"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

დრო, ყველაზე ღირებული, მაგრამ ნაკლებად დაფასებული რესურსი

დრო

როდესაც სტუდენტებს ეკონომიკური ზრდის არსს ვუხსნიდი, განვმარტე რომ ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია მის მწარმოებლურობაზე. მწარმოებლურობის ერთ-ერთ დეტერმინანტს კი ტექნოლოგიური ცოდნა წარმოადგენს. ტექნოლოგიური ცოდნა ის ფაქტორია, რომლის არსის გაგებაც სტუდენტებს დანარჩენ დეტერმინანტებზე (ფიზიკური კაპიტალი, ადამიანური კაპიტალი, ბუნებრივი რესურსები) მეტად უჭირთ.  და მაინც, რას გულისხმობს ტექნოლოგიური ცოდნა? ტექნოლოგიური ცოდნა ეს არის საზოგადოების უნარი შეარჩიოს წარმოების საუკეთესო გზები, ანუ მინიმალური რესურსების პირობებში შეძლოს მაქსიმალური შედეგის მიღება. საზოგადოების ხელთ არსებული რესურსები კი შეზღუდულია… მაშასადამე, საზოგადოებამ უნდა შეძლოს შეზღუდული რესურსების ეფექტიანად განაწილება და ეს არის სწორედ ის, რასაც ეკონომიკა შეისწავლის.

თუმცა, ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ყველაზე ძვირფასი და ყველაზე შეზღუდული რესურსი, რომელსაც სწორი გადანაწილება და სწორად გამოყენება სჭირდება. დრო ფულია, თუმცა მისი ზუსტი ღირებულება არავინ იცის. დროა ასევე ბუნებაში ყველაზე მეტად შეზღუდული და არაგანახლებადი რესურსი, რომლის აღდგენა ან უკან დაბრუნება არ ხდება. ეკონომიკა განიხილავს დროის რესურსს ეკონომიკური მოგების გაანგარიშებისას. მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია ის, რომ ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას რაციონალურმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი დროის ალტერნატიული დანახარჯი. თუმცა, რეალობაში ხშირად საწინააღმდეგო სურათს ვაწყდებით. ადამიანები იშვიათად თუ ვფიქრობთ დროის სწორ გადანაწილებასა და ეფექტიანად გამოყენებაზე. გვიჭირს საქმისთვის დროის გამონახვა, მანამ, სანამ ამ საქმის დასრულების დანიშნულ ვადას არ მივუახლოვდებით. არ ვემზადებით გამოცდისთვის გამოცდის ბოლო ღამემდე, არ ვწერთ ანგარიშს ე.წ. „დედლაინამდე“ და ხშირ შემთხვევაში ვერც ვიღებთ იმ მაქსიმალურ შედეგს, რომლის მიღწევაც დროითი რესურსის ეფექტიანად გადანაწილების შემთხვევაში შეიძლებოდა.

სტეფან კოვეის ოთხი კვადრატის თეორიის მიხედვით, ადამიანთა ყოველდღიური საქმიანობა ოთხი კვადრატიდან ერთ-ერთში თავსდება. მნიშვნელოვანი და სასწრაფო, მნიშვნელოვანი და არა სასწრაფო, უმნიშვნელო და სასწრაფო, უმნიშვნელო და არა სასწრაფო. ადამიანთა უმრავლესობა პირველად აკეთებს იმ საქმეებს, რაც პირველ კვადრატშია მოთავსებული, ხოლო ბოლოს იმ საქმეებს, რაც მეოთხე კვადრატშია მოთავსებული. მაგრამ სადავოა დარჩენილი ორიდან თუ რომელს ენიჭება უფრო პიროირიტეტი: მნიშვნელოვანს და არა სასწრაფოს თუ უმნიშვნელოს და სასწრაფოს? ხშირ შემთხვევაში არჩევანი უმნიშვნელო და სასწრაფოზე კეთდება, ხოლო მნიშვნელოვანი და არა სასწრაფო საქმეების გადადება ხდება და როგორც წესი გადავიწყებით მთავრდება.

სტეფან კოვეის მატრიცა:

 

სასწრაფო

არასასწრაფო

მნიშვნელოვანი

1

2

უმნიშვნელო

3

4

დროის არასწორი მენეჯმენტი განსაკუთრებით დამღუპველია ორგანიზაციებისთვის. განსხვავება ადვილი შესამჩნევია თუ ქართულ და ევროპულ ორგანიზაციებს შევადარებთ. თუ საქართველოში ზეგანაკვეთური მუშაობა სიბეჯითედ და სამსახურისთვის თავდადებად ითვლება, ევროპაში აღნიშნული ფაქტი მხოლოდ მშრომელის მიერ დროის არასწორ გამოყენებაზე მეტყველებს. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ზეგანაკვეთური მუშაობა არაეფექტიანია, ვინაიდან ზეგანაკვეთური დროის დიდი პროცენტული წილი იხარჯება დაბალ პრიორიტეტულ საქმიანობაზე, რომელიც არ ქმნის არანაირ დამატებულ ღირებულებას. მოკლევადიანი ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაშიც კი შრომის პროდუქტიულობის დანაკარგი საშუალოდ 15%-ია, რომ აღარაფერი ვთქვათ მუდმივ ზეგანაკვეთურ შრომაზე. ჰანეიკოსა და ჰენრის კვლევის თანახმად, 8 კვირის განმავლობაში, კვირაში 20 საათი ზეგანაკვეთური შრომის პირობებში პროდუქტიულობა 35%-ით ნაკლებია იმავე პერიოდის განმავლობაში სტანდარტულ 40 საათიან სამუშაო კვირასთან შედარებით.

განხილული კვლევები ცხადყოფს, რომ კავშირი ზეგანაკვეთურ შრომასა და პროდუქტიულობას შორის უარყოფითია. აღნიშნულის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია გერმანია. ქვეყანა, რომელიც მუშაობს კვირაში საშუალოდ 35 საათის განმავლობაში და აღწევს მაღალ პროდუქტიულობას. რა არის გერმანელების საიდუმლო? გერმანელისთვის სამუშაო დრო ნიშნავს სამუშაო დროს, ანუ დროს, რომელიც ეთმობა მხოლოდ მუშაობას და არაფერს სხვას. გერმანელები აფასებენ ცხოვრებას სამსახურს მიღმა. ისინი მუშაობენ აქტიურად, რათა დაისვენონ აქტიურად. მათი საქმიანობა სამსახურში მთლიანად ფოკუსირებულია სამუშაოზე, ხოლო არასამუშაო საათები რეალურად არასამუშაო საათებია. გერმანელები აფასებენ საზღვრებს სამსახურებრივ ცხოვრებასა და პირად ცხოვრებას შორის. ამ ყოველივეს კი მივყავართ იმ შედეგამდე, რასაც მაღალი მწარმოებლურობა (ერთ სამუშაო საათში წარმოებული საქონელი და მომსახურეობა) ჰქვია. მაშასადამე, დროის სწორედ დაგეგმვა, მისი დაფასება და მინიმალური ფლანგვა საწინდარია მაღალი მწარმოებლურობის, რაც ქვეყნის წინსვლის განმსაზღვრელი დეტერმინანტია და მეტი თავისუფალი დროის პირადი ცხოვრებისთვის, რაც ინდივიდის ბედნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

გააზიარე