"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

სპილო, ვირი და დრაკონი... შეეჭიდნენ

სპილო

ჩვენი დღევანდელი ბლოგი არც იგავ-არაკია და არც ჩანახატი მითოლოგიურ თუ ბიბლიურ პერსონაჟებზე. თითოეული მათგანი წარმოადგენს სიმბოლოს. კი ბატონო, მაგრამ რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან? რა აერთიანებთ მათ? უფრო სწორად, რა ვერ გაიყვეს? რა და პირველობა; პირველობა ჯერ ქვეყნის შიგნით და შემდეგ პირველობა პლანეტარული მასშტაბით. პოლიტიკაში ჩახედული ხალხი სწრაფად ამოიცნობს, მაგრამ მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით. ყველაფერს თავისი რიგი და დრო აქვს.

პირველად იყო ვირუსი, “ჩინური“, “უჰანისებრი“….

არცთუ ისე დიდი ხნის წინ (თუმცა ამ კარანტინის გამო მგონია, რომ საუკუნე გავიდა, რაც პანდემიამ შემოგვიტია), როდესაც აშშ-ში ვირუსის გავრცელებამ ძალიან სახიფათო მასშტაბებს მიაღწია, აშშ-ს პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა, აგრეთვე დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა ცნობილმა პოლიტიკოსებმა, მაგალითად, გაერო-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ, გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორებმა, კონგრესმენებმა და  “ამერიკა უპირველს ყოვლისა“ იდეის “პიარ“-ში ჩართულმა პლატფორმებმა აქტიურად დაიწყეს ჩინეთის მისამართით სერიოზული ბრალდების გახმიანება. მაშინ ეს მეტწილად პანდემიასთან გამკლავების კონტექსტში განიხილებოდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩინეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე ევროპის ქვეყნების ლიდერებიც საუბრობდნენ. უსაქმოდ არც ჩინეთის კომუნისტური პარტია იჯდა. ის თავადაც აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა რუსეთთან ერთად, მაგრამ მათ ფოკუსში უფრო მეტად ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი იყო, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები (მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში გაგზავნეს რუსებმა სამედიცინო აღჭურვილობა და სულ ცოტა ხნის წინ ანგარიშიც წარუდგინეს. 660 ათას დოლარს ითხოვენ “ერთმორწმუნე“ “კეთილი სამარიტელი“ რუსები!!!!).

იმთავითვე ეტყობოდა, რომ მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების წყაროს დადგენის ამოცანებით აშშ-ს ადმინისტრაცია არ შემოიფარგლებოდა. მითუმეტეს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის ოპონენტები აქტიურად საუბრობდნენ თავად დონალდ ტრამპის პასუხისმგებლობაზე კორონავირუსის, როგორც საფრთხის, თავდაპირველად იგნორირების, შემდგომ დაგვიანებული რეაგირების და მასთან ვერგამკლავების კონტექსტში. ღია წყაროებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ დეკემბერ-იანვარში ჰქონდა ინფორმაციები ვირუსის გავრცელების საშიშროების შესახებ როგორც დიპლომატიური, ისე სპეც.სამსახურების არხებით, ხოლო ცოტა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა შეისწავლეს და ანგარიშიც კი ჩააბარეს აშშ-ს პრეზიდენტს ვირუსის გავრცელების დეტალებთან დაკავშირებით.

ეს ინფორამციები შეიძლება ასე დარჩინილიყო მხოლდო “ინფორმაციებად მსჯელობისთვის“,  რომ არა აშშ-ს პრეზიდენტის განახლებული ფოკუსირება, ჩინეთის მიმართულებით. მისმა კრიტიკამ ბოლო დღეების განმავლობაში სრულიად ახალი, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა. ჯერ ერთი, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა არ უარყო უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გავრცელების ვერსია, თუმცა განაცხადა, რომ მან იცის, რა წერია სპეც.სამსახურების ანგარიშში, მაგრამ ვერ იტყვის. ეს კიდევ არაფერი. მთავარი შემდეგ დღეებში ითქვა. “ვინაიდან მე მკაცრი ვარ ჩინეთთან მიმართებაში, ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მე აღარ ამირჩიონ აშშ-ს პრეზიდენტად“, განაცხადა “როიტერსთან“ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა და ისევ ახალი ძალით აგორდა ტალღა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ. რაც მთავარია, ეს კამპანია მხოლოდ ვერბალური შეტევით არ შემოფარგლულა. კერძოდ, განსაკუთრებით გააქტიურდა თანამშრომლობა ტაივანის მიმართულებით. ჯერ იყო და გაქანებული პანდემიის დროს შეთანხმება გაფორმდა აშშ-სა და ტაივანს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. სულ ცოტა ხნის წინ კი გაერო-ში აშშ-ს დელეგაცია გამოვიდა ინიციატივით ტაივანისთვის გაერო-ში უფლებების აღდგენის შესახებ.

მთელი რიგი ინფორმაციების გაანალიზების შედეგად, ცხადზე ცხადი გახდა, რომ დონალ ტრამპის საარჩევნო სტრატეგიის ცენტრში სწორედ ჩინეთი იქნება. “სამიზნე“ ქვეყნის შერჩევა, მასზე ყურადღების გამახვილება და მასთან ბრძოლაში საკუთარი ძლიერი მხარეების და კონკურენტების სისუსტეების წამოწევის მეთოდი არახალია არც დონალდ ტრამპისთვის, არც აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიებისთვის და არც ზოგადად საარჩევნო პრაქტიკისთვის. ამ ხერხებს თავად დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც იყენებდნენ  (იმ განსხვავებით, რომ მაშინ რუსეთი იყო მთავარ ფოკუსში). მართალი გითხრათ, ეპიდემიის გლობალურ გავრცელებამდე ახლო აღმოსავლეთში ისე აიწია ტემპერატურამ, რომ ექსპერტული წრეების დიდ ნაწილში ასეთ “სამიზნე“ ქვეყნად უფრო ირანი მოიაზრებოდა. თუმცა, “კოვიდ-19“-მა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მ.შ. აშშ-ს ეკონომიკაც და საპრეზიდენტო კამპანიის დინამიკაც.

3 ნოემბრამდე კი დრო არც ისე ბევრია; არადა ჯერ კიდევ მძვინვარებს ეპიდემია. ამიტომაც განსასაზღვრი იყო კამპანიის მთავარი ხაზი, მისი სტრატეგია. ჩინეთთან სავაჭრო ომების წარმოების დროს ტარიფების შემოღება/მოხსნამ, მოგვიანებით მასთან სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის დოკუმენტის გაფორმებამ, რაც უდავოდ გარკვეული უპირატესობები მოუტანა აშშ-ს პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, და რა თქმა უნდა კიდევ ბევრმა სხვა გარემოებამ განაპირობა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება და არჩევანი ჩინეთზე შეაჩერა.   

 კამპანია რა კამპანიაა, თუ მთავარი ოპონენტი არ ჩართე საქმეში. ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჰქონდა დაკისრებული საპასუხისმგებლო მისია – ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებთან პირადი ურთიერთობების აწყობა. ამის გამოცდილება მას ადრეც ჰქონია. ჯერ კიდევ 1979 წელს შეხვედრია ჯო ბაიდენი დენ სიაოპინს. თავად ჯო ბაიდენის თქმით, “მსოფლიოში არცერთ ლიდერს არ აქვს იმდენი დრო გატარებული ჩინელ ლიდერებთან, რამდენიც მე“. რამდენად წარმატებული იყო ქვეყნისთვის ეს ურთიერთობები, ამაზე დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის ლიდერების პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თავად ჯო ბაიდენი კი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად ხისტი გახდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერების პოზიცია და ზოგადად რომ ჩინეთი ძალიან შორს არის დემოკრატიული ღირებულებებისგან, სწორედ მას, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ძალუძს ჩინეთთან ღირსეული ურთიერთობების აწყობა და ზოგადად გლობალური სიტუაციის ნორმალიზება. ის დარწმუნებულია აშშ-ს ჩინეთთან უპირატესობაში და სრულებით არ აშინებს ცნობები პირველობისთვის ბრძოლაში ჩინეთის შესაძლო გამარჯვების შესახებ (“კაი თუ ძმა ხარ, ჩინეთი შეგვიჭამს ჩვენს ლანჩს? დაივიწყეთ ეგ“).

2011 წელს, ფინანსური კრიზისის შემდგომ პერიოდში, როდესაც ჩინეთის პრემიერმა ვენ ძიაბაომ ჩინეთის მფლობელობაში მყოფი 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული ობლიგაციების ბედი მოიკითხა, პასუხად ბაიდენმა ჩინელი კოლეგა შემდეგი სიტყვებით “დაამშვიდა“: “ამერიკული ობლიგაციების 90%-ს  დედამიწაზე ყველაძე ძლიერი და გავლენიანი მფლობელი ჰყავს. ეს ამერიკელი ხალხია“.  

ბუნებრივია ასე არ ფიქრობს არც დონალდ ტრამპი და არც მისი მომხრეები. ჩინური თემის წინ წამოწევის შემდეგ “მძინარე ჯოს“ ეპითეტს “ბეიჟინ ბაიდენ“-ის მეტსახელიც მიემატა. გარდა ამისა, კვლავ გაცოცხლდა ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობის ისტორიაც, რომელსაც, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მტკიცებით, მამის თანამდებობიდან გამომდინარე, ჰქონდა ჩინურ ფონდებთან და ინვესტორებთან მჭიდრო კავშირები და მილიარდ დოლარიან პროექტებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ისე, ცნობილი ფაქტია, რომ ჯო ბაიდენის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს მისმა შვილმა, ასევე იმგზავრა ბორტ #2-ით და შემდეგ 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში (წარმოგიდგენიათ ალბათ, როგორ გაუმასპინძლდებოდნენ ვიცე-პრეზიდენტის ვაჟს ცისქვეშეთის კანცელარიაში). მაკომპრომეტირებელი ფაქტები არსენალში არც ჯო ბაიდენის მომხრეებს აკლიათ, თუმცა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დონალდ ტრამპის ჩინური ბანკებისადმი ათეულობით მილიონი დოლარის დავალიანების შესახებ თავად დონალდ ტრამპმაც და მისმა მხარდამჭერებმაც ჩვეულებრივი “ფეიკი“ და ცილისწამება უწოდეს.

მოკლედ რესპუბლიკური პარტიის სიმბოლო სპილო და დემოკრატიული პარტიის ვირი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. რასა იქმს ამასობაში ჩინური დრაკონი? ოფიციალურ დონეზე, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფს, მ.შ. აშშ-ს საპრეზიდენტო სრბოლაში ჩარევის რაიმე სურვილის არსებობასაც კი, პროპაგანდისტულ პაექრობაში კი ამერიკელებს თავადაც არ ჩამოუვარდება. ჩინურმა ოფიციალურმა სააგენტომ გაავრცელა ვიდეო რგოლი, რომელშიც ჩინური ტერაკოტის მეომარი და ამერიკული თავისუფლების ქანდაკება პირბადეებით საუბრობენ ერთმანეთში. თავისუფლების ქანდაკება უმტკიცებს ტერაკოტის მეომარს, რომ ის ყველაფერში მართალია, თუმცა ხანდახან წინააღმდეგობრივი. მეომარი კი პასუხად ამბობს, რომ თანმიმდევრულობა ნამდვილად არ არის თქვენი ძლიერი მხარე.

მოკლედ, სპილო, ვირი და დრაკონი, ნაცვლად იმისა რომ დაძმობილდნენ, როგორც ხდება ეს იგავ არაკებში, პირიქით, რაც ძალი და ღონი აქვთ ერთმანეთს შეეჭიდნენ. მართალია, ჯერ სპილო და ვირი ერთმანეთში უნდა გაერკვენ, მაგრამ რადგან ასე გადაწყდა, ერთად თუ ცალ-ცალკე დრაკონსაც უნდა შეერკინონ.      

 ჭირი იქა, ლხინი აქა…   

გააზიარე