თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტი.

COVID19: ზოგიერთი შეფასების შეფასება

COVID19: ზოგიერთი შეფასების შეფასება

ბოლო დღეებში ბევრი შეფასება კეთდება COVID19 ეპიდსიტუაციის და მისი მართვის ეფექტურობის შესახებ. მათი შინაარსი მიუთითებს, რომ რიგ ავტორებს არასაკმარისი ტექნიკური კომპეტენცია აქვთ იმ საკითხებში რომელთა შესახებ მსჯელობას ისინი საზოგადოებას სთავაზობენ. რამდენიმე მათგანმა, რომლებსაც არ აქვთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგთან პროფესიული შეხება, ამგვარი თეზისიც კი გააჟღერა – რომ ისინი არ აკეთებენ კომენტარს დაავადების კლინიკურ მართვაზე, რადგან ეს ექიმების პრეროგატივაა, მაგრამ მათ აქვთ კრიზისის მართვის გამოცდილება, ამიტომ თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ ეპიდსიტუაციის მართვის საკითხებში. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. მაგრამ ერთია უფლება, და მეორეა არჩევანი – ამ უფლების პრაქტიკულ გამოყენებასა და მისგან თავის შეკავებას შორის.

ფაქტია, რომ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე ირჩევს გამოიყენოს აზრის გამოხატვის უფლება, მაშინაც კი, როცა  აზრის მეცნიერული და/ან პრაქტიკული ღირებულება დაბალია. ზოგ შემთხვევაში ამგვარი აზრი მაღალ-რეიტინგული მედია საშუალებებით ვრცელდება და საზოგადოების ფართო ნაწილს მიეწოდება. ასეთ შემთხვევაში, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ საზოგადოებასაც აქვს უფლება მიიღოს ის ბაზისური ინფორმაცია რომელიც რიგით მოქალაქეს დაეხმარება სწორად შეაფასოს COVID19 ეპიდსიტუაციის და მისი მართვის ეფექტურობის შესახებ გამოთქმული არაერთგაროვანი მოსაზრებები.

ამ პუბლიკაციას სამი მიზანი აქვს: (I) განმარტოს ზემოთ-აღნიშნული თეზისის არამართებულობა; (II) გამოთქვას საპირისპირო თეზისი – ეპიდემიოლოგია რთული მეცნიერებაა, ამიტომ როგორც პაციენტის მართვისთვის არის აუცილებელი კლინიკური ცოდნა, ისე ეპიდსიტუაციის მართვისთვის და მართვის შეფასებისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ტექნიკური კომპეტენცია; (III) აჩვენოს რამდენიმე საილუსტრაციო მაგალითი იმისა, თუ  რა რისკის შემცველია არაკომპეტენტური შეფასებები ტექნიკურ საკითხებზე, როცა ისინი კეთდება ტექნიკურად არაკომპეტენტური პირების მიერ.  

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ სრულყოფილი ეპიდემიოლოგიური ანალიზისთვის ორი პირობაა აუცილებელი. ერთია ანალიტიკური მეთოდოლოგიის ცოდნა, მეორე კი მონაცემთა ბაზებისადმი წვდომა. დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი უწყებაა – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი – რომელიც ამ ორივე კომპონენტს ფლობს. მათ მიმართ ცალკეულ პირთა ინდივიდუალური დამოკიდებულების მიუხედავად, ჭეშმარიტება უცვლელია: ცენტრში მუშაობენ მაღალკომპეტენტური საველე ეპიდემიოლოგები, რომელთაგან ბევრმა პროფესიული წვრთნა გაირა აშშ-ის  დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შეუშავებულ, მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ Field Epidemiology Training Program-ის ეგიდით და საველე ეპიდემიოლოგიის პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, ცენტრი ყოველდღიურად აგროვებს COVID19-ის მუდმივად ცვალებად ინდიკატორულ მონაცემებს. ინდიკატორები რომლებიც საზოგადოების ფართო მასებისთვის არის ხელმისაწვდომი – ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა, შემთხვევათა საერთო რაოდენობა და გამოჯანმრთელების მაჩვენებელი – მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია. მათთან ერთად ხდება მრავალი სხვა ინდიკატორის – კლინიკურის, ლაბორატორიულის, დემოგრაფიულის, სისტემურის – რეალურ დროის რეჟიმში შეგროვება, დამუშავება და ანალიზი.

COVID19 ეპიდსიტუაციის მართვისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ წარმართული ანალიტიკური სამუშაო ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთია ე.წ. პროსპექტული ანალიზი, რომელიც გულისხმობს ეპიდემიის მიმდინარეობის კვალდაკვალ, რეალურ დროში, ეპიდემიოლოგიურ მრუდზე დაკვირვებას და მრუდის საჭიროების მიხედვით აუცილებელი ინტერვენციების დაგეგმვას, ასევე ამ ინტერვენციების განხორციელების პროცესის და ეფექტურობის მონიტორინგს და ცვალებადი საჭიროების შემთხვევაში მათ კორექციას.  მეორე მიმართულებაა მოდელირება, რომელიც გულისხმობს ინდიკატორების ამჟამინდელი მონაცემების საფუძველზე, ინდიკატორების დინამიკაზე დაკვირვებით, სხვაგან მიმდინარე ეპიდემიების მიმდინარეობაზე დაკვირვებით, და ეპიდემიის თანამდევი თანაფაქტორების (დემოგრაფია, ჯანდაცვის სისტემა, საზოგადოებრივი ქცევის თავისებურებები, ეკონომიკური ასპექტები და მრავალი სხვა) გათვალისწინებით – შესაძლო სცენარების პროგნოზირებას და მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილებისთვის მზადყოფნის რეჟიმში ყოფნას.

მხოლოდ ამგვარ ანალიზზე დაყრდონობით შეიძლება ეპიდსიტუაციის მართვის შესახებ ალტერნატიული მოსაზრებების ან კრიტიკის გამოთქმა.  მეცნიერება კონსერვატული დარგია. ნებისმიერი ტექნიკური ნაშრომი მძიმე აკადემიური ცენზურის ქვეშ განიხილება სანამ მკითხველამდე მისვლის უფლებას მოიპოვებს. ბუნებრივია მედია საშუალებები არ მუშაობენ აკადემიური ცენზურის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში, COVID19-ზე ბოლო დღეებში გამოთქმული ბევრი შეფასება აუდიტორიამდე მისვლას ვერ დაიმსახურებდა.

არასწორი შეფასების ერთ-ერთ საილუსტრაციო მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ მოსაზრებას რომ COVID19-ით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ის რაც ოფიცალურ სტატისტიკაშია ასახული. ეს მოსაზრება საზოგადოებას მიეწოდა როგორც სკანდალური სენსაცია და საქმე იქამდეც კი მივიდა რომ გამოითქვა ეჭვი სტატისტიკის ხელოვნური გაყალბების შესახებ. ეს სერიოზული ბრალდებაა. ამგვარი განცხადება შეიცავს რისკს  რომ მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგის მუშაკების დისკრედიტაცია, მაშინ როცა კრიზისისთან წარმატებული ბრძოლისთვის აუცილებელია ამ დარგის პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის მაღალი ნდობის ფაქტორის არსებობა.   რეალური სიტუაცია განსხვავდება იმისგან რაც გაჟღერდა. ყველა ეპიდემიის დროს ადგილი აქვს ე.წ. missing cases, ანუ დაუფიქსირებელი, დაურეგისტრირებელი, არაიდენტიფიცირებული შემთხვევების არსებობას. ისეთი ეპიდემიების დროსაც კი რომლებსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა გაცილებით უკეთ იცნობს ვიდრე კორონას და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრძვის, missing cases გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მაგალითად ტუბერკულოზის შემთხვევაში არსებობს ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ვერ ხერხდება 3.6 მილიონი ტუბერკულოზით დაინფიცირებული პიროვნების გამოვლენა და მათი ოფიციალურ სტატისტიკაში აღრიცხვა. ამ პაციენტთა გამოვლენა და აღრიცხვა ტუბერკულოზის გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

მსგავსი პრობლემაა შიდსის შემთხვევაშიც. შიდის გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2030 წლისთვის ე.წ. 90-90-90 მაჩვენებლის მიღწევა. ეს გულისხმობს შიდსით დაინფიცირებულთა 90 პროცენტის გამოვლენას, მათგან 90 პროცენტისთვის მკურნალობის დაწყებას, და მათგან 90 პროცენტისთვის მკურნალობის კლინიკურ შედეგამდე მიყვანას. ეს არის მიზანი 2030 წლისთვის, მაგრამ დღეს არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში უკვე ცნობილია რომ რეალურად პირველი 90-ის მხოლოდ 65-75% პროცენტით შესრულებას უნდა ველოდოთ. ცხადია, ტუბერკულოზის და შიდსის შემთხვევაში ე.წ. missing cases არანაირ სენსაციას არ წარმოადგენს. იგივე ითქმის COVID19-ზეც. ტუბერკულოზის და შიდსის შემთხვევაში გაუმართლებელია ვინმეს დადანაშაულება სტატისტიკის გაყალბებაში.  იგივე ითქმის COVID19-ზეც.

მეორე  ამგვარი საილუსტრაციო მაგალითია COVID19-ის ტესტირების საკითხი. ტესტირება COVID19-ის ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი საკვანძო ინტერვენციაა. ეფექტურობის თვალსაზრისით სამი ინტერვენციაა მიჩნეული ყველაზე ეფექტურად – სოციალური დისტანცირება, ტესტირება და ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაცია. როგორც სხვადასხვა ქვეყნებში გატარებული ღონისძიებების ანალიზი, ისე მოდელირებაზე დაფუძნებული მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ სამი ინტერვენციიდან ეპიდემიოლოგიურ შედეგზე ყველაზე მეტი ეფექტი სოციალურ დისტანცირებას მოაქვს. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ სამი ინტერვენციის ერთად განხორციელების კომბინირებული ჯამური ეფექტი უფრო მეტია ვიდრე ინდივიდუალური ეფექტების არითმეტიკული შეკრება. აქედან გამომდინარე, ტესტირება მართებულად ითვლება ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. მაგრამ არასწორია გაჟღერებული მოსაზრება ეპიდსიტუაციის მართვის და სამხედრო-საბრძოლო მოქმედებების შედარების შესახებ და ამ შედარების ფონზე მოწოდება თავდაცვის ტაქტიკიდან (ე.ი. ეპიდემიის შეკავება) თავდასხმის ტაქტიკაზე (ე.ი. ტესტირების მოცვის მყისიერი და მასობრივი ზრდა) გადასვლის თაობაზე. მედიაში რამდენჯერმე იქნა გაჟღერებული ტესტირების საყოველთაო მოცვის აუცილებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ტესტირება უნდა გაიაროს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, თანაც ერთი და იგივე პიროვნებამ რამდენჯერმე. ეს მოსაზრება არასწორია.  

ტესტირების მოცვა ადექვატური უნდა იყოს იმ საჭიროებებთან მიმართებაში, რომლებიც ეპიდემიოლოგიური მრუდის ანალიზით იკვეთება და იმ შესაძლებლობებთან მიმართებაში რომელიც ქვეყანას გააჩნია. ტესტირების მოცვაზე საუბრისას აქცენტი ხშირად კეთდება სამხრეთ კორეის მაგალითზე. სამხრეთ კორეა ნამდვილად ავანგარდში დგას ჩატარებული ტესტების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ სამხრეთ კორეაც კი ძალიან შორს დგას ტესტირების საყოველთაო მოცვის იმ ნიშნულიდან რისი მოწოდებაც ქართულ მედიაში ჟღერდება. სამხრეთ კორეში COVID19 ინფიცირების პირველი შემთხვევა 19 იანვარს დაფიქსირდა. ეპიდემიის მე-6 კვირას, ანუ 13 მარტის მდგომარეობით კორეაში ჩატარებული იყო 235,000 ტესტი,  რაც ქვეყნის 51.5 მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით 0.45% მოცვას შეესაბამება. სპექტრის მეორე მხარეს დგას შვედეთი, რომელმაც ეპიდემიის მე-6 კვირისთვის (ინფიცირების პირველი შემთხვევა 30 იანვარი, მე-6 კვირა – 15 მარტი) 24,500 ტესტირება ჩაატარა, რაც 10 მილიონიან მოსახლეზე გააანგარიშებით 0.24%-იანი მოცვა, ანუ სამხრეთ კორეასთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია. ორივე ქვეყნისთვის ვიყენებთ ეპიდემიის მე-6 კვირას, რადგან საქართველოში ეპიდემია ამჟამად სწორედ ამ ფაზაშია (პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა).

რამდენად მართებულია ქვეყნების ერთმანეთთან შედარება მხოლოდ ერთი ინდიკატორის – ტესტირების რაოდენობის მიხედვით? ამ მიდგომით აშკარაა, რომ შვედეთი სამხრეთ კორეაზე ორჯერ “უფრო ცუდად” ებრძვის ეპიდემიას. ჯანდაცვის ბიუჯეტის გათვალისწინებით კი (შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე 5,400 დოლარი წლიურად, სამხრეთ კორეაში 2,400 დოლარი წლიურად), შვედეთი უფრო მკაცრ კრიტიკას იმსახურებს. რამდენად მართებულია ამგვარი შეფასება? ან, რამდენად მართებულია ის გაჟღერებული მოწოდება რომ საქართველომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოსახლეობის თითქმის უნივერსალური მოცვით ტესტირება, თან ერთი და იგივე პირის რამდენჯერმე განმეორებითი ტესტირების პრაქტიკა? რეალურად, ეპიდემიის მეექვსე კვირის მდგომარეობით, ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და ჯანდაცვის ბიუჯეტის თანაფაქტორად ჩათვლით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე პროპორციულად თითქმის იმ მოცულობის ტესტირება კეთდება ვიდრე სამხრეთ კორეაში და უფრო მეტი ვიდრე შვედეთში. სასურველია ტესტირების დონის ამაღლება? უდავოდ.  მაგრამ სასურველია რომ საქართველოში ტესტირების მოცვის დონე უნდა იყოს როგორც შვედეთზე, ისე სამხრეთ კორეაზე რამდენიმე ათეულჯერ უფრო მეტი? პასუხი უარყოფითია.

ვნახოთ რა რეკომენდაციას იძლევა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი: “ქვეყნები შეიძლება სხვადასხვა მდომარეობაში აღმოჩნდნენ, თუნდაც ერთი და იმავე ქვეყნის შიგნით, და ტესტირების მიდგომები ადაპტირდება სიტუაციით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. ეროვნულმა ორგანოებმა შეიძლება გადაწყვიტონ მხოლოდ საეჭვო შემთხვევების ქვეჯგუფების ტესტირება, ეროვნული შესაძლებლობის საფუძველზე, ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობის ხელმისაწვდომობაზე, COVID19–ის საზოგადოების გადაცემის დონის ან სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. როგორც რაციონალური მიდგომა, ეროვნულმა ხელისუფლებამ შეიძლება განიხილოს პრიორიტეტული ტესტირება შემდეგ ჯგუფებში: ჰოსპიტალიზირებული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე რესპირატორული ინფექციები; მწვავე რესპირატორული ინფექციების შემთხვევები საავადმყოფოში ან გრძელვადიანი სამედიცინო დაწესებულებებში; მწვავე რესპირატორული ინფექციების მქონე პაციენტები ან გრიპის მსგავსი დაავადება. ამბულატორიულ კლინიკებში ან საავადმყოფოებში, რათა შეაფასოს ვირუსული მიმოქცევის მოცულობა პოპულაციაში; ხანდაზმული ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობა, მაგალითად, ფილტვის დაავადება, კიბო, გულის უკმარისობა, ცერებროვასკულური დაავადება, თირკმლის დაავადება, ღვიძლის დაავადება, დიაბეტი და იმუნოკომპრომისული პირობები.”

ეს რეკომენდაცია მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ანალიზის შედეგია, რომელმაც გამოქვეყნებამდე სკურპულოზური რევიზია გაიარა. ამ რეკომენდაციაში არ არის საუბარი ტესტირების საყოველთაო მოცვაზე. საინტერესოა რა მტკიცებულებას ემყარება გაჟღერებული თეზისი მოსახლეობის უმეტესი ნაწილის რამდენჯერმე ტესტირების შესახებ და რატომ უნდა მიენიჭოს მას უპირატესობა  Euro CDC-ის რეკომენდაციასთან შედარებით.

გარდა ამისა, მოწოდებული შეფასება არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომ ტესტირების განხორციელება უნდა მოხდეს “ეროვნული შესაძლებლობის საფუძველზე”. საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი წლიურად ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 350 დოლარზე ნაკლებია. შვედეთში ეს მაჩვენებელი 5,400 დოლარია, სამხრეთ კორეაში 2,400 დოლარი. ამავე დროს, სამხრეთ კორეა მსოფლიო ლიდერია  COVID19 ტესტების წარმოების მხრივ. აქედან გამომდინარე, მას არა მარტო ხელი მიუწვდება ტესტებზე, არამედ ტესტების ექსპორტის შედეგად სუბსიდიას უკეთებს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ტესტების წარმოებას.  რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? აქ აუცილებელია გავიხსენოთ სულ ორიოდე თვის წინ გამართული მწვავე დებატები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ე.წ. 520-ე დადგენილების შესახებ. ამ დადგენილების აუცილებლობა გამოიწვია ჯანდაცვის საფინანსო სისტემაში არსებულმა ხარვეზებმა, რომლებიც სისტემის ხარჯ-ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

საქართველოს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემა და მისი ხარვეზები ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ კორონასთან ბრძოლის კონტექსტში გვაქვს ის მოცემულობა რომელიც გვაქვს, კერძოდ: (I) თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი უფრო დეფიციტური იქნება ვიდრე წინა წლებში, რადგან საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია და გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი შესუსტების ფონზე მისი ეკონომიკაც შესუსტდება; (II) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველი წლის ბოლოს ჯანდაცვის ბიუჯეტი დეფიციტურია და აუცილებელი ხდება სხვა საბიუჯეტო მუხლებიდან ჯანდაცვისთვის დამატებითი რესურსების მობილიზაცია; (III) წინა წლებისგან განსხვავებით, 2020 წლის საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტს კორონას სახით მნიშვნელოვანი გაუთვალისწინებელი ხარჯი დაემატა, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმარების პერიოდში მხედველობაში მიღებული არ იყო. ამასთან ერთად, კორონას გარდა, სხვა ნოზოლოგიებით გამოწვეული ჯანმრთელობის ტვირთის (იგულისხმება გულსისხლძარღვოვანი დაავადებები, ონკოლოგიური, დიაბეტი, ტრავმები და ა.შ.) შემცირების ალბათობა არ არის, ამიტომ ზემოთ აღნინული სამი მომენტის გათვალისწინებით, და იმის გათვალისწინებითაც რომ 2020 წელს, დონორი ქვეყნების რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ უნდა ველოდოთ საერთაშორისო დახმარების მიღებას, უნდა ვივარაუდოთ რომ ჯანდაცვის 2020 წლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით გაცილებით უფრო პრობლემატური იქნება და პრობლემის აღმოფხვრა მთლიანად ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ბიუჯეტური წლის პირველი კვარტლის ბოლოს. იმისთვის რომ შესაძლებელი გახდეს კორონას ტესტირების იმ საყოველთაო დონეზე მოცვა როგორც ამას ცალკეული პირები გვთავაზობენ, აუცილებელია წლის საბიუჯეტო რესურსის არაპროპორციულად მაღალი კონცენტრაციის მობილიზება წლის პირველ ნახევარში. როგორც მოდელირებაზე დაფუძნებული კვლევები აჩვენებს, კორონას ეპიდემიოლოგიური მრუდისთვის ამგვარ მიდგომას მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება. სამაგიეროდ,  ბიუჯეტის ამგვარი განკარგვის შემთხვევაში, წლის მეორე ნახევარში დიდი ალბათობით მივიღებთ საბიუჯეტო კრიზისს, რასაც მოყვება ძირითადი სამედიცინო პროგრამების დაუფინანსებლობა, სამედიცინო დაწესებულებების გაკოტრება, და ამასთან ერთად აუცილებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ჩავარდნაც, მათ შორის გრიპის და სხვა ინფექციური დაავადებების ვაქცინაციის ჩავარდნა, რომლებიც როგორც გასული წლების გამოცდილებიდან ვიცით პოპულაციური ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას იწვევს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს არა მხოლოდ ერთ საკითხზე ფოკუსირებული ვიწრო ხედვის და დროის მოკლე პერსპექტივის გათვალისწინებით, არამედ გადაწყვეტილების სარგებლის და რისკის შეფარდებითი ანალიზის საფუძველზე.

დასასრულს დავძენთ, რომ ჯანდაცვას როგორც დარგს, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საზოგადოებრივი კონსოლიდაციის და სოციალური კაპიტალის ზრდის სასარგებლოდ. სასურველია დარგობრივი გადაწყვეტილებების პრეროგატივა მივანდოთ დარგის პროფესიონალებს. ხოლო მათ, ვისაც ძალუძთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია, მოვუწოდოთ, რომ ეს მცდელობა მიმართონ საზოგადოების მხრიდან  ჯანდაცვის დარგის მესვეურებისადმი ნდობის ამაღლებისკენ, რადგან კორონასთან გასამკლავებლად სწორედ ამ ნდობაზეა დამოკიდებული ჯანრმთელობისთვის და სიცოცხლისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულება.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა