Outrider Management: ვალდებულების გადახდის თავიდან აცილების მიზნით, Frontera-მ ჩვენ წინააღმდეგ არაერთი უსაფუძვლო სარჩელი შეიტანა

Outrider Management: ვალდებულების გადახდის თავიდან აცილების მიზნით, Frontera-მ ჩვენ წინააღმდეგ არაერთი უსაფუძვლო სარჩელი შეიტანა

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Outrider Management-ი საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის მთავრობისგან ლიცენზიის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. საუბარია აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე, სადაც კომპანია Frontera საქმიანობდა.

Outrider Management-ის განცხადების თანახმად, კომპანია საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთერთი ინვესტორი იყო, კერძოდ კი ის Frontera-ს კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო, თუმცა Frontera-ს მის მიმართ $35 მილიონი დოლარის ვალდებულებები ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც სასამართლო დავაში იყო ჩართული.

“Outrider Management-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა,“- ნათქვამია განცხადებაში.

Outrider Management-ის მმართველის, სტივენ ჰოუპის თქმით, Outrider-ი პასუხისმგებლიანი კომპანიაა, რომელსაც ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტირების არაერთწლიანი გამოცდილება აქვს. ჰოუპი აცხადებს, რომ მათთვის ლიცენზიის მინიჭებით, საქართველოს მისი კუთვნილი ბუნებრივი რესურსების უფრო სრულფასოვნად ათვისება შეეძლება.

Forbes Georgia-მ მოიპოვა Outrider Management-ის CEO-ს სტივენ ჰოუპის მიერ, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი წერილი. დოკუმენტის თანახმად, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს Frontera-სთან შექმნილი მდგომარეობის მოგვარებაში და ნავთობის მოპოვების სიმძლავრეების აღდგენაში დაეხმაროს.

წერილიდან ირკვევა, რომ Outrider Management-სა და Frontera-ს შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობდა, რომლებიც სტივენ ჰოუპის განცხადებით თავად Frontera-ს მიერ იყო ინიცრებული და მიზნად Outrider-ის წინაშე არსებული ვალდებულების გადავადებას ისახავდა. Outrider Management-ის ხელმძღვანელის თქმით, თავად Frontera-ს დირექტორების, ზაზა მამულაიშვილისა და სტივ ნიკანდროსის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, Frontera-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა დაწყებულიყო ქართული საბადოს სრულფასოვანი ათვისება.

“Frontera უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობდა თავიდან აეცილებინა Outrider-ის წინაშე არსებული ვალდებულებების გასტუმრება. ყოველ ჯერზე ჩვენ სრულად და წარმატებით ვიცავდით საკუთარ თავს ამგვარი ქმედებებისგან, თუმცა იურიდიული დაცვის ღირებულება განსაკუთრებულად დიდი იყო და ის რამდენიმე მილიონ დოლარს აღემატებოდა.

სტივენ ჰოუპის წერილიდან ირკვევა, რომ კომპანია მოპასუხის სახით ჩართული იყო 2016 წელს Frontera-ს მიერ დაწყებულ გაკოტრების საქმეში, ასევე მოპასუხეს წარმოადგენდა 2018 წელს კაიმანის კუნძულებზე მიმდინარე სასამართლო დავაში, ხოლო მას შემდეგ რაც Frontera-მ აღნიშნული პროცესი წააგო, კომპანიამ Outrider-ის წინააღმდეგ ანალოგიური შინაარსის დავა აშშშიც, კალიფორნიის შტატის სასამართლოშიც წამოიწყო. სტივენ ჰოუპის თქმით, მართალია აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა სასამართლომ Frontera-ს რამდენიმე შუამდგლომლობა უარყო, რის შედეგადაც Outrider Management-ს მიეცა უფლება Frontera-ს მიერ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების რეგისტრაცია მოეხდინა.

“Outrider-ი იყო Frontera-ს არასამართლიანი ბიზნეს საქმიანობის მსხვერპლი, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ხორცი შევასხათ იმ რეალურ პოტენციალს, რაც ამ სალიცენზიო ბლოკს გააჩნია; ან თუ ლიცენზია არ იქნება ჩვენ მიერ მიღებული, სურვილი გვაქვს ის ვალდებულება, რაც ამ სალიცენზიო ბლოკის მფლობელ კომპანიას ჩვენ მიმართ ჰქონდა, გადავიდეს იმ კომპანიაზე, რომელიც ამ ლიცენზიას მიიღებს,“ – ნათქვამია სტივენ ჰოუპის წერილში, რომელიც მან სექტემბერში გიორგი გახარიას გაუგზავნა.

Outrider-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიას მიიღებენ, ადგილზე კვლევაძიებისთვის გამოცდილ ოპერატორს შემოიყვანენ. Outrider-ის თანახმად, თავად ეს ტერიტორია დაახლოებით 700 მილიონ ბარელამდე ნავთობს შეიცავს, თუმცა მას განაწილების საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *