"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “გუგლი“?

როგორ გამდიდრდა “გუგლი“?

“გუგლის“ (კომპანიას 2015 წლიდან ქვია “ალფაბეტი“) შემოსავალმა 2019 წელს 162 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მოგება 34 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიის აქტივები 276 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარამდეა. დასაქმებული ყავს 120 ათასამდე ადამიანი.

1996 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში “გუგლზე“ დაიწყეს მუშაობა. მათთან ერთად იყო სკოტ ჰასანიც, რომელმაც “გუგლის“ კოდების უმეტესობა დაწერა, მაგრამ მან ჯერ კიდევ მანამდე დატოვა “გუგლის“ პროექტი, სანამ კომპანიად ჩამოყალიბდებოდა.

პირველ ეტაპზე შექმნეს ალგორითმი “PageRank“, რომელიც ვებსაიტებს შორის ურთიერთკავშირის ანალიტიკის საშუალებას იძლეოდა და ამის საფუძველზე ადგენდა ვებსაიტის მნიშვნელოვნებას. აღნიშნულ ალგორითმზე დაფუძნებულ საძიებო სისტემას “BackRub“ დაარქვეს. 1997 წელს აღნიშნულ საძიებო სისტემას სახელი გადაარქვეს და “Google“ დაარქვეს. ეს სახელი მომდინარეობს სიტყვა “Googol“-დან, რაც გამოხატავს რიცხვს, რომელიც 1-ის შემდეგ 100 ნულისგან შედგება.

“გუგლის“ ვებსაიტი 1997 წელს დარეგისტრირდა, კომპანია კი 1998 წლიდან. კომპანიის რეგისტრაციის და საქმიანობის ადგილი, პეიჯის და ბრინის მეგობრის გარაჟი იყო კალიფორნიაში. კომპანიაში პირველი ინვესტიცია 100 ათასი დოლარის ოდენობით 1998 წელსვე განხორციელდა “Sun Microsystems“-ის დამფუძნებლის ენდი ბეჩტოლშეიმის მიერ. მას სხვა ინვესტორებიც შემოუერთდნენ, ერთ-ერთი იყო კომპანია “ამაზონი“. 1998 წელს “გუგლის“დამფუძნებლებმა კომპანიის გაყიდვა გადაწყვიტეს და 1 მლნ დოლარად მისი ყიდვა “იაჰუს“ შესთავაზეს, რომლემაც უარი თქვა. ეს უარი ითვლება არამხოლოდ “იაჰუს“ ერთ-ერთ ყველაზე მცდარ გადაწყვეტილებათ, ზოგადად ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი მცდარი გადაწყვეტილებაა. ამ დროისთვის “იაჰუს“ საძიებო სისტემა პოპულარული და წამყვანი იყო.

1999 წლიდან “გუგლში“ სულ უფრო მეტი ინვესტორი დებს ფულს. გუგლმა რეკლამების გაყიდვა დაიწყო, რომელიც საძიებო სიტყვებთან იყო დაკავშირებული. ამავე წელს უკვე კომპანია ახალ ოფისს ხსნის კალიფორნიაში.

2001 წელს კომპანიის დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ მართვა გაცილებით გამოცდილი კადრისთვის უნდა მიენდოთ და დირექტორად ერიკ შიდტი დაიქირავეს, რომელმაც კომპანია 2017 წლამდე მართა და საკმაოდ წარმატებულადაც. თავად შიდტმაც დიდძალი ქონება დააგროვა, დღეს 13 მილიარდი დოლარის მფლობელია.

2003 წელს “გუგლმა“ დიდი ოფისი იქირავა “Silicon Graphics“-სგან, რომელიც 3 წლის შემდეგ შეისყიდა კიდეც 319 მლნ დოლარად. ამ პრიოდში კომპანია და მისი საძიებო სისტემა იმდენად პოპულარულია, რომ ინგლისურ ენაში სიტყვა “გუგლი“, როგორც ზმნა ისე შემოდის. Oxford English Dictionary-ის განმარტებით ზმნა გუგლი ნიშნავს, გუგლის საძიებო სისტემით ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვებას.

2004 წელს “გუგლმა“ აქციების საჯაროდ განთავსება დაიწყო. 19,605,052 აქცია გამოიტანა გასაყიდად, აქციის ფასი 85 დოლარი იყო. აქციები ონლაინ აუქციონით გაიყიდა და “გუგლმა“ სანაცვლოდ 1.7 მილიარდი დოლარი მიიღო. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 23 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2006 წელს “გუგლმა“ 1.65 მილიარდ დოლარად “იუთუბი“ შეისყიდა, ხოლო 2007 წელს “დაბლქლიქი“ 3.1 მილიარდ დოლარად. 2008 წლიდან ანდროიდის სისტემა გამოუშვა.

2011 წელს უკვე “გუგლს“ თვეში მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავდა, დღეში კი 3 მილიარდზე მეტჯერ “იგუგლებოდა“. ამ დროისთვის კომპანიას 11 მონაცემთა ცენტრი ქონდა აშენებული სხვადასხვა ქვეყნებში, თითოეულში ათასობით სერვერი იყო განთავსებული. 2011 წელს “გუგლმა“ ყველაზე დიდი შესყიდვა განახორციელა, 12.5 მილიარდ დოლარად მობილური ტელეფონების მწარმოებელი “მოტოროლა“ იყიდა, რომ ანდროიდის სისტემის გამოყენება განევითარებინა.

2012 წელს კომპანიის შემოსავალმა 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2013 წელს Google Maps გამოვიდა.

2015 წელს კომპანიაში დიდი რეკონსტრუქცია განხორციელდა. დაარსდა კომპანია “ალფაბეტი“ რომელიც გახდა “გუგლის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელი კომპანია. დღეს კომპანია უამრავ პროექტშია ჩართული და შემოსავლებიც სწრაფად ეზრდება. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის გუგლის ტაქსი, რომელიც მძღოლის გარეშე იმოძრავებს გუგლის რუკების დახმარებით.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა