დამიჭირე, თუ შეგიძლია

დამიჭირე, თუ შეგიძლია

Palantir-ის სადაზვერვო პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებმა, რომელსაც პოლიციელებიც იყენებენ, მისგან თავის დაღწევის საშუალებაც შეიმუშავეს.

ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილებას თავისი “საურონის თვალი” აქვს – 20 ფუტის სიგრძის ეკრანების მოზაიკა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, უფანჯრო საკონტროლო ოთახშია მოთავსებული და ათობით საინფორმაციო ნაკადით იკვებება, მათ შორის – პოლიციის სკანერისა და CCTV-ის მასალებით, YouTube-ის, Twitter-ისა და კრიმინალური მონაცემების ბაზებით. როცა დანაშაული ხდება, რამდენიმე მეტრის სიგანის ვიდეორუკაზე დანაშაულის ადგილი საგანგაშო ციმციმს იწყებს. ეს ვიდეორუკა Palantir-ის შექმნილია – სტარტაპისა სილიკონის ველიდან, რომლის სპეციალიზაციასაც ღრმა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს და რომლის ღირებულება $20 მილიარდია. Palantir-ის ტვინიკოსები განთქმულნი არიან უნარით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აბრევიატურებიანი სახელის მქონე სააგენტოებისთვის ბნელ ოთახებში შავი კატები იპოვონ. ასე იხსნება უიმედო საქმეები.

ეს რუკა, Palantir-ში ყოფნის დროს მეთიუ ტამაიო-რიოსმა შექმნა, მაგრამ 29 წლის კომპიუტერული მეცნიერმა ერთი წლის წინ გუნდი შეიცვალა და ახალი კომპანიის, Kryptnostic-ის დაარსებას შეუდგა. Kryptnostic-ის მონაცემთა შიფრირების პოტენციურად ინოვაციურ მეთოდს შესწევს ძალა, პოლიციასა და სადაზვერვო სააგენტოებს კატების ძებნაში ხელი სერიოზულად შეუშალოს. Kryptnostic-ის ახალი პროდუქტის ბირთვს წარმოადგენს ის, რასაც „სრულად ჰომომორფული შიფრირება“ ჰქვია და რაც ამ დრომდე ერთგვარი ქიმერა გახლდათ უშიშროების წრეებში.

სტანდარტული შიფრირება მონაცემებს შლის და გარდაქმნის ციფრობრივ კოდებად, რომელთა გენერირების ალგორითმიც დიდი მარტივი რიცხვების გამრავლებით მიიღება. შიფრი იმდენად რთული გასატეხია, რომ ჰაკერებს მონაცემებზე წვდომის შანსი მხოლოდ მას შემდეგ უჩნდებათ, როცა ფაილი გაიშიფრება და სხვა პროგრამების მიერ გამოიყენება. ჰომომორფული შიფრირება საშუალებას იძლევა მონაცემზე გაუშიფრავ, გაშლილ მდგომარეობაში იმუშაო, რაც ჰაკერებისთვის შესაძრომ ხვრელს აღარ ტოვებს.

ჰომომორფულ ტექნოლოგიებს წარსულში ის აფერხებდა, რომ მათ გამოსაყენებლად უამრავი გამოთვლითი პროცედურის ჩატარება ხდებოდა საჭირო. IBM-ის მეცნიერი, კრეიგ ჯენტრი თავის 2009 წლის გავლენიან ნაშრომში ჰომომორფული ტექნოლოგიების ერთ მეთოდს განმარტავდა და ამბობდა, რომ ეს მეთოდი ტრილიონჯერ გაზრიდა დროს, რომელიც ტიპური Google-ძიებისთვისაა საჭირო. მაგრამ ჯენტრის მიდგომა ერთ თუ ორ დამატებით მათემატიკურ ნაბიჯს გვთავაზობდა, რაც შიფრირებისა და დეშიფრირების საფეხურებში ბუნებრივად ამომხტარი ცდომილებების შესწორებას ხდიდა შესაძლებელს. Kryptnostic-ის მიდგომა კი დამატებითი გამოთვლების საჭიროებას იმით აღმოფხვრის, რომ ცდომილებების კორექციას პროცესშივე ახდენს.

წარმოიდგინეთ, რა ლიბერტარიანული უტოპია იქნებოდა, ყველა მონაცემი ყოველ წამს რომ შიფრირდებოდეს. უეცრად, დღეს წვდომაშეზღუდული და უაღრესად ღირებული მონაცემთა გორები ყველა დაინტერესებული მხარისთვის გახდებოდა მისაწვდომი კონფიდენციალობის მიმართ საფრთხის გარეშე. ეს ნამდვილი წყალობა იქნებოდა როგორც დემოკრატიის აქტივისტების, ისე ნიჰილისტებისთვის. მედიკამენტების მკვლევარები ჯანმრთელობის პირადი ისტორიების დასტას ისე გააანალიზებდნენ, რომ პაციენტთა დეანონიმიზების არ შეეშინდებოდათ. ყველა მონაცემი რომ ჰომომორფულად ყოფილიყო დაშიფრული პოლიტიკურად მოტივირებული საგადასახადო აგენტები თავიანთი მტრების მოგებებში ცხვირს ვერასდროს ჩაყოფდნენ.

და მაინც, კიბერსამყაროს სამეფოში მიმდინარე ამ პარადოქსების ფონზე, Kryptostic-სა და პოლიციელებს უკვე ერთ ლოგინში სძინავთ. ახალბედა კომპანია კალიფორნიის კანონაღსრულების სადაზვერვო უწყებასთან თანამშრომლობს, რათა, ქვეყნის მასშტაბით, პოლიციას საშუალება მისცეს, სენსიტიურ საქმეთა ფაილები შტატების საზღვრებზე უსაფრთხოდ და ინფორმაციის გაუმჟღავნებლად გადაიტანოს. კომპანიის სხვა ადრეულ მომხმარებელთა რიცხვში სადაზღვევოები და კიბერუსაფრთხოების ფირმაა – ყველა მათგანმა ანონიმურობის შენარჩუნება ითხოვა. ტამაიო-რიოსი ამბობს, რომ თამაშში მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კერძო სააქციო ფირმაცაა ჩართული. ახალგაზრდა დამფუძნებელს ესმის, რამხელა თავსატეხსა თუ თავის ტკივილს დაუდო სათავე, მაგრამ ურჩევნია, ჯავშნით ყველა უზრუნველყოს, ვიდრე მეტი უსამართლობის მოწმე გახდეს. ტამაიო-რიოსი გახლდათ მთავრობის იმ 22 მილიონ დაქირავებულთა და კონტრაქტორთა შორის ერთ-ერთი, რომლის მონაცემებმა ივნისში, შეერთებული შტატების პერსონალური მენეჯმენტის სამსახურზე გამანადგურებელი თავდასხმის შედეგად გაჟონა. „მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარი არ ნიშნავს, რომ ისინი აღარ გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, ეს ყველაფერი კი შედეგად ისეთ რაღაცებს გამოიღებს, როგორიც ჩემი პირადი მონაცემების გაჟონვა იყო“, – ამბობს ტამაიო-რიოსი.

Microsoft-ში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თითქმის ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონემ, თავი მოუყარა Palantir-იდან, Google-დან და Microsoft-დან გადმობირებულ ინჟინრებს. ეს პატარა, თუმცა ვარსკვლავური გუნდია. მარტში Index Venture-ის, Felicis Venture-ისა და სუპერანგელოზ მაიკლ დიარინგის Harrison Metal-ისგან, შემოწირულებების სახით, $2 მილიონი მიიღო. სხვადასხვა მომხმარებლისთვის პროდუქტის სატესტო შეთავაზებების მიუხედავად, Kryptnostic-ს მაინც უწევს მომხმარებლების დარწმუნება, რომ მის პროგრამულ უზრუნველყოფაში ფულის გადახდა ღირს.

მთავარი დაბრკოლება, რაც ჰომომორფულ ტექნოლოგიებს მეინსტრიმში ფეხის მოკიდებაში აფერხებს, ისაა, რომ ბიზნესები და სუბიექტები უნდა დაარწმუნო, რომ დისკომფორტული ნაბიჯი გადადგან და თავიანთი მონაცემები ახალ, უფრო უსაფრთხო სერვისზე გადააკონვერტირონ, მაშინ როცა ეს მონაცემები სხვა სერვისებზე ისედაც არსებობს. თავისი ტექნოლოგიის ცნობადობის გასაზრდელად, ტამაიო-რიოსის თქმით, ის Kodex-ს ამზადებს – ფაილების გაზიარებისა და ჩატის მომსახურების უფასო, „მსუბუქ“ ვერსიას, iOS-ისა და Android-ის სამომხმარებლო აპლიკაციების სახით. აპლიკაციას Dropbox-ისა და Slack-ის მსგავსი შესაძლებლობები ექნება, მაგრამ მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, კონფიდენციალური მონაცემები დეშიფრირების გარეშე გააზიარონ და მოძებნონ. FORBES-ის მიერ ნანახი ადრეული ვერსია Slack-ზე ნაკლებმოქნილად გამოიყურებოდა, მაგრამ ტამაიო-რიოსს ურჩევნია, ბაზარზე Dropbox-ისა და Slack-ის უსაფრთხო ალტერნატივით შევიდეს (რომელთაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩავარდნები ჰქონდათ) და მხოლოდ ამის მერე გაალამაზოს და დახვეწოს აპლიკაცია.

ტამაიო-რიოსისთვის პირველი წელი რთული აღმოჩნდა. კომპანიის თანადამფუძნებელმა, მისმა მეგობარმა, აივი ნაიმ, დაფუძნებიდან 6 წლის შემდეგ, კომპანია დატოვა – კვლავ აღმოსავლეთისკენ, ვირჯინიაში გადაინაცვლა, სადაც მისი ცოლი ბავშვს ელოდებოდა. მაისში მესამე თანადამფუძნებელი, სინა იმანიც წავიდა კომპანიიდან – გარკვეული უთანხმოებები მოუვიდა ახალდაქირავებულთა მენეჯმენტთან დაკავშირებით. „უბრალოდ, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა“, – ამბობს ტამაიო-რიოსი. იმანი Palantir-ის სხვა ყოფილ თანამშრომლებს ფინანსური სერვისების ახალბედა ტექნოლოგიურ კომპანიაში, Aurora Technologies-ში უერთდება, თუმცა ტამაიო-რიოსის კომპანიიდან წასულს, Kryptnostic-თან დაკავშირებით გესლიანი არაფერი უთქვამს. „ძალიან ვგულშემატკივრობ. ჩემი აზრით, ის შეცლის ხალხისა და ინტერნეტის ურთიერთობას“, – თქვა მან ჰოშიმინის (ყოფილი საიგონის) სასტუმროდან, სკაიპით.

გარკვეული შეფერხებებიც იყო. Android-ის აპლიკაცია, რომლის ჩაშვებაც თავდაპირველად აგვისტოში იგეგმებოდა, ე.წ. მადლიერების დღემდე მზად არ იქნება, iPhone-ის ვერსია კი ლამის მომავალ წელს გამოვა. ტამაიო-რიოსის თქმით, Kryptnostic-ი ვარაუდობს, რომ პირველი კორპორაციული კლიენტები ფულის ხარჯვას ერთი თვის განმავლობაში დაიწყებენ. თუმცა, სხვა მხრივ, სამომავლო ხედვები, ცოტა არ იყოს, რთულად გასაშიფრია. „შეიძლება ისე მოხდეს, რომ უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებით სათანადოდ არავინ დაინტერესდეს. ეს, შესაძლოა, ფუნდამენტურ, მოუგვარებელ პრობლემად იქცეს“.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *