ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს ბიზნესსექტორის სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს ბიზნესსექტორის სტატისტიკური მონაცემები

ბევრი ბიზნესი იწყება ერთი ადამიანის იდეით, რომლის ავტორი უმეტესად არის პიროვნება, რომელმაც შეამჩნია კონკრეტულ ბაზარზე მოგების მიღების შესაძლებლობა. იდეის განხორციელება გამოიწვევს დამატებითი პროდუქტისა და მომსახურების წარმოქმნას და სამსახურის მაძიებელთა დასაქმებას. ბიზნეს სექტორის წარმატებები ხელშემწყობია ინოვაციების, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და დასაქმებისათვის.

საქართველოში ბიზნესსექტორი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 15.4%-ით არის გაზრდილი და 12.7 მილიარდ ლარს შეადგენს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება კი 15.0%-ით აღემატება 2015 წლის  I კვარტლის მაჩვენებელს და 6.5 მლრდ ლარია.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში 32.3 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (5.9% ზრდა) ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 577.6 ათასი პირი შეადგინა. მსხვილ საწარმოებში დასაქმდა 22 973-ით (7.0%-ით) მეტი ადამიანი და დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 353 393 შეადგინა. საშუალო საწარმოებში დასაქმდა 3 848-ით (4.3%-ით) ნაკლები ადამიანი და დასაქმებულთა რაოდენობამ 85 720  შეადგინა. მცირე საწარმოებში დასაქმდა 13 132-ით (10.5%-ით) მეტი ადამიანი და დასაქმებულთა რაოდენობამ 138 518 შეადგინა.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის უმეტესობა (66.2%) თბილისზე მოდის, რომელსაც დიდი ჩამორჩენით მოსდევს აჭარა (8.8%), იმერეთი (6.8%), ქვემო ქართლი (5.4%) და სამეგრელო ზემო სვანეთი (3.7%).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბიზნესსექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2016 წლის I კვარტალში 922.4 ლარი შეადგინა რაც 8.3% (70.7 ლარით) აღემატება 2015 წლის I კვარტალის ანალოგიურ მონაცემს. ყველაზე მაღალი ანაზღაურება მსხვილ ბიზნესში დასაქმებულებს აქვთ (1,092.2 ლარი), რომელსაც მოსდევს საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა ანაზღაურება (724.8 ლარი), ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი მცირე ბიზნესში დასაქმებულებს აქვთ (513.1 ლარი).

გააზიარე