სპორტის პოსტპანდემიური დღისწესრიგი

არ დარჩა ბიზნესის არც ერთი სფერო, რომელსაც მსოფლიო პანდემია COVID-19 არ შეეხო და არ დააზარალა. სხვადასხვა სირთულეების დაძლევა ყველა ჩვენთაგანს გვიწევს და რა გასაკვირია, რომ კითხვაზე “რა გეგმები გაქვთ? - ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გვიჭირს.

განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ე.წ. Live intertainment სფერო დგას. კულტურის, ხელოვნების, სპორტის წარმომადგენლებს არც თუ პატარა პრობლემების აღმოფხვრა და მოგვარება გვიწევს.

საყოველთაო ჩაკეტვა - დადუმებამ, რიტმიდან ერთიანად ამოაგდო ასობით ათასი სპორტსმენი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რთულია ამ წელს პროფესიული თვალსაზრისით რაიმე ფასეულის მომცემი უწოდოთ მაშინ, როცა ობიექტური რეალობა მძიმეა. სპორტსმენების ფიზიკური მომზადების ციკლისა და მათი უნარების გამოვლენისა და გაზრდის სასტარტო ეტაპზევე ერთიანად გაჩერდა ყველაფერი.

გაურკვეველი ვითარებაა ქართულ სპორტშიც.  თითქმის ორთვიანი გაჩერების შემდეგ არ ვიცით როდის აღდგება გუნდურ თუ ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში სავარჯიშო პროცესები. არავინ არაფერს ამბობს რეგულარული ჩემპიონატების განახლების შესახებ.

მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, დროზე დავაღწიოთ თავი ე.წ. შინაპატიმრობას და შევძლოთ სოციალურად აქტიური ცხოვრების განახლება ფაქტი ერთია - პოსტპანდემიურ ეპოქაში ცხოვრების წესებზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. არ არსებობს არანაირი გეგმა, გაწერილი პროტოკოლი თუ რა წესით, რა დათქმებით უნდა აღდგეს სპორტული ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.

ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა Miami Dolphins რამოდენიმე დღის წინ პოსტკორონა პერიოდის დროს გუნდის საშინაო მატჩებზე ოპერირების გეგმა წარადგინა.

Miami Dolphins საშინაო მატჩებს მის საკუთრებაში არსებულ Hard Rock არენაზე ატარებს. სტადიონი ჩვეულებრივ დროს 65,326 მაყურებელს იტევს და მუდმივად სავსე ტრიბუნებით გამოირჩევა.

ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგა რეგულარული სეზონის განახლებას სექტემბერში გეგმავს.  Miami Dolphins-ის გადაწყვეტილებით, მატჩებზე მაყურებელთა დასწრება სპეციალური წესის დაცვით მოხდება. არსებული ვითარების გათვალისწინებით ტრიბუნები დამატებით ზონებად დაიყოფა და 65 ათასიან არენაზე სპეციალური დისტანციის დაცვით მხოლოდ 15 ათას მაყურებელს განათავსებენ.

რიგებისა და თავშეყრის დამატებითი ცენტრების შექმნისაგან თავდასაცავად სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს საკვების შეკვეთა ტრიბუნაზე, ადგილიდან შეეძლება.

ყველა ტიპის ცოცხალ ღონისძიებებზე ახლა ისე, როგორც არასდროს მთავარი ფაქტორი მაყურებლების უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფაა.

ფაქტობრივად ამას ემსახურება ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS)-ის გუნდი LA FC პოსტპანდემიური ოპერირების გეგმაც. კალიფორნიული გუნდის მატჩის დღის ოპერირების პროტოკოლი სრულად გადაეწყო მომხმარებლეთა და ფეხბურთელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხზე.  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითა და სტადიონებზე ე.წ. crowd intelligence სისტემის დანერგვით LA FC მატჩებზე მოსული გულშემატკივრების ჯგუფური სკრინინგისა და შემოწმების მექანიზმის დანერგვას აპირებს. ვირტუალური რეალობის ინტეგრირებით იმუშავებს კლუბის ოფიციალური მაღაზიაც, სადაც მომხმარებლებს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ფორმებში შეეძლებათ მოისინჯონ / მოირგონ მათთვის სასურველი ბრენდირებული პროდუქცია და ღილაკზე რამოდენიმე ხელის დაჭერით, მარტივად გააკეთონ შენაძენი.

ფაქტია, ეს პერიოდი სპორტის სფეროში მოღვაწე მენეჯერებისათვის დიდ გამოწვევად იქცევა. ახალ რეალობაში გაღვიძებულებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთვის ნაცნობი სპორტული დარბაზების, სტადიონებისა თუ მოედნების გამოყენების ახალ წესებზე შეთანხმება მოგვიწევს. შესაბამისი ხარისხის სპორტული სანახაობის პარალელურად მოქნილი ოპერირების პროცესითა და თანამედროვე სერვისების ფართო არჩევანით უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი მომხმარებელი.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა უორენ ბაფეტი?
08 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

ანგელოზივით ბავშვი
10 მაისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker