ᲧᲕᲔᲚᲐ ᲓᲘᲓ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐᲡ ᲐᲥᲕᲡ ᲚᲔᲒᲔᲜᲓᲐ: “ᲗᲔᲒᲔᲢᲐᲡ” ᲚᲔᲒᲔᲜᲓᲐ 1995 ᲬᲔᲚᲡ “ᲘᲙᲐᲠᲣᲡᲘᲡ” ᲡᲐᲗᲐᲓᲐᲠᲘᲒᲝ ᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲢᲕᲘᲠᲗᲣᲚ VOLKSWAGEN-ᲘᲡ ᲤᲣᲠᲒᲝᲜᲨᲘ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ. ᲗᲔᲛᲣᲠ ᲙᲝᲮᲝᲫᲔᲛ 8-ᲓᲦᲘᲐᲜᲘ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ ᲣᲜᲒᲠᲔᲗᲘ, ᲠᲣᲛᲘᲜᲔᲗᲘ, ᲑᲣᲚᲒᲐᲠᲔᲗᲘ ᲓᲐ ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ ᲒᲐᲓᲐᲙᲕᲔᲗᲐ, ᲠᲐᲗᲐ ᲡᲠᲣᲚᲘ ᲙᲝᲚᲐᲤᲡᲘᲡ ᲖᲦᲕᲐᲠᲖᲔ ᲛᲧᲝᲤ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲞᲐᲢᲐᲠᲐ ᲛᲐᲦᲐᲖᲘᲐ ᲒᲐᲔᲮᲡᲜᲐ. ᲡᲐᲛᲘ ᲐᲗᲬᲚᲔᲣᲚᲘᲡ ᲛᲐᲜᲫᲘᲚᲖᲔ ᲔᲡ ᲛᲪᲘᲠᲔ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲝ ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲘᲡ ᲒᲘᲒᲐᲜᲢᲐᲓ ᲘᲥᲪᲐ — 300-ᲖᲔ ᲛᲔᲢᲘ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲗ, 3000-ᲛᲓᲔ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲘᲗ ᲓᲐ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲙᲝᲜᲢᲘᲜᲔᲜᲢᲖᲔ ᲒᲐᲨᲚᲘᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲔᲑᲘᲗ.
დავით აღმაშენებლის ხეივანზე განლაგებული თეგეტა ჰოლდინგის სათავო ოფისი კომპანიის ისტორიას ერთდროულად რამდენიმე შრეზე მოგვითხრობს. გარეთ, მზის შუქზე საუცხოო მანქანები ბრწყინავენ — Porsche, Bentley, Lamborghini… ლობის კედელზე გამოფენილ ფოტოკოლაჟში კი მთავარი ვარსკვლავი Volkswagen LT 28-ა — “მანქანა ხალხისთვის”, ფუფუნებისა და ბზინვარების გარეშე, მაგრამ პრაქტიკული და დროში გამოცდილი. ეს მანქანა კარგად დაიმახსოვრეთ — მის გარეშე ეს ისტორია სულ სხვაგვარი იქნებოდა.
სანამ თემურ კოხოძეს სამყარო საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ჰოლდინგის დამფუძნებლად გაიცნობდა, მას (უფრო სწორად კი, მის კალიგრაფიას) უკვე ჰქონდა გარკვეულ წრეებში სახელი მოხვეჭილი. 1987 წელს ის საბჭოთა კავშირის ერთადერთი სატრანსპორტო სტრუქტურის, სოვტრანსავტოს ფოთის ფილიალში დისპეტჩერის მაგიდასთან იჯდა და ხელით ავსებდა საგზურებს — დღეში 70- 80 დოკუმენტს. კომპიუტერები ჯერ არ არსებობდა, იყო მხოლოდ შავი მელანი და საბჭოთა ბიუროკრატია.
“ვერავინ წერდა ჩემსავით, რაც კარგიც იყო და — ცუდიც. ცუდი იმიტომ, რომ დღის ბოლოს უკვე ხელი მტკიოდა ამდენი წერისგან”, — იხსენებს თემურ კოხოძე ღიმილით. გამართული რუსულის, ლამაზი ხელწერისა და თავდადებული შრომის კომბინაციამ მალევე განაპირობა მისი წინსვლა. რამდენჯერმე დააწინაურეს: 29 წლის ასაკში უკვე დირექტორის მოადგილე იყო და სოციალისტურ ქვეყნებსა და ირანში გადაზიდვებს მეთვალყურეობდა. თანამდებობას შავი ვოლგა 24-ც მოჰყვა — მანქანა, რომელიც უსიტყვოდ ატყობინებდა ყველას, რომ საბჭოთა კავშირის იერარქიული თამაშების საიდუმლო ამოხსენი, თუმცა ეს წარმატება დიდხანს არ გაგრძელებულა და არა იმიტომ, რომ თემურ კოხოძემ შრომა ან მონდომება დაიშურა. უბრალოდ, საბჭოთა კავშირი იშლებოდა და ყველა არტერია, რომელიც მისი სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურებოდა, ფუნქციას კარგავდა.
1991 წელს სოვტრანსავტომ ფოთის წარმომადგენლობა გააუქმა. თანამშრომლებიც და მანქანებიც მიმოიფანტნენ. სულ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის თემურსაც მოსკოვში შესთავაზეს პოზიცია. ეს უკვე აღარ იყო იგივე ქვეყანა, რომელშიც ის დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ იმ პირობებში, როცა გარშემო ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლებოდა, ბინა და გარანტირებული სამსახური კარგ სასტარტო პირობებად შეიძლება ჩათვლილიყო. ცოტა ხნით წავიდა კიდეც, მაგრამ მერე მამამ კატეგორიულად მოსთხოვა საქართველოში დაბრუნება. რუსეთში ფეხის მოკიდება სამშობლოსთან და მშობლებთან კავშირის გაწყვეტას ნიშნავდა, იმდროინდელ საქართველოს კი სხვა არაფერი გააჩნდა, გარდა ოჯახური კავშირებისა.
1992 წლის საქართველოს გახსენებაზე ახლაც ეღრუბლება სახე: შინ დაბრუნებულს ომებში, კრიმინალურ გარჩევებსა და სიბნელეში ჩაფლული ქვეყანა დახვდა. წინა ცხოვრებიდან მცირე დანაზოგი დარჩა. ოჯახი ცოტა ხნით უზრუნველყოფილი იქნებოდა, თუმცა მომავალი ისეთი გაურკვეველი ჩანდა, როგორიც — არასდროს. “ჩეხური სადისტრიბუციო მანქანა მქონდა და ცოტა ფულს ვშოულობდი. მერე ამ მანქანას რაღაცები გაუფუჭდა, ჩემი ხელით ვაკეთებდი და სხვებსაც ვუკეთებდი მანქანებს”, — იხსენებს თემურ კოხოძე. საპატიო თანამდებობიდან იმ რეალობაში აღმოჩენა, სადაც ძლივს ირჩენდა თავს, მარტივი არ ყოფილა, მაგრამ “წარსულზე თუ დიდხანს იფიქრებ, წინ ნაბიჯს ვერ გადადგამ, ასეთ დროს კი თითოეული დღე ძვირფასია”.
თავი რამდენიმე ბიზნესში მოსინჯა, მაგრამ — უშედეგოდ. ამ წარუმატებელმა მცდელობებმა უბიძგა, ყურადღება ისევ იმისკენ მიემართა, რაც კარგად იცოდა. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს საავტომობილო ბაზრის შესწავლა, უფრო სწორად — იმის, რაც ბაზრისგან დარჩენილიყო. ასე გაიგო, რომ აკორდეონის სტრუქტურის მქონე “იკარუსების” სათადარიგო ნაწილების მარაგი უკვე ამოწურულიყო და ბაზარზე დიდი დეფიციტი იყო. თუ ვინმე შეძლებდა “იკარუსის” ნაწილების ქვეყანაში შემოტანას, მთელი სატრანსპორტო სისტემა ამოისუნთქავდა. თუმცა ეს საქმე სოლიდურ კაპიტალს საჭიროებდა, რომელიც იმ დროს არ გააჩნდა. ახლობელმა $50,000 ასესხა პროცენტით, რაც მძიმე პასუხისმგებლობა და დიდი რისკი იყო. სანამ ბუდაპეშტისკენ გაემგზავრებოდა, კარგად შეისწავლა, რა ნაწილები სჭირდებოდათ ქართულ სატრანსპორტო ცენტრებს, მერე თანხის დაზოგვის მიზნით გრძელი გზით ჩავიდა ბუდაპეშტში და პირისპირ აღმოჩნდა ადამიანებთან, რომელთაც ჰქონდათ ის, რაც საქართველოს მოძრაობის გასაგრძელებლად სჭირდებოდა — “იკარუსის” სათადარიგო ნაწილები.
ბუდაპეშტიდან თბილისამდე 8-დღიანი მგზავრობა “თეგეტას” დამფუძნებლისთვის და, როგორც შემდეგ გამოჩნდა, საქართველოს ეკონომიკისთვისაც გარდამტეხი აღმოჩნდა. “ვიყიდე Volkswagen-ის კომერციული მოდელი LT-28, ორტონიანი სატვირთო მანქანა და ავტონაწილებით დავტვირთე. წონის ლიმიტში რომ ჩავტეულიყავი, რაღაცების ამოკლებაც დამჭირდა. ვიცოდი, ევროპაში ამიწონიდნენ და შეიძლება პრობლემა ყოფილიყო”, — იხსენებს თემურ კოხოძე. რთულია, არ დაინახო პარალელები გმირის მოგზაურობის ნარატიულ ხაზთან, რომელიც ყველა დიდებულ ისტორიას გასდევს. სახლის დატოვების გარეშე არც ერთი ლეგენდა არ იწყება. უკან დასაბრუნებელი გზა კი ყოველთვის თავსატეხებით და განსაცდელით არის სავსე.

მანამდე თემურ კოხოძეს სატვირთო მანქანა არასდროს უმართავს. დამღლელ გზაზე სიფხიზლის შესანარჩუნებლად ლიმონი მოიმარაგა. “სოვტრანსავტოს ქართველი მძღოლები ტყემალს იყენებდნენ ხოლმე, მაგრამ უნგრეთში სად ვიშოვიდი ტყემალს”, — ამბობს ღიმილით. თითოეული საზღვრის გადაკვეთა ძვირად დაუჯდა — როგორც ნერვებისა და დროის, ისე — თანხის კუთხით. ქრთამი პოსტსაბჭოთა სამყაროსთვის ოპერირების ერთადერთი მიღებული ფორმატი იყო. არავითარი მობილური ტელეფონი, არავითარი GPS. მხოლოდ ქაღალდის რუკა და შეგრძნება, რომ რაგინდ რთული იყოს ეს გზა, მაინც გასავლელია.
რუმინეთში შესვლისას თემურ კოხოძე გააფრთხილეს, რომ ამ ქვეყანაში გაჩერება არ შეიძლებოდა, თორემ აუცილებლად გაძარცვავდნენ. ურჩიეს, არც წითელ შუქზე გაჩერებულიყო, მაგრამ ერთ-ერთ ქალაქში, შუქნიშანზე მაინც გაჩერდა, ალბათ, შინაგანი წესიერებისა და ღრმად გამჯდარი ჩვევის გამო. მალევე იგრძნო, რომ ვიღაც მანქანის კარების გაღებას ცდილობდა. სატვირთო დაძრა, რომ თავდამსხმელები მოეშორებინა და ბულგარეთამდე აღარ გაჩერებულა. თურქეთში რამდენიმე დღით დააყოვნეს — ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გამცილებელი კოლონის თანხლებით შეიძლებოდა, კოლონა კი ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი. მისი გადაღლილობა უკვე პიკს აღწევდა და ამ ყველაფერთან ერთად, ტერიტორიიდან გასვლაც არ შეიძლებოდა. “ამ დროს “იკარუსის” ორი ქართველი მძღოლი შემხვდა. მაშინ თურქეთში ხშირად დადიოდნენ ქართველები, ვაჭრობდნენ, წვალობდნენ და ცდილობდნენ, ოჯახის სარჩენი ფული ეშოვათ. როცა ავუხსენი, რომ “იკარუსის” სათადარიგო ნაწილები მომაქვს, გაგიჟდნენ სიხარულით. დაინახეს, რა დაღლილი ვიყავი, გაუპარსავი, მოუწესრიგებელი და შემომთავაზეს, ჩვენთან გადმოჯექიო. სულ ბოლოში სკამები რომ არის, იქ მოვთავსდი. ერთი მძღოლი ჩემს მანქანას მართავდა და ნახევარი თურქეთი ასე გამოვიარეთ. როგორც იქნა გამოვიძინე”.
ასე აღიდგინა ძალები თემურ კოხოძემ “იკარუსში” — სწორედ იმ ტრანსპორტში, რომლისთვისაც სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდა.
ხანდახან ისტორია თავად წერს საკუთარ თავს.
პირველი მაღაზია 1995 წლის აგვისტოში დელისის მეტროს მახლობლად გახსნა. კომპანია, რომელსაც მაშინ ავტოექსპორტი ერქვა, ავტობუსის ნაწილების ერთადერთი ოფიციალური იმპორტიორი იყო საქართველოში. ამავე წელს ქვეყანაში დღგ-ის გადასახადი შემოვიდა და ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ორგანიზაციებს საქონლის შესყიდვისას შესაბამისი საბუთის მიღება შეეძლოთ. გარეთ ისევ სრული განუკითხაობა სუფევდა, მაგრამ თემურ კოხოძეს მტკიცედ სჯეროდა, რომ გარეთ გამეფებულმა ქაოსმა თამაშის წესები არ უნდა გიკარნახოს: “ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე და გრძელ ვადაზე მინდოდა ყველაფრის გათვლა”. ამ მოსაწყენმა ადმინისტრაციულმა სამუშაომ “ავტოექსპორტს” კონკურენტული უპირატესობა მოაპოვებინა. “იკარუსის” სათადარიგო ნაწილების ნომრები ამდენი წლის შემდეგაც ახსოვს — ყველაზე პატარა დეტალების სპეციფიკაციების ჩათვლით.
1996 წლისთვის კომპანიის მოგება თვიურად $100,000-ს შეადგენდა, თუმცა მხოლოდ “იკარუსზე” იმედების დამყარება აღარ შეიძლებოდა. უნგრული კომპანიის ისტორია დასასრულს უახლოვდებოდა. ბიზნესი დიდი სატვირთო მანქანების მომსახურებაზე გადაერთო და, სათადარიგო ნაწილების გარდა, საბურავების გაყიდვაც დაიწყო. ამ დიდ მანქანებს უჭირდათ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩერება და დღის წესრიგში ახალი ადგილის პოვნა დადგა. ავტოექსპორტმა კლიენტის დაკვეთას უპასუხა და დიღომში გადაინაცვლა — იმ შენობაში, რომელსაც ახლაც წითელქუდას სახელით იცნობენ. ადრე ამ ადგილას სასკოლო ნივთები და სათამაშოები იყიდებოდა.
“ნებისმიერი მომსვლელი, ვინც გვიკავშირდებოდა და კითხულობდა მისამართს, ახსნის შემდეგ გვეუბნებოდა: ააა, წითელქუდას შენობაში? ჰოდა, ავდექი და დავაწერე ისევ გარედან “წითელქუდა”, — იხსენებს თემურ კოხოძე. არადა, მაღაზიას სულ სხვა სახელი ერქვა და ავტონაწილებს ყიდდა.
თითოეული გაფართოება წინა წამოწყების ლოგიკური გაგრძელება იყო. კომპანია, რომელმაც საქმიანობა “იკარუსის” ნაწილების გაყიდვით დაიწყო, შემდეგ სპეცტექნიკის მომსახურებაზე გადაერთო, ამის შემდეგ კი — საბურავებზე.
1998 წელს თემურ კოხოძე ფრანკფურტის Automechanika-ს გამოფენას დაესწრო. 27 ჰექტარზე გადაჭიმული გამოფენა საავტომობილო ინდუსტრიის ბოლო ინოვაციებით იყო სავსე, თუმცა ტექნოლოგიის გარდა, ცნობისმოყვარე ვიზიტორის თვალს ბევრი სხვა რამეც იტაცებდა. ინიშნავდა, როგორ ანაწილებდნენ და იყენებდნენ გერმანელები სივრცეს, როგორ წარმოადგენდნენ პროდუქტებს გლობალური ბრენდები და როგორ ურთიერთობდნენ მომხმარებლებთან. 90-იანების საქართველოდან ჩასული ბიზნესმენისთვის ეს ყველაფერი ახალი და საინტერესო იყო.
გამოფენიდან საქართველოში დაბრუნებულს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სწორედ ეს სჭირდებოდა მის კომპანიას — ევროპული სტანდარტები და მიდგომები. “თითქოს უკეთესობა იყო ქვეყანაში 1992 წელთან შედარებით, მაგრამ ევროპისგან მაინც ძალიან შორს ვიყავით. ევროპული სტენდი რომ დაგედგა და იქაური სკამები რომ შემოგეტანა, ესეც კი გარღვევად ითვლებოდა”. თემურ კოხოძემ თანამშრომლებს სამკერდე ნიშნების ტარება დაავალა, მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციფიკა განუსაზღვრა და შესაბამისი ფორმებით უზრუნველყო. როცა კლიენტები წითელქუდაში შემოდიოდნენ, ისინი პროდუქტების გარდა იმასაც ხედავდნენ, როგორი შეიძლება იყოს ქართული კომპანია, რომელიც ევროპული სტანდარტებით მუშაობს.

ფრანკფურტის გამოფენამ თემურ კოხოძეს მნიშვნელოვანი კონტაქტები შესძინა და იმ ევროპული კომპანიებისთვის, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალების მოსინჯვას აპირებდნენ, საიმედო პარტნიორად აქცია. Hofmann Machinery-სთან თანამშრომლობა პირველ პრეცედენტად იქცა; 1998 წელს თეგეტა გლობალური ბრენდის, Bridgestone-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა. პოსტსაბჭოთა საქართველოს ავტოინდუსტრიაში ეს გარდამტეხი ნაბიჯი იყო, რომელმაც სამომავლოდ არაერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას გაუხსნა ასპარეზი.
2005 წელს თეგეტა სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ბრენდის, MAN Truck and Bus-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. თემურ კოხოძე საგულდაგულოდ სწავლობდა, როგორ ფუნქციონირებდა მიუნხენში MAN-ის ვიზიტორთა ცენტრი როგორც ფიზიკურ, ისე — ოპერაციულ დონეზე. მისი პიროვნული ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ღერძი სწორედ ეს არის — თუ რაიმეს აშენებას აპირებ, ყველაზე მაღალ სტანდარტებზე უნდა გათვალო და მერე ეს სტანდარტებიც გააუმჯობესო. ამის დასტურია თბილისში, გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე თეგეტას MAN-ის სტანდარტებით აშენებული ფილიალი, რომელსაც გერმანული ბრენდის A სტანდარტი მიენიჭა.
2007 წელს EBRD-ის თანადაფინანსებით კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიფუნქციური სერვისცენტრი აშენდა, სადაც თეგეტა მოტორსის სათავო ოფისი განთავსდა. ამ შენობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Porsche-ს წარმომადგენლებზე, რომლებიც საქართველოში მსგავსს არაფერს ელოდნენ. ევროპული ინფრასტრუქტურა, კარგად გამართული დოკუმენტაცია და კომპანიის დნმ-ში ჩადებული სწრაფვა სრულყოფილებისაკენ — სწორედ ამ ელემენტებმა განაპირობა, რომ 2011 წელს თეგეტა საქართველოში Porsche-ს ოფიციალური იმპორტიორი გახდა.
თეგეტას წარმატებაზე რიცხვები თავისით მეტყველებენ. დღეს თეგეტა ჰოლდინგი 300-ზე მეტ გლობალურ ბრენდს წარმოადგენს და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. საქართველოს ავტობაზარი, რომელიც მშპის დაახლოებით 2%-ს შეადგენს, 2015-2019 წლებში წლიურად 15-20%-ით იზრდებოდა, სანამ პანდემიამ არ შეაფერხა. თეგეტამ რთულ პერიოდში ლიდერობა ინფრასტრუქტურული უპირატესობით შეინარჩუნა: ბრენდების დივერსიფიცირებული პორტფელით, ევროპული სტანდარტის სერვისცენტრებით და ინოვაციებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებით.
თემურ კოხოძე 2017 წელს დაფუძნებული თეგეტა აკადემიით განსაკუთრებით ამაყობს. აკადემია ტექნიკური კადრების დეფიციტის მწვავე პრობლემას აგვარებს და სერვისცენტრებს საუკეთესო კადრებით უწყვეტად ამარაგებს.
2019 წელს თეგეტა კაპიტალის ბაზარზე შევიდა, გერმანული სააგენტო Scope Ratings-ისგან საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა და 30 მილიონი ლარის მოცულობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. 2024 წლისთვის ობლიგაციების საერთო მოცულობამ 392 მილიონ ლარს მიაღწია, რაც კომპანიისადმი უპრეცედენტო ნდობას ადასტურებს ქვეყანაში, სადაც კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი ჯერ კიდევ აუთვისებელია.
2024 წელი სხვა კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო — თეგეტას პორტფელს ულტრაპრემიუმ- -ბრენდები, Bentley და Lamborghini დაემატა. რეგიონალური გაფართოებაც აჩქარდა. თეგეტა სომხეთსა და აზერბაიჯანში Bridgestone-ის დისტრიბუტორი გახდა და ამჟამად ათამდე ბრენდს წარმოადგენს რეგიონის მასშტაბით. „ის გლობალური ბრენდები, რომლებთანაც ამდენწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს, ყველა ქვეყანაში მოგვყვებიან, სადაც მივდივართ”, — აღნიშნავს თემურ კოხოძე სიამაყით.

კითხვაზე, ამ გადმოსახედიდან რა რჩევას მისცემდა საკუთარ თავს 1995 წელს, თემურ კოხოძე პასუხობს, რომ “ცოტა ადრე ასწევდა თავს რუტინიდან, გარემოს შეათვალიერებდა და მეტ შესაძლებლობას დაინახავდა”. მერე ამატებს, რომ ამ რჩევას მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ნებისმიერ ადამიანს მისცემდა. საკმაოდ რთულია, რომ ყველაზე მცირე დეტალებსაც კი მიაქციო ყურადღება, მაგრამ ამავე დროს დიდი სურათიც მუდმივად გონებაში გქონდეს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. როცა სისტემას აშენებ, თითოეული აგური მნიშვნელოვანია, ამის შემდეგ კი საკუთარ ნამუშევარს ნდობა უნდა გამოუცხადო და სტრატეგიაზე ფოკუსირდე.
თეგეტასთვის კავკასიაში პოზიციების გაძლიერება ლოგიკური მომდევნო ნაბიჯია, თუმცა თემურ კოხოძე ღიმილით აღნიშნავს, რომ “კავკასია, ჩვენ გარდა, მხოლოდ ორი ქვეყანაა”. თეგეტასა და მის მენეჯმენტს ბევრად ამბიციური მიზნები აქვთ. ამჟამინდელი ფოკუსი ცენტრალურ აზიაზეა. ფორმულა უკვე არსებობს: ჯერ უნდა იპოვო ქვეყნები, სადაც ევროპული სტანდარტების მომსახურების შეტანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ააშენო გრძელ ვადაზე გათვლილი ინფრასტრუქტურა და მერე დაუღალავად აუმჯობესო ის, რასაც აკეთებ.
თემურ კოხოძის ლიდერობის სტილი ქართული ხასიათისა და ევროპული მიდგომების უნიკალური ნაზავია. კომპანიის შენების ადრეულ ეტაპზე პატარა გუნდის თითოეულ წევრს კარგად იცნობდა, მათი გასაჭირიც და სიხარულიც გულთან მიჰქონდა: “ერთმანეთის ოჯახებში დავდიოდით სტუმრად, ვიცნობდით მეუღლეებსა და შვილებს. ეს სხვანაირ პასუხისმგებლობას გაკისრებს შენი გუნდის მიმართ”. 3000-მდე თანამშრომლისგან შემდგარ კომპანიაში, ცხადია, პრინციპები იცვლება. “მე მჯერა, რომ კარგად უნდა იცოდე შენი თანამშრომლის საჭიროებები, თორემ შენიანი ვერ გახდება. მენეჯერებთან ისევ მაქვს ახლო ურთიერთობა, მათ საკუთარ გუნდთან უნდა ჰქონდეთ ასეთივე დამოკიდებულება და ასე შემდეგ”, — ამბობს თემურ კოხოძე. ერთი მხრივ, მომხმარებლის, მეორე მხრივ კი, თანამშრომლების კმაყოფილება თეგეტასთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო. თემურ კოხოძე დარწმუნებულია, რომ ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა, რათა ბოლომდე გაიბრწყინონ. ამაში იგულისხმება ინფრასტრუქტურაც, სწავლებაც და კარიერული წინსვლის პერსპექტივებიც.
თემურ კოხოძემ ყველაფერი, რამაც 1998 წლის გამოფენაზე ასე მოხიბლა, საკუთარი კომპანიის განუყოფელ ნაწილად აქცია. “სინამდვილეში ევროპული მიდგომები ჩვენთან ძალიან ახლოსაა. სიზარმაცე, გარკვეული ტიპის შრომისთვის ცხვირის აბზუება, უხარისხოდ საქმის კეთება — ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირმა მოიტანა, მაგრამ გულის სიღრმეში ზუსტად ვიცით, რა როგორ მუშაობს და როგორ უნდა მუშაობდეს”, — ამბობს ის.
თეგეტა 2025 წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. მომდევნო ათწლეულის მიზნები უკვე გაწერილია და თემურ კოხოძე დარწმუნებულია, რომ მისი ხედვა, უნიკალური გამოცდილება და უცნობ ტერიტორიებზე ოსტატურად ნავიგაციის უნარი კიდევ დიდხანს გამოადგება კომპანიას. რაც თემურ კოხოძეს პოსტსაბჭოთა პერიოდის სხვა მეწარმეებისგან გამოარჩევს, არც მასშტაბია და არც წარმატება — ეს მისი პიროვნული მახასიათებლებია. როცა სხვები ქაოსს მოცემულობად იღებდნენ და ცდილობდნენ, უწესრიგობას მორგებოდნენ, მან გადაწყვიტა, თავისი ხელებით შეექმნა კომპანია, რომელიც არა აწმყოზე, არამედ მომავალზე იქნებოდა გათვლილი.
“წარმატება გამბედაობის გარეშე არ არსებობს, — მეუბნება საუბრის ბოლოს. — ყველანაირ რისკზე წავსულვარ, არც დიდი ფინანსური ვალდებულება მაშინებდა და არც — ქვეყნის არასტაბილური გარემო. იმას ვაკეთებდი, რისიც მჯეროდა”.
ცოტა ხნით ყოვნდება, მერე კი აგრძელებს: “მაგრამ კიდევ ერთი რამეა — კარგად უნდა იცოდე, რასაც აკეთებ. უმცირეს დეტალებამდე. თუ შენი იდეის გჯერა, მთებს გადადგამ”.
თემურ კოხოძე იმ Volkswagen-ს, რომლითაც თეგეტას საფუძველი ჩაეყარა, დღესაც ფლობს. ეს არტეფაქტი ახსენებს, რომ დიდი ისტორიები ხშირად სწორედ ასე იწყება: ნასესხები ფულით, ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნით და შეუპოვრობით.
30 წლის შემდეგ თეგეტა ამ იდეას 3000-მდე ადამიანთან ერთად ემსახურება. 28 სერვისცენტრი და თანამშრომლობა მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან — ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ჯიუტი რწმენით დაიწყო, რომ სისტემების შენება მნიშვნელოვანია, თუნდაც — ქაოსში.
უფრო სწორად კი, განსაკუთრებით — ქაოსში.