"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

იდლიბის კვანძი

იდლიბის კვანძი

ვიდრე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე საუბრობენ და ბჭობენ, ვინ უფრო აწყობს აშშ-ს პრეზიდენტად 2020-ში რუსეთს, დონალდ ტრამპი თუ ბერნი სანდერსი; ვიდრე კორონავირუსის გავრცელების შესაძლო მასშტაბებზე მსჯელობენ და პროგნოზირებენ; ვიდრე ევროკავშირის ლიდერები 7-წლიანი ბიუჯეტის დეტალებზე დავობენ და ვერ თანხმდებიან:

ჩვენი მეზობელი თურქეთი მის სამხრეთ საზღვრებთან, იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის და მისი მთავარი მხარდამჭერის, ჩვენი კიდევ ერთი მეზობლის რუსეთის წინააღმდეგ სავარაუდო სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და მსოფლიოს ფართომასშტაბიანი ომის საშიშროების შესახებ აფრთხილებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა გასული კვირის ბოლოს ღიად განაცხადა, რომ იდლიბზე სრულმასშტაბიანი შეტევა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს. მან ასევე განაცხადა, რომ თუ არ შეწყდება თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის მხარდაჭერით ასადის რეჟიმის ძალების მხრიდან თავდასხმები, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს არ სურს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, ის აღარ დაიწყებს გარჩევას და ყველას გასცემს საკადრის პასუხს.

იდლიბის პროვინციაში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პრაქტიკულად თითოეული მათგანი მზად არის დატოვოს საკუთარი სახლ-კარი, თუ სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალი გახდება. 900 ათასი დევნილი უკვე მიმდგარია თურქეთის სამხრეთ საზღვარს, ხოლო მათი მილიონობით თანამემამულე ყოველდღიურად იღვიძებს და იძინებს იმის შიშით, თუ რომელ საავადმყოფოს და თავშესაფარს დაბომბავს რუსეთის ავიაცია.

სიტუაცია მართლაც ძალიან კრიტიკულია. თურქეთისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. გასული კვირის ბოლოს ერდოღანმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს, რასაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების სატელეფონო კავშირიც მოყვა. ეს კონტაქტები მას შემდეგ შედგა, რაც თურქეთმა იდლიბის პროვინციის ნაირაბის დასახლების მიმართულებით სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ამ შეტაკებას, რომელშიც ჩართული იყო თურქეთის არტილერია და სირიის ოპოზიციური ძალები, 2 თურქი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. ასადის რეჟიმის ძალების  ჰაერიდან საცეცხლე მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, რუსეთი უზრუნველყოფდა.

რუსეთის ავიაციის აგრესიულმა ქმედებებმა თურქეთის ხელისუფლება მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, ეთხოვათ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე განსათავსებლად ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის “პეტრიოტის” მიწოდება.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს პირად საუბრებში, რომ სირიის საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს ჯეფრის მეშვეობით ასეთი თხოვნა ამერიკულ მხარეს ნამდვილად გადაეცა. დარწმუნებული ვარ, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ თხოვნას სიამოვნებით მიიღებდა, თუმცა, შესაძლოა, მისი თანხმობა მიებას რუსული “ს-400”-ების გამოყენებაზე უარის თქმის პირობას. თურქეთის თავდაცვის მინისტრი ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირებას კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, როგორც დაგეგმილი იყო, გაზაფხულზე შევა მწყობრში.

ნიშანდობლივია, რომ სირიაში ასეთი მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე აშშ-ს მხრიდან რეაგირება ჯერჯერობით მხოლოდ გაერო-ში აშშ-ს წარმომადგენლის დონით შემოიფარგლება, რომელმაც დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ერთად მოუწოდა რუსეთს და ასადის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ იდლიბის პროვინციაში სისხლისღვრა, საავადმყოფოებისა და სხვა ობიექტების დაბომბვა.

ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელეს ბრიუსელში ევროკავშირის ბიუჯეტზე შეკრებილი საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა. ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრებიც გამართეს რეჯეფ ერდოღანთან და ვლადიმერ პუტინთან და თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით შესთავაზეს მათ სტამბოლში 5 მარტს 4-მხრივი სამიტის გამართვა. თავად რ.ერდოღანი ასეთი შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა ჯერ არ არის ოფიციალური პასუხი რუსული მხრიდან.

არც იდლიბის კვანძია გორდიას კვანძი (თუმცა გორდიას კვანძიც იმ მიდამოებში იყო განთავსებული, სადაც ამჟამად თურქეთის დედაქალაქი ანკარა მდებარეობს) და არც რომელიმე ლიდერთაგანი ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრე (მით უმეტეს წარმომავლობით); არც იმის ილუზია აქვს ვინმეს, რომ ერთი ხმლის დაკვრის მსგავსად, პეტრიოტებით, ტანკებით ან მძიმე არტილერიით გაიხსნება იდლიბის კვანძი, რის შემდეგაც დაიწყება დანარჩენი მსოფლიოს თუ ვერა, რეგიონის დაპყრობის ოპერაცია. სხვა დროა ახლა. 

თუმცა, ცხადია, რომ იდლიბის კვანძი აუცილებლად გასახსნელი იქნება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უფრო მეტი მოთმინებით და გამჭრიახობით და არა ძალის გამოყენებით.

თურქეთი და რუსეთი ცოტა ხნის წინ ერთხელ უკვე დადგნენ ერთმანეთის პირისპირ ლიბიაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იქაც შუამავლებად გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი მოგვევლინენ, შეთანხმებაც ვერ შედგა და ცოტა ხნის წინ ამბოხებული ფელდმარშალის ჰაფთარის მიერ საპორტო ქალაქის დაბომბვის შემდეგ ლიბიის ოფიციალური ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკების პროცესიდანაც გავიდა; აგრეთვე, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ლიბიაში რუსული მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებული მეომრები მონაწილეობენ და არა რეგულარული არმიის ნაწილები, ვითარება მაინც განსხვავებული და ნაკლებად ფეთქებადსაშიშია. რაც შეეხება სირიას, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ ორი ქვეყნის, თურქეთისა და სირიის შეიარაღებული ძალები და არა მათთან აფილირებული გასამხედროებული ორგანიზაციები, პრაქტიკულად, პირველად დადგა რეალური საშიშროება იმისა, რომ თურქეთი და რუსეთი აღმოჩნდნენ უშუალო სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე.

თურქეთის პრეზიდენტის პროაქტიური პოზიცია ნაკარნახებია ქვეყნის შიგნით საკუთარი ავტორიტეტის გამყარების, დევნილთა ახალი ტალღის თავიდან აცილებისა და რეგიონში საკუთარი გავლენების განმტკიცების ამოცანების რეალიზებით.

რუსეთის პრეზიდენტის ინტერესები საშიანო და საგარეო გავლენების ნაწილში პრაქტიკულად იდენტურია. თუმცა, რაც შეეხება დევნილების საკთხს, პირიქით, რუსეთის ინტერესებში შედის მათი რაოდენობის იმდენად ზრდა, რომ თურქეთი იძულებული გახდეს გახსნას საზღვრები და გაუშვას ასეულ ათასობით სირიელი ევროპის ქვეყნების მიმართულებით. დევნილების პრობლემამ უკვე გააძლიერა მნიშვნელოვნად ევროპაში კრემლის “მონათესავე სულები”, ნაციონალისტურ-პოპულისტური ძალები და სერიოზული რყევები გამოიწვია კონტინენტის პოლიტიკურ ლანდშაფტში.

ასე რომ, იდლიბის კვანძის გახსნა არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ევროპელების, მ.შ. ალექსანდრე დიდის მემკვიდრე პოლიტიკოსების სასიცოცხლო ინტერესებში შედის. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე არანაკლებად (თუ უფრო მეტად არა) ვართ დაინტერესებული სტაბილურობის მიღწევაში. საომარი მოქმედებები რაც უფრო მასშტაბურია და რაც უფრო ახლოს არის, მით უფრო ზემოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებაზეც და ეკონომიკურ სტაბილურობაზეც. ასე რომ, როგორც იტყვიან, ჩვენს ფიქრებსა და ლოცვებში იდლიბელებისთვისაც უნდა იყოს ადგილი.

გააზიარე