"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

ქართული თხილის ბაზრის ანალიზი

ქართული თხილის ბაზრის ანალიზი

თხილი უკვე წლებია, რაც ათი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფის შემადგენელი ნაწილია. ბოლო პერიოდში ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ საგრძნობლად იმატა, თხილის ექსპორტის პროცენტულმა წილმა კი 2014 წლის მდგომარეობით, მთლიანი ექსპორტის 6.4% შეადგინა. გაზრდილია თხილის წარმოებაც. 2013-2014 წლების განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული თხილის მოცულობამ თითქმის 40 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლებში თხილის წარმოება საშუალოდ  25 ათასი ტონა იყო.

თუ თხილის მსოფლიო ბაზარს გადავხედავთ, დავინახავთ რომ საქართველო თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანათა ხუთეულშია. მსოფლიო კაკლოვანი კულტურებისა და მშრალი ხილის კონგრესის (World Nuts and Dried Fruit Congress) ანგარიშის თანახმად, 2012 წელს საქართველოს თხილის მწარმოებელ ქვეყანათა რეიტინგში მეხუთე ადგილი ეკავა (თურქეთის, იტალიის, აშშ-სა და აზერბაიჯანის შემდეგ). 2013 წლისათვის ერთი ადგილით წინ გადმოიწია და მეოთხე ადგილი დაიკავა (გადაასწრო აზერბაიჯანს), ხოლო პროგნოზის თანახმად, 2014-2015 წლებისთვის თურქეთისა და იტალიის შემდეგ, საქართველო წარმოებული თხილის რაოდენობით მე-3 ადგილზე იქნება მსოფლიოში. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველო თურქეთის შემდეგ რეიტინგით მეორე ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში. 2013 წლის მონაცემებით, თხილის მსოფლიო ექსპორტის 66% თურქეთზე მოდის, 11% საქართველოზე, 7% იტალიაზე, ხოლო 16% დანარჩენ ქვეყნებზე. როგორც ვხედავთ, თხილის წარმოებისა და ექსპორტის კუთხით საქართველო მსოფლიო ბაზარზე წინ მიიწევს და საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. სიტუაციის უკეთ გასაანალიზებლად უფრო დეტალურად გადავხედოთ ქართული თხილის ექსპორტის დინამიკას.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2009 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე თხილის ექსპორტის ღირებულება ზრდის ტრენდით ხასიათდება, 2012 წელს იკლებს (რაც გამოწვეულია 2012 წელს თხილის წარმოების 21%-იანი შემცირებით წინა წელთან შედარებით), ხოლო 2013-2014 წლებში კვლავ იზრდება. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა 2013 წელს, როდესაც თხილის ექსპორტის ღირებულება თითქმის გაორმაგდა (2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 99%-ით გაიზარდა). მსგავსი დინამიკა გვაქვს ექსპორტირებული თხილის მოცულობის მხრივაც. გამონაკლისს წარმოადგენს 2014 წელი, ვინაიდან 2014 წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობამ წინა წელთან შედარებით იკლო, ექსპორტის ღირებულებამ კი იმატა, რაც ნათლად მიუთითებს ექსპორტირებული თხილის ფასის ზრდაზე.

           წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

2014 წელს თხილის მსოფლიო ფასი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თხილის ექსპორტიორ ქვეყანათა შორის მეორე ადგილზეა, მცირე საბაზრო წილის გამო ის  მაინც ვერ ახდენს გავლენას თხილის საბაზრო ფასის ფორმირებაზე. თხილის ფასს თურქეთი, ბაზრის მთავარი მოთამაშე, განსაზღვრავს (როგორც აღვნიშნეთ თურქეთზე თხილის მსოფლიო ექსპორტის 66% მოდის). რამ განაპირობა თურქეთის მიერ თხილის ფასის ზრდა? 2014 წელს ძლიერი ყინვების გამო დაზიანდა თურქული თხილის მოსავალი. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად, 2014 წელს წინა წელთან შედარებით თხილის წარმოება 25%-ით შემცირდა (2013 წელს თურქეთში თხილის წარმოებამ 549 ათასი ტონა შეადგინა, 2014 წელს კი 412 ათასი ტონა). წარმოების შემცირებამ თურქული თხილის ფასის 85%-იანი ზრდა გამოიწვია (თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2013 წელს თხილის საშუალო წლიური ფასი 5 ლირა იყო, ხოლო 2014 წელს 9 ლირა). თურქული თხილის გაძვირებამ გავლენა იქონია თხილის საბაზრო ფასზე, რის შედეგადაც გაიზარდა ქართული თხილის ფასი და შესაბამისად ექსპორტის ღირებულება.

როგორი იქნება ქართული თხილის ექსპორტის მომავალი? ამის პროგნზირება რთულია, თუმცა ფაქტია რომ აღნიშნული დარგი ყოველწლიურად მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბაზარზე და ვითარდება სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე. მაგრამ, ის კვლავაც რჩება რიგი გამოწვევების წინაშე. როგორც 2014 წლის მაგალითზე დავინახეთ ქართული თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია საბაზრო ფასზე, რომელის ფორმირებაშიც ის მცირე საბაზრო წილის გამო მონაწილეობას ვერ იღებს. მართალია, ქართული თხილის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირია (თხილის დიდი ნაწილი გადის იტალიასა და გერმანიაში), მაგრამ მისი ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე არც ისე მაღალია. გარდა ამისა საჭიროა, რომ ქართული თხილი შეესაბამებოდეს ევროპის ბაზრის მკაცრად გაწერილ სტანდარტებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად და დარგის პოტენციალის გასავითარებლად კი საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რათა ამაღლდეს ქართული თხილის  ცნობადობა და მოიძებნოს გასაღების სტაბილური ბაზრები.

გააზიარე