ჯანდაცვის სისტემა და სიზიფეს შრომა

მთავრობის 520-ე დადგენილებამ, მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ფონისა, კონკრეტული რეფორმის ირგვლივ სერიოზული დებატები გამოიწვია და ამასთან, უფრო ფართო დისკუსიისა და იმაზე დაფიქრების შესაძლებლობა გააჩინა, თუ საერთოდ რას წარმოადგესსაყოველთაო ჯანდაცვის სისტემა.

ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, კონფლიქტი ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების მენეჯმენტს შორის განპირობებულია არსებული სისტემის მიერ შექმნილი დესტრუქციული სტიმულებით. ფაქტობრივად, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობს ბიუჯეტის ხარჯზე, არცერთ მხარეს, არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს, არ აქვს სტიმული იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე.რაც მინიმუმ მარტივად პროგნოზირებადი იყო, რადგან ამგვარი ოპორტუნისტული ქცევა ეკონომისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გახდა, როცა საბაზრო ეკონომიკის მქონე არაერთ ქვეყანაში სოციალისტური სისტემის სხვადასხვა ელემენტები დაინერგა და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად დესტრუქციული ხდება ადამიანის ქცევა “საყოველთაო” სისტემების ფარგლებში. დღეს კი ყველა ასეთი საკითხი დეტალურად შესწავლილია და ეკონომიკური თეორიისსახელმძღვანელოებშია აღწერილი.

კარგად ცნობილია ე.წ. ინსტიტუტების ხელში ჩაგდების პრობლემაც, როცა ბიზნესმენი ლეგალურად შედის გარიგებაში მთავრობასთან, ბიუჯეტის ხარჯზე მოგების ზრდის მიზნით. ეს კი განსაკუთრებით გავრცელებულია “რთულ” სექტორებში, ანუ ისეთ ბიზნესში, სადაც რიგითი მომხმარებელი შედარებით ნაკლებად ინფორმირებულია. მაგალითად, ელექტროენერგეტიკა, განათლების სისტემა, წყალმომარაგება, საბანკო სისტემა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემა.

სხვათა შორის, ასეთი სექტორის კარგი ინდიკატორია “ექსპერტების” სიმრავლე, რადგან “ობიექტური პოზიციის” მქონე ექსპერტებმა უნდა დამალონ გარიგების ფაქტი და დაიცვან ის ნებისმიერი კრიტიკისგან. ამიტომ თუ მომხმარებელი იკითხავს, რატომ არ შეიძლება ქალაქში იყოს ორი წყალმომარაგების კომპანია, გაჩნდება “ექსპერტი” კომენტარით “ბუნებრივ მონოპოლიაზე”, თუ ვინმე ლარის გაუფასურების შემდეგ ალაპარაკდა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, “ექსპერტი” არ დააყოვნებს შეგვახსენოს გარე შოკებზე და “მთავრობის ბრალზე”. და როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი და საშიში. უილიამ ისტერლის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ეს ყოველივე “ექსპერტების ტირანიის” ინდიკატორია, ანუ საზოგადოების, რომელიც “ექსპერტის მოსაზრების” საკრალიზაციისკენ და ამავდროულად, ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვისკენაა მიდრეკილი.

და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცნობილია ოპორტუნისტული ქცევით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის ყველა ის ალტერნატიული გზა, რომელიც პრაქტიკაში იყო რეალიზებული ბიუროკრატების მიერ. გამარტივებისთვის შეიძლება ორი ძირითადი მიმართულების გამოყოფა: 1) მთავრობა აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანიების პაკეტების შეძენას მოქალაქეებისთვის, ხოლო მკურნალობის პროცესის კონტროლს უშუალოდ სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ(პირობითად აშშ-ის მოდელი); 2) სამედიცინო მომსახურების კონტროლი რჩება მთავრობას დამატებითი რეგულაციების შემოღებასთან ერთად(პირობითად, გერმანიის მოდელი).

პირველი გზა, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, სამედიცინო მომსახურების სტაბილური და სწრაფი გაძვირების შედეგად, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის ეფექტიანი მუშაობის მოტივების დაქვეითებითაა განპირობებული, რადგან მისიმომხმარებელი არა ადამიანი, რომელიც უფრთხილდება თავის სახსრებს, არამედ ბიუროკრატებია, რომლებიც სხვის ფულს (გადასახადებით შეგროვებულ) ხარჯავენ. სისტემა მით უფრო უარესდება, რაც უფრო მეტად აქტიურობენ პოლიტიკოსები, ვინაიდან არჩვენების წინ ამომრჩევლების მოსყიდვა მათი ბუნებრივი სურვილია. და ადრე თუ გვიან ძალაუფლებასმეტად სოციალისტი პოლიტიკოსი მოიპოვებს, რომელიც ამ სისტემის გაფართოებას მოითხოვს (როგორც ეს მოხდა აშშ-ში ბარაკ ობამასშემთხვევაში). ეს კი კიდევ უფრო გააძვირებს სამედიცინო მომსახურებას და გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს.

მეორე ალტერნატივაც, რომელიც ჩვენ რეალობას უფრო მეტად ჰგავს, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, თუმცა პირველისგან განსხვავებული გზით. მთავრობის სურვილი - დაარეგულიროს (პირველ რიგში დაწიოს) ფასი და შეამციროს ოპორტუნიზმი, ბიუროკრატიას ორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. პირველი - სახელმწიფო კლინიკების ქსელის შექმნა, რაც ინფორმაციის ნაკლებობის აღმოფხვრის მექანიზმია. ინფორმაცია კი აუცილებელია მეტწილად რეალისტური ფასების დადგენისთვის. თუმცა,ამას ე.წ. ჩანაცვლების ეფექტი მოყვება, როცა სახელმწიფო კლინიკები ჩაანაცვლებენ კერძო საავადმყოფოებს და დარჩენილი კლინიკების მომგებიანობას შეამცირებენ. მეორე - კვოტირება, რაც შედარებით დაბალი და ხელოვნური ფასების პირობებში ბაზარზე შექმნილი დეფიციტით და ხარისხის გაუარესების რისკებითაა გამოწვეული.

ამდენად, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ყველგან ცუდად მუშაობს და თუ კრიტიკულად მივუდგებით დაგროვებულ გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა. ხოლო, დღევანდელი დაპირისპირება მორიგი ეტაპია იმ უსასრულო პროცესის, სადაც: მინისტრი ცდილობს გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ. მაგრამ, ვინც არ უნდა გამოვიდეს ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ისტორიას happy end არ ექნება, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ ფუნდამენტურად არასწორი სისტემის გაუმჯობესებას, ნაცვლად იმისა, რომ დავიწყოთ მისი გაუქმების გზების ძიება.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა იაპონია?
17 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა BMW
20 დეკემბერი, 2019
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker