28-1: წუხილი თუ სიხარული

2020 წლის 31 იანვარს, გაწევრიანებიდან 47 წლისა და რეფერენდუმის ჩატარებიდან 1 340 დღის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.

ძალიან ბევრი ემოცია იყო ამ ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. იყო წუხილიც და იყო სიხარულიც; იყო ბრაზიც და იყო ჟრიამულიც. მოკლედ, ბრექსიტი შედგა! შემდეგ რა?

მართალია ბრექსიტის შეთანხმება გაფორმდა, ორივე მხრიდან ხელი მოეწერა და პარლამენტებში რატიფიცირებაც მოხდა, მაგრამ თებერვლის პირველივე დღეებიდან დაიწყება მზადება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ევროკავშირში გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან შეთანხმებებზე მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილებების მომზადებისთვის. რა იცვლება და რა არ 1 თებერვლიდან?

ევროკავშირის ოფიციალურ დაწესებულებებში აღარ იქნება ბრიტანული დროშა; ევროპარლამენტში ვეღარ ნახავთ ბრიტანელ პარლამენტარებს, ბრიუსელში სამიტებზე და მინისტერიალებზე კი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს; ფერს შეიცვლის ბრიტანული პასპორტიც, რომელიც დაიბრუნებს თავის ძველ, ლურჯ ოქროსწარწერებიან ფერს.

2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაადგილება ბრიტანელებისთვის ევროკავშირში და ევროკავშირელებისთვის დიდ ბრიტანეთში ძველებურად იქნება თავისუფალი, ისევე როგორც მუშაობა, ისევე როგორც პენსიების მიღება და დაზღვევით სარგებლობა. დიდი ბრიტანეთი გარდამავალ პერიოდში რჩება ერთიანი საბაჟო კავშირის სივრცეში და განაგრძობს ევროკავშირის ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.

თებერვლის ბოლოსთვის ევროკავშირი დაამტკიცებს საკუთარ პოზიციებს დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებისთვის, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი შეიმუშავებს მარტის დასაწყისში დაგეგმილი მოლაპარაკბებისთვის სტრატეგიას და ტაქტიკას. დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის ოპტიმიზმს, დასრულდეს მოლაპარაკებები 2020 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირში სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა თუ გავიხსენებთ ახლო წარსულს, ბორის ჯონსონის დაჟინებულ მოთხოვნას, მისი გაპრემიერების შემდეგ ხელახლა დაწყებულიყო მოლაპარაკებები ირლანდიის საზღვართან დაკავშირებული საკითხების თაობაზე არათუ სკეპტიკურად, არამედ დაუშვებლად მიიჩნევდნენ ბრიუსელში და დედაქალაქებში. საბოლოოდ, ბორის ჯონსონის სიხისტემ გაჭრა და მორიგი ვადის ამოწურვამდე ახალი შეთანხმებები შედგა.

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის განმავლობაში უხვად იქნება საუბარი ვაჭრობაზე და სავაჭრო შეთანხმებებზე, მაგრამ უფრო ზოგადად, ყველას აინტერესებს, როგორ პოზიციას აირჩევს დიდი ბრიტანეთი? საითკენ დაიწყებს უფრო აქტიურად მოძრაობს ნისლიანი ალბიონი: შეინარჩუნებს ევროკავშირის ოცდაშვიდეულთან ტრადიციულ, მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას, თუ მზერას უფრო მეტად და ხშირად ატლანტიკის ოკეანის გადაღმა სანაპიროზე მყოფი ისტორიული მოკავშირისკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიაპყრობს?

ჯერჯერობით გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ მაღალი ალბათობით დიდი ბრიტანეთი შეეცდება ორივე ძირითად პარტნიორთან თანასწორი დაბალანსებული ურთიერთობები განავითაროს. ცხადია, რომ ის გათავისუფლდა 28-იანში ყველა გადაწყვეტილების შეთანხმების ვალდებულებისგან და ამიერიდან სხვა საკითხებთან ერთად,  რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან პოზიციონირებაში მას ხელ-ფეხი მნიშვნელოვნად გაეხსნება. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით კარდინალური ცვლილებები მაინც მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან დიდი ბრიტანეთი რჩება ნატო-ს მნიშვნელოვან წევრად და განაგრძობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ორი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც გაჩნდა ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ, აწუხებს ბევრს როგორც ევროკავშირში, ისე დიდ ბრიტანეთში: ხომ არ ექნება დომინოს ეფექტი დიდი ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირისთვის და ხომ არ დაიწყება თავად დიდ ბრიტანეთში დეზინტეგრაციული პროცესები?  ამ მხრივ ევროკავშირში ჯერჯერობით სიმშვიდეა: არც გერმანია და არც საფრანგეთი არც კი უშვებს ევროკავშირის დაშლის შესაძლებლობას, ხოლო მასში შემავალი, შედარებით მცირე ზომის ეკონომიკების მქონე ქვეყნები ნამდვილად არ გარისკავენ ისე, როგორც დიდი ბრიტანეთმა 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმზე.

სამაგიეროდ, მორიგი რეფერენდუმისთვის, როგორც ჩანს, მზად არის შოტლანდია. წინა გამოკითხვებისგან განსხვავებით, ბოლო კვლევაში პირველად დაფიქსირდა 51%-იანი მხარდაჭერა დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე. ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ხმამაღლა ითხოვს შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სთერეჯენი. მან წერილობითაც მიმართა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს, მაგრამ ამ უკანასკნელმა შოტლანდიელ ლიდერს უარით უპასუხა. ეს საკითხი კიდევ არაერთხელ დადგება დღის წესრიგში და არავინ იცის, როგორ განვითარდება და დაგივირგვინდება უახლოესი წლების განმავლობაში. ბრექსიტის შემდეგ გაძლიერდა კვლავ საუბრები ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების შესახებაც, თუმცა აქ ვითარება ჯერ რეფერენდუმზე მსჯელობამდეც კი არ მისულა (და ალბათ არც მივა).

მილიონობით ევროკავშირელს, რომელიც ცხოვრობს და საქმიანობს დიდ ბრიტანეთში, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოუწევს გადაწყვეტილების და ზომების მიღება მათი შემდგომი საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის განსასაზღვრად. იგივე ითქმის ბრიტანეთის მოქალაქეებზე, ვისაც აქვთ ბიზნესი და მუშაობენ ევროკავშირში.

როგორც ევროკავშირის და ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტებმა დონალდ ტუსკმა და ჟან-კლოდ იუნკერმა სამართლიანად და ენამოსწრებულად აღნიშნეს, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონისთვის, რეფერენდუმის ჩატარების გამო, ადგილი ჯოჯოხეთში გარანტირებულია (მგონი თავად დევიდ ქმერონიც საკუთარი ფეხით მზად არის მისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს მისი ცოტა ხნის წინ გამოსული წიგნიდან). იქვეა ადგილი რუსეთის პრეზიდენტისთვისაც, მიუხედავად იმისა, მართლა ჩაერია თუ არა ამ რეფერენდუმში რუსეთი, მაგრამ ასეა თუ ისე, დადგა ახალი რეალობა და დაიწყო ახალი ერა. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და სწორედ ამ ახალი რეალობის ჭრილში ვიმოქმედოთ. საქართველოს ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორი დიდი ბრიტანეთის სახით, გვაქვს მასთან მნიშვნელოვანი შეთანხმებებიც, თუმცა ეპოქალური ცვლილებების გათვალისწინებით, შესაძლოა, ჩვენც ახალი შესაძლებლობები გაგვიჩნდეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისა და პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.   

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა მაიკლ ბლუმბერგი?
31 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა “უოლტ დისნეი კომპანია“?
04 თებერვალი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker