ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმოხილვა

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმოხილვა

(ავტორი: რევაზ გერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და მისი რეალური ზრდის ტემპი ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია. ეკონომიკური ანალიზისთვის, როგორც წესი, მშპ-ს კვარტალური და წლიური მონაცემის განხილვა ხდება. კვარტალური მაჩვენებლისგან განსხვავებით, რომელიც შესაძლებელია რყევებით ხასიათდებოდეს, მშპ-ს რეალური ზრდის გრძელვადიანი ტენდენცია ინვესტორებისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი სტრუქტურებისთვის, ანალიტიკოსებისთვის და ეკონომისტებისთვის ძირითად განსახილველ მაკროეკონომიკურ პარამეტრს წარმოადგენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6 838,4 მლნ. ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით მისი რეალური ზრდის ტემპი 3.2%-ით განისაზღვრა.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (* წინასწარი მონაცემები)

რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურას აქ ყველაზე დიდი წილი მრეწველობას (16.5%) და ვაჭრობას (16.1%) უჭირავს. შემდეგ პოზიციებს კი იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11.9%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9.4%), სახელმწიფო მმართველობა (9%), მშენებლობა (6.3%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6.1%).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (* წინასწარი მონაცემები)

2015 წლის პირველ კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის 3.2%-იანი რეალური ზრდა  განპირობებულია შემდეგი სექტორების ზრდით: სამთომოპოვებითი მრეწველობა (22.9%), მშენებლობა (17.2%), სასტუმროები და რესტორნები (8.9%), საფინანსო საქმიანობა (8.9%), ტრანსპორტი (8.4%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8.3%), კავშირგაბმულობა (5.4%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5.2%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (4.5%) და განათლება (4.3%). რაც შეეხება სეტორებს, რომლებმაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება განიცადეს, ესენია: დამამუშავებელი მრეწველობა (5.2%) და ვაჭრობა (2.5%).

ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რკინიგზის ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრასნპორტირების მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია, შესაბამისად, მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების და ტრანსპორტის სფეროს რეალური ზრდა.

ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებამ დამამუშავებელი მრეწველობის სფეროს დამატებული ღირებულების შემცირება გამოიწვია. ვაჭრობის სფეროში უარყოფითი ზრდის ტემპი ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებით არის განპირობებული.

საერთაშრისო სავალუტო ფონდმა 2015 წლის საქართველოს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა. მაისის თვის „რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის“ დოკუმენტში მოცემულია საერთაშრისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის მომავალი შესუსტება, რაც განპირობებული იქნება მომხმარებლების დაბალი მსყიდველობითუნარიანობით, რუსეთიდან უარყოფითი გადადინების ეფექტებით და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. ეს უკანასკნელი უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოზე, როგორც საერთაშორისო ფინანსური ბაზრის მსესხებელზე. დამატებით, რეგიონში ეროვნული ვალუტების კურსების გაუფასურების ფონზე გაიზრდება ინფლაციური წნეხი.

საქართველოსთვის, ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერება. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებით  ქართული ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიკაცია.

გააზიარე