ბაყაყი უნდა ამოხტეს

პროფესორი შერტლერი ხმაურიან დარბაზში შეუმჩნევლად შემოვიდა. ტყავის ჩანთა იატაკზე დადო და მაგიდაზე ჩამოჯდა. წამით თვალი გადაავლო 500 კაციან აუდიტორიას და მცირე პაუზის შემდეგ მისალმების გარეშე მოგვმართა: "რას იზამს ბაყაყი, თუ მას ცხელ წყალში ჩავაგდებთ?"

დარბაზი წამში გაინაბა. არავინ ელოდა მენეჯმენტის ლექციაზე კითხვას ზოოლოგიიდან. "დასველდება" - დაიძახა ვიღაცამ. პროფესორმა თავშეკავებულად გაუღიმა ოხუნჯ სტუდენტს და მიუგო: "და წყლიდან ამოხტება". "მაგრამ რას იზამს ბაყაყი, თუ კი მას ცივ წყალში ჩავაგდებთ და ცეცხლს შევუნთებთ?" - გააგრძელა პროფესორმა თავისი შვეიცარული აქცენტით, - "წყალი ნელ-ნელა ადუღდება, ბაყაყი კი ვერც შეამჩნევს, ისე ჩაიხარშება და მოკვდება. გახსოვდეთ - თქვენ, როგორც მენეჯერები, ყოველთვის უნდა გრძნობდეთ პროცესებს, მცირე ცვლილებებსაც კი, რათა დროულად მოახდინოთ რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ბაყაყივით ჩაიხარშებით ადუღებულ წყალში".

შარშან, 20 ივნისის აქციაზე დგომისას, რატომღაც, პროფესორი შერტლერი და მისი ბაყაყი გამახსენდა. კითხვა დავუსვი საკუთარ თავს, როგორ მივიყვანეთ საქმე იქამდე, რომ ხელისუფლებამ რუსი დეპუტატის ჯერ ქვეყნის პარლამენტში შეშვება, შემდეგ კი მისი პრეზიდიუმში დაბრძანება გაგვიბედა. ხომ არ დავემსგავსეთ სწორედ იმ ბაყაყს, რომელიც თბილ წყალში დგას და ვერ გრძნობს როგორ იხარშება? რატომ შევეჩვიეთ სტანგაციასა და ერთფეროვნებას, ოკუპაციასა და სიღარიბეს, უთავმოყვარეობასა და უნიათობას? სად გაქრა ჩვენი ამბიციები და მისწრაფებები? რატომ დავკარგეთ საკუთარი თავის რწმენა? ხომ არ დავაჯერეთ საკუთარი თავი, რომ ამაზე მეტი არ შეგვიძლია?

ამ დროს, მეტი არათუ შეგვიძლია, არამედ ვალდებულებიც ვართ გავაკეთოთ. მაშინ, როცა ჩვენი 1,000,000-ზე მეტი თანამოქალაქე იძულებით ემიგრაციაშია, 50,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობს, როცა 450,000 ადამიანის სიცოცხლე მიზერულ სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული, ხოლო ერთი ამდენი დახმარების დანიშვნას ითხოვს, როცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით, საქართველო 101-ე ადგილზეა მსოფლიოში, მგონია, რომ ქვეყნის ღალატია ჩაიკეტო შენს ნაჭუჭში და დამკვირებლის თუ კომენტატორის როლით შემოიფარგლო. არადა, დაკვირვებაც აღარ არის საინტერესო. პოლიტიკური კლასი ვეღარ გვთავაზობს ახალ პროდუქტს და კვლავ ძველ თემებში იხარშება. არც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვუსმინე საინტერესო დებატს პოლიტიკოსებს შორის. ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე დავიდა -  ძალაუფლების შენარჩუნება ან ძალაუფლების წართმევა, თუმცა რისთვის, ეგ ვერ გავიგე. ხალხს აღარ სჯერა პოლიტიკოსების და პოლიტიკოსებს აღარ ესმის ხალხის.

ეს იმ ფონზე, როცა ღმერთმა გვიბოძა ფანტასტიკური ქვეყანა, შესანიშნავი ბუნებით და არც თუ მწირი რესურსებით. რამდენი ქვეყანა ინატრებდა ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელსაც, ფაქტობრივად ვერ ვიყენებთ. გვაქვს პოტენციალი რეგიონული ცენტრი გავხდეთ არაერთი მიმართულებით, მაგრამ ამის არც ხედვა გვაქვს და არც შესაბამისი გეგმა. 30 წლის განმავლობაში მინიმალური ინფრასტრუქტურაც ვერ შევქმენით: ვერ ავაშენეთ 200 კმ-ზე მეტი ავტომაგისტრალი, ახალი პორტის პროექტი ჩანასახშივე გავაჩერეთ (დროებით), აეროპორტებს ვერცერთი ახალი ვერ შევმატეთ, მუდმივი წყალმომარაგება მთავარ ქალაქებშიც კი არ გვაქვს - სამწუხაროდ, სია გრძელია. თუმცა, ამასობაში, ჩვენ გვერდით უამრავი საინტერესო ხალხი გაჩნდა, კარგი იდეებითა და ღირებული გამოცდილებით. დაგროვდა კოლოსალური ადამიანური რესურსი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. პატარა ქვეყნისთვის, მგონი, საკმარისზე მეტიც კი. ახლა, წარმატების გასაღები, ვფიქრობ, ამ რესურსის კონსოლიდირებასა და ქვეყნის სამსახურში ჩაყენაბაშია. მათ შორის, პოლიტიკაშიც უნდა  მოვიდეს ახალი ხალხი, ახალი იდეებითა და ენერგიით. პოლიტიკა უნდა გახდეს ინტელექტუალური პაექრობის ასპარეზი, უკიდეგანო დემაგოგიისა და შეურაცხყოფის ნაცვლად. მედროვეებს, ოპორტუნისტებსა და ავანტურისტებს უნდა გამოვტაცოთ ძალაუფლება. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე და ის ჩვენივე ხელებით უნდა შევქმნათ. უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ ამ ქვეყანას დიდი შესაძლებლობები აქვს და ხალხს უნდა დავუბრუნოთ იმედი - უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. ეს არის პირადად ჩემი პოლიტიკაში ჩართვის მოტივაცია. ამ განწყობით ვაპირებ ბრძოლას და იგივეს მოვუწოდებ სხვებსაც.

ბაყაყი უნდა ამოხტეს წყლიდან!

წინა სტატია

ზავი, რომელიც არ ნიშნავს მშვიდობას
02 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა კატარი?
03 მარტი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker