CV პარადოქსი: რატომ უნდა დავასაქმოთ სამუშაო გამოცდილების არმქონე?

არგუმენტები, თუ რატომ უნდა დავასაქმოთ დიდი სამუშაო სტაჟისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი ჩვენს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, საკმარისზე მეტია. მათ ჩამოთვლას, ცხადია, არ ვაპირებ. გაცილებით საინტერესოა, როგორ შეიძლება გამოუცდელმა კანდიდატმა გამოცდილზე უკეთ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.

დავიწყოთ სულ თავიდან: თქვენ აცხადებთ ვაკანსიას და გულისყურით გაწერთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პოზიციის შესაბამის მოვალეობებს და სურვილისამებრ, პიროვნულ თვისებებს.  ითხოვთ გამოცდილ, მოწესრიგებულ, მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც გახდება თქვენი გუნდის წევრი და პასუხისმგებლობით მოეკიდება დაკისრებულ საქმეს. გამოცხადებულ ვაკანსიას ეცნობა ასობით ადამიანი და თქვენ კომპანიაში შემოდის აპლიკაციები.

მოდით, გადავხედოთ სტატისტიკას:

უკანასკნელი მონაცემები, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამუშავდა, უმუშევრობის დონესთან მიმართებაში, ასე გამოიყურება:

გამოდის, რომ ახალგაზრდა, შრომისუნარიან სამუშაო ძალაში ყველაზე მაღალია უმუშევრობა: 31.8% 15დან 19 წლამდე ასაკის კანდიდატებში, ხოლო 30,5% 20დან 24 წლამდელთა ჭრილში.

თუ შრომისუნარიანი მოსახლეობის 62,3% 24 წლამდე ასაკისაა, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მათ ძალიან მწირი სამუშაო გამოცდილება აქვთ, ან არ აქვთ გამოცდილება საერთოდ. ჰკითხეთ, თქვენს გარშემო მყოფ, სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდას, როგორ ლახავს სამუშაო სტაჟის მრავალწლიან მოთხოვნას? თუ არ დასაქმდა, სტაჟიც არ დაგროვდება, მეთანხმებით? მაშ, გამოდის, ერთგვარი ჩაკეტილი წრეა ახალგაზრდებისთვის - მათ სურთ მუშაობა, დამსაქმებელს კი არ სურს გამოუცდელი კანდიდატურის განხილვაც კი. გამოსავალი შესაძლოა სტაჟირება იყოს, რომელიც სულ უფრო ნაკლები პოპულარულობით სარგებლობს სტუდენტებს შორის. სტაჟირების ხანგრძლივი პერიოდი, არაანაზღაურებადი ფორმატი, მისი ინტეგრირება სასწავლო პროცესთან უკიდურესად რთულია, მინიმალური ანაზღაურების გამომუშავება კი რიგ შემთხვევებში სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ახლა დავუბრუნდეთ კომპანიაში შემოსულ აპლიკაციებს და თქვენი, როგორც დამსაქმებლის პრაგმატულ გადაწყვეტილებას.

რა უპირატესობა აქვს სამუშაო სტაჟის არმქონე კანდიდატს?

1. ის სწორად აფასებს საკუთარ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე და ხვდება, რომ გამოცდილი კანდიდატი უპირატეს მდგომარეობაშია. თუ მას მიეცემა თქვენ კომპანიაში მუშაობის შანსი, მისი მოტივაცია ერთი ორად აღემატება თქვენთან მომუშავე, ორშაბათმოძულე და პარასკევმოყვარე თანამშრომლებს. ეს ერთგვარი გარანტია დაკისრებული სამუშაოს კარგად შესრულების;
2. მას არ გააჩნია ნეგატიური სამუშაო უნარჩვევები, რომელიც საშუალებას მისცემს მოდუნდეს ხელმძღვანელის სამსახურში არყოფნის პერიოდში, მოქნილად დააღწიოს თავი საპასუხისმგებლო სამუშაოს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს რომელ მომხმარებელს უკეთ მოემსახუროს და ა.შ.
3. ის არ აზროვნებს სტერეოტიპულად. განსხვავებით გამოცდილი თანამშრომლისგან, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული ქცევის სტანდარტი აქვს ყველა სიტუაციაში, გამოუცდელი თანამშრომელი მეტად ამჟღავნებს ინოვაციურ, ახლებურ მიდგომას სამუშაოსთან მიმართებაში,  პრობლემის გადაჭრისადმი აქვს განსხვავებული მიდგომა. მისი გამოუცდელობა ახალი იდეების გენერირების კარგი წყაროა თქვენი კომპანიისთვის;
4. მას არ აქვს პრეტენზია მიიღოს რაც შეიძლება მაღალი ანაზღაურება თქვენგან. მსგავსად მრავალი გამოცდილი კანდიდატისა, არ აწესებს ხელფასის არარეალურ მინიმალურ ზღვარს, სანაცვლოდ კი ორმაგი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს. ფინანსური თვალისაზრისით ეს შესაძლოა კარგი ინვესტიცია იყოს თქვენი კომპანიისთვის.

დაიბენით და არ იცით, რის შესახებ ესაუბროთ ცარიელი CV-ს მქონე კანდიდატს გასაუბრებაზე?

იკითხეთ, რამდენად ფლობს თქვენი კომპანიისა და გამოცხადებული ვაკანსისს შესახებ ინფორმაციას, რამდენად მოიძია მონაცემები ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებლების შესახებ. გახსოვდეთ, გამოცდილების არქონის მიუხედავად, კანდიდატს აუცილებლად ექნება ცხოვრებისეული მიღწევები: უმაღლესი შეფასება საუნივერსიტეტო პროექტში, აკადემიური მოსწრება და GPA, სასწავლო ოლიმპიადისა თუ კონკურსებში მონაწილეობის შედეგები დაგანახებთ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს: მის მისწრაფებას პირველობისკენ, შრომისუნარიანობას, შემოქმედებით აზროვნებას, დროის მენეჯმენტს კომუნიკაციურ უნარჩვევებს.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, ახალგაზრდა მოსახლეთა უმუშევრობის მაჩვენებელი საშუალოდ სამჯერ ნაკლებია ვიდრე საქართველოში. ფაქტია, გამოცდილების არმქონე კანდიდატები ცივილიზებულ სამყაროში მომუშავე კომპანიებს ნაკლებად აშინებს. ნუ გეშინიათ თქვენც.

ნინო ენუქიძე. ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის მართვის ინსტიტუტი

წინა სტატია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში
16 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

ლიდერობის რეცეპტი
25 მარტი, 2016
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker