანიზაციის მასშტაბები იზრდება, მას სჭირდება „საუკეთესო მოსწავლეები",რომლებსაც შეუძლიათ ნოვატორული ხედვის სტრატეგიად ჩამოყალიბება და მისი განხორციელების თაოსნობა, „მაკონტროლებლები" რომლებსაც შეუძლიათ არმიის მობილიზება სტრატეგიის შესასრულებლად და „მიმდევრები", რომლებსაც ძალუძთ მთელი ამ პროცესის გონივრულ ჩარჩოში მოქცევა. განვითარებადი კომპანიისათვის აუცილებელია როგორც მძლავრი პროცესები, ასევე ადამიანები, რომლებიც გააკონტროლებენ ამ პროცესებს.

როგორც უკვე არაერთხელ ვნახეთ, ნოვატორულ იდეათა მოზღვავება არაჩვეულებრივია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო ეტაპია. იდეის განხორციელებისათვის ბიძგის მისაცემად აუცილებელია გყავდეთ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მანევრირება რისკსა და რეალობის აღქმას შორის, ბალანსირება ცისა და დედამიწის მიჯნაზე - იქ, სადაც ნოვაცია ხარობს.

 

წინა სტატია

როცა კომპიუტერი გასწავლის
03 მაისი, 2012

შემდეგი სტატია

ყველაზე პოპულარული მოძრავი რესტორნები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ
14 მაისი, 2012
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა