ვარ ეკონომისტი, ილიაუნის ბიზნეს სკოლის მკვლევარი და ლექტორი, ბიზნეს პორტალ BPI-ის, გაყიდვების მართვის კომპანიის და ბიზნეს გაზეთი Caucasian Business Week-ის პარტნიორი. მაინტერესებს ისტორია და ბიზნეს სიახლეები

საქართველოს ეკონომიკა ევროასოცირების ფონზე

საქართველოს ეკონომიკა ევროასოცირების ფონზე

საქართველოს ეკონომიკა 2014 წლის პირველ კვარტალში 7.1%–ით გაიზარდა.  ზრდის მაჩვენებელი პოზიტიურია და ეს დინამიკა მეორე კვარტალშიც თუ გაგრძელდა საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელი გვექნება წლის ბოლოს. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი უკავშირდება 2013 წლის ბოლოს სახელმწიფო ხარჯების ზრდას, როდესაც ერთბაშად მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება მოხდა, ამან მართალია იმოქმედა ლარის კურსზე და ინფლაციაზე, მაგრამ მივიღეთ მშპ–ს გაზრდილი მაჩვენებელი, გარდა ამისა გასულ 2013 წელს, პირველ კვარტალში აქტივობა იყო საკმაოდ დაბალი და მასთან შედარებით ზრდა უფრო მკვეთრი გამოჩნდა. საკმარისია თუ არა? განვითარებადი ქვეყნებისთვის 7%–იანი ზრდა ნორმალური მაჩვენებელია თანამედროვე პირობებში იმ გამოწვევების და რისკების ფონზე რაც ფიქსირდება. თუმცა ეს მაჩვენებელი საქართველოს პირობებში მყიფეა და ნებისმიერმა პროცესმა ან გაუზარებელმა გადაწყვეტილებებმა ეს პოზიტიური დინამიკა შესაძლოა უცებ შეცვალოს. საჭიროა რეფორმები, სისტემური მიდგომები და აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის წარმოება, რომ ზრდის მაღალი მაჩვენებელი უფრო მდგრადი გახდეს.

მშპ–ის სტრუქტურაში 20–მდე სექტორიდან მხოლოდ ერთ სამთომოპოვებით ინდუსტრიაში ფიქსირდება კლება, დანარჩენი სექტორები მზარდია. ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება (დაახლოებით 17%) გადამამუშავებელ მრეწველობაში, რაც ძალიან კარგია, რადგან ამ სექტორის ზრდა იძლევა ადგილობრივი წარმოების გაძლიერების, საექსპორტო პოტენციალის ზრდის, დასაქმების და დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს რუსეთის ბაზრის გახსნას, რადგან ბევრმა მეწარმემ სწორედ ამის ხარჯზე შეძლო ან გაფართოება ან გაჩერებული წარმოების ამუშავება. მნიშველოვანი გააქტიურება ფიქსირდება მშენებლობების და უძრავი ქონების ოპერაციების მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ამ სექტორმა შეძლო კრიზისის დაძლევა, ინვესტორებიც გააქტიურდნენ და რამდენიმე წლიანი კრიზისის შემდეგ გარკვეული აქტივობები არის. ეს საქართველოს რამდენიმე ქალაქსაც ეტყობა, სადაც კერძო მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. ტრადიციულად გაზრდილია ვაჭრობის მაჩვენებელი, თუმცა სექტორში გარკვეული პრობლემები ალბათ მაინც იქნება, თუნცად ავტომობილებით ვაჭრობის შემცირების და  საცალო ვაჭრობის ქსელების ჯერ კიდევ კრიზისული მდგომარეობის გამო. შედარებით მაღალი ზრდა ფიქსირდება ასევე ტრანსპორტის, საფინანსო სერვისების და სასტუმროების, რესტორნების მიმართულებითაც.

სახელმწიფო მმართველობის წილი ბოლო წლებში მშპ–ის სტრუქტურაში ტრადიციულად მაღალია, რაც ჯერ კიდევ მიუთითებს  მის მაღალ როლზე და კერძო ბიზნესის არასაკმარის აქტიურობაზე, სასურველია სხვა სექტორები იყოს იმდენად დიდი და მზარდი, რომ სახელმწიფოს წილი მცირდებოდეს პროცენტულად. დღეისათვის ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის შემდეგ სახელმწიფოს მმართველობის წილი მშპ–ში მეოთხეა.

რაც შეეხება მშპ–ის მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი მზარდია. ამ დროსათვის საქართველოში 1 სულ მოსახლეზე მშპ–ის მოცულობა არის 3600 აშშ დოლარი, რაც დაახლოებით 9.5 ჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და თითქმის სამჯერ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. რაც შეეხება რეგიონს და ყოფილ საბჭოთა სივრცეს, თურქეთის მაჩვენებელი 1 სულზე 11 ათასი აშშ დოლარია, ბალტიისპირეთში საშუალოდ – 16 000 აშშ დოლარი, რუსეთში – 15 000 აშშ დოლარი, ყაზახეთში – 13 000 აშშ დოლარი, აზერბაიჯანში – 8000 აშშ დოლარი, თურქმენეთში – 7800 აშშ დოლარი, ბელორუსში – 7500 აშშ დოლარი, უკრაინაში – 3800 აშშ დოლარი. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩვენზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სომხეთს – 3400 აშშ დოლარი, მოლდოვას – 2200 აშშ დოლარი, უზბეკეთს – 1900 აშშ დოლარი, ყირგიზეთს – 1300 აშშ დოლარი, ტაჯიკეთს – 1000 აშშ დოლარი. ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, ბულგარეთში მშპ–ის მაჩვენებელი 1 სულზე 7300 აშშ დოლარია.

გააზიარე