"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ბელარუსის ახალი “ძველი” გზაჯვარედინი

ბელარუსის ახალი “ძველი” გზაჯვარედინი

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები უაღრესად დინამიური და სწრაფად ცვალებადი გახდა.

მსოფლიოს ყურადღება მიმართულია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე დრამატულ პროცესებზე, პლანეტის ორ ყველაზე ძლიერ ეკონომიკას – აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულ სავაჭრო ურთიერთობებში პოზიტიურ და ნეგატიურ მომენტებზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ პროცესების მოსალოდნელ განვითარებასა თუ ნატო-ს შიგნით მოკავშირეებს შორის არსებული ურთიერთობების არცთუ ისე მარტივ ეტაპზე.

ამ ყველაფრის ფონზე, ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული 10-მილიონიანი ბელარუსი და 1994 წლიდან მისი უცვლელი ლიდერი, 65 წლის ალექსანდრე ლუკაშენკო საოცარი წარმატებით ახერხებს მუდმივად იყოს მსოფლიოს 3 წამყვანი ეკონომიკის, აშშ-ს, ჩინეთისა და ევროკავშირის რადარებზე, რუსეთის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის დაჭიმულ ნერვებზე და საქართველოსთან ურთიერთობებში მოწოდების სიმაღლეზე (2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების რუსული წნეხის მანქანა ყველაზე მაგრად ბელარუსში აქტიურობდა, მაგრამ უშედეგოდ. მაგრად დადგა ბელარუსი და მისი ლიდერი).

რა ეპითეტებითაც არ უნდა ამკობდნენ “ბაწკოს” (“ევროპის უკანასკნელი დიქტატორი”, “ცბიერი მანიპულატორი” და ა.შ.), რაოდენ რთულადაც არ უნდა იყოს ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით (ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ბელარუსი შედის “არათავისუფალი ქვეყნების” კატეგორიაში და პოლიტიკური თუ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსების მიხედვით არცთუ მაინცდამაინც სახარბიელო პოზიციები უკავია), ბელარუსის პრეზიდენტის მოხერხებულობით: აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და შეთანხმებები სწორედ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შედგა. “ნორმანდიული ოთხეული” და “მინსკის ჯგუფი” წარმოადგენს მთავარ ფორმატებს, რაც, ნებსით თუ უნებლიედ, უზრუნველჰყოფს დემოკრატიული თანამეგობრობის მხრიდან იზოლაციის პირობებში დასავლელი ლიდერების უმაღლეს დონეზე კონტაქტებს ბელარუსის პრეზიდენტთან.

ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს სიკვდილით დასჯა. ბელარუსში ფაქტობრივად შეუძლებელია ოპოზიციური საქმიანობა. აგრეთვე, წარმოუდგენელია ბიზნეს საქმიანობა სახელმწიფოს “თანამონაწიელობისა” და ბელარუსის პრეზიდენტის “ლოცვა-კურთხევის” გარეშე. დასაქმებულთა დიდი ნაწილი (დაახლოებით 60%) მუშაობს სახელმწიფო საწარმოებში, 30%-ზე მეტი კერძო სექტორში (რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა საკმაოდ მაღალია) და მხოლოდ 3% არის დასაქმებული უცხოური კომპანიების მიერ. ამ ყველაფრის ფონზე, ბელარუსში უმუშევრობის დონე 0.5%-ია!!! და მთლიანი სამამულო პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 20 ათას დოლარს უახლოვდება და მინიმალური ხელფასი 114 დოლარის ექვივალენტ ახალ ბელარუსულ რუბლს შეადგენს.  

ბელარუსი ერთდროულად არის რუსეთის მიერ დომინირებული ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობისა და შანხაის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი და შედის ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სახელმწიფოთა ჯგუფში.

მე-20 საუკუნის მიწურულს ბელარუსმა გააფორმა მთელი რიგი შეთანხმებები რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით. 20 წლის თავზე, 2019 წელს რუსეთმა, უფრო სწორედ მისმა უცვლელმა მმართველმა ვლადიმერ პუტინმა, საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების წყურვილით, მაქსიმალური სიმძლავრეები ჩართო ამ შეთანხმების რეალობად გადაქცევის მიზნით, რაშიც პირველ რიგში ენერგომატარებლების მიწოდებაში დაბრკოლებების შექმნა და ეკონომიკური ხასიათის ზემოქმედების მექანიზმების გაძლიერება იგულისხმება.  როდესაც საერთაშორისო ექსპერტული თანამეგობრობა ვლადიმერ პუტინის შემდეგ შესაძლო მსხვერპლზე/სამიზნეზე საუბრობს, პირველ რიგში სწორედ ბელარუსს ასახელებს. გასული წლის ბოლოს კრემლის წნეხმა პირადად ლუკაშენკოზე კულმინაციას მიაღწია. ნოემბერ-დეკემბერში რამდენჯერმე გაიმართა  მრვალსაათიანი მოლაპარაკებები რუსეთ-ბელარუსის გაერთიანების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მაგრამ სად იყო და სად არა, გამოჩნდა ბელარუსის ოპოზიცია, ხმა აღიმაღლა ბელარუსულმა საზოგადოებამ (მაღალი ალბათობით, თავად ლუკაშნეკოს ფარული თანხმობით) და ბელარუსის პრეზიდენტმაც ღიად განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდელობაზე უარის თქმის შემთხვევაში მას ხალხი “ცოცხლად შეჭამდა” და რუსეთთან გაერთაინების შემთხვევაში “აუცილებლად მოხდებოდა ომი დასავლეთთან”. გამომდინარე იქიდან, რომ ვლადიმერ პუტინი ახალი წლის პირველი დღეებიდან ახალი კონსტიტუციით და რუსეთის შიგნით საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების გზების ძიებით დაკავდა, უნდა ვივარაოუდოთ, რომ ამ ეტაპზე მაინც ბელარუსის “გადასანსვლის” გეგმა “ბარბაროსა” შეჩერებულია.

პრეზიდენტ ლუკაშენკოს მანევრირების უნარები მართლაც განსაკუთრებული დაფასების ღირსია. ჩვენ ადრეც გვინახავს კრიტიკულ მომენტებში მისი “მოულოდნელი” და ძლიერი პოზიტიური სიგნალები ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში რუსეთისგან დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვასა და ბელარუსისთვის ხელსაყრელ სავაჭრო პირობების მიღებაში აისახებოდა.

ზუსტად ასე განვითარდა მოვლენები უკანასკნელი თვეების განმავლობაში. რუსეთიდან ნავთობის მოწოდებებში შეფერხების შემდეგ, მიმდინარე წლის 3 იანვარს რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილებით, ბელარუსს ვეღარ მიეწოდებოდა ნავთობი, თუკი არ შესრულდებოდა მანამდე არსებული პირობები ფასებთან დაკავშირებით. საქმე ეხება ე.წ. “პრემიალურებს”, რომელსაც ბელარუსი უხდიდა რუსეთს (1 ტონაზე 10 დოლარი). ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დადგა ერთგვარი ჭეშმარიტების მომენტი და თუ რუსეთი უარს არ იტყვის პრემიალურებზე, ის იძულებული იქნება ახალი მომწოდებლები ეძებოს (შეგახსნებეთ, რომ რუსეთიდან მოწოდებულ ნავთობს ბელარუსი გადაამუშავებს მის ნავთობ-გადამამუშავებელ საწარმოებში და ყიდის კომერციულ ფასად, რაც ბელარუსის შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს). როგორც იტყვიან, წმინდა ადგილი არასდროს რჩება ცარიელი. ბელარუსმა უკვე მიიღო ნორვეგიიდან შესყიდული 80 ათასი ტონა ნავთობის პირველი პარტია. მართალია, ის ტონაზე 20 დოლარით ძვირი ჯდება, ვინაიდან ნავთობი ნორვეგიიდან ჩადის ლიტვურ პორტ კლაიპედაში და იქიდიან რიკინიგზით გადაიზიდება ბელარუსში, მაგრამ, როგორც გითხარით, “ბაწკომ” ნამდვილად კარგად იცის მანევრები. ნორვეგიული 80 ათასი ტონა რა მოსატანია იმასთან შედარებით, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეო განაცხადა 26 წლის შემდეგ პირველად აშშ-ს მთავარი დიპლომატის ვიზიტის მსვლელობისას (ბოლოს პრეზიდენტ ბილ კლინტონს ახლდა თან 1994 წელს აშშ-ს მაშინდელი სახლემწიფო მდივანი უორენ კრსიტოფერი): “აშშ-ს შეუძლია 100%-ით უზრუნველყოს ბელარუსი ნავთობით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ მოგვმართოთ”. ასევე ვიზიტის დროს გახმიანდა, რომ 2008 წლის შემდეგ ორივე ქვეყანაში კვლავ დაინიშნებიან ელჩები. მართალია, სანქციები ჯერ არ მოიხსნება, მაგრამ აშშ-ს ბელარუსში აქტივობა, რასაც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი ღიად მიესალმა, მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მაიკ პომპეომ ღიად აღნიშნა, რომ მას არ სურს, ბელარუსმა არჩევანი გააკეთოს რუსეთსა და აშშ-ს შორის, ცხადია, რუსეთის ხელისუფლებას აშშ-ბელარუსის ურთეირთობები აშკარად ყელში გაეჩხირება. პირველი შედეგები უკვე სახეზეა: აშშ-ს მხარდამჭერი განცხადებებით ზურგ-გამაგრებულმა სოჭში ჩასულმა ლუკაშენკომ და ვლადიმერ პუტინმა გაზის ფასზე და მოცულობებზე კი მოილაპარაკეს, ჰოკეიც ითამაშეს, მაგრამ ნავთობის პრობლემა პრობლემად დარჩა. ერთიანი სახელმწიფოს თემა კი, ვგონებ, საერთოდაც არ განხილულა.  

არ უნდა დაგვავიწყდეს ჩინეთი. ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ბელარუსის ლიდერს ჩინელ კოლეგასთან ძალიან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. თუკი რუსეთი არ იძლევა შეღავათიან კრედიტს, მაშ რისთვისაა ჩინეთის “სარტყლისა და გზის ინიციატივა”? დამტკიცებული 12 მილიარდიანი საკრედიტო ხაზიდან ჩინეთმა უკვე გამოუყო ბელარუსს 500 მილიონი დოლარი, წლიდან წლამდე იზრდება პირდაპირი ინვესტიციები და ჩინელი ტურისტების რაოდენობა. ჩინეთის თანამონაწილეობით განახლებული ბელარუსის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მეშვეობით ევროპაში ექსპორტისთვის განსაზღვრული ჩინური პროდუქციის 80% სწორედ ბელარუსის რკინიგზით გადაიზიდება. ჩინური კრედიტით შექმნილ ბელარუსის ტექნოლოგიურ პარკში უკვე შესაძლებელი გახდა 1 მლრდ დოლარის ინვესტიციების მოზიდვა. უფრო მეტიც, ჩინეთის მეშვეობით, ბელარუსმა შექმნა საკუთარი, რუსეთისგან დამოუკიდებელი ჰაერსაწინააღდმეგო თავდაცვის სისტემა, სახელწოდებით “პოლონეზი”. თუკი რუსეთი არ/ვერ აპროტესტებს ჩინეთის აქტივობას ბელარუსში, აშშ ღიად საუბრობს ჩინეთის ექსპანსიური პოლიტიკის მიუღებლობაზე. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ბელარუსში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩასვლა, განსაკუთრებით კი  ვიზიტები უზბეკეთსა და ყაზახეთში, ამ ქვეყნების პირველ პირებთან და 5+1 ფორმატში ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ჩინეთის შეკავების პოლიტიკა გახლავთ.

ევროკავშირიც სულ უფრო ხშირად საუბრობს ბელარუსთან თანამშრომლობის განახლებასა და გააქტიურებაზე. გასული წლის ნოემბერში, კარგა ხნის წინ გაციებული ურთიერთობების და პერსონალური სანქციების შემოღების შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტი პირველად ეწვია ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოს ავსტრიას. მოსალოდნელია, რომ ეს ვიზიტები მიმდინარე წელსაც ორმხრივად გააქტიურდება.

ასე რომ, ბელარუსი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და კვლავ გზაჯვარედინზეა. “რკინის ხელის” და ავტოკრატიის მოტრფიალეები ტყუილად ნუ აღფრთოვანდებით: ბელარუსი თუ მიიღებს ცივილზებული თამაშის წესებს, მას აუცილებლად მოუწევს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სისტემის გახსნა და რეფორმირება, თუნდაც ლუკაშენკოს ხელისუფლებაში გარკვეული ყოფნის პირობებში.

ყველაფერს მოხერხება უნდა.

წარმატბები ბელარუსს!

გააზიარე