სამართლის მაგისტრი, LLM, თსუ დოქტორანტი, ადვოკატი, იურიდიული ფირმა “ბიესეიჩ”-ის მმართველი პარტნიორი, ავტორი და წამყვანი გადაცემის "სამართლის საქმის კურსი", “თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაციის“ (FreMa) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

სერია 3: ბიზნესი COVID-19-ის ჟამს.

 

პროლოგი

ბიზნესი “ჟამიანობის“ დროს, ისევე როგორც “El amor en los tiempos del cólera“ [1] ისეთივე ილუზორულია, როგორიც ფერმინას და ფლორენტინოს ურთიერთობა. ჩვენ კი იურისტების პრაგმატული რასა, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ რომ ჟამიანობის ქაოსში გამოვძერწოთ, ურბინო –  რაციონალური ადამიანი…

ახალი კორონა ვირუსის ჟამს, საგანგებო მდგომარეობის პირმშო, 2020 წლის 23 მარტის -საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების მეშვიდე მუხლით შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა. კერძოდ, თავდაპირველად “შეჩერდა“ საგანგებო მდგომარეობის ვადით ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა კონკრეტული ჩამონათვალისა. შესაბამისად, წარმოება, სამუშოების შესრულება, მომსახურების გაწევა „შეჩერების“ მიღმა იქნა დატოვებული. 2020 წლის 30 მარტი, ვკითხულობ ტექსტს: “მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა, 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა …..“ სანამ “გარდა“ წავიკითხე თვალწინ ჩამიქროლა საქართველოს ეკონომიკამ, ბიზნეს გარემომ, გაზრდილმა მშპ-მ, ბიზნესსამართლის მიღწევებმა… გამომაფხიზლა ჩანაწერმა, რომ საადვოკატო საქმიანობა დაშვებულია, რაც იმას ნიშნავს რომ უფლებადამცველებს სიტყვა გვეთქმის. პირველი “გარდა“-ს წაკითხვაზე ახლაც იგივე ემოცია მაქვს, იმის მიუხედავად, რომ დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალის განვითარების ისტორია უკვე ვიცი და შემიძლია ამით თავი დავიმშვიდო.

მოკლედ, პირველი “გარდა“ იყო ძალიან ვიწრო, მცირე ჩამონათვალი, მერე გაიზარდა მეშვიდე მუხლის ჩამონათვალი, №181 დადგენილებას, დრო და დრო, დაემატა დანართები, სულ ოთხი. ამ დანართებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის თუ სუბიქტების ჩამონათვალიც, დრო და დრო, გაიზარდა, რაც, თავისდავად, კარგია.

იყო ისეთი მცირე “შოკებიც“ როგორიც, მაგალითად, დაშვებული საქმიანობების საგონებელში ჩაგდება თუ რამდენად ეხებათ ეკონომიკის სამინისტროს საიტზე მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსების ვალდებულება?! ამ დროს, დადგენილების მეშვიდე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს ეკონომიკური საქმიანობების ან/და სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. იმავე დადგენილების მესამე პუნქტის მიხედვით ასეთ ჩამონათვალს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენენ საქართველოს სამინისტროები ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით. რაც ნიშავს იმას, რომ თუ სურვილი გვაქვს და ვასაბუთებთ თუ რატომ უნდა მოვხვდეთ დადგენილების პირველ ან მეორე დანართით გათვალისწინებულ დაშვებული საქმიანობის/სუბიექტების სიაში უნდა შევავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

თავი პირველი – ონლაინ ვაჭრობა“

მცირე კაზუსი:

  • თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად); სადაც, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა) და
  • ამავდროულად დაშვებულია საფოსტო და საკურიერო მომსახურება
  • ხოლო მე მაქვს ვებ-გვერდი, სადაც ვყიდი ყველაფერს, გარდა საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის თუ ფარმაცევტული პროდუქტის; ვებ-გვერდზე ჩემი მომხმარებელი ყიდულობს სასურველ პროდუქტს, ჩემთან მოდის კურიერი და ვატან შეძენილ პროდუქტს, რომელიც კურიერს მიაქვს მომხმარებელთან.

შეკითხვა: არის თუ არა ონლაინ-ვაჭრობა აკრძალული?

პასუხი: კანონის მიხედვით არა, სატელევიზიო განცხადებების მიხედვით “კი“!

შედეგად რჩება რისკი საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის, ფიზიკური პირისთვის 3,000 ლარი და იურიდიული პირისთვის 15,000 ლარის ოდენობით. სწორედ ამიტომ ვარიგებთ რეკომენდაციებს “ონლაინ-ვაჭრობით“ დაკავებულებმა შევავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.  აქაც,  რისკი იმისა, რომ შევსებულ ფორმას არ მოჰყვეს შედეგი, სრულიად რეალურია. შესაბამისად, გამოდის რომ თავად გაჰყოფთ იმ ყულფში თავს, რასაც ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება ჰქვია.

მაშინ როდესაც, ჩვენ, სახლში დარჩენილებს, რომელთაც მძიმე სამუშაო დღის მერე, ხანდახან, განტვირთვისთვის რამეს შეძენა მოგვინდება ტვინის გასანიავებლად, თუ თვალის საამებლად, ან სულაც მათ ვისაც გამოუთავისუფლდათ დრო და აქვთ სურვილი და თანმდევი ფული ონლაინ-ვაჭრობაში დახარჯონ, რაც ეკონომიკაში ჩაბრუნებული ფული და ბიუჯეტში გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადია, რატომღაც კარს ცხვირის წინ “გვიჯახუნებენ“.

ამ დროს Amazon-ს ისე გაეზარდა მოხმარებელის მოთხოვნა, რომ 16 მარტს დაანონსებული 100,000 თანამშრომის დამატების პირობა ერთი თვის თავზე შეასრულეს და ახლა დააანონსეს დამატებთ 75,000 თანამშრომლის დაქირავება (https://blog.aboutamazon.com/company-news/amazon-hiring-for-additional-75-000-jobs)

რომ შევაჯამო, აზრი ის არის რომ ონალინ ვაჭრობა კორონას ჟამს არათუ ცუდი, არამედ ნაკლებ სარისკო და თან ეკონომიკისთვის ის მცირე სტმულია, რომელიც როგორც ბაზარს, ისე მომხმარებელს სჭირდება.

თავი მეორე – დამსაქმებელი დასაქმებულის ურთიერთობა

თითის დაქნევით და მომავალში “მოკითხვით“  სამართლებრივ სახელმწიფოში თავს არ უნდა ვინებივრებდეთ.

დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა რომ ერთგვარი “რომანტიკაა“ ეს ცხადზე ცხადია. აბა, დავფიქრდეთ თითოეულს გვაქვს ჩვენი უნიკალური ემოცია, მოსაყოლი და გასახსენებელი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ადამიანების ურთიერთგაგებას ეფუძნება “ადამიანი ადამიანის მზეა“.[2]

ამ სულისკვეთების განვითარების საუკეთესო მაგალითია ჩემი მეგობრის ბიზნესისა და სამართალის ბლოგის საგანგებო გამოშვება: ახალი კორონავირუსი და შრომითი ურთიერთობები. აქ, თქვენ ნახავთ ადამიანობის და სამართლის პრინციპების დაცვით კორონას ჟამიანობისას შრომის ურთერთობის შენარჩუნების რამდენიმე მზა გადაწყვეტას და შეხსენებას, რომ შრომითი ხეკშეკრულების შეწყვეტა, რაც არ უნდა სასწარკვეთილები იყოთ, მხოლოდ უკიდურესი შემთვევისათვისაა გამოსავალი! 

თავი მესამე – მეიჯარე მოიჯარის ურთიერთობა

ამ თავში ვიხილავთ თუ როგოგ განვითარდება სამი სხვადასხვა სცენარი.

  • პირველი, სავაჭრო ცენტრები, რომელიც კანონმა “დახურა“,
  • მეორე, ბიზნეს ცენტრები, სადაც მოწყობილია დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების და სუბიექტების ოფისები. ამასთან, ეს ოფისები სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებელი რჩება, ვინაიდან დამსაქმებელი ითვალისწინებს მთავრობის რეკომენდაციებს და მისთვის ტექნიკურადაც შესაძლებელია დისტანციური ოპერირება,
  • და ბოლოს, ე.წ. “Serviced offices”, საოფისე ფართები საერთო თუ ინდივიდუალური სივრცით, აღჭურვილი ყველა საჭირო საოფისე მოსახურებით, რომელთა კლიენტებს წარმოადგენენ როგორც დაშვებული, ისე აკრძალული საქმიანობები.

პირველ შემთხვევაში, მეიჯარე-მოიჯარის ურთიერთობა შედარებით მარტივად დალაგდა, მხარეები შეთანხმდნენ საიჯარო ხელშეკრულების შეჩერებაზე საგანგემო მდგომარეობის ვადით.

მეორე შემთხვევაში, მეიჯარე-მოიჯარის ურთიერთობა რთულდება, ვინაიდან მეიჯარე თვლის რომ მოიჯარისთვის არაფერი შეცვლილა. ხოლო მოიჯარეს მიაჩნია რომ არ იყენებს ფართს, მაღალი ალბათობით, შემოსავლებიც შეუმცირა და ამიტომ “შეღავათს“ იმსახურებს. აქაც, გადამწყვეტი ისევ მხარეთა მოლაპარაკებაა. თუმცა, თუკი შეთანხმებას ვერ ახერხებთ მაშინ შვება ისევ თქვენს ხელშეკრულებასა და მოქმედ სამართალში უნდა ეძებოთ. აქ, გზამკვლევად გამოგადგებათ ბიზნესისა და სამართალის ბლოგის მეორე სერია: COVID-19 და ხელშეკრულება.

და ბოლოს, ე.წ. “Serviced offices”, აქ საინტერესოა როგორც ფართის მესაკუთრის და ფართის ოპერატორის, ისე ფართის ოპერატორის და კლიეტის ურთიერთობა. ეს უკანასკნელი საბოლოო ჯამში, მაინც პირველი და მეორე სცენარის გამეორებაა, რაც შეეხება პირველს, აქ გადაწყვეტა კვლავ ხელშეკრულებასა ან/და მოქმედ სამართალშია, მითითება ბიზნესისა და სამართალის ბლოგის მეორე სერიაზე ძალაში რჩება, COVID-19 და ხელშეკრულება. 

ეპილოგი

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა პანდემიის გამო ხელისუფლების მიერ დადგენილი შეზღუდვების კონსტიტუციურობის საკითხზე და 10 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რომ კორონა ვირუსით გამოწვეული საფრთხის გამო აღმსარებლობის უფლება სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებასთან შედარებით უკან იწევს. [3]

“ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა…“მეც ლადოსავით “უფრო ლამაზის“ სურვილით და კვლავ ჩაკეტილი კუნძულიდან მოკითხვებით,

 

ადვოკატი ქეთევან ბუაძე.

[1] “სიყვარული ჟამიანობის დროს” გაბრიელ გარსია მარკესი;

[2] გურამ დოჩანაშვილი, სამოსელი პირველი;

[3] „Gegenüber diesen Gefahren für Leib und Leben, vor denen zu schützen der Staat nach dem Grundrecht auf Leben und körperliche Unversehrtheit gemäß Art. 2 Abs. 2 GG auch verpflichtet ist (vgl. BVerfGE 77, 170 <214>; 85, 191 <212>; 115, 25 <44 f.>), muss das grundrechtlich geschützte Recht auf die gemeinsame Feier von Gottesdiensten derzeit zurücktreten.”

გააზიარე