COVID - 19, კორპორაციული პასუხისმგებლობა და საქართველო: პესიმისტურ-ოპტიმისტური ანალიზი

- კორპორაციული პასუხისმგებლობა? - ეს რა არის? - ააა.. სოციალური პასუხისმგებლობა? სად მაქვს მაგის თავი, ძლივს გადავაგორე ეს თვე.

-  ვერ ხედავთ რა დღეში ვართ, რა დროს კორპორაციული პასუხისმგებლობაა!

- დაიწყეთ ისევ ამ თემის ლობირება, გავიგეთ რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ მაგისთვის არ გვცხელა. 

- რა წავახალისო, ეგ რა არის საერთოდ? 

- კარგი რა, შეგვადარე ახლა შვედეთს, დანიას, ბრიტანეთს და სხვა ევროპის ქვეყნებს! ისინი სად არიან და ჩვენ სად ვართ?! 

- როგორ ავუხსნა და მოვთხოვო ახლა მე მცირე და საშუალო ზომის საწარმოს რეგიონში, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა ჰქონდეს? 

- ვერ ხედავ, რამდენიმე ათასი დავხარჯე წელს, გადავრიცხე თანხა იმ ფონდში, სპორტული ტანსაცმელი ვუყიდე ამ გუნდს, სპონსორობა გავუწიე იმ კონცერტს... მეტი რა ვქნა! - რა?  როგორ უკავშირდება ჩემს საქმიანობას?... კარგი საქმე არ გავაკეთე? კარგად არ გამოვჩნდი საზოგადოებაში? 

- პასუხისმგებლიანი წარმოება? შენ წარმოგიდგენია რომ ჰიგიენის წესებისა და სტანდარტების დაცვა მოვთხოვოთ მცირე მეწარმეს სოფელში?

- მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში ბიზნესი ჩავრთო? ვუთხრა კომპანიებს გაითვალისწინონ მიზნები თავის საქმიანობაში? ხელი შეგვიწყონ, რომ მიზნები შევასრულოთ ქვეყანაში? და რომ მივალ რა ვუთხრა, რა ჯდება მიზნების განხორციელება? რა თანხა უნდა დახარჯოს? მერე მათ რა ამით? 

გავიდა ერთი წელი, ორი, სამი, ხუთი, და ჩვენ განვითარების ისევ იგივე ნიშნულთან ვართ...

ის რაც წლებია სხვა ქვეყნებში აქსიომად არის ქცეული, საქართველოში ჰიპოთეზად რჩება.

გადავდგამთ წინ ერთ ნაბიჯს, შემდეგ ორს - უკან, ვიფიქრებთ, რომ მივაღწიეთ, დავნერგეთ, პროგრესი გვაქვს!… ნურას უკაცრავად - ახლა მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

და, აი, ვიღვიძებთ ერთ დღეს და ის რაც ბევრს აბსტრაქტულად, ხშირ შემთხვევაში ზედმეტად, მიაჩნდა, ხდება აუცილებელი გადარჩენისთვის, რეალურად გვევლინება დიდ გამოწვევად.

რატომ არის, რომ ვიდრე კრიზისის წინაშე არ დავდგებით, იქამდე არცერთი ნაბიჯის გადადგმა არ გვინდა ჩვენი საკუთარი კეთილდღეობისთვის... ან სხვისი კეთილდღეობისთვის.. თუნდაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის?

დავდექით საყოველთაო გამოწვევის წინაშე - COVID-19, ახალი კორონავირუსი, პანდემია. რამდენად რელევანტურია კორპორაციული პასუხისმგებლობა ამ დროს? 

გაეროს გლობალური შეთანხმების შესახებ თუ გსმენიათ? მოკლედ რომ ვთქვათ, ის 10 პრინციპზეა დაფუძნებული ოთხი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. ეს არის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური სტანდარტი. 

აღნიშნული ოთხი მიმართულების ჭრილში განვიხილოთ ის ვითარება, რომლის წინაშეც ბიზნესი 2020 წლის მარტში დადგა; ვნახოთ რამდენად რელევანტურია ეს ყველაფერი ქართული ბიზნესისთვის: 

ადამიანის უფლებები:  როგორ შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება საზოგადოებაში? როგორ დავიცვათ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები? როგორ უზრუნველვყოთ საჭირო სერვისის თუ პროდუქტის მისაწვდომობა ყველასთვის? რამდენად დამოკიდებულია ქართული ბიზნესი მოსახლეობის კეთილდღეობაზე? 

ახლა უკვე აღარ ვსვამთ კითხვას - ეს ხომ მთავრობის პასუხისმგებლობაა?! მე რატომ? - არამედ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალებით გავუმკლავდეთ შექმნილ ვითარებას. პანდემიის გავრცელების შეჩერება და COVID-19-ის დამარცხება ყველას ინტერესშია, განსაკუთრებით კი - ბიზნესის.

შრომის უფლებები: დასაქმებულებების შენარჩუნება, მათი შრომის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა ბიზნესთვის, რომელსაც პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა. ამ დროს გლობალური შეთანხმება გვეუბნება: 

„გამოიჩინეთ მოქნილობა, თანაგრძნობა და სოლიდარობა თქვენი თანამშრომლებისა და ბიზნეს პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებში. ფინანსური ზეგავლენის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა მოხდეს დასაქმებულთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხარჯზე. მოქნილი სამუშაო პირობების მიუხედავად, ბიზნესმა უნდა განაგრძოს ხელფასისა და სხვა მომსახურებების სტაბილური ანაზღაურება“.

ეს რჩევა იმ ბიზნესისთვის, რომელიც დახურვის პირასაა რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. და აი ასეთ ვითარებაში დავინახეთ პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითები, როდესაც კომპანიები ერთმანეთს მხარში დაუდგნენ, სთავაზობენ დროებით სამუშაო ადგილებს ერთმანეთის უხელფასოდ დარჩენილ თანამშრომლებს. ესეც ხომ მათი კორპორაციული პასუხისმგებლობაა? კარგია მათთვის, მათ მუშა ხელი სჭირდებათ; კარგია პარტნიორისთვის, კარგია დასაქმებულებისთვის და კარგია ქვეყნისთვის. Win-Win -როგორც ვიტყოდით.  

 რა თქმა უნდა ამ გამოწვევაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს მთვავრობის, ფინანსური ინსტიტუტების და სხვადასახმა დაინტერესებული ჯგუფების მხარდაჭერის მნიშვნელობა. აუცილებელია პარტნიორობა და ერთად დგომა, რაც საერთო გასაჭირის დროს კარგად გამოგვდის ქართველებს! სხვა ვითარებაში რა გითხრათ… თუმცა ეს უკვე სხვა ბლოგის თემაა.

გარემოს დაცვა: დედამიწამ ამოისუნთქა! 

დადებით შედეგებზე თუ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ეს სწორედ შესაბამისი შემთხვევაა. შემცირდა მოგზაურობა, შესაბამისად ფრენები, მანქანით, მოტოციკლით, რკინიგზით, გემით გადაადგილება, შეჩერდა წარმოება და შესაბამისად წარმოებით გამოწვეულმა გამონაბოლქვმა იკლო. ვის გაქვთ ის აპლიკაცია, ქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხს რომ გატყობინებთ? მე ერთი თვის წინ წავშალე, ყოველდღე მომდიოდა შეტყობინებები, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო ჩემი გარეთ გასვლა. დარწმუნებული ვარ ის კაცი აპლიკაციაში ახლა გამწვანებული და მომღიმარია. 

რას გვეუბნება ამ დროს გლობალური შეთანხმება:  ,,დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა დადებითი ზეგავლენა იქონია გარემოზე, რაც განპირობებულია გლობალურად ნახშირბადის ემისიების შემცირებით. რასაკვირველია, ტრანსპორტით გადაადგილება აღდგება, თუმცა, ჩვენ მოვუწოდებთ მგზავრებს, განიხილონ გადაადგილების ალტერნატიული საშუალებები, რაც ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ასევე, უპირატესობა მიანიჭონ ეკოტურიზმს, რაც ხელს შეუწყობს ეკოსისტემების განვითარებას და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას. წაახალისეთ დისტანციური მუშაობა და ვირტუალური შეხვედრები.“ 

დარწმუნებული ვარ, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შემდეგ, კომპანიები დაფიქრდებიან დისტანციური მუშაობის დადებით მხარეებზე, მათ შორის საოფისე და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ჭრილში. 

კორუფციასთან ბრძოლა: კრიზისის პერიოდში ბიზნეს სექტორი და სახელმწიფო ბევრი ფინანსური რისკის და გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. 

გლობალური შეთანხმება ამ დროს გვირჩევს: ხელი შეუწყეთ ნდობის ამაღლებას თანმიმდევრული, ჩართულობაზე დაფუძნებული და გამჭვირვალე კომუნიკაციისა და პოლიტიკის წარმოებით; საქონლის გაყიდვისას და მომსახურების გაწევისას დაიცავით ეთიკის ნორმები.  აქვე, განსაკუთებული ყურადღება ექცევა ფინანსური ინსტიტუტების გააქტიურებას და პასუხისმგებლიან ქცევას, მათ შორის, საშეღავათო გადახდის პირობების შეთავაზებით იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ პირველადი მოხმარების პროდუქტების და სერვისების მიწოდებას.   

რას ფიქრობთ, არარელევანტურია ეს რჩევები? ის რა ნაბიჯებსაც ბიზნესი, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორი გადადგამს დღეს არ აისახება ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობაზე? არ შეუწყობს ხელს მის განვითარებას სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით? არ იქნება ბიზნესის მიერ გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯები მომგებიანი? განა მხოლოდ დღეს დადგა ეს ვითარება, პასუხისმგებლიანი ბიზნესი მხოლოდ დღეს არის მნიშვნელოვანი და მომგებიანი? გუშინ არ იყო? ხვალ არ იქნება?  

გავიღვიძე, 1 ივნისია, ბიზნესი პირველ ნაბიჯებს დგამს კრიზისით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად, იწყებს რისკების გათვალისწინებას, დაცვითი მექანიზმების, ანუ პოლიტიკის და სტანდარტების დანერგვას. 

გავიღვიძე, 1 სექტემბერია, ბიზნესი, პროდუქციის თუ სერვისის წარმოებისას, ბევრად უფრო ყურადღებიანია საზოგადოების ინტერესების მიმართ. ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას მდგრად პროდუქციაზე. 

გავიღვიძე, 1 დეკემბერია, პანდემიის დროს წარმატებულმა მულტი-სექტორულმა თანამშრომლობამ მაგალითი მისცა და საფუძველი ჩაუყარა სხვა წარმატებულ თანამშრომლობით პროექტებს, რომლებიც მომგებიანია, როგორც ბიზნესისთვის ასევე საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. 

გავიღვიძე, 2021 წელია, ნაკლებად მესმის კითხები: 

- კორპორაციული პასუხისმგებლობა? ეს რა არის? ააა.. სოციალური პასუხისმგებლობა? სად მაქვს მაგის თავი! 

- შეგვადარე ახლა შვედეთს, დანიას, ბრიტანეთს და სხვა ევროპის ქვეყნებს! ისინი სად არიან და ჩვენ სად ვართ?! 

წინა სტატია

New York On Lockdown
03 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

ვიქტორ ორბანის სოლო კოვიდი
06 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker