ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

კორონავირუსის ეკონომიკური შედეგები

კორონავირუსის ეკონომიკური შედეგები

დაახლოებით ორი ათწლეული გავიდა 2003 წელს ჩინეთში მწვავე რესპირატორული ინფექციის (ცნობილი როგორც SARS) გავრცელების შემდეგ. ამ სინდრომმა მაშინ ასეულობით ადამიანი შეიწირა და მსოფლიო ეკონომიკურ ზრდასაც გარკვეული საფრთხე შეუქმნა, თუმცა დღევანდელი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებმა, შესაძლოა ორივე მიმართულებით გაცილებით მძიმე შედეგები მიტანოს. 2003 წლის შემდეგ დღემდე ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მისი ეკონომიკა 2003 წელს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 16 პროცენტია.

მიმდინარე გლობალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვნად წაახალისა მიწოდების ჯაჭვის შექმნა, რომელიც ხშირად კვეთს არაერთი ქვეყნის საზღვარს და ეკონომიკებს უფრო მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან. გავრცელებული ვირუსის ფონზე სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, მიერ გამკაცრებული საჰაერო და სახმელეთო შეზღუდვები ხელს უშლის მიწოდების პროცესის ამ ჯაჭვის სრულყოფილ ფუნქციონირებას და აფერხებს ეკონომიკურ აქტივობას. მაგალითად, სმარტფონების მიკროჩიპების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის Qualcomm -ის ცნობით ვირუსის შედეგად წარმოქმნილი გაურკვევლობა სმარტფონებზე მოთხოვნის და შესაბამისად ჩიპების მიწოდების პროცესის დაგეგმვას ართულებს. ჩინეთიდან იმპორტირებულმა ავტონაწილების დეფიციტმა უკვე აიძულა Hyundai დროებით დაეხურა საწარმო სამხრეთ კორეაში.

ეკონომისტების განცხადებებით, ვირუსის მიმდინარე გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალი მართვადია და შემდგომი მნიშვნელოვანი გავრცელების თავიდან აცილების შემთხვევაში არ გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან შესუსტებას. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად 2009 წელს H1N1 პანდემიის შედეგს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5 პროცენტიანი კლება წარმოადგენდა, თუმცა კორონავირუსის მასშტაბურ გავრცელებას მსოფლიო ეკონომიკის 5 პროცენტიანი შემცირება შეიძლება მოყვეს.

ეკონომიკური ზარალი არა თავად ვირუსის, არამედ უფრო მისი გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან მომდინარეობს. თუმცა იგი გავლენას ახდენს მომხმარებლების და სახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე. ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მოგზაურობას, ვაჭრობას, რაც საბოლოო ჯამში მოთხოვნის კლებას იწვევს. ხოლო კომპანიების გადაწყვეტილებები შეაჩერონ საწარმოო პროცესი, აფერხებს მიწოდებას. ვირუსის გავრცელების არეალის ზრდის პარალელურად მოთხოვნისა და მიწოდების შეზღუდვა შესაძლოა მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს მსოფლიო ეკონომიკური ზრდისთვის. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო უამრავი ადამიანი ან კომპანია თავს იკავებს ჩინეთში ან რისკის შემცველ სხვა ქვეყანაში ვიზიტისა და ეკონომიკური აქტივობის განხორციელებისგან. რამდენიმე ავიაკომპანიამ შეწყვიტა ფრენები ჩინეთის მიმართულებით, საერთაშორისო სასტუმროების ქსელები კი მომხმარებლების მიერ გადახდილი საფასურის დაბრუნებას ახორციელებენ.

ჩინეთის მთავრობა აქტიურ ქმედებებს მიმართავს ეკონომიკის შესუსტების საწინააღმდეგოდ. ქვეყნის სახალხო ბანკმა უკვე შეამცირა საპროცენტო განაკვეთი, ასევე, დაანონსდა საგადასახადო შეღავათები მოთხოვნის წასახალისებლად. გასული კვირების განმავლობაში შრილანკის, მალაიზიის, ტაილანდის და ფილიპინების ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები.

განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება ფინანსურ ბაზრებზე. ვირუსის გავრცელების შემდეგ ჩინეთის და ჰონგ-კონგის ფინანსური ბაზრები შესაბამისად, 8 და 5 პროცენტით დაეცა. გავლენა შეეხო სასაქონლო ბაზრებსაც, მოგეხსენებათ ჩინეთი ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორია. 2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნავთობზე მოთხოვნის კლებაა მოსალოდნელი (435 ათასი ბარელით), რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნის კვარტალური მაჩვენებლის შემცირების პირველი შემთხვევაა.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Standard & Poor’s-ის თანახმად ჩინეთში არსებული ავტომწარმოებლები იძულებულნი იქნებიან 2020 წლის პირველ კვარტალში 15 პროცენტით შეამცირონ წარმოება. დაზარალდნენ ფუფუნების საგნების რეალიზატორები, რომლებიც ჩინეთის მაღალშემოსავლიან ფენაზე მუშაობდნენ. მაგალითად, ბრიტანულმა კომპანია British brand Burberry ჩინეთში განთავსებული მისი 64 ფილიალიდან 24 დახურა.

ვირუსის საბოლოო ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთება ნაადრევია, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩინეთის ხელისუფლების მცდელობაზე გაუმკლავდეს ვირუსს და შეაფერხოს მისი გავრცელება. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკაზე მიმდინარე და მოსალოდნელი გავლენის პირველადი შეფასებები უკვე კეთდება. აღნიშნულის მაგალითს წარმოადგენს ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის – Oxford Economics-ის კვლევა, რომლის თანახმადაც ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2020 წლის პირველ კვარტალში 4 პროცენტზე ნაკლები იქნება. სრული წლისთვის კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტის ფარგლებშია. აღნიშნული მაჩვენებელი წარმოადგენს ყველაზე დაბალს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ.

გააზიარე