"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

სადაზღვევო ბაზარი საქართველოში

სადაზღვევო ბაზარი საქართველოში

რომელი სადაზღვევო პროდუქტია ყველაზე პოპულარული საქართველოში?

დაზღვევა რისკის მართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც მის მოსარგებლეს საშუალებას აძლევს რისკის დადგომის შედეგად წარმოქმნილი ზარალი თავიდან აიცილოს. პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში 1990 წელს დაარსდა, ხოლო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის  სამსახური 1997 წლიდან ფუნქციონირებს. ამ პერიოდისათვის (1997 წელი) ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული იყო 25 სადაზღვევო კომპანია, დღეისათვის კი მათი რიცხვი 14-ს შეადგენს.

ქვეყანაში არსებული სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობენ, რომელთა რიცხვიც 18-ს აღწევს. 2015 წლის 30 სექტემბრისათვის, ქვეყანაში  1 357 194 სადაზღვევო პოლისი მოქმედებდა, მათი 83% კი შემდეგ ოთხ პროდუქტზე ნაწილდებოდა: ჯანმრთელობის დაზღვევა – 39%, სიცოცხლის დაზღვევა – 24%, უბედური შემთხვევის დაზღვევა – 12%, სამოგზაურო დაზღვევა – 8%. სიცოცხლისა და მოგზაურობის დაზღვევის დიდი წილი (95% და 59% შესაბამისად) საცალო პოლისებზე მოდის, უდებური შემთხვევიბისაგან დაზღვევის უდიდესი წილი (მთლიანი მოქმედი პოლისების 68%) კორპორატიულ პოლისებზე, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებს კორპორატიული და სახელმწიფო დაზღვევა თითქმის თანაბრად ინაწილებენ (49% და 45% შესაბამისად).

სადაზღვევო პოლისების რაოდენობის მსგავსად, მოზიდული პრემიების მიხედვითაც, ყველაზე მეტი პროცენტული წილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის (44%). თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა დანარჩენი სადაზღვევო პროდუქტების შემთხვევაში. თუ სადაზღვევო პოლისების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე სიცოცხლის დაზღვევა იყო, მესამეზე კი უბედური შემთხვევის დაზღვევა, მოზიდული პრემიების მიხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ მოზიდული პრემიების ყველაზე დიდი წილი ქონებისა (20%) და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების (15%) დაზღვევაზე მოდის. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში, კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიების მოცულობა მერყევი ტენდენციით ხასიათდება. წლის პირველი სამი კვარტალის მდგომარეობით, მოზიდული სადაზღვევო პრემიების მოცულობა მაქსიმუმს აღწევს 2012 წელს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იკლებს, 2015 წლისთვის კი კვლავ იზრდება.

2013-2014 წლებში მოზიდული პრემიების მკვეთრი ვარდნა გამოწვეულია ჯანმრთელობის დაზღვევაში მოზიდული პრემიების კლებით. 2013 წელს ჯანმრთელობის დაზღვევაში მოზიდული პრემიების მოცულობა 10%-ით შემცირდა 2012 წელთან შედარებით, ხოლო 2014 წელს ჯანმრთელობის დაზღვევაში მოზიდული პრემიების მოცულობა 65%-ით შემცირდა 2013 წელთან შედარებით. აღნიშნული კლება გამოწვეულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ძალაში შესვლით, რომლის პირველი ეტაპი 2013 წლის თებერვალში ამოქმედდა, მეორე ეტაპი კი 2013 წლის ივლისიდან დაიწყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა ნაწილი კერძო დაზღვევიდან სახელმწიფო დაზღვევაზე გადაერთო, კერძო დაზღვევა მაინც არ კარგავს აქტუალობასა და საკუთარ ფუნქციებს, რადგან 2015 წელს კვლავ დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაზღვევაში მოზიდული პრემიების ზრდა.

გააზიარე