ელექტრომობილების რბოლის დასაწყისი

მარკ ტვენმა ერთხელ თქვა, რომ ახალი იდეა არ არსებობს, ჩვენ უბრალოდ ბევრ ძველ იდეას ვიღებთ და მათ ერთგვარ გონებრივ კალეიდოსკოპში ვაქცევთ, ჩვენ ვაძლევთ მათ რიგითობას და ისინი ქმნიან ახალ და საინტერესო კომბინაციებს... მაგრამ ეს იდეები იგივე ძველი, ფერადი მინის გაბნეული ნამსხვრევებია. ეს არის კონცეფცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტრომობილის განვითარების ისტორიის განხილვისას.

ელექტრომობილის წარმოების იდეა ახალი სულაც არ არის და საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს. იგი ერთ მომენტში ამერიკის შეერთებული შტატების ავტოპარკის დომინანტურ ტიპსაც კი წარმოადგენდა. პირველი ელექტრომობილი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეიქმნა და 1900-იანი წლების დასაწყისში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. თუმცა ეს ყველაფერი გაგრძელდა მანამ, სანამ ჰენრი ფორდი წარმოადგენდა ავტომობილების მასობრივი წარმოების კონცეფციას. აღნიშნულმა მიდგომამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ღირებულება მნიშვნელოვნად შეამცირა და ელექტრომობილების წარმოების შეჩერება გამოიწვია. ელექტრომობილების მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესის დაბრუნებას ათწლეულები და 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისი დასჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ინდუსტრია არასტაბილური წარსულით ხასიათდება, სექტორის წარმომადგენლები და ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ელექტრომობილების ბატარეის ფასების კლების, ეროვნული მარეგულირებლების მხრიდან გარემოს დაბინძურებაზე რეგულაციების გამკაცრებისა და მთავრობების მხრიდან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მხარდაჭერის ფონზე, ელექტრომობილების მასობრივი წარმოება გარდაუვალია.

ავტომწარმოებლები მთელი მსოფლიოდან ცვლიან ბიზნესმოდელებს იმ იმედით, რომ მოერგებიან ახალ რეალობას ავტოინდუსტრიაში, რომლის თანახმადაც ელექტროენერგია ჩაანაცვლებს ბენზინის და დიზელის საწვავს. ელექტრომობილების წარმოების მაღალი დანახარჯი მწარმოებლებს გაერთიანებისა და თანამშრომლობისკენ უბიძგებს. დამატებით, თავისუფალი ფინანსური რესურსის სასწრაფო საჭიროება აიძულებს ტრადიციულ მწარმოებლებს  ეძებონ მოკავშირეები ბაზარზე. მაგალითად, “BMW”-მ და “Daimler”-მა, რომლებიც აქტიურ კონკურენციაში არიან ძვირადღირებული ავტომობილების წარმოების მიმართულებაში, დააანონსეს თანამშრომლობა ელექტრომობილების წარმოების კუთხით.

ბრიუსელის სამხრეთით, გერმანიის ყველაზე წარმატებული ავტომწარმოებლის (“Volkswagen”) ქარხანაში, მიმდინარეობს ინოვაციურ ბატარეაზე მუშაობის პროცესი, რომელიც უდიდეს გავლენას იქონიებს არამარტო აღნიშული კომპანიის, არამედ მთლიანად საავტომობილო ინდუსტრიის მომავალ განვითარებაზე. მანამდე იყო “Tesla”, რომლის ინოვაციურმა მიდგომებმა, მათ შორის გაყიდვების ჯაჭვში დილერების რგოლის ამოგდებამ, ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ელექტრომობილების ბაზრის განვითარებას.

ავტოინდუსტრიის უახლესი გამოწვევების პასუხად, “Volkswagen” ახორციელებს უდიდეს ტექნოლოგიურ ცვლილებებს. კომპანია გეგმავს 30 მილიარდი ევროს დახარჯვას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რათა შექმნას მის მიერ გამოშვებული ავტომობილების ელექტრო ან ჰიბრიდული ვერსიები და აპირებს 2028 წლამდე 70 ახალი მოდელის გამოშვებას. არსებული პროგნოზებით “Volkswagen”-ის მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია დაეხმარება მას 2025 წლამდე 1.4 მილიონი ელექტრომობილი გაყიდოს, მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მწარმოებელმა და სამჯერ მეტი ვიდრე “Tesla”-ს დაანონსებული გაყიდვებია.

ბოლო წლებამდე “Volkswagen” თავს არ იწუხებდა ელექტრომობილის წარმოებაში ინვესტირებით. კომპანია უფრო არსებული ძრავების ეფექტიანობის გაზრდით იყო დაკავებული და დიდ წარმატებებსაც აღწევდა, მაგალითად, 2018 წელს კომპანიამ გაყიდა რეკორდული 10.8 მილიონი ავტომობილი საიდანაც მხოლოდ 0.4 წარმოადგენდა ელექტრომობილს. ლიდერი ავტომწარმოებლების დაბალმა ინტერესმა გზა გაუხსნა ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, როგორიცაა “Tesla”. 2018 წელს ამ უკანასკნელმა 220 ათასი ელექტრომობილი გაყიდა.

ახალი ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, ტრადიციული ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის შეუძლებელია ერთიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადართვა, რადგან მათ არსებული წარმოების მხარდაჭერაც უნდა განახორციელონ. აღნიშნული “Tesla”-ს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. მაგალითისთვის, ამ უკანასკნელის გაყიდვების მოდელი გულისხმობს მწარმოებლის და მომხმარებლის პირდაპირ კონტაქტს, მაშინ, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ავტომობილების მწარმოებლები დილერების მეშვეობით ახდენდნენ რეალიზაციას. 

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებლებმა საჯარო გახადეს ის ვადები, რომლებშიც თავიანთი წარმოების ნაწილობრივ ელექტრიფიკაციას გეგმავენ. აღნიშნული ეხება სექტორის ისეთ ტრადიციულ მონაწილეებსაც კი, როგორებიცაა ჩვენს მიერ უკვე ნახსენები “Volkswagen”, ასევე “Ford” და “Toyota”. შესაბამისად, ელექტრომობილების რბოლა დაიწყო და ვინ დარჩება ამ რბოლაში გამარჯვებული ახალი თუ ტრადიციული მწარმოებლები, რომლებმაც შეცვალეს ბიზნეს მოდელები, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტი კი ის არის, რომ დღეს ელექტრომობილების პოტენციალი გაცილებით დიდია, ვიდრე ოდესმე. “Tesla”-ს გამოჩენამ ავტოინდუსტრიაში და რეგულაციების გამკაცრებამ ელექტრომობილების მასიური წარმოების იდეა გააცოცხლა და უკვე აიძულა უმსხვილესი ავტომწარმოებლები ელეტრომობილებში მსხვილი ფინანსური დაბანდებები განეხორციელებინათ.

წინა სტატია

30 წლის შემდეგ: აღარც ტრაბანტი, არც შტაზილენდი...
11 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

პროტესტი ჩრდილოეთ აფრიკიდან სამხრეთ ამერიკამდე: რატომ?
18 ნოემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა