მედიცინის დოქტორი,

კავკასიის უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რატომ ვერ შენდება ქვეყანა?!

რატომ ვერ შენდება ქვეყანა?!

ამასწინათ, ცნობილი ისტორიკოსის ოთარ ჯანელიძის წიგნს ვკითხულობდი “დახვრეტილი თავისუფლება”. წიგნი 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის პერიოდს ეხება. წიგნის კითხვისას იმდროინდელი გაზეთიდან ამონარიდმა დამაინტერესა: “ქართველ მეაფთიაქეთა კავშირმა ინგლისიდან და საფრანგეთიდან მიიღო აუარებელი მედიკამენტები. მოსალოდნელია ტფილისის აფთიაქებში წამლის ფასის დაწევა” – წერდა გაზეთი.

ანუ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს უფრო კონკურენტული ფარმაცევტული სისტემა გვქონია! ყოველ შემთხვევაში, იმდროინდელ საზოგადოებას მოლოდინი ჰქონდა, რომ მედიკამენტების შემოტანით იგი უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა მოსახლეობისათვის. წარმოიდგინეთ, თუ რამდენად არის შესაძლებელი საზოგადოებას ჰქონდეს მსგავსი მოლოდინები დღევანდელ საქართველოში?!

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობაც და პარლამენტიც უფრო პროგრესული რომ გვყავდა, ამას დამფუძნებელი კრების წევრთა სახელებიც მეტყველებენ: ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა ნუცუბიძე, გერონტი ქიქოძე, ივანე გომართელი, გიორგი ლასხიშვილი, იოსებ გედევანიშვილი… ასეთ განათლებულ ადამიანებს არც გაუჭირდებოდათ ევროპული დონის ჯანდაცვის სისტემის და საერთოდ, ევროპული ორიენტაციის ქვეყნის აშენება!

ამ განათლებულმა ადამიანებმა შექმნეს ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც ხმის მიცემის უფლებას აძლევდა ქალებს, მაშინ როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ!

კიდევ მეორე საგულისხმო ფაქტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წარსულიდან. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ხელს უწყობდა ქვეყანაში კერძო აფთიაქებთან ერთად საქალაქო (მუნიციპალური) აფთიაქების განვითარებას. ამ მიზნით ქალაქ სოხუმში გაიხსნა პირველი მუნიციპალური აფთიაქი, რომელიც წამლებს მოსახლეობას ხელმისაწვდომ ფასად, ხოლო მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას (ომში დაჭრილები, ღარიბები) უფასოდ აწვდიდა.

ეს ფაქტები გვაძლევს შესაძლებლობას, გავიაზროთ თუ განვითარების რა ეტაპზე ვიყავით იმ წლებში, გავიაზროთ როგორ გავჩერდით საბჭოთა პერიოდში და შემდგომში დღევანდელი პროცესების ჭრილში რამდენად მნიშვნელოვანია ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვქონდა.

ნებისმიერი სახელმწიფოს ფარმაცევტული პოლიტიკის მთავარი მიზანია – მედიკამენტების ხელმისაწვდომობის, მათი ხარისხის და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა.

ხელმისაწვდომობა გულისხმობს ძირითადი მედიკამენტების ზომიერი ფასით შეძენის ყველა მოქალაქისათვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას.

ხარისხი გულისხმობს მედიკამენტების უსაფრთხოებას და ეფექტურობას.

რაციონალური გამოყენება განიხილება, როგორც აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას იმისათვის, რომ ექიმებმა დანიშნონ, ხოლო პაციენტებმა მიიღონ მედიკამენტები, ორი ძირითადი წესის გათვალისწინებით – თერაპიული დასაბუთება და ეკონომიკური ეფექტურობა. 

ამასთან ერთად, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს სხვა ამოცანებიც – მედიკამენტებზე ხარჯების შეკავება, ჯანდაცვის  პოლიტიკის და ფარმაცევტული სამრეწველო პოლიტიკის მიზნებს შორის ბალანსის დაცვა. ამგვარად, სახელმწიფო დგას რეგულირების ისეთ მეთოდებს შორის არჩევანის წინაშე, რომლებიც, ერთი მხრივ, ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ ახალი მედიკამენტების შემუშავება, რაც საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია და მეორე მხრივ, უზრუნველყოს მაღალხარისხიანი მედიკამენტების ფასისმიერი ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის.

ისმება კითხვა, თუ 1918-1921 წლის მთავრობა, ქვეყნის ისტორიაში უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, ერთდროულად ორი თუ სამი მეზობელი მტრის (და არა ერთის მხოლოდ) გარემოცვაში ახერხებდა მოსახლეობისათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის მიცემას, რატომ ვერ ახერხებს იგივეს ბოლო სამი ათეული წლების განმავლობაში ნებისმიერი ხელისუფლება?

ამ კითხვას ერთი პასუხი შეიძლება ჰქონდეს: მაშინდელი საზოგადოება გაცილებით ტვინგახსნილი და პროგრესული იყო დღევანდელ პოსტსაბჭოთა საზოგადოებასთან შედარებით. თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში კი დიდი როლი ითამაშა 1921 წლის შემდეგ ბოლშევიკების მიერ განხორციელებულმა რეპრესიებმა.

ცნობილი ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეებზე წერდა: “1924 წელს ქვეყანამ ნახა პირველი გაკვეთილი, რომ შესაძლებელია არ ჩაატარო სასამართლო და ადამიანები პირდაპირ დახვრიტო ვაგონში, ან დახოცო სიმინდის ყანებში და ყველგან, სადაც მოიხელთებ. ქართულ საზოგადოებას ასეთი რამის წარმოდგენაც არ შეეძლო. საზოგადოების ხერხემალი სწორედ მაშინ გაიბზარა. მათ მოახერხეს, შეეშინებინათ ადამიანები და ეჩვენებინათ, რომ არაფრის წინაშე უკან არ დაიხევენ. ერთ ეზოში შეყარეს ათეულობით მამაკაცი 15 წლიდან ზევით და ქვებით განტვინეს. თელავში სატუსაღოში შეაყოფინეს ტყვიამფრქვევს თავი და ვინც სარდაფში იყო, ყველა ერთიანად დახოცეს. ჟლეტას რომ გამოქცეოდნენ, ადამიანები გამორბოდნენ საკუთარი ადგილებიდან მოშორებით. ამით მთელი სოციალური ქსოვილი მოარღვიეს. დაირღვა საზოგადოება, როგორც მთლიანობა. შემდეგ იყო რეპრესიების წყებები და ყოველ ჯერზე კიდევ ირღვეოდა, კიდევ ირღვეოდა, კიდევ ირღვეოდა. ბოლოს კი, 60-იან წლებში, მთლიანად დაემსხვრა ხერხემალი იმ ძველ საქართველოს. მერე უკვე, 70-იანი წლებიდან, სრული საშინელება მოხდა: ყველა კატეგორიის ადამიანის აღრევით შეიქმნა ე.წ. “ელიტა”… ამ გასაოცარ “ელიტაში” ერთმანეთის გვერდით არიან ნიჭიერი და ღირსეული ადამიანი, ნიჭიერი და უღირსი ადამიანი და ყოველნაირად წამხდარი ადამიანი. და მათ ყველას ერთი სახელი ჰქვია”.

ამ მართალი სიტყვების შემდეგ სრულიად ნათელია, რომ ბოლშევიზმით მოწამლულ საბჭოეთში ცხოვრების წარსულით დამძიმებული ადამიანი ვერც ჯანდაცვის და ვერც განათლების ნორმალურ სისტემას და საერთოდ, ვერც დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ვერ ააშენებს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა