"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

200 ათასი ტონა დიპლომატია vs. ...

200 ათასი ტონა დიპლომატია vs. ...

გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში მორიგი ფრთიანი ფრაზა დაიბადა.

აშშ-ს ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ჯონ ჰანტსმან უმცროსმა, ხმელთაშუა ზღვაში შესული ორი ამერიკული ავიამზიდიდან ერთ-ერთის – “აბრაამ ლინკოლნის” გემბანიდან გაფრთხილება გაუგზავნა რუსეთს მისი აგრესიული ქმედებებისთვის სირიასა და უკრაინაში, აგრეთვე ყველა იმ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, რომელსაც რუსეთი ეწევა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში. “როდესაც ხმელთაშუა ზღვაში დაცურავს 200 ათასი ტონა დიპლომატია…. არაფერი ზედმეტის თქმა აღარ არის საჭირო”.

სირიის კონტექსტში, ხმელთაშუა ზღვის სივრცეში რუსეთსაც აქვს გამოყენებული მისი ერთადერთი ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვი” ავიაიერიშების უზრუნველსაყოფად. გასულ კვირას კი რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სირიის დედაქალაქ დამასკოში, რათა ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან შეთანხმებულიყვნენ სირიაში განლაგებული ტარტუსის პორტში რუსული საზღვაო ბაზის ფუნქციონირების 2092!!! წლამდე გახანგრძლივებაზე.

ვერაფერს იტყვი – სიმბოლიზმის თვალსაზრისით საკმაოდ შთამბეჭდავი გზავნილია, მაგრამ არის კი ის საკმარისი საერთაშორისო ურთიერთობების ყველა არსებული ნორმის დამრღვევი რუსეთის ფედერაციის დასაოკებლად და გონში ჩასაგდებად?

რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორმა კრის რეიმ (Chris Wrey) განაცხადა, რომ რუსეთის ძალისხმევა, ზეგავლენა მოახდინოს ამერიკელ მოქალაქეთა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, არ შემოიფარგლება მხოლოდ საარჩევნო პერიოდის დროს აქტივობით, არამედ “ეს არის საფრთხე 365 დღის განმავლობაში”. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ბოტების, ტროლების, ე.წ. ფეიკ ამბების და პროპაგანდის გამოყენება იგეგმება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არსებულ საფრთხესთან გასამკლავებლად ბიურო ახალი კადრების შერჩევისას ითვალისწინებს კანდიდატების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფლობის უნარებს. 

წინა კვირას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ახალბედა პოლიტიკოსმა (მგონი შეიძლება უკვე ასე თქმაც), პროფესიით კომიკოსმა ვლადიმერ ზელენსკიმ, რომელსაც საკმაოდ მოზომილი განცხადებები ჰქონდა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, პირველი, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მიმართებაში გააკეთა, იყო განკარგულებაზე ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც მარტივდება აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტის აღების პორეცედურები. ხომ არ გეცნოთ რამე? ხომ კარგად გახსოვთ პასპორტიზაცია? საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მორიგი მძაფრი რეაქციის, საყოველთაო შეშფოთებასა და აღშფოთებაზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრემლში მთელი უკრაინის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებაც კი განიხილება და ისეთი “საფრთხობელები”, როგორიცაა მიღებული გადაწყვეტილებით საპენსიო ხარჯებისთვის დამატებითი 150-175 მლრდ რუბლის რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფა, მას ვერ შეაშინებს (რო გეკითხა, პოროშენკოს გარდა ყველა კანდიდატი მეტნაკლებად მისაღები იყო). ახლადარჩეულმა ვ. ზელენსკიმ საერთაშორისო თანემგობრობას მოუწოდა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებისკენ, ხოლო ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ მოითხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. უკრაინის რადამ კი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე უკრაინული ენის ერთადერთ ოფიციალურ ენად დაკანონების შესახებ გადაწყვეტილებას უყარა კენჭი.

გასულ კვირას ბათუმის პორტში მეგობრული ვიზიტით შემოვიდა ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომლის გამოჩენასაც შავ ზღვაში დაუყოვნებლივ მოყვა ორი რუსული სამხედრო გემის გამოჩენა ამერიკული ხომალდის შორი-ახლოს, ასევე გასულ კვირას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს მასშტაბური წვრთნები 4000 სამხედროს მონაწილეობით.

200 ათასი ტონა დიპლომატია, ახალ-ახალი სანქციები კონკრეტული პირების და საწარმოების წინააღმდეგ, რეზოლუციები, განცხადებები VS. ყოველდღიურად გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეები, გადმოწეული საზღვრები, პასპორტიზაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, სამხედრო ყოფნის ლეგალიზაცია, შანტაჟი და მუქარები სუვერენული სახელმწიფოების მისამართით და სხვ. რა შეიძლება დაუპირისპიროს საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის მხრიდან უწყვეტ “ხულიგნურ” გამოხდომებს? სანქციები? მოქმედებს, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის. მეგობრული ვიზიტები პორტებში და ტერიტორიულ წყლებში? მნიშვნელოვანია, მაგრამ, ჩემი აზრით, ესეც არასაკმარისია.

ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი დიდი ხნის ჩამოყალიბებული გვაქვს, მაგრამ მის რეალიზებას ართულებს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი: სახეზეა როგორც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში გაჩენილი ბზარი, ისე ევროპული თანამეგობრობის შიგნით არსებული უთანხმოება ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის არარსებობა რუსეთთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯების გამომუშავების საკითხში. ერთი მხრივ, ვგმობთ ოკუპაციას, ანექსიას და აგრესიას, მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალ გაზსადენზე და ახალ შესაძლებლობებზე. ასე ჭირვეული რუსეთის მორჯულება არ გამოვა.

ადრეც მითქვამს. ისევ გავიმეორებ: მოსკოვს მანევრების, გზავნილების, რეზოლუციების და განცხადებების არ სჯერა; არ სჯერა, ანუ არ ესმის და არ ეშინია. ესმის მხოლოდ ძალის დემონსტრირების, სჯერა მხოლოდ შემდგარი ფაქტის და ეშინია მხოლოდ კონკრეტული მოქმედების.

გულწრფელად გამიხარდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს (სასურველია უახლოეს მომავალში) ავიამზიდი “ლინკოლნი”, თავისი 9 ათასი მეზღვაურით და საზღვაო ქვეითით, 130 გამანადგურებლით და 10 თანხმლები სამხედრო საზღვაო ხომალდით შავ ზღვაში, კერძოდ კი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ჩაუშვებს ღუზას და მისი გემბანიდან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ( მაგ შინაარსის განცხადება გააკეთოს და თუ გინდა იყოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში) კვლავ გააკეთებს ანალოგიურ განცხადებას.

ინფორმაცია მსჯელობისათვის: ისრაელის პრემიერი გოლანის მაღლობებზე ქალაქის აშენებას აპირებს და მისთვის ტრამპის დარქმევას გეგმავს. პოლონეთის პრემიერი მის ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს და ბაზისთვის ასევე “ფორტ ტრამპის” სახელწოდების მინიჭებას გეგმავს. პირველი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში, მეორე კი ნატო-ს წევრია და მის ტერიტორიაზე უკვე პატრულირებენ ალიანსის შემადგენლობაში შემავალი აშშ-ს სამხედრო ძალები. ხომ არ გვეფიქრა? იმედია, ჩემო მკითხველო, არც მე ჩამთვლით გულუბრყვილოდ და არც საკუთარ თავს, რომ მხოლოდ სახელწოდებაზე ფიქრით შემოვიფარგლოთ.  

გააზიარე