"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

არ დაიჯერო!

არ დაიჯერო!

ჩემს ახალგაზრდობაში, ანუ შუა 80-იანებიდან მოყოლებული, დები იშხნელების ცნობილი სიმღერა “არ დაიჯერებ” უფრო ცნობილი იყო, როგორც “არ დაიჯერო”. ასეთად დამკვიდრდა იმიტომ, რომ თუ ვინმეს დაპირებაში ეჭვი შეეეპარებოდათ, ან რაიმე დაპირების მიცემისგან მშვიდობიანად თავის არიდების უმტკივნეულო მცდელობა ექნებოდათ ან ვინმე ხმამაღლა, გულუბრყვილოდ, თითქმის შეუძლებელზე წაიოცნებებდა, აუცილებლად არ დააყოვნებდა პასუხი, აუცილებლად წაღიღინებით, “არ დაიჯეროო”.

ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდელ რეალობაში ჩვენებურ რომანტიკულ, ღიმილნარევ და მუსიკალურ “არ დაიჯერო”-ს გლობალური და გაცილებით უფრო სერიოზული დატვირთვა მიეცა. ვერ დაგპირდებით, რომ დები იშხნელების სიმღერა შეიძლება ოდესმე ანტიპროპაგანდის მსოფლიო ჰიმნად იქცეს, მაგრამ “არ დაიჯერო” რომ დღეს ყველაზე აქტუალური და, როგორც იტყვიან, sexy თემა გახდა, უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას. ფეისბუკში, ტვიტერზე, კონფერენციებსა და სამიტებზე, ნატო-სა თუ ევროკავშირში, ბრიუსელსა თუ პარიზში, ვაშინგტონსა (ვგიჟდები, როცა ვაშინგტონის მაგივრად უოშინგტონს იძახიან) თუ შარლევუში მსოფლიო ლიდერები, კანონმდებლები, მინისტრები, ექსპერტები, წამყვანი ფიქრ-ტანკები (იგივე კვლევითი ცენტრები – ა.პ.) – ყველა საუბრობს პროპაგანდის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე. ჰელსინკიში ცოტა ხნის წინ შეიქმნა სპეციალური ცენტრი ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად (The European Center of Excellence for Countering Hybrid Threats). ასევე ლამის ყოველდღიურ რეჟიმში იქმნება სპეციალური ვებგვერდები და პორტალები.

ძალიანაც კარგი, რომ შეიქმნა და იქმნება. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, როგორც იქნა შეიქმნა; იყო დრო, როდესაც ჩვენ გვაფრთხილებდნენ და რჩევებს გვაძლევდნენ, როგორ გავუმკლავდეთ მითებს. არადა იყვნენ მათ შორის გამონაკლისები, ვინც off the record გვეუბნებოდნენ, თქვენ კიდევ არ იცით, ჩვენთან როგორ აქვთ გაშლილი საცეცებიო. როგორც იქნა დასავლეთმა რეალურად დაინახა და იგრძნო ის საფრთხე, რაც შეიძლება მოდიოდეს დეზინფორმაციის გავრცელებისა და ზოგადად პროპაგანდისტული მანქანის მასშტაბური და ძალიან დახვეწილი ქმედებებისგან, რომელთა უკანაც დგას რუსეთი. აი, თავად წითელი რუსეთისთვის კი ეს საქმე ნამდვილად არახალია. ჯერ კიდევ თითქმის ერთი საუკუნის წინ, 1923 წელს შინსახკომის (ასე მოიხსენიებდა მაგნებს ცხონებული ბებიაჩემი. ამ დროს თავად, მისი სასწაული მმართველობითი და ინფორმაციის მოპოვების უნარების გამო, და ასევე იმის გამო, რომ ორივეს სისხლძარღვებში არიული, ანუ მეგრული სისხლი ჩქეფდა და ჩქეფს, ჩემი ბავშვობის მეგობრის მამა, უკეთილშობილესი და უგანათლებულესი ელდარი ბიძია მოფერებით ადმირალ კანარისს უწოდებდა) მთავარი პოლიტიკური სამართველოს  – გე-პე-უ-სა და იმჟამინდელი სამხედრო დაზვერვის – რაზვედუპრ-ის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა დეზინფორმბიურო, რომელსაც ვინმე უნშლიხტი ჩაუყენეს სათავეში. აი, მაგ დროიდან აიწყვიტეს. ჯერ იყო და რომანოვების სამეფო ოჯახს “აშავებდნენ” უცხოეთში, მერე და მერე დაიხვეწნენ, ავრცელებდნენ ათასგვარ დეზინფორმაციას პოლიტიკურ ოპონენტებზე და ტყუილებს საბჭოეთში აყვავებულ კომუნიზმზე. კონკრეტულად სიტყვა “დეზინფორმაციის” ავტორად კი ითვლება დიდი ბელადი, ამხ. სტალინი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, კონკრეტულად 1944 წელს, დიდი წარმატებით გაავრცელებინა დეზინფორმაცია ფაშისტური გერმანიის ომში დასამარცხებლად. ჩვენი დასავლელი მეგობრები  ამ სიტყვას არც კი აღიარებდნენ თავიანთ ლექსიკონში მეოცე საუკუნის მიწურულამდე. არადა, ისე კარგად მახსოვს ჰენრიხ ბოროვიკის ცნობილი დოკუმენტური ფილმი “კაცი მე-5 ავენიუდან”. კაცს ჯიგარი დაეწვებოდა რიგითი ამერიკელის ჯოზეფ მაურის საცოდაობით. ეწვოდათ კიდეც. წერდნენ მხარდაჭერის წერილებს; ამხ. გრომიკო გაერო-ს გენასამბლეაზეც კი ჰპირდებოდა მისი საკითხის დაყენებას. წლების მერე, როცა აღარც სსრკ იყო და აღარც გრომიკო, ჯოზეფ მაურიმ აღიარა, რომ მატერიალური გამორჩენის მიზნით დათანხმდა მთავარ როლს ფილმში “თუ რას უშვრება ჩვეულებრივ ხალხს ამერიკა”. შემხვედრი “ბომბა” იყო უკვე ცოტა მოგვიანებით, ამერიკელების მიერ გადაღებული ფილმი “რუსები ჰუდზონზე”, ცირკი რო დაითესება და რა ემართებათ საწყლებს, სასტუმროში ტუალეტის ქაღალდს რო აღმოაჩენენ და ა.შ.

სსრკ კი დაიშალა და აღარც პროპაგანდისტი სუსლოვის ბუნდღაა, მაგრამ საინფორმაციო დაპირისპირების მხრივ დღეს ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა. ტექნოლოგიური პროგრესი ფართოდ შლის სასწაულ შესაძლებლობებს. დაბღვერილი კიმი რომ შეუძლიათ, გააღიმონ, ეგ ვნახეთ, ეგ მარტივია. აი მილიონობით ადამიანის აზროვნებასა და განწყობებზე რომ შეუძლიათ იმოქმედონ, ამას მაინც მუშაობა და დაძაბვა უნდა. ამას “რაშა თუდეი”, “სპუტნიკი” და სანქტ-პეტერბურგის ტყუილების მაღალტექნოლოგიური ქარხანა სჭირდება. მიიღებენ მესიჯ ბოქსს, დაამუშავებენ აუდიოვიზუალურად და შეესევიან სარანჩასავით. მე რომ “კაცი მეხუთე ავენიუდან” გავიხსენე, ის ენკი-ბენკის არხის მულტფილმად მოგეჩვენებათ, ისეთებს გადმოსცემენ და ავრცელებენ. საინფორმაციო შეტევა აზროვნების ფორმირებაზე საბოლო ჯამში საარჩევნო ურნასთან გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებაში ითარგმნება. იმიტომაც ჰყავთ სადღაც-სადღაც დალაგებულები მთავრობებში.

მადლიზა, ჩვენთან საქმე ჯერ არცთუ ისე ცუდადაა. ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი და ბოლო 20 წელია, ყველა ხელისუფლების პრიორიტეტია, მაგრამ მტერს არ სძინავს. ხან ვიმპელკომის კაბელებით ცდილობენ შემოძრომას, ხან ენ-ტე-ვე-პლუსის სატელევიზიო შტურმით და ხანაც თავისი ცენტრების ბოტი და კროტი ფილიალებით. მათ შესაკავებლად და აღმოსაფხვრელად ყველა ძირითადი აქტორის კოორდინირებული და ოპერატიული მუშაობაა საჭირო.

ამასობაში, დეზინფორმაციის მექაში – რუსეთში – ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ვის არ ახსოვს, ჩრდილოეთ კორეამ ჩემს საყვარელ ბრაზილიას რომ “მოუგო” ერთი დღით. რუსებიც თავისებურად მაქსიმალურად ცდილობენ, მსოფლიო ზეიმი საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენონ. მსოფლიოს უნდათ, თვალში ნაცარი შეაყარონ, თუ როგორ შენდება, ვითარდება და ბრწყინავს რუსეთი. იქამდეც კი მივიდნენ, ვაიდა იქ ჩასულმა უცხოელმა გულშემატკივრებმა მწარე სინამდვილე არ გაიგონ რუსი გოგონებისგან, ამ უკანასკნელთ ინტიმურ კავშირებსაც კი უკრძალავს რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარე. გამოუვა ვითომ რამე?

არ დაიჯეროო! 

გააზიარე