კვეცეს, კვეცეს, (საკმარისად) ვერ შეკვეცეს!

ციფრების დიდი კორიანტელი დგას შავი ოქროს სამყაროში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გლობალურ ჟამინობასთან დაკავშირებული სიახლეების შემდეგ, ან სულაც მის პარალელურად, საქმიანი მსოფლიოს ყურადღება ნედლი ნავთობის, მისი მოპოვებისა და მოხმარების მოცულობებზე, ზოგადად ამ სფეროს მოკლე და საშუალო-ვადიანი მომავლის პერსპექტივებისკენ არის მიმართული.

როგორც მოგეხსენებათ, მარტის პირველ რიცხვებში, რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე არსებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გლობალური პანდემიის გამო წარმოქმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის შედეგად ნავთობის მოხმარების შემცირებას, საუდის არაბეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაჩაღებული სანავთობო ომიც დაემატა და ნავთობის ფასებმა გასული საუკუნის მიწურულს არსებულ ფასებამდე დაიწია. ყოველდღიური ფასების ვარდნის შედეგად შექმნილი ვითარება სანავთობო სფეროს ყველა მძიმეწონოსნისთვის, მ.შ. საუდის არაბეთის, რუსეთის ფედერაციის და მათთან ერთად ნავთობის ყველაზე მსხვილი მომპოვებელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სერიოზული ზიანის მომტანი გამოდგა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა,  მისი ქვეყნის ნავთობის მწარმოებლების, განსაკუთრებით კი ფიქლის ნავთობის მომპოვებლების ინტერესებისთვის შექმნილი სერიოზული საფრთხიდან გამომდინარე, ითავა შუამავლობა საუდის არაბეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ მისმა “Shuttle Diplomacy“-მ, ანუ ჩვენებურად “მაქო“ დიპლომატიამ გარკვეული შედეგი ნამდვილად გამოიღო. მოდით ვნახოთ, ვისთვის უფრო მომგებიანი გამოდგა აშშ-ს პრეზიდენტის ძალისხმევა.

10 აპრილს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) + ფორმატში შეათანხმა ახალი პარამეტრები, რაც გულისხმობს 2020 წლის მაის-ივნისის განმავლობაში მოპოვების შეკვეცას დღიურად 9,7 მლნ ბარელით, 8 მლნ ბარელით  - ივნისიდან დეკემბრამდე და 6 მლნ ბარელით - 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე. ყველაზე სერიოზული შეკვეცა საუდის არაბეთისა და რუსეთის წილზე მოდის. მათ 2-2 მლნ ბარელით მოუწევთ მოპოვების შემცირება, რაც დაახლოებით 4-ჯერ მეტია რუსეთისთვის იმასთან შედარებით, რასაც მას მარტში სთავაზობდნენ. მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა (შესაბამისად მისმა ენერგეტიკის მინისტრმაც) კმაყოფილება გამოხატა მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით, მაგრამ უშუალოდ მენავთობეების შეფასებები მნიშვნელოვნად განსხვავდება და მის ოპტიმიზმს არ იზიარებს. მაგალითად, “ლუკოილ“-ის ერთ-ერთმა მფლობელმა ლ. ფედუნმა ახალი შეთანხმება ბრესტის ზავს შეადარა და შეაფასა, როგორც უაღრესად დამამცირებელი და მძიმე შედეგების მქონე“.  

შეთანხმების სხვა მონაწილეებსაც მოუწევთ 22-23%-ით დღიური მოპოვების შეკვეცა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც შეთანხმებას საერთოდ არ შეუერთდა. მიუხედავად საუდის არაბეთის და განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის დაჟინებული მოთხოვნისა, თავად ამერიკის შეერთებული შტატები არავითარი ვალდებულება არ აიღო. დონალდ ტრამპმა, შეიძლება ითქვას, ეს პასუხისმგებლობა საბაზრო ეკონომიკას დააკისრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აშშ-მ ბუნებრივად შეამცირა 2 მლნ ბარელით დღიური მოპოვება და გამოხატა რწმენა, რომ მომავალშიც ბაზარი დაარეგულირებს მოთხოვნა/მიწოდების მოცულობებს.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა კანადის მხარემაც, რომლის თანახმად მათ უკვე შეკვეცეს ბუნებრივად 1 მლნ ბარელით დღიური მოპოვება და არავითარი დამატებითი ვალდებულებების აღებას არ აპირებენ. აშშ-თან და კანადასთან ერთად ნორვეგიის, ბრაზილიის არგენტინისა და სხვა ქვეყნების ბუნებრივი შეკვეცით შემცირებულმა დღიურმა მოპოვებამ საერთო ჯამში 3,7 მლნ ბარელი შეადგინა.

განსხვავებით ყველა სხვა მომპოვებელი ქვეყნისგან, გამორჩეულად ხისტი პოზიცია დაიკავა მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეას მანუელ ლოპეს ობრადორმა. მან კატეგორიული უარი თქვა მისი წილი 23%-ით, ანუ 400 ათასი ბარელით მოპოვების შეკვეცაზე და 5%-იანი, ანუ 100 ათასი ბარელით შეკვეცის მაჩვენებლიდან ფეხი არ მოიცვალა. ექსპერტები მის კატეგორიულობას მექსიკური პეტროლეოს მექსიკანოს“, იგივე “პემექს“-ის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მცდელობით ხსნიან. ვითარების განმუხტვაში ისევ დონალდ ტრამპი ჩაერია, რომელმაც მექსიკის პრეზიდენტთან ორმხრივ შეთანხმებას მიაღწია. როგორც პრეზიდენტმა ობრადორმა განაცხადა, მექსიკისთვის მოთხოვნილი კვოტის მნიშვნელოვან ნაწილს - 250 ათას ბარელს აშშ აიღებდა თავის თავზე. თუმცა, არც მას და, რაც მთავარია, არც აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელი მოცულობებიდან შეკვეცას გულისხმობდა ეს შეთანხმება. ამ პოზიციამ, ცხადია, საუდის არაბეთი არ დააკმაყოფილა და სამეფო ოჯახის ენერგეტიკის მინისტრმა დიდი ოცეულის ენერგეტიკის მინისტრების ვირტუალურ შეხვედრაზე დაჟინებით მოითხოვა კონკრეტულად მექსიკისგან 400 ათას ბარელით შეკვეცაზე ვალდებულების აღება.     

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დიდი ოცეულის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრას რაიმე კონკრეტული, ვალდებულების შემცველი შეთანხმების გაფორმება არ მოჰყოლია. მხარეები ზოგადად შეთანხმდნენ ნავთობის ბაზრის სტაბილურობისთვის აუცილებელი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის მზაობაზე.

მართალია, სანავთობო კარტელისა და ნავთობმომპოვებელი მძიმეწონოსნების შეთანხმებამ მოპოვების შეკვეცის ახალი სარეკორდო მაჩვენებლები დააფიქსირა, მაგრამ ეს მოცულობაც კი არასაკმარისი აღმოჩნდა ნავთობის ფასების ვარდნის შესაჩერებლად. ბოლო მონაცემებით “ბრენტ“-ის მარკის ნავთობი 31 დოლარის, ტეხასური “ლაითი“ კი 22 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა (ზოგადად, პრაქტიკულად მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზეც, რომ ყველაზე ოპტიმისტური სცენარებითაც კი უახლოესი წლების განმავლობაში “ბრენტ“-ის მარკის ნავთობის ფასი 30-40 დოლარის დერეფანში შენარჩუნდება). საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა შეფასებებით (მაგალითად მსოფლიოში სიდიდით მეორე ნავთობით მოვაჭრე “ტრაფიგურა“-ს პროგნოზები ყველაზე პესიმისტურია და ახლო მომავალში დღიური მოპოვების 30 მლნ ბარელით შეკვეცას ვარაუდობს),  უახლოეს პერიოდში, გამომდინარე ეკონომიკური აქტივობის ტემპების მკვეთრი დაცემიდან, ნავთობის მოპოვების შეკვეცა სულ მცირე 17-18 მილიონ ბარელს შეადგენს, ხოლო თუ დროზე არ იქნა დაძლეული პანდემია და არ გამოცოცხლდა მსოფლიო ეკონომიკა, ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც. იმედი მაქვს, რომ ეს კრიზისი გადაივლის და ოდესმე პანდემიამდე არსებულ 100 მილიონ ბარელ დღიურ მოპოვებას მაინც დაუბრუნდება, თუმცა, მანამდე მსოფლიოში კიდევ ბევრი რამ მოხდება! 

წინა სტატია

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე
10 April, 2020

შემდეგი სტატია

ფრთხილად, საბაზრო ეკონომიკა!
14 April, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker