ლიდერი, რომელიც გვჭირდება

“საიმისოდ, რომ მეფე გამხდარიყო, მხოლოდ სამეფო აკლდაო“ - ასე ახასიათებს ყველა სირაზუკის მმართველს ჰირეონს, ვისაც კი ოდესმე მასზე დაუწერია. ეს ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო დახასიათებაა ნამდვილი ლიდერის, რადგან არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობა ან წოდება გაქვს, რამდენს გამოიმუშავებ, რამდენად პოპულარი ან ცნობადი პიროვნება ხარ, ყველას შეუძლია გახდეს ლიდერი, ვინც მზად არის ყოველგვარი საზღაურის მიუხედავად აკეთოს ხალხისთვის ღირებული საქმეები და დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში.

სამყაროში იბადებიან განსხვავებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები, მაგრამ ლიდერობა ნამდვილად არ არის ბედის საჩუქარი, ეს არის გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, ხშირად საკმაოდ მძიმე და რისკიანი, რომელიც პიროვნებას ლიდერად აქცევს. ლიდერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი - ექიმი, დეველოპერი, ტაქსის მძღოლი, პოლიციელი, სპორცმენი, ფერმერი თუ სხვა პროფესიის ადამიანი, ვინც მზად არის  აიღოს საკუთარ თავზე ინიციატივა, გაამხნევოს და დაეხმაროს ადამიანებს, შეუპოვრად იაროს დასახული მიზნისკენ და გახდეს მაგალითის მიმცემი. მაგრამ, თუ ეს ყველაფერი თამაშია, რომელიც მხოლოდ პირადი სარგებლის ან პოპულარობის მოპოვების მიზნით ხდება, მას არანაირი შთამაგონებელი ძალა არ ექნება, და ლიდერის ყალმიდან ჩვეულებრივი ინფლუენსერი გამოიძერწება.

გავრცელებულია შეხედულება, თითქოს ლიდერი არის მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა ან ორგანიზაციის ზედა რგოლის მენეჯერი, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფოს ან კომპანიის განვითარებაზე. მაგრამ ეს მიდგომა მცდარია, ლიდერი არ ჯდება თანამდებობის ან ტიტულის ჩარჩოებში, და თითოეული მოქალაქე ისევე არის პასუხისმგებელი ქვეყნის კეთილდღეობაზე, როგორც რომელიმე პოლიტიკური ფიგურა. ვინაიდან ადამიანთა რესურსები და შესაძლებლობები განსხვავებულია, ამიტომ საწყის ეტაპზე სჯობს  დაიწყოთ მცირე საქმეების კეთება. დღევანდელ პირობებში ეს შეიძლება იყოს მოხუცებულთა და უმწეოთა დახმარება, რომ არ მოუწიოთ სახლიდან გასვლა, უმუშევრად დარჩენილი ადამიანების გადამზადება, გაერთიანება მეწარმეობის დასაწყებად ან არსებული ბიზნესების გადასარჩენად.

ინიციატივის გამოჩენა და ღირებული საქმეების კეთება შესაძლებელია მრავალი მიმართულებით, შესაბამისად კითხვაზე თუ როგორი ტიპის ლიდერი უნდა ვიყოთ, უნივერსალური პასუხი არ არსებობს, ეს დამოკიდებულია არსებულ სიტუაციასა და ხალხის მზაობაზე. მიუხედავად ამისა, არსეობობს უნარები, რომლებიც სჭირდება ლიდერს წარმატების მიღწევაში და მათი განვითარება შესაძლებელია. სტატიის მომდევნო ნაწილში გავივლით რამდენიმე მათგანს.

ლიდერისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანთა ნდობის დამსახურება. ჰარვარდის პროფესორი ლინდა ჰილი ნდობას განსაზღვრავს, როგორც ორი ელემენტის კომბინაციას: ხასიათი და კომპეტენცია. ხასიათში გამოიხატება თუ რამდენად შეესაბამება თქვენი მოქმედებები თქვენს ფიქრებს და ზრახვებს. კომპეტენცია კი არის ტექნიკური და საოპერაციო ცოდნა საქმისა, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ.

ხასიათი დაკავშირებულია პიროვნების ღირებულებებთან, შესაბამისად ხასიათის ფორმირება შესაძლებელია სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებით, რაც გამოიხატება შემდეგ მოქმედებებში: იქონიეთ მყარი პოზიცია და ხშირად ნუ შეიცვლით აზრს, შეასრულეთ დაპირებები, იმოქმედეთ ეთიკის ფარგლებში, თუნდაც მოგიწიოთ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, იყავით ერთნაირად სამართლიანი ყველას მიმართ, აკონტროლეთ თქვენი მანერები - მოუსმინეთ როდესაც გელაპარაკებიან, დროულად უპასუხეთ ზარებს და მეილებს, დასვით კითხვები და აჩვენეთ ადამიანებს, რომ მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია.

ხასიათთან ერთად საჭიროა კომპეტენციის წარმოჩენა, ამიტომ ჩამოაყალიბეთ მიზნები, დასახეთ გეგმები და გააცანით დაინტერესებულ ადამიანებს. გვერდს ნუ აუვლით პრობლემებს, მოძებნეთ მათი გადაჭრის გზები, ჩაატარეთ კვლევა თქვენს იდეებთან დაკავშირებით, ახსენით მიღებული გადაწყვეტილებები და თქვით რა განაპირობებს თქვენს მოტივაციას. აღნიშნულთან ერთად საჭიროა იყოთ გულწრფელები - რა იცით და რა არა. ყალბ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება დიდი ალბათობით მარცხს განიცდის. ასევე მზად იყავით ჯანსაღი კრიტიკისთვის და მიეცით სხვებს საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.

ლიდერის ერთ-ერთ განმასხვავებელ უნარს წარმოადგენს ძლიერი ემოციური ინტელექტი. მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, ემოციური ინტქლექტი არის უნარი შეისწავლო და მართო როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ემოციები. საკუთარი უნარების შესწავლა და მართვა დაფუძნებულია წარსულ გამოცდილებაზე. ეს არის საკუთარ თავზე დაკვირვების ხელოვნება - როგორი რეაქცია გაქვთ მოვლენებზე, როგორ უმკლავდებით სტრესს, რა შედეგები მოყვება სხვადასხვა ემოციების გამოვლინებას. დაუსვით საკუთარ თავს კთხვები და გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის კარგი გაკვეთილია როგორც მარცხი, ასევე წარმატება.  

სხვათა ემოციების მართვისთვის გამოიყენება შემდეგი ტექნიკები: აღმოაჩინეთ და შეაჩერეთ უერყოფითი ემოციები საწყის ეტაპზე. ამისთვის ყურადღება მიაქცეთ სხეულის ენას, გაიგეთ რა აძლევს მოტივაციას თქვენი გუნდის წევრებს, ჯგუფური მუშაობის დროს დაამკვიდრეთ ურთიერთობის ნორმები, ნუ მოგერიდებათ ბოდიშის მოხდა ან თანაგრძნობის გამოხატვა, დააფასეთ სხვების მიერ გაწეული შრომა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ინდივიდი უნიკალურია, შესაბამისად განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს, ამიტომ პერიოდულად საჭიროა „მათ ენაზე“ აუხსნათ საკითხი, იმისთვის რომ შეთანხმებას მიაღწიოთ.

ზემოთ, მოყვანილი მაგალითები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უნარების, რომელიც ლიდერს სჭირდება, მაგრამ ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება. დღეს მსოფლიოს სჭირდება ლიდერები, ისე როგორც არასდროს, ადამიანები რომლებიც ამ ქაოსში სხვებს გზას გაუკვალავენ და მაგალითს მისცემენ. ნუ დაელოდებით თქვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ან ვინმეს ხელდასხმას, ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია ლიდერად გაქციოთ ეს თქვენ ხართ.

დასასრულს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლიდერობა არ არის დავალებების მიცემა. ეს არის გზა, რომელსაც ვირჩევთ სხვების სამსახურითვის. ამ გზას კი საუკეთესოდ აღწერს სახარებისეული სიტყვები - “ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისთვის რომ თავად ემსახუროს და შესწიროს თავი თვისი მრავალთა გამოსასყიდად“.

წინა სტატია

Who is a Product Owner?
01 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

სპილო, ვირი და დრაკონი... შეეჭიდნენ
04 მაისი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker