"ვარ კომუნიკაციის ექსპერტი და ბიზნეს-ტრენერი, წერს თვითმოტივაციაზე. ვწერ პერსონალურ და პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე, სტრატეგიული კომუნიკაციის სწორ დაგეგმვასა და მართვაზე".

გლობალური ჯანდაცვის პერსპექტივები საქართველოში

გლობალური ჯანდაცვის პერსპექტივები საქართველოში

ახლახან საინტერესო მასტერკლასს დავესწარი სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე. მიმოვიხილეთ უახლეს ათწლეულებში ეკონომიკური თუ პოლიტიკური ლიბერალიზაციის, სოციალური და ეკოლოგიური ტრანსფორმაციის ფართო მასშტაბური პროცესები. ცხადია, გლობალიზაციის უსწრაფესი განვითარების შედეგად ინფორმაციის, განათლების, მომსახურების და კულტურათა შორის ფასეულობების სწრაფი მიმოცვლა ხელსაყრელია საერთაშორისო ვაჭრობის, ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის გასაფართოებლად, მსოფლიოს ხალხთა ერთიანობისთვის, სასარგებლოა განვითარებული ქვეყნების მხრიდან განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთდახმარების მისაღებად. თუმცა გლობალიზაციას თან ახლავს არასასურველი გვერდითი მოვლენები, რაც უარყოფითად აისახება როგორც ინფორმაციის დიფუზური გავრცელების სახით, ასევე ზოგადად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სხვა და სხვა პარამეტრზე რეაგირებით.

ბოლო დროინდელი მონაცემებით, პლანეტის სასიცოცხლო მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედი რისკ-ფაქტორები, რომელთა შორისაა, გარემოს დაბინძურება, კლიმატური ცვლილებები, ბიო-ტერორიზმი, ეპიდემიები თუ პანდემიები საფრთხეს უქმნის მთლიან მოსახლეობას ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად. ამ ფონზე იმედის მომცემია, რომ ერთერთი უახლესი დარგი – გლობალური ჯანდაცვა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ახლა იკიდებს ფეხს, საქართველოშიც წარმატებით ვითარდება. ეს კომპლექსური მიდგომა თავის თავში აერთიანებს სხვა და სხვა დისციპლინას, მათ შორის, მედიცინას, ჯანდაცვის პოლიტიკას, საგარეო ვაჭრობას, ფინანსებს, მენეჯმენტს, დემოგრაფიას, ეკოლოგიას, ქცევით მეცნიერებებს, სოციოლოგიას, ანთროპოლოგიას. იგი მიზნად ისახავს არა ცალკე აღებული ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოსთვის დახმარების უზრუნველყოფას, არამედ პრობლემის განზოგადებით გამოსავლის მოძებნას და საერთო პრევენციულ ზომებს. 

საქართველოში გასული საუკუნის 90 წლების დასაწყისიდან ამოქმედდა ჯანდაცვის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია. თუმცა განათლების სფეროს სხვა მიმართულებების მსგავსად აღნიშნული დარგის აკადემიური ნაწილი მოისუსტებს. არ არსებობს გლობალური ჯანდაცვის მუდმივმოქმედი საუნივერსიტეტო პროგრამები, არ მიმდინარეობს სისტემატური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ახლახან გამოცემული ქართულ ენოვანი სახელმძღვანელო, რომლის ავტორია გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის (საქართველო) გამგეობის თავმჯდომარე, მელბურნის უნივერსიტეტის (ავსტრალია) ასოცირებული პროფესორი, გლობალური ჯანდაცვის საუნივერსიტეტო კონსორციუმის (აშშ) განათლების კომიტეტის წევრი, გიორგი შაქარიშვილი. დარგის როგორც პროფესიული დისციპლინის, ასევე მისი აკადემიური ბაზისის გასაძლიერებლად და რა თქმა უნდა, პრაქტიკულ საქმიანობაში ხარისხის გასაუმჯობესებლად ასეთი მეთოდოლოგია დიდ პროგრესს წარმოადგენს.  

აკადემიური ნაშრომი ახალშექმნილი გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ერთერთი პირველი პროექტია, რომელიც განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლევან მიქელაძის ფონდის მხარდაჭერით. ამის გარდა აღნიშნული პროფესიული ასოციაცია მიზნად ისახავს წინა პლანზე წამოწიოს გლობალური ჯანდაცვის უახლესი მიდგომები. პარტნიორებთან ერთობლივი კონტაქტებით იგეგმება რამდენიმე  საინტერესო პროექტის დანერგვა როგორ ქვეყნის, ასევე რეგიონისა და საერთაშორისო დონეზე. ეს ინიციატივები ხელს შეუწყობს სამედიცინო განათლების შემდგომ განვითარებას, კვლევისა და პრაქტიკის ინტეგრაციას. შემდეგი პროდუქტია გლობალური ჯანდაცვის საუნივერსიტეტო კურსის მომზადება, რომლის სწავლებაც უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამების ბაზაზე მიმდინარე აკადემიური წლიდან დაიწყება.

საერთაშორისო პარტნიორული თანამშრომლობის ბაზაზე ინსტიტუტის კიდევ ერთ პროექტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონალური საზაფხულო სკოლის შექმნა. მისი დანიშნულებაა რეგიონში გაერთიანებული ქვეყნები და მათი მოსახლეობა, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი ეკონომიკური, სატრანსპორტო, ტურისტული, სავაჭრო, ეპიდემიოლოგიური, დემოგრაფიული და ბევრი სხვა პარამეტრით, დაიცვას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისგან.

XX საუკუნის ბოლოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირეული ძვრების შედეგად ევროპისა და აზიის ზოგიერთ ნაწილმა პოლიტიური საზღვრების რესტრუქტურიზაცია განიცადა. საბჭოთა კავშირის, იუგოსლავიის და ჩეხოსლოვაკიის  დაშლის შემდეგ 20-ზე მეტი სუვერენული სახელმწიფო შეიქმნა და  მათი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 300 მლნ-ს აღემატება.  საკმაოდ დიდია მიგრაცია ბალკანეთიდან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.  ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყნების ამ კლასტერს მოიხსენებენ როგორც აღმოსავლეთ ევროპა / ცენტრალური აზია. მან უპრეცედენტო გამოცდილება შეიძინა გლობალიზაციის დაჩქარებული ტემპების გავლენით იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი ეფექტი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ჩათვლით. 

რეგიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გადაწყვეტა ეფექტურ რეგიონალურ მიდგომას საჭიროებს. ევრაზიული საზაფხულო სკოლა პირველ რიგში, დარგობრივი კომპეტენციის ზრდას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, გააღრმავებს რეგიონულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი, აამაღლებს პრევენციული ზომების გატარების ეფექტურობის ხარისხს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სწორედ საქართველო ქმნის საერთაშორისო დონის საგანამანათლებლო პლატფორმას, რომელიც გლობალური საკითხების გაუმჯობესებას ემსახურება. ბუნებრივია, ეს დიდად დაეხმარება ჩვენ ქვეყანას რეგიონალური მასშტაბით ლიდერის პოზიციის დაკავებაში.

ჯანდაცვის საკითხებზე ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობა მოითხოვს ყველა ქვეყანას გააჩნდეს მყარი ცოდნა უახლეს სამედიცინო მიმდინარეობებზე, იყოს ერთიანი გაგება თანამშრომლობის მექანიზმებსა  და რეგულაციებზე. დღის წესრიგში დადგა რეგიონის მასშტაბით აღნიშნულ სფეროში პროფესიული უნარების დახვეწა, გამოიკვეთა საჭიროებები, რომელთა მიხედვით შემუშავებული მრავლის მომცველი სატრენინგო პროგრამები კიდევ უფრო განავითარებს გლობალური ჯანდაცვის შესახებ არსებულ გამოცდილებას. ამ პროგრამათა უმეტესობა წარმატებით ხორციელდება ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ ევროპის, იაპონიისა და ავსტრალიის სამედიცინო უნივერსიტეტებში. აღსანიშავია, რომ ბოლო ხანებში მსგავსი პროგრამების დანერგვა შეინიშნება ისეთ დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში, როგორიცაა აფრიკისა და აზიის კონტინენტი, სადაც სწავლების ხელშეწყობა ხდება ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების ფინანსური დახმარებით. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის  საშუალო შემოსავლიანი ქვეყნები ვერ ახერხებენ საკუთარ განათლებაში საკმარის ინვესტირებას და ვერც გარედან იღებენ სათანადო მხარდაჭერას. შესაბამისად, ამ რეგიონის 20 ქვეყანაში 300 მლნ-ზე მეტი მოსახლეობისთვის ჯერჯერობით ერთი უნივერსიტეტიც არ მოიძებნება, სადაც კვალიფიციურ პროფესიულ განათლებას მიიღებენ გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით. მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულება  მოიზიდავს რეგიონალურ მონაწილეებს სამთავრობო, კერძო და აკადემიური სექტორიდან. გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტი თანამშრომლობს ევროპისა და ჩრდილო ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, რათა საზაფხულო სკოლისთვის მოამზადოს სათანადო აკრედიტაციის სასწავლო კურიკულუმი და გლობალური ჯანდაცვისთვის  დანერგოს უმაღალესი აკადემიური განათლების პროგრამა. მოკლედ, სტივ ჯობსის ცნობილი გამოთქმის მსგავსად, მთავარია, „ვიაზროვნოთ გლობალურად, ვიმოქმედოთ ლოკალურად“.

გააზიარე