“მიუნხენ უბერ ალეს”!!!

ასეა ნამდვილად! ჯერ ხომ საოცარი მხარეა ბავარია. გერმანიის სიძლიერის, გერმანული სულის და გერმანული ლუდის ))) გულის გულია!

არის მაგარი კონფერენციები (მაგ. ბათუმის “საქართველოს ევროპული გზა”, ვროცლავის უსაფრთხოების ფორუმი), არის ძალიან მაგარი კონფერენციები (მაგ. ბრატისლავის “გლობსეკ”-ი, დავოსის ეკონომიკური ფორუმი) და არის უმაგრესი კონფერენცია. ეს არის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - MSC – Munich Security Conference. რა არ უნახავს და სმენია მიუნხენს. მწარე მოგონებებიც აქვს, მაგ. ჰიტლერის 1930 წლის გამოსვლა და პუტინის 2007 წლის გამოსვლა, მაგრამ ყველაზე ძლიერი ძრავი (მხარის და ქვეყნის ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ბაიერიშენ მოტორენ ვერკე, ანუ უბრალოებაში ბე - ენ - ვე მაინც ვერ არის ისეთი მაგარი, როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია) გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების “გარჩევებში” ნამდვილად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კუთვნილებაა.

ასე იყო 2020-შიც. მიუნხენმა შეკრიბა ორმოცდამეთექვსმეტეჯერ მსოფლიოს დიდი ხუთასეული. პირველები და ლიდერები, ძლიერები და ცბიერები - ტრადიციულად, ყველა იქ იყო; თითქმის (არ მახსენდება აშშ-ს პრეზიდენტის მონაწილეობა. გასულ წელს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მონაწილეობდა. პუტინის გამოსვლა გველის ნაკბენივით მახსოვს მეც და ახსოვს ყველას. გვიან “გადახარშეს”, თუმცა თუ გადაივიწყეს, ისევ იკბენს მსოფლიო მერე იდაყვზე. როგორც ყოველთვის, ჩვენ პირველ რიგში).

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვლტერ შტაინმაიერმა ხმაურიანად გახსნა კონფერენცია, რომელიც, სამართლიანად, სახელოვანი ვოლფგანგ იშინგერის ნუკრად ითვლება (იშინგერი, ფაქტიურად, უსაფრთხოების კონფერენციების “კაიზერ” ფრანც ბეკენბაუერია). ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, გერმანიის პრეზიდენტმა მსოფლიო ნერვიულობის 3 მთავარ წყაროდ, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთი, ჩინეთი და აშშ დაასახელა. რუსეთის ნაწილში სრულად ვეთანხმები, ჩინეთის ეროვნულ უმცირესობებთან დამოკიდებულების კონტექსტში, და არა მხოლოდ, გაგებით ვეკიდები, მაგრამ ამ ხარისხში და თანრიგში აშშ-ს აყვანა? რია ვიცი, რია ვიცი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც პასუხი არ დაახანა. 82 ქვეყანას ვუძღვებით წინ “ისლამური სახელმწიფოს” განადგურებაში და კიდევ ჩვენ ვართ ოდენ ჩვენი თავისთვინო. აშშ-ს სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობართან ზალმაი ჰალილზადთან ერთად, კიდევ ბევრი რამის გამო ჰქონდათ თავის მოსაწონებლად საქმე. მოვლენებს წინ არ უსწრებენ, თორემ, როგორც ამბობენ, პრაქტიკულად მიღწეულია ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმება. ინშალა! მართალია მნიშვნელოვანი დათქმებით, კერძოდ, 7 დღის მანძილზე თალიბანმა უნდა უზრუნველყონ უწყვეტად უსაფრთხოება, ანუ არცერთი ძალადობრივი აქტი ამ ხნის განმავლობაში, და შემდეგ 10 დღის ვადაში დაიწყება მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბებს შორის. დონალდ ტრამპმა და მისმა გუნდმა ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმებას თუ მიაღწია, საგარეო ასპარეზზე დიდი!!!! ქულა და საშინაო საქმეებში უეჭველი უკვდავყოფა გარანტირებული აქვს. როგორც ჩვენი მეგობრები იტყვიან, “ქიფ ფინგერზ ქროსდ”.

მიკერძოებულობაში შეიძლება ჩამითვალოთ, მაგრამ აშშ-ს ენერგეტიკის მდივნის მიუნხენში ნათქვამი ომახიანი სიტყვის ამბავიც რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. “გაზპრომი ბაქიბუქობს, ჩვენ თვითონ დავასრულებთ “ნორდსტრიმ -2 “-სო, მაგრამ სულ ტყუილად. მათ ამის არც ტექნოლოგია აქვთ და არც პერსპექტივა”, - ვენაცვალე ამერიკელებს!

“ევროპა თავისუფალი და ერთიანი”-ს ერთგული მხარდამჭერები გაგვახარა და “რუსეთთან საჭიროა დიალოგი”-ს სკეპტიკოსები ჩაგვაფიქრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. გაგვახარა იმით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე გასული წლის ოქტომბერში ვეტოს დადების შემდეგ, მიუნხენში გამოსვლის დროს გამართულ კითხვა-პასუხის რეჟიმში სუსხიანი თებრვლის შაბათ დღეს ფრანგების ლიდერმა “გააზაფხულა”. “დაველოდოთ მარტში ევროკომისიის ანგარიშს. თუ ის პოზიტიური იქნება, საფრანგეთი მაისის ზაგრების ბალკანური სამიტისთვის მზად იქნება”. კი ბატონოო! გავიგეთ. გავიხარეთ. აი რა ვერ გავიგეთ და ლოგიკა რუსეთთან დიალოგის წადილი. ბატონი მაკრონის თქმით, “რუსეთთან აღარ ვლაპარაკობთ. კონფლიქტები კიდევ მატულობს. რუსეთი ევროპის საშინაო საქმეებში ჩარევას არ უკლებს. არცერთი ჩვენი მოკავშირე მზად არ აღმოჩნდა რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებისთვის. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა - დიალოგი”. როგორც ილო ბეროშვილის “შაგუ” იტყოდა, “უათ????”. თანამემამულეს “ძიალოგიო, ძიალოგიო”-ს ჰიტი მაინც არ  მოუსმენია კაცო ამ ადამიანს?!. ძალის პოზიციიდან დიალოგია საჭირო და არა კატა ლეოპოლდის “რებიატა დავაიწე ჟიწ დრუჟნა”-თი. ვიცით ბატონო, რომ ბეეევრი ბირთვული ქობინი აქვს ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, მაგრამ პეტერბურგულ და მოსკოვურ ოლიგარქიულ-მაფიურ საძმოს თუ არ ჩავთვლით, ყველა აგინებს “გაუკვდავების” გზაზე დამდგარ ნაციის ლიდერს (თუ ჩემი არ გჯერათ, ნახეთ აუცილებლად ლიფტში პრანკერების მიერ პუტინის ფოტოზე რა რეაქცია აქვს ხალხს). ძალას აღიარებს მხოლოდ ეგ ხალხი, ძალას!!! მასე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანიც კი შეხვდა რუს კოლეგას, შეხვედრიდან გამოსულმა “გუდ ლაქ”-იც კი მიაძახა, მაგრამ ვინ იცის რა უთხრა აშკარად ჭკნობისკენ გადახრილ რუს პირველ დიპლომატს დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, რომლის ხელის ჩამორთმევის ფოტოც კი არ დაიდო. თავის გამოსვლაში კი იყო ყოჩაღად სერგეი ლავროვი, ისტორიის შეცვლას არვის ვაპატიებთო (აბა არ არის ეხლა ტანკზე უარესი :) ), აქაც ტყუილად ბაქიბუქობთ, ხმამაღალი განცხადებებით სათაურებში გინდათ მოხვდეთ, თორემ რეალურად არაფრის გამკეთებლები ხართო. მაგას ჯობია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთეულის სამიტზე შევთანხმდეთ და მშვიდობაზე დავილაპარაკოთო. თურქეთიც არ დაავიწყდა. მეგობრობით კი ვმეგობრობთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, ყველაფერში ერთ აზრზე ვიყოთო! ჯერ სად ხართ!

ჩინეთის საგარეო უწყების თავკაცმაც იგერია შეტევები, არ ვართ ჩვენ ცუდი ხალხი, 5000-წლიანი ცივილიზაციის ისტორიით, ეს შპიონობაც გეჩვენებათ და უმცირესობების შევიწროებაცო. მისმა მოადგილემ კი გაგვახარა, კორონავირუსს მალე ბოლოს მოვუღებთ და ეკონომიკური განვითარების ძველ სიმძლავრეებსაც მალე დავუბრუნდებითო. შაქარი მის ბაგეებს!

ბრექსიტის მერმედ, პირველად, ბრიტანული ხმა აშკარად დააკლდა მიუნხენურ თავყრილობას. ეტყობა ძალიან “ცხელა” ნისლიან ალბიონზე. სხვათა შორის, არა მხოლოდ მიუნხენმა მოისაკლისა ბრიტები. 5-განზომილებიან ინტერნეტზე ჩინური “ჰუავეი”-სთვის ნაწილობრივი მწვანე შუქის ანთების შემდეგ გამართული მწვავე სატელეფონო საუბრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონსა შინა ვიზიტიც გადადო. კარგი კერკეტი კაკალია ბრიტანეთის მთავრობის მეთაურიც.    

რა მაგის პასუხია და, კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციამ დააგზავნა ანგარიში, რომლის ერთ-ერთი საკვანძო თემა “უდასავლეთობა” (ჩემი მოგონილი არ არის. ანგარიშში პირდაპირ ასე სწერია - Westlessness) გახლდათ. დიახ! დასავლეთის, როგორც ასეთის შემოძახებას და შემოფხიზლებას ნამდვილად სჭირდება სიმართლისთვის თვალებში ჩახედვაც და სიმართლის თქმაც. მძლავრობს ჩინეთი, “უბერავს” რუსეთი და ფერმკრთალდება კრებსითად “დასავლეთი”.

მოკლედ, უმაგრესია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. თამამად შეიძლება ითქვას: “მიუნხენ უბერ ალეს”! მომავალ თებერვლამდე!

წინა სტატია

ბლოგი ბიზნესისა და სამართლის საჭირბოროტო საკითხებზე, ანუ ის, რაც ბიზნესს აწუხებს
15 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა ჯეკ მა?
18 თებერვალი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker