ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

კომპანიები ჩინეთს ტოვებენ, შესაძლებლობა განვითარებად ქვეყნებს

კომპანიები ჩინეთს ტოვებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამო, ამერიკული კომპანიების მიერ ჩინეთის ბაზრის დატოვების ტენდენციას ახალი სიცოცხლე Covid-19-ის პანდემიამ შესძინა. ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრელების გამო აღნიშნული პროცესი დაჩქარდა და უფრო დიდი მასშტაბიც მიიღო. 2020 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით ჩინეთის ინდუსტრიული წარმოება 13.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ექსპორტის კლებამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ამერიკულ კომპანიებს აიძულოს გააკეთონ ის, რაც მათ მთავრობას ათწლეულების განმავლობაში სურდა: დაებრუნებინა წარმოება საკუთარ ქვეყანაში. ამერიკის სავაჭრო პალატის ცნობით, სამხრეთ ჩინეთში განთავსებული ამერიკული კომპანიების 64 პროცენტი განიხილავს წარმოების სხვაგან გადატანას. აღნიშნული მხოლოდ ამერიკელ მწარმოებლებს არ ეხება, გაურკვევლობამ და გაზრდილმა რისკმა, რომელიც მთელს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩინეთში ჩასული კომპანიების მესვეურები წარმოების დივერსიფიკაციის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ დააფიქრა. 

დღევანდელი მოცემულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სამი ათწლეული წლის წინ არსებული მდგომარეობისგან. მაშინ მწარმოებლებმა თავიანთი საქმიანობა ჩინეთში ერთადერთი მიზეზის გამო გადაიტანეს და ეს გახლდათ დაბალი დანახარჯები. თუმცა დღეს, ბევრი მსხვილი ინვესტორის რუქაზე, ჩინეთი მათი საინვესტიციო რესურსებისთვის ცალსახა დანიშნულების ადგილს აღარ წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწყებულმა სავაჭრო ომმა მოცემულობას ახალი ცვლადი – რისკი დაამატა. რისკი ყოველთვის არსებობს, თუმცა ეს ფაქტორი დღეს წინა პლანზეა წამოწეული. საიმპორტო ტარიფებისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთში წარმოებული საქონლის შეტანის სხვა შეფერხების საფრთხის გამო რისკი გაზრდილია. აღნიშნული, ამერიკულ კომპანიებს ჩინეთში წარმოების პროცესის გაგრძელების საკითხზე დაფიქრებისკენ უბიძგებს. ამ ყველაფერს 2020 წლის დასაწყისიდან დაემატა Covid-19-ის პანდემია, რომელიც კიდევ ერთ დამატებით ფაქტორს წარმოადგენს და მოითხოვს სისტემური შოკის შედეგების განჭვრეტასა და შექმნილ ვითარებასთან ადაპტაციას.

ბევრი ქვეყნისთვის Covid-19-ის პანდემია საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ამავდროეულად ახალ შესაძლებლობასაც წარმოშობს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბიზნესებს აქვთ საქმიანობის დივერსიფიკაციის სურვილი და ამ ვითარებაში განვითარებადი სამყაროსთვის ისტორიული შანსი ჩნდება, რომელიც შესაძლოა ათწლეულების მანძლზე ერთადერთი იყოს. გარდა იმისა, რომ ბევრი ამერიკული ან ევროპული წარმოება საკუთარ ქვეყანას შეიძლება დაუბრუნდეს, ინტერესის სფეროს ასევე წარმოადგენს სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, ინდოეთი და მექსიკა. ელექტრო მოწყობილობების, სამედიცინო ტექნიკის, ტექსტილის და სხვა სექტორების რამდენიმე ასეული წარმომადგენელი კომპანია უკვე წარმართავს მოლაპარაკებებს ინდოეთთან. ქვეყანა გეგმავს “აწარმოე ინდოეთში“ სლოგანით მსხვილი კამპანიის დაწყებას. აღნიშნულ საქმეში ინდოეთის კონკურენტებს ვიეტნამი, მალაიზია, ფილიპინები და ინდონეზია წარმოადგენენ, რომლებიც ასევე აქტიურობენ საერთაშრისო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამ ქვეყნებში ინტენსიურად დაიწყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარება. ვიეტნამი ერთ-ერთი ახალი დანიშნულების ადგილია ჩინეთიდან გადასული ბიზნესებისთვის, რადგან იგი აზიის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და აზიისა და ევროპის ქვეყნებთან უპირატეს სავაჭრო რეჟიმებზე წვდომის შესაძლებლობებს იძლევა.

ჩინეთში ბოლო პერიოდში ბუნებაზე მიყენებული ზარალის შემცირების კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება და მკაცრდება გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიდგომები. ამას ემატება ჩინეთში სამუშაო ძალის გაძვირების ფაქტი. 2019 წელს 2016 წელთან შედარებით ჩინეთში სამუშაო ძალის ფასი 1.5 აშშ დოლარით გაიზარდა და საშუალოდ საათში 6.5 აშშ დოლარი შეადგინა[1]. შედარებისთვის ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება ვიეტნამში არსებულ ანალოგიურ მონაცემს. აღნიშნული ფაქტორები აძვირებს წარმოების პროცესს. შედეგად, ვიეტნამმა ფაქტიურად ჩინეთიდან გასული დაბალბიუჯეტიანი წარმოებების სრული აბსორბცია მოახდინა. მაგალითად, ნაიკის დაბალი ღირებულების წარმოების ხაზის ჩინეთიდან სრულად გადავიდა ვიეტნამში.

შექმნილ ვითარებაში საქართველოც უნდა ეცადოს თავისი წილი ეკონომიკური სარგებლის მიღებას. რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან, გეოპილიტიკური სიტუაციიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რთულია ვისაუბროთ საქართველოში  წარმოებების მასიურად გადმოტანის პერსპექტვაზე. მაგრამ მიზნობრივი მიმართულებებით მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა.

რომ შევაჯამოთ, ერთი რამ ცხადად გამოჩნდა, გაზრდილი ხელფასები, გამკაცრებული გარემოსდაცვითი მიდგომები, სავაჭრო ომები და ახალი კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს ფაქტორთა კრებულს, რომელმაც ცხადი გახადა მიწოდების ჯაჭვის კონცენტრირებულობის პრობლემა და მსოფლიოს დამოკიდებულება ჩინეთში განთავსებულ წარმოებებზე. შესაბამისად, რა განვითარებაც არ უნდა ქონდეს შექმნილ მდგომარეობას, სულ ცოტა, უნდა ველოდოთ, რომ კომპანიები ეცდებიან რისკების დივერსიფიცირებას და აღარ კონცენტრირდებიან მხოლოდ ერთი წარმოების ადგილზე, როგორც ეს თავის დროზე დაბალი ხარჯების ფაქტორის გამო ჩინეთში გააკეთეს. მაგრამ, თუ აქამდე მხოლოდ დანახარჯები იყო ჩინეთში წარმოების გადატანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარი ფაქტორი, დღეს აღნიშნულს  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომისა და Covid-19-ის პანდემიის ფაქტორები დაემატა და მწარმოებლებს, ამ კუთხით რისკის დივერსიფიცირების საჭიროება დაანახა. სწორედ ამიტომ, განვითარებადი სამყაროსთვის კარგი შესაძლებლობა დადგა და ახლა მთავარია რომელი ქვეყანა შეძლებს სწორი სტრატეგიით აღნიშნული შესაძლებლობის წარმატებით გამოყენებას.    

[1] წყარო: www.forbes.com  

გააზიარე