"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა "ჰაინეკენი“?

როგორ გამდიდრდა "ჰაინეკენი“?

2018 წელს “ჰაინეკენის“ შემოსავალმა 27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 3 მილიარდ დოლარზე მეტი. კომპანიაში 80 ათას ადამიანამდეა დასაქმებული. “ჰაინეკენი“ ლუდის მწარმოებელ კომპანიებს შორის შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზე, მხოლოდ ბელგიურ კომპანია “Anheuser-Busch InBev“-ს ჩამორჩება, რომლის ყველაზე ცნობილი ბრენდები “ბუდვაიზერი“ და “კორონაა“.

კომპანია “Heineken N.V.“-ის 156 წლიანი ისტორია აქვს. 1864 წელს 22 წლის ჰოლანდილმა ჯერარდ ადრიან ჰაინეკენმა ამსტერდამში პატარა ლუდსახარში, სახელად “დე ჰუბერგი“ შეიძინა, რომელიც ბევრ ლუდს ხარშავდა, მაგრამ იაფს და უხარისხოს. ამ შენაძენს წინ საინტერესო ისტორია უძღოდა. ამ დროს ჰოლანდიაში ძალიან იყო გავრცელებული სპირტიანი სასმელების ჭარბად მიღება, შეიძლება ითქვას “ლოთობა“. ჯერარდ ჰაინეკენის საკმაოდ მდიდარ დედას, “ლოთები“ აღიზიანებდა. შვილმა დაითანხმა დედა, თუ ლუდსახარშს უყიდდა ხარისხიან, ნაკლებალკოჰოლიან, პოპულარულ ლუდს დაამზადებდა.

ჰაინეკენმა პირველ რიგში სხვა ქვეყნების წარმატებული ლუდსახარშები მოიარა და ნახა, ვინ რა ტექნოლოგიას იყენებდა, მათ შორის ბავარიელი ლუდის მწარმოებლები. ჯერარდს მეწარმეობის კარგი თვისებები აღმოაჩნდა და კომპანია მალევე გაიყვანა მოგებაზე, თუმცა შემოსავლებმა მას შემდეგ დაიწყო სწრაფად ზრდა, რაც ახალი ტექნოლოგიებით “ჯენლტმენების ლუდის“ სახელწოდების მაღალი ხარისხის ლუდის გამოშვება დაიწყო.

1870-იანი წლების დასაწყისში ჰაინეკენის ლუდის გაყიდვები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რადგან ის უკვე ღირსეულ კონკურენციას უწევდა გერმანული ლუდის ბრენდებს. 1873 ჯერარდმა კომპანიას სახელი გადაარქვა და “Heineken’s Bierbrouwerij Maatschappij“ უწოდა. ამ დროისთვის უკვე რამოდენიმე ლუდსახარში ჰქონდა გახსნილი და ლუდი სახელად “ჰაინეკენი“ ექსპორტზეც გაქონდა ევროპის ქვეყნებში.

“ჰაინეკენის“ ტექნოლოგიური წარმატების მნიშვნელოვან მომენტად ითვლება ლუდისთვის ახალი საფუარის დამზადება, რაც დღემდე მისი სპეციფიკური გემოს განმაპირობებელია. ახალი საფუარი ცნობილი ფრანგი მიკრობიოლოგის მოსწავლემ, ექიმმა ელიონმა შექმნა.

ჯერარდ ჰაინეკენი 1893 წელს გარდაიცვალა. ამ დროისთვის უკვე მისი კომპანია ყველაზე მეტ ლუდს ყიდდა ჰოლანდიაში და ყველასთვის ნაცნობი ბრენდი იყო. მამის საქმე შვილმა, ჰენრი ჰაინეკენმა გადაიბარა, რომელმაც კომპანიას 1940 წლამდე უხელმძღვანელა. ჰენრიმ კიდევ უფრო აამაღლა ლუდის ხარისხი და “მშრალი კანონის“ დასრულების შემდეგ ექსპორტზე გაიტანა აშშ-ში, შემდეგ კი კანადაში, იაპონიაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

1940 წლიდან ოჯახის ტრადიცია ჰენრის შვილმა ალფრედ ჰაინეკენმა გააგრძელა 1971 წლამდე, როგორც კომპანიის მმართველმა. თუმცა, რაღაც დოზით 2002 წლამდე, სიკვდილამდე იყო ჩართული “ჰაინეკენის“ საქმიანობაში. მისი მმართველობის პერიოდში კომპანიის აქციების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და კონკურენტი ლუდსახარშების შესყიდვა დაიწყო, საიდანაც ნაწილი დახურა.

1969 წელს “ჰაინეკენი“ მის მთავარ კონკურენტთან “ამსტელ“-თან გაერთიანდა. 1980 წელს კომპანია “ამსტელი“ დაიხურა და მისი ლუდი კომპანია “ჰაინეკენის“ ბრენდი გახდა.

ალფრედ ჰაინეკენს უკავშირდება ლუდის ბოთლებში ჩამოსხმა და გაყიდვებში ლუდის ბოთლის დომინირება. მის დროს შემუშავდა ჰაინეკენის ცნობილი ბოთლის დიზაინიც.

1970-იანი წლებიდან “ჰაინაკენმა“ კრეატიული ვიდეო რეკლამების გაშვება დაიწყო, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ამავე პერიოდში აქტიურად დაიწყო ქარხნების მშენებლობა სხვადასხვა ქვეყანაში. 1972 წლიდან კომპანიის ოფიციალური სახელი “Heineken N.V.“-ია.

1980-იან წლებში კომპანიის წარმატებებს თან ახლდა კრინიმალის შემოტევა. 1983 წელს ალფრედ ჰაინეკენი და მისი მძღოლი გაიტაცეს. 21 დღის შემდეგ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, გადახდილი თანხის ზუსტი ოდენობა გასაიდუმლოებულია. ამ პერიოდში უკვე შემოსავლების მიხედვით “ჰაინაკენი“ მსოფლიოში მე-5 ლუდის კომპანია იყო. 1991 წელს კომპანიამ 435 მლნ დოლარის მოგება ნახა. 1999 წელს კომპანია უკვე 10 მილიარდ ლიტრამდე ლუდს აწარმოებდა.

2005 წელს კომპანიის შემოსავალი 13 მილიარდი დოლარი იყო, 2010-ში კი 21 მილიარდი დოლარი. დღეს ქარხნები “ჰაინეკენს“ 65 ქვეყანაში აქვს, ხოლო ლუდს 170-მდე ქვეყანაში ყიდის. ამასთან ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი ლუდების ბრენდების მფლობელია. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი დღემდე ჰაინეკენების შთამომავლები არიან.

ჯერარდ, ჰენრის და ალფრედ ჰაინეკენებს ლუდის მონარქებს უწოდებენ და მონარქებს თავისი ტიტულებიც აქვთ: ჰაინეკენ პირველი, ჰაინეკენ მეორე და ჰაინეკენ მესამე.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა